გასაუბრება ანგელოზთან ძილი წინ 2
–გამარჯობა, მშვენიერო ანგელოზო, ისევ მოხვედი? –კი, მოვედი. მე სულ შენთან ვარ, დაგავიწყდა? –ხო, შენ ხომ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ? –ყოველთვის ვერ დამინახავ, მაგრამ სულ შენთან ვარ. –რატომ ხარ ისევ მოწყენილი, ანგელოზო, ისევ ჩემს გამო? –კი, შენს გამო. –ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მასწავლე – ვლოცულობ, ვმარხულობ, ეკლესიურად ვცხოვრობ, უფლის სიყვარულს ვეძებ, ცოდვებს ვინანიებ, მოწყალებას გავცემ. ეს საკმარისი არ არის? –არა, არ არის. –უფალი რამეზე მიბრაზდება? –არა, უფალი არავის უბრაზდება. მას უზომოდ უყვარხართ. გული კი ბევრ რამეზე შესტკივა; შენზეც. –რატომ? –იმიტომ რომ მთავარი გავიწყდება. –რა არის მთავარი? –სამნი მოწმობენ ცაში, მამა ძე და სულიწმინდა...და ეს სამი ერთია. ეს ხომ იცი? –კი, ანგელოზო, ვიცი. –ადამიანშიც სამებაა – სინანული, მადლიერება და მიტევება. აი ეს სამი ადამიანის სამებაა. თუ რომელიმე გაკლია, უფალს ვერ იპოვი, მის სიყვარულს ვერ შეიგრძნობ. ეს სამი სიყვარულია. სიყვარული კი თავად ღმერთია. თუ სიყვარული გაქვს, ღმერთი შენშია. –მე რა მაკლია? –მადლიერება გაკლია. ის დანარჩენი ორის ძმაა, ტყუპის ცალი. უერთმანეთოთ ვერ ცოცხლობენ და ერთ მთლიანს ვერ ქმნიან. შენ სინანული გაქვს, მიმტევებელიც ხარ, მოწყალებასაც გასცემ, მადლიერება კი არ გაქვს. –მასწავლე ლოცვა, ანგელოზო, გევედრები! –კარგი გასწავლი. მისმინე. ყოველთვის, როდესაც უფალთან ლოცვაში სინანულს გამოხატავ, მადლიერებასაც ნუ დაივიწყებ და ასე ილოცე: „უფალო იესო ქრისტე, გმადლობ, რომ ჯვარს ეცვი ჩვენი ცოდვების გამო და ჩვენი სულების გადასარჩენად. სისხლით და ხორცით ეწამე ჩვენთვის, ცოდვილთათვის. გევედრები, ნუ დამივიწყებ და მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა, რამეთუ შენ ხარ ძე ღვთისა და ჭეშმარი ღმერთი ჩვენი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ –სულ ეს არის? –არა, მერე დაამატე: „მადლიერი ვარ, უფალო, იმ დაუშრეტელი წყალობისათვის, რაც ცხოვრების მანძილზე მოგინიჭებია ჩემთვის მადლითა შენითა. მადლიერი ვარ ყოველი გათენებული დღისათვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, გონისა და აზროვნებისათვის, ყოველი გადადგმული ნაბიჯისათვის, ყოველი ჩასუნთქული ჰაერისათვის, ყოველი გულისცემისათვის, სისხლის ყოველი წვეთისათვის, სხეულის ყოველი უჯრედისათვის, თმის ყოველი ღერისათვის, ყოველი გრძნობისათვის. მადლიერი ვარ ყოველი ლუკმა საზრდელისათვის, ყოველი ყლუპი სასმელისათვის, ყოველი შესამოსელისათვის, სიმშვიდისა და სულიერი საკვებისათვის. მადლიერი ვარ იმ ძვირფასი ადამიანებისათვის, ვინც ცხოვრებაში მოგიცია ჩემთვის წყალობითა შენითა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, იმ სიხარულისათვის, რაც ამ ადამიანებს მოუნიჭებიათ ჩემთვის მადლითა შენითა. მადლიერი ვარ, უფალო, იმ უამრავი ცოდვის პატიებისა და დაუსჯელობისათვის, რაც ცხოვრების მანძილზე ჩამიდენია შენს თვალწინ უგუნურებითა ჩემითა; შენი უსაზღვრო დიდსულოვნებისა და მოთმინებისათვის, იმ უზარმაზარი სიყვარულისათვის, რომლითაც გიყვარვარ, უფალო, თუმცა ვიცი,რომ არა ვარ მე ამის ღირსი. მადლიერი ვარ ყოველი სნეულებისა და განსაცდელისათვის, რომელთაც უშვებ ჩვენზე, რამეთუ ყოველივე ჩვენს სასიკეთოდაა მომართული. მადლიერი ვარ ყველაფრისათვის, რაც გამაჩნია, რაც კი ოდესმე მქონია და რაც კი ოდესმე მექნება წყალობითა შენითა. მადლიერი ვარ, უფალო, ჩემი და ჩემი ახლობელი ადამიანების იმ უამრავი წყალობისა და სიკეთისათვის, რაც ცხოვრების მანძილზე მოგინიჭებია ჩვენთვის მადლითა შენითა – რაც ვიცი და მახსოვს, რასაც ვხედავ და ვგრძნობ...და რაც არ ვიცი და არ მახსოვს, რასაც ვერ ვხედავ და ვერ ვგრძნობ, უმეცრებითა და უგუნურებითა, ამპარტავნებითა და უმადურებითა ჩემითა. შემიწყალე, უფალო, მე ცოდვილი, გევედრები! მადლიერი ვარ უფალო ყველაფრისათვის. დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა!!!“ გაიგე? –გავიგე, ჩემო ანგელოზო, დიდი მადლობა. –დაიძინე ახლა და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. –ღამე მშვიდობისა, ანგელოზო! –ღამე მშვიდობისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი