უცნაური პაციენტი


ექიმი-თერაპევტის კაბინეტში.
პაციენტი: გამარჯობა! (ხელს უწოდებს).
ექიმი-თერაპევტი: გამარჯობა (ხელს ართმევს). დაბრძანდით. სახელი? 
პაციენტი: დანიელი. 
ექიმი-თერაპევტი: ასაკი, ბატონო დანიელ? 
პაციენტი: ორმოცდაოთხის. 
ექიმი-თერაპევტი: ო რ მ ო ც დ ა ო თ ხ ი (ფურცელზე იწერს). მომიყევით, აბა, რა გაწუხებთ.
პაციენტი (არ იცის როგორ დაიწყოს): ბევრი რამ მაწუხებს, ექიმო. 
ექიმი: ბრძანეთ მერე. 
- პირველ რიგში, ექიმო... მე... ნეიროცირკულარული მელანქოლია.  
- ჰმ! ეს საინტერესოა. ესე იგი მელანქოლია. თანაც ნეიროცირკულარული, ხო სწორად გავიგე?
- დიახ, ეგრეა.
- გასაგებია (ორიოდე წამით ჩაფიქრდება). კაი, კიდევ? 
- ჰოო... შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კიდე პროსტატის აპოკალიპტური ანთება მაქვს, ექიმო. 
- მდაა... (სათვალიდან გამოხედავს) ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. 
- გისმენთ. 
- მეორედ მოსვლის თუ გჯერათ?
დაბნეული პაციენტი.
- არა, არ მჯერა.
- ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა (იღიმის). კიდევ რას უჩივით?  
- ნაღვლის ბუშტის კოსმოგენური დეფორმაციაც მაწუხებს. ვიმკურნალე ადრე, რამდენიმე წლის წინ, თითქოს მოვრჩი კიდეც, მაგრამ ისევ გამიმეორა. 
-  ესე იგი რეციდივი. ნაღვლის ბუშტიც დაფიქსირებულია. გააგრძელეთ, ბატონო. 
- მარადიულ პლევრიტს და გულის მეტაფიზიკურ არითმიას ვუჩივი - ამ უკანასკნელს ბავშვობდიან. 
- შესანიშნავია... მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ უ რ ი! ბავშვობიდანო თან. მე აქ რაღაცებს ვინიშნავ. ბავშვობიდანო, ხო სწორად გავიგე?
- კი, ღრმა ბავშვობიდან.
(ექიმი გულდასმით იწერს პაციენტის ჩივილებს, თან დროდადრო სათვალის ზემოდან მზერას აპარებს). 
- ეს კი ბოლოა, ექიმო, და ყველაზე მეტად მაწუხებს. უფრო სწორად, მტანჯავს. იმათ კიდე აიტანს კაცი, მარა ეს ამბავი... 
- გისმენთ, გამენდეთ, არაფერი დამიმალოთ, - და პროფესორი სმენად გადაიქცა. სათვალეს იხსნის და მაგიდაზე დებს, პაციენტს შიგ თვალებში აშტერდება. 
- იდენტობის გასტროენტეროლოგიური აშლილობა მაქვს, ანუ უიმედობის ჩხირი ნაწლავებში. უეჭველად ვიცი, ვგრძნობ (იღუშება და ხელებს მუცელზე იდებს). ბოლო ერთი თვეა მღრღნის ძლიერი სპაზმები და ტკივილი მუცლის არეში, ლამის მოვკვდე.
- საკმარისია! ყველაფერი ნათელია. მორჩით ხო? მეტი ხო არაფერი გაწუხებთ? 
- დიახ. არა...
გამოცდილი მკურნალი ჩანაწერს გულგრილად გადაათვალიერებს და ამოიოხრებს. რა არ უნახავს, რა არ მოუსმენია, მაგრამ... ახლა ის მის წინ მჯდომ უცნაურ მამაკაცს დააკვირდება. 
- მართალი გითხრათ, ბატონო...
- დანიელი. 
- ბატონო დანიელ, თქვენი შემთხვევა. იცით... 
- რა ხდება, ექიმო? გადავრჩები? 
- არა, გადარჩენით კი გადარჩებით, მეტიც, თქვენ დიდხანს იცოცხლებთ, მაგრამ ერთი რამ უეჭველად ვიცი. 
(პაციენტის საწყალი თვალები. საშინელი პასუხის მოლოდინში თრთის). 
- ...რრაა?
- როგორ გითხრათ არ ვიცი... 
- სიმართლე მითხარით, გთხოვთ. 
- მე თქვენ ფსიქიატრთან დაგაკავშირებთ, ბატონო დანიელ. ის ყველა თქვენს პრობლემას მოაგვარებს. ყოველ შემთხვევაში, შეეცდება.
- ექიმო... (ოხვრა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი