იფიქრეთ, იაზროვნეთ!
იფიქრეთ, იაზროვნეთ! (იუმორისტული მოთხრობა) მოგესალმებით გამოჩენილი და სახელოვანი მწერალი, პოეტი, ესსეისტი, დრამატურგი, დოკუმენტალისტი...და რა ვიცი კიდევ რა, თქვენ რაც გინდათ, ის ვარ...იფიქრეთ და იზროვნეთ. ეხლავე აგიხსნით ყველაფერს. სულ ცოტა ხნის წინ, ერთი საშუალო დონის დეტექტივების მწერალი გახლდით. პატარა მოთხრობებს ვწერდი ხოლმე. შემდეგ ჩემი პატარა ქალაქის ერთადერთ ლიტერატურული ჟურნალში მიმქონდა და მიბეჭდავდნენ. ბევრი არაფერი შემოსავალი მოაქვს, მაგრამ, ასე თუ ისე, რაღაც საარსებო წყარო მაინც იყო. გაჭირვებით, მაგრამ მყოფნიდა. ალბათ ჩემი ნაცრისფერი ცხოვრება ასევე გაგრძელდებოდა, რომ არა ჟურნალის ახალი რედაქტორი, რომელმაც, ცოტა არ იყოს, მკაცრი და უცნაური მოთხოვნები წამომიყენა. ეხლავე დაწვრილებით მოგიყვებით ყველაფერს. ამ რამენიმე თვის წინ, ახალი დეტექტივი დავწერე და ჟურნალის რედაქციაში მივიტანე. მოთხრობა ერთ-ერთ მდიდარი ბიზნესმენის ოჯახში მოხდარ მკვლელობას ეხებოდა. რედაქტორ-გამომცემელმა, რომელიც, როგორც წესი, კითხულობდა და მიბეჭდავდა ხოლმე მოთხრობებს, მთავარ რედაქტორთან გამაგზავნა. თან მხრები აიჩეჩა - რა ვქნა ახალი რედაქტორია და ახალი წესებიო. ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ თავი დავუქნიე და მთავრი რედაქტორის კაბინეტის მივაშურე. როდესაც კბინეტში შევედი, მოწიწებით მივესალმე, მოკლედ წარვუდგინე თავი და ჩემი მოთხრობა მივაწოდე. მან თავაზიანად მიმიღო, გამომეპალარაკა და თავადაც გამაცნო თავი, როგორც ჟურნალის ახალი მთავარი რედაქტორი. ბევრი ვილაპარაკეთ ლიტერატურაზე. მითხრა, რომ ძველი მეთოდები მოძველდა და თანამედროვე ლიტერატურა სულ სხვა გზით უნდა წავიდეს, ე.წ. მოდერნისტული გზით, სადაც მკითხველმა მეტი უნდა იფიქროს და იაზროვნოს, ფანტაზიის უნარი განავითაროს და ა.შ. - გამიგეთ ხომ? - ღიმილით მომმართა რედაქტორმა და მხარზე ხელი დამკრა. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, მაგრამ ოდნავ დაბნეულმა თავი მაინც დავუქნიე, მოთხრობა დავუტოვე და წამოვედი. ერთი კვირის შემდეგ დამიბარა. კვირის თავზე რომ მივედი და დამინახა, ცოტა შეიშმუშნა. შემდეგ სათვალე მოიხსნა და მითხრა: - იცით რაშია საქმე? მოთხრობა უდავოდ კარგია, მაგრამ ცოტა ზედმეტად გაქვთ დეტალები გადმოცემული. ეხლა ლიტერატურაში ახალი, მოდერნისტული მიმდინარეობაა, არ არის საჭირო ყველაფრის ასე დეტალურად აღწერა. ხომ გესაუბრეთ ამაზე წინა შეხვედრაზე? მიეცით მკითხველს უფლება, მეტი იფიქროს, იაზროვნოს, თავისი წარმოსახვით წარმოიდგინოს დანაშაული. მოკლედ, შეამოკლეთ და მომიტანეთო. ცოტა გაოცებული დავრჩი, შეკამათება მინდოდა, მაგრამ მან რაღაცის წერა გააგრძელა და მაგრძნობინა, რომ ჩემთან ლაპარაკი დამთავრებული იყო. მეორე დღესვე შემოკლებული ვარიანტი წარვუდგინე და ისევ ერთი კვირის თავზე დამიბარა. როდესაც დაბარებულ დროს მივედი, მეუბნება: - მოთხრობა უდავოდ უკეთესია, მაგრამ მაინც აქვს ლაფსუსები. მაგალითად: - მოთხრობის ბოლო ნაწილში თქვენ ამჟღავნებთ მკვლელის ვინაობას. რა საჭიროა ასე დაუღეჭოთ მკითხველს დამნაშავის ვინაობა? თქვენ რომ ვინმემ დაღეჭილი ლუკმა ჩაგიდოთ პირში, გესიამოვნებათ? მოდი, მკითხველს მივანდოთ მსჯელობის და წარმოსახვის უნარი. იფიქროს, იაზროვნოს და თავად გამოიტანოს დასკვნა, ვინ არის მკვლელი. - კი, მაგრამ დეტექტივია და ბოლოს კვანძი ხომ უნდა გაიხსნას? თანაც მკვლელს გამოძიება ავლენს და არა მე მეთქი - აღვშფოთდი და შევეცადე ამეხსნა მისთვის დეტექტივის არსი. - გასაგებია რაც არის, მაგრამ მოდი მკითხველს დავუტოვოთ ეგ განსასჯელად. არ ჯობია? თქვენ რატომ ახვევთ თავს თქვენს დასკვნებს? აცადეთ, თავად იფიქროს, იაზროვნოს. ასე თუ დაულაგეთ ყველაფერი, რაღა გამოვა? აღარ იფიქრებს, გაზარმაცდება. მოკლედ. გადააკეთეთ ეს ბოლო ნაწილი და მოიტანეთო. გაოცებული წამოვედი, მაგრამ რა მექნა, გადავაკეთე ესეც და ბოლო ნაწილი საერთოდ ამოვიღე. მესამედ რომ მივედი, ისევ ახალი პრეტენზიები წამომიყენა: - ამჯერად, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ გამოძიების დეტალებს ისევ დაწვრილებით გადმოსცემთ და ხომ არ აჯობებდა, მკითხველს თავად ეფიქრა, როგორ წარიმართება გამოძიება? თქვენ რატომ უღეჭავთ ასე დეტალურად, გამომძიებელი ხართ? მკითხველმა თავად იფიქროს, იაზროვნოს. სიბრაზისა და გაოცებისგან კინაღამ ყბა ჩამომივარდა, მაგრამ თავს ბოლო ძალა დავატანე და ნაძალადევი სიმშვიდიოთ ვუპასუხე: - თქვენ გინდათ რომ გამოძიება საერთოდ ამოვიღო და მკითხველის ფანტაზიას მივენდო? -დიახ, დიახ, მიმიხვდით ხომ? - სახე გაუბრწინდა რედაქტორს - აბა მე სხვა რამეს გეუბნებით? გაწბილებულმა წამოვიღე ისევ ჩემი გასაცოდავებული მოთხრობა. გამოძიების მიმდინარეობის დეტალებიც ამოვჭერი და მივუტანე. შემდეგ ჯერზე უკვე ხალისიანად შემხვდა: - აბა, მეგობარო, ასე არ ჯობია? - მოეწონასავით რედაქტორს შესწორებული ვარიანტი - თუმცა რა საჭიროა მკვლელობაზე ამდენი ლაპარაკი, მაინც ვერ გავიგე. თქვენ რა იცით მკვლელობისა, მოგიკლავთ ვინმე? მიეცით მკითხველს საშუალება თავად იფიქროს, იაზროვნოს. თავად მოიფიქროს მკვლელობის მეთოდები. იქნებ ცხელი იარაღით ურჩევნია მკვლელობა, ან დანით, იქნებ კლდიდან გადაგდებას ამჯობინებს, ან სულაც თავში მძიმე საგნის ჩარტყმას? თქვენ რა იცით? მიანდეთ ესეც მკითხველს, მიეცით მეტი თავისუფლება. ეს მის გონებასაც გაავარჯიშებს და ფიქრის და აზროვნების უნარსაც გაუუმჯობესებს. - დამცინით, ჩემო ბატონო? დამეღრიჯა სახე გაკვირვებისგან. - როგორ გეკადრებათ - წყრომით მომიგო რედაქტორმა - რატომ კადრულობთ? მეგონა გაიგეთ თანამდროვე ლიტერტაურის არსი და მთავარი პრიორიტეტები - მეტი თავისუფალი აზროვნება მკითხველს. რამდენჯერ უნდა აგიხსნათ, განა ეს ასე ძნელი გასაგებია? პირი დავაღე გაოცებისგან, გაკვირვებას ვერ ვმალავი. ვხედავ გაიგეთ ჩემი შენიშვნაო - სიტყვის თქმა აღარ მაცალა, მხარზე ხელი დამიტყაპუნა და შაგრენის ტყავივით დაპატარავებული მოთხრობა მომაწოდა. როცა ისევ მივედი შესწორებული ვარიანტით, თავი გადააქნია და მომიგო: - ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იქნებ მკითხველს მკვლელობა, მაგალითად, ზღვის ნაპირზე ურჩევნია, ან მატარებელში, ან სულაც სადღაც უკაცრიელ კინძულზე? იქნებ საერთოდ არ მოეწონოს ბიზნესმენის მკვლელობა? იქნებ მეძავის მკვლელობა ურჩევნია, ან პარიკმახერის, ან კოსმონავტის, ან იქნებ მწერლის? - მოჭუტული თვალებით შემომხედა და უხაროდა, რა საზრიანად ვთქვიო. - იქნებ რომელიმე ჟურნალის რედატორის? - მივუგე ასეთივე დამცინავი მზერით(თან ისიც გავიფიქრე, რა სიამოვნებით ჩავკარვდი თავში რამეს ამ გადარეულს) - ან იქნებ მკვლელობა წყალქვეშ ხდებოდეს, ან ცაში, ან იქნებ სულაც სხვა პლანეტაზე. არა? - კი, ბატონო, რატომაც არა? - მომიგო ნაძალადევი ღიმილით. შემდეგ სერიოზული გამომეტყვლება მიიღო და ნაწერი მომაწოდა. მოკლედ, ამოიღეთ მკვლელობის ადგილი და მოკლულის ვინაობაო. შემდეგ მისვლაზე საერთოდ მკვლელობა დამიწუნა. იქნებ მკითხველს ძარცვა ურჩევნია, ან ყაჩაღობა, ან სულაც ტერორისტული აქტი. თქვენ რა იცითო...და ისევ და ისევ ეს უკვე ლამის ჭკუისშემშლელი ფრაზა: „მკითხველმა იფიქროს, იაზროვნოს“ სიმართლე გითხრათ, საერთოდ აღარ მაინტერესებდა, დაბეჭდავდა თუ არა რედაქტორი ჩემს მოთხრობას. აზარტში შევედი და გადავწყვიტე ავყოლოდი ამ სიგიჟეს. მაინტერესებდა, სადამდე მივიდოდა ეს მარაზმი. - მართალი ბრძანდებით ჩემო ბატონო - მივუგე ღიმილით. უფრო მეტსაც გეტყვით. ჩემის აზრით, საერთოდ არ არის საჭირო დეტექტივის ხსნება. იქნებ მკითხველს ფანტასტუკური მოთხრობა ურჩევნია, ან რომანტიკული თავგადასავალი, ან ისტორიული რომანი?! იქნებ სულაც ეროტიკა იტაცებს, ან საშინელებათა ჟანრი. არა? - აი, სწორედ ამის თქმა მინდოდა მეც - სახე გაუბრწყინდა რედაქტორს. ვიცოდი რომ სწორად გამიგებდით. მე კი მომერიდა თქმა. აღფრთოვანებული ვარ, რა საოცარი მიხვედრილობის უნარი გქონიათ, რა კარგად გააანალიზეთ ჩემი შენიშვნები. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, რა თქმა უნდა. როგორ ზუსტად ჩაწვდით თანამედროვე ლიტერატურის არსს. მაშ, გასწით და მოიტანეთ შესწორებული ვარიანტი. - არ არის საჭირო, ჩემო ბატონო, აქვე ამოვიღებ. კიდევ ხომ არაფერს მიბრძანებთ? იცით კიდევ რა მაინტერესებს? პერსონაჟები საჭიროა თუ მკითხველმა თავად იფიქროს, იაზროვნოს? - ცოტა ხანს დაფიქრდა და შემდებ ბრძნული გამომეტყველებით მომიგო: - სავსებით მართალი ბრძანდებით. თუ მკითხველმა თავად უნდა გადაწყვიტოს რომელი ჟანრი ურჩევნია, პერსონაჟებიც თავად მოიფიქროს. ყოჩაღ თქვენ - აღფრთოვანდა რედაქტორი და ისევ მხიარულად დამკრა ხელი მხარზე - იფიქროს მკითხველმა, იაზროვნოს. განავითაროს ფანტაზიის უნარი. ამოვიღე ეს ყველაფარი და სულ რამდენიმე წინადადება დარჩა. ფაქტიურად მხოლოდ სათაური და შესავალი. - გადასარევია - სიამოვნებისგან სავარძელში გადაქანდა რედაქტორი და სიგარეტი დიდი ნეტარებით გააბოლა. - მაგრამ სულ ცოტა მაინც დარჩა გასასწორებელი. - აბა, გისმენთ - დავძაბე მთელი ყურადღება და დიდი, მონური მორჩილებით დავხარე თვი. თანაც საცოდავად მოვიკუნტე. დიდი ხანია უკვე წინააღმდეგობის გაწევის და კამათის ტაქტიკა შევწყვიტე და უხმოდ ვასრულებდი მის დავალებებს. მართალია, ლამის ისტერიული სიცილი ამიტყდა, მაგრამ თავი შევიკავე და უკვე დამცინავად ავყევი: - დიახ, მართალი ბრძანდებით, ალბათ რაღაც ზედმეტია. დაე, მკითხველმა იფიქროს, იაზროვნოს. სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა. - მიმიხვდით ხომ? რა სასიამოვნოა თქვენთამ მუშაობა. მოკლედ, მოდი ეხლა ეს შესავალიც ამოივიღოთ და მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, რა ურჩევნია. ზოგს ბუნების მოვლენების აღწერა უყვარს, ზოგს ზღვის პეიზაჟის დახასიათება, ზოგს მთა და ხევი, ზოგს რა და ზოგს რა. - არის, ჩემო ბატონო, მხიარული ენთუზიაზმით მივუგე და ხელის ერთი მოსმით წავშალე ყველაფერი. დარჩა ავტორის სახელი და სათაური. - არაჩვეულებრივია, გადასარევი - აღმოხდა სიხარურით რედაქტორს - ეხლა სათაურიც წავშალოთ და ყველაფერი რიგზე იქნება. მოდი მკითხველს მივანდოთ, ხომ ჯობია? ვისაც რა უნდა, ის დაარქვას. ხომ კარგი იქნება? - უკვე მუდარის თავლებით შემომხედა რედაქტრორმა. - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მე როგორ ვერ მოვიფიქრე - ვუპასუხე დანანებით და თავში ვიტკიცე ხელი - თქვენნაირი საზრიანი და კრეატიული რედაქტორი ჯერ არ შემხევდრია ცხოვრებაში. შევატყე ესიამოვნა. ოდნავ შეიჭმუხნა და მორცხვად დახარა თავი. - სავსებით მართებული შენიშვნაა, ჩემო ბატონო - დავამატე დიდი ენთუაზიაზმით - აბა, ასეთ გენიალურ შენიშვნას როგორ არ გავითვალისწინებ? წავშალე ყველაფერი და ცარიელი ფურცელი მოვაწოდე. - კარგია, ბრწყინვალეა, არაჩვეულებრივია, ზებუნებრივია - აღფრთოვანებას ვეღარ მალავდა რედაქტორი. მთელი მოთხრობა მკითხველს მივანდეთ. დაე, თავად გადაწყვიტოს ყველაფერი. იფიქროს, იაზროვნოს. უკვე აღარ ვუსმენდი, კარების სახელურს ხელი მოვკიდე და გასვლას ვაპირებდი, როდესაც უკან მიმაბრუნა, ავტორის სახელი დაგავიწდათო. - უი, რას ბრძანებთ, ეგ რა საჭიროა - გავიოცე და უზომოდ შეწუხებული სახე მივიღე - მე მგონი, ეგ უკვე სრულიად ზედმეტია. არ აჯობებს, მკითხველმა თავად იფიქროს, ვინ იქნება ავტორი?! იაზროვნოს, ფანტაზია განავითაროს. ქალი ურჩევნია თუ კაცი, იქნებ ბავშვი, ან სულაც საკუთარი თავი წარმიდგინოს. რამდენი ოცნებობს მწერლობაზე. ხომ მაგარი იქნება? იქნებ სულაც არ იყოს ადამიანი? ცხოველი იყოს მაგალითდ, ან ფრინველი, ან მწერი, ან ქვეწარმავალი. ხომ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ციყვმა დაწეროს დეტექტივი; ან გარეულმა ქათამმა სასიყვარულო, ეროტიკული პოემა; ან დინოზავრმა ისტორიული რომანი; ან სულაც იქნებ უცხოპლანეტელი ჯობდეს? რატომ წავართვათ მკითხველს ფანტაზიის უნარი? უკეთესი ხომ არ იქნება, ეს საკითხიც თავად გადაწყვიტოს?! - გულწრფელი გულუბრყვილობით მივმართე რედაქტორს. - კი, მართალი ბრძანდებით, მაგრამ უავტოროდ მოთხრობას ვერ დაგიბეჭდავთ, ასეთი წესი გვაქვსო, მომიგო სერიოზულად. ცარიელ ფურცელზე სახელი და გვარი დავწერე და რედაქტორს მივაწოდე. მან ფურცელს ბეჭედი დაასვა, ხელიც მოაწერა, რეზოლუცია დაადო, ასე ვთქვათ. სათუთად ჩადო საქაღალდეში, ცოტა მოეფერასავით და უჯრაში შეინახა. დღესვე მივცემ განკარგულებას, რომ გამოაქვეყნონო. უღმესი მადლობა მოვახსენე, მოწიწებით დავუკარი თავი, კაბინეტი დავტოვე და გარეთ გამოვედი. აი, მერე კი ისეთი ისტერიული სიცილი ამივარდა, ხეს რომ არ მივყუდებულიყავი, ალბათ კაი საქორწილე გოჭივით გავგორდებოდი მიწაზე. ეს ყველაფერი, როგორც მოგახსენეთ რამდენიმე თვის წინ მოხდა. სულ ეხლახანს კი, ჩემს ნაწარმოებს(რომელიც, მეც არ ვიცი, დეტექტივია თუ საშინელება, რომანტიკული ისტორია თუ ფანტასტიკა, ეროტიკა თუ ისტორიული ნარკვევი, ლექსია, ესსე თუ პოემა), ნობელის პრემია მიანიჭეს. დიახ, წლევანდელი წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახლავართ სატირულ-იუმორისტული ლიტერატურის ჟანრში. აი, ასე გავხდი სახელოვანი მწერალი. თურმე იუმორისტული მოთხრობა დამიწერია, მე კი აქამდე არ ვიცოდი, რა იყო. სულ ვმარჩიელობდი, ნეტა რა დავწერე თქო. ბოდიში მკითხველს, მაგრამ რა ჩემი ბრალია? ნობელის კომიტეტმა ასე გადაწყვიტა. თუმცა თქვენ მაინც ნუ მიაქცევთ ყურდღებას. მაგათ ვინ ეკითხება?! იფიქრეთ, იაზროვნეთ და თავად გადაწყვიტეთ. უღრმესი მადლობა არაჩვეუებრივ ჟურნალს და კიდევ უფრო მეტად არაჩვეულებრივ რედაქტორს, რომელმაც ჩემი მოთხრობა გამოაქვეყნა და ასე ძალიან გამახარა. თუ მოთხრობა არა, რომანი, ან ლექსი, ან პოემა, ან ესსე, ან პიესა...აღარ ვიცი ზუსტად რა იყო. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. ეს მკითხველმა თავად გადაწყვიტოს. იფიქროს, იაზროვნოს. თქვენ კი, ჩემო ძვირფასო მკითხველო, იფიქრეთ და იაზროვნეთ. გეყოფათ დაღეჭილი წიგნების კითხვა. შეუდექით თანამედროვე მოდერნისტულ ლიტერატურას და თავად გადაწყვიტეთ, რას კითხულობთ, რა ჟანრს, ვინ არიან გმირები და რას აკეთებენ. როდის და როგორ დაამთავროთ ნაწარმოები და ა.შ. მე კი უმორჩილესად გთხოვთ, მომიტევოთ, რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა, თავად აგერჩიათ ავტორი. ჩემი ბრალი არ არის, ძალიან ვეცადე, მაგრამ ამის მიღწევა ვეღარ შევძელი. წარმატებებს გისურვებთ. იფიქრეთ, იაზროვნეთ! მე კი მანამდე ახალ ნაწარმოებს დავწერ. მართალია, არ ვიცი რა იქნება. ეს თავად მკითხველმა გადაწყვიტოს. იფიქროს, იაზროვნოს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი