გასაუბრება ანგელოზთან ძილი წინ 3


–გამარჯობა ანგელოზო
–გაგიმარჯოს.
–ისევ ჩემთან მოხვედი?
–განა სულ შენთან არ ვარ? მე ხომ შენი მფარველი ანგელოზი ვარ?
–რომ ვერ გხედავ ხოლმე?
–ყოველთვის ვერ დამინახავ. ხომ გითხარი, ადამიანები ბევრ რამეს ვერ ხედავთ მეთქი. როცა საჭიროა, მაშინ დაგენახვები.
–ისევ მოწყენილი ხარ? ცრემლები რატომ გაქვს თვალებზე?
–ისევ შენს გამო. მე ხომ შენი ცხოვრებით ვცხოვრობ?
–ისევ არასწორად ვცხოვრობ?
–კი, სამწუხაროდ ასეა?
–მითხარი ანგელოზო, ამჯერად რა მაკლია?
–ამჯერად ყველაზე მთავარი გაკლია.
–რა არის ყველაზე მთავარი?
–შენ როგორ ფიქრობ?
–ყველაზე მთავარი ღმერთია.
–სწორია. ღმერთი კი სიყვარულია.
–სიყვარული მაკლია?
–იცი რა არის, საერთოდ, სიყვარული?
–კი, როგორ არა. ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, უყვართ ბუნება, სამშობლო, რა ვიცი ათასი რამ...რატომ გეღიმება? 
–ეგ ძალიან ვიწრო წარმოდგენაა სიყვარულზე. ჭეშმარიტი, ღვთიური სიყვარული სულ სხვა რამეა. შენ გგონია ღმერთი – ბუნების, სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულია?
–ამიხსენი, ანგელოზო, რა, გევედრები, რა არის  სიყვარული?
–აგიხსნი, ოღონდ ყურადღებით მომისმინე.
–გისმენ ანგელოზო, მთელი გულით და გონებით გისმენ.
–რამდენი განზომილება იცი?
–სამი: სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. განა მეტი არსებობს?
–კი, არსებობს, განზომილება ძალიან ბევრია. ადამიანის გონება ამას ვერ ჩაწვდება. მე მხოლოდ იმას გეტყვი, რომ სიყვარულს ეგენი არცერთი არა აქვს. მას არა აქვს სიგრძე, არც სიგანე და არც სიმაღლე. მას ვერ აწონი, ვერ გაზომავ, ვერ შეაფასებ და ა.შ.
–აბა რა განზომილებები აქვს?
–არის მეოთხე განზომილება, რომელსაც ადამიანების ენაზე სიღრმე ჰქვია. თქვენ მას ვერ ხედავთ იმიტომ, რომ არ მოდის შესაბამისობაში დანარჩენ სამთან. სიღრმე აქვს ყველაფერს – ცას, მიწას, ყვავილს, ხეს, წყაროს, მთას; სიღრმე აქვს ფერს, სუნს, ხმას; სიღრმე აქვს გრძნობას, სიღრმე აქვს ადამიანსაც კი. ოღონდ ეს ის სიღრმე არ არის, რასაც თქვენ მანძილს ეძახით. არის კიდევ დრო, მაგრამ ეხლა არ გვინდა ამაზე. ღმერთისთვის დრო არ არსებობს, მარადიულობაა უსასრულო, დრო მხოლოდ ერთ–ერთი განზომილებაა. მაგრამ მე ეხლა ამას ვერ აგიხსნი, არ ხარ შენ ამისთვის ჯერ მზად. ისევ სიღრმეს დავუბრუნდეთ.
–ადამიანსაც აქვს სიღრმე?
–კი, აქვს ყველა ადამიანს. თქვენ ვერ შედიხართ შორს სიღრმეში. ყველაფერს მაინც მანძილით აფასებთ. თქვენ იცით რა სიღრმე აქვს გულს, სისხლის ყოველ მოლეკულას, სხეულის ყოველ უჯრედს? 
ხომ იცი, რომ ღმერთი თავად შენშია?
–კი, ვიცი.
–მერე, დაფიქრებულხარ როდისმე, როგორ ეტევა ღმერთი შენში? 
–არა, არ დავფიქრებულვარ. როგორ?
–ამიტომ უნდა გაიგო, რა არის სირღმე. ის უსასრულოა, განუზომელი, მარადიული. რაც უფრო შორს შედიხარ სიღრმეში, მით მეტად ადიხარ ზევით, ზეცაში. მით მეტად უახლოვდები ღმერთს. გესმის?
–არა, ანგელოზო, არ მესმის. ჩემს ენაზე ამიხსენი.
–კარგი, მოდი ასე გეტყვი: ადამიანები რომ სიღრმეს ხედავდეთ, სულ სხვა ფერებში დაინახავდით სამყაროს, სულ სხვა სურნელებას იგრძნობდით, სულ სხვა ხმებს მოისმენდით. მაგრამ თქვენ ვერ  ხედავთ. სულ ცოტათი გრძნობთ მხოლოდ და ეს არის სულ თქვენი სიყვარულიც. სიყვარულს კი უამრავი განზომილება აქვს. თქვენ მეოთხესაც კი ვერ ხედავთ და სხვებს როგორ გაიგებთ? ამიტომ მეტს ვერ აგიხსნი.
–როგორც გავიგებ, ისე ამიხსენი, ანგელოზო, ძალიან გთხოვ!
–კარგი. ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ანუ ყველაფერი სიყვარულმა შექმნა. სიყვარული დევს ყველაფერში, ყველა სულიერ და უსულო საგანში. როცა ვამბობთ „ღმერთი ყველგანაა“, ეს ნიშნავს, რომ სიყვარული ყველგანაა. თქვენ მას ვერ ხედავთ. ვერც დაინახავთ, მხოლოდ ცოტათი გრძნობთ, ისიც მხოლოდ მეოთხე განზომილებაში.
ვინც მეტად აცნობიერებს სიღრმეს, ანუ ვინც მეტად გრძნობს, მას მეტად უყვარს. ეხლა წარმოიდგინე, როგორ უნდა იგრძნო, ანუ როგორ უნდა გიყვარდეს, რომ უფალი იგრძნო და მიუახლოვდე მას.
–სიყვარულის სწავლა შეიძლება ანგელოზო?
–შეიძლება. ამისთვის ორი გზა არსებობს და ორივეს ერთნაირად უნდა დაეუფლო?
–რომელი გზებია?
–მოდი ასე ვთქვათ – სიძულვილის და სიყვარულის გზები.
–სიძულვილზე ხომ მითხარი?
–კი, გითხარი, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებ. თავიდან სიძულვილი არ არსებობდა. იყო მხოლოდ სიყვარული. იყო მხოლოდ სიკეთე, სითბო, სილამაზე და სიყვარული. ადამიანს სხვა არაფერი  
სჭირდებოდა, მაგრამ ადამმა და ევამ დაარღვიეს ეს ჰარმონია და აკრძალული ნაყოფი მიირთვეს.
–და ღმერთმა დასაჯა არა?
–არა, ჩემო კარგო, ღმერთს არ დაუსჯია, არამედ სწორედ ის მისცა, რაც მოისურვეს, ანუ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის უნარი. ამიტომ მას შემდეგ არსებობს კეთილი და ბოროტი, ცივი და თბილი, საძულველი და საყვარელი და ასე შემდეგ. უფალს რომ დაუბრუნდე, ანუ სიყვარული რომ ისწავლო, ის უნდა შეიძულო, რაც მანამდე არ არსებობდა. უნდა შეიძულო ყოველი მიწიერი, ბიწიერი სურვილები, ყოველი ხორციელი და სულიერი ვნებები. მე შენ ამაზე ადრე გითხარი. საკუთარი სხეული უნდა შეიძული, ანუ ხორცი. აი ეს სიძულვილი უნდა ისწავლო.
–ეხლა სიყვარულზე მითხარი.
–თქვენ ყველაფერს სიყვარულს ეძახით და ეს არ არის სწორი. თქვენი განმარტებით სატანაც სიყვარულია.
–რატომ?
–იმიტომ, რომ მასთანაც „სიყვარულს“ მიჰყავხარ, ოღონდ იმის „სიყვარულს“, რასაც ჩვენ ცოდვებს ვეძახით. თქვენ გიყვართ კარგი    ჭამა–სმა, გართობა, გიყვართ ლამაზი ტანსაცმელი, ხორციელი და სულიერი სიამოვნებანი. ამას კი სატანასთან მიჰყავხართ.
–სულიერი რაღა არის?
–სულიერია ამპარტავნება, განდიდების მანია, სხვისი განკითხვა, უპირატესობის შეგრძნება და მრავალი სხვა. ამიტომ, უნდა იცოდეთ, რომ მაგათ სიყვარულთან არავითარი კავშირი არა აქვთ. ეგ სწორედ ის ცდუნებებია, რითაც ეშმაკი გაცდუნებთ და გღუპავთ.
–ეხლა სიყვარულზე მითხარი, ანგელოზო.
–სული უნდა შეიყვარო, როგორც შენი, ასევე სხვისი. მოდი სულ უბრალოთი დავიწყოთ – მაგალითად ყვავილი. მას სურნელება რატომ აქვს?
–რატომ? 
–იმიტომ, რომ მასში სიყვარულია. ანუ ღმერთია მასში, გესმის?
–კარგად არა.
–იმიტომ, რომ მის სიღრმეს ვერ ხედავთ, ვერ გრძნობთ ბოლომდე. რა არის საერთოდ სუნი, ხმა, გემო? საერთოდ სილამაზე? ეს სწორედ ის სიღრმეა, რასაც თქვენ ხედავთ და გრძნობთ. ესეც უფალმა მოგცათ თავისი უზარმაზარი დიდსულოვნების გამო.
–ყველაფერშია ღმერთი?
–კი, ყველაფერშია. ეს უნდა დაინახო, იგრძნო და მეტად შეგიყვარდება ხეც, ნაკადულიც, ბალახიც, მიწაც, ცაც, ფრინველიც, ცხოველიც, მზეც, ვარსკვლავებიც. იმიტომ, რომ ყველაფერი სიყვარულმა შექმნა და ყველაფერში სიყვარულია. ცრემლშიც, დარდშიც, ტკივილშიც.
განსაკუთრებით დიდი სიყვარულია ჭეშმარიტ ლოცვაში, მარხვაში, მორჩილებაში, მადლიერებაში, მოთმინებაში, მოწყალებაში, მიტევებასა და სინანულში.
–რა მარტივია ყველაფერი.
–ყველაზე მთავარი არ მითქვამს?
–რა, ანგელოზო?
–ადამიანი. ადამიანია ყველაზე მთავარი. ყოველი სული ძალიან ლამაზია, ძალიან ძვირფასი – ხატი ღვთისა...და იმდენად დიდი სიყვარულია თითოეულ მათგანში, რომ ამას ვერ წარმოიდგენთ. თქვენ ერთმანეთის სხეულებს ხედავთ, სულს კი ვერ ამჩნევთ. ყველაზე მახინჯ სხეულშიც კი, ძალიან ლამაზი სულია. სხეული მხოლოდ დროებითი სამოსელია სულისა. ეს უნდა გაიგოთ. ადამიანები რომ ბრმები იყოთ, უფრო გეყვარებოდათ ერთმანეთი.
–რატომ?
–იმიტომ რომ სხეულს ვერ დაინახავდით და მხოლოდ სულზე იფიქრებდით.
–რა საოცარია.
–შენ იცი, ღმერთი რა ლამაზია? 
–არა, მხოლოდ წარმოდგენა თუ შემიძლია.
–არა, ვერ წარმოიდგენ, ვერც შენ და ვერც ვერავინ. ადამიანმა რომ ღმერთის სილამაზე იცოდეს, ისეთი ძალით შეუყვარდებოდა, რომ გული ვერ გაუძლებდა ამას. იცი, რატომ არ უნახავს ღმერთი ცოცხალ ადამიანთაგან არავის? – სწორედ ამიტომ. ვერცერთი წმინდანის გული ვერ გაუძლებდა მის სიყვარულს და იმიტომ.
–ეხლა შენ წარმოიდგინე, რომ ღმერთმა ყოველი სული თავის ხატად და მსგავსად შექმნა და რაოდენ ლამაზია ყოველი სული. აი, ამაზე იფიქრე და ყველა ადამიანს ისე შეიყვარებ, როგორც ღმერთს. თან უკვე იცი, რომ უფალი ყოველგანაა, ყოველ უჯრედსა და მოლეკულაში. გაიგე?
–დაახლოებით გავიგე ანგელოზო.
–ყოველ საგანზე იფიქრე, როგორც ღვთის ქმნილებაზე, ღვთის არსებობაზე მასში და შეიყვარე. აი, ადამიანზე კი იფიქრე, როგორც ღმერთზე. არ არის ღმერთი, მაგრამ ხატებაა მისი და მისი სული შეიყვარე, თუ სხეული არ მოგწონს. იმიტომ, რომ ყოველ მათგანში უზარმაზარი სიყვარული ჩადო უფალმა და თუ რომელიმეს შეიძულებ, უფალს შეიძულებ. გაიგე?
–გავიგე, ანგელოზო, მაგრამ ეს ძალიან ძნელია.
–კი, ძნელია, მაგრამ თუ ღმერთის სიყვარული გინდა, ასე უნდა მოიქცე. გულით დანახვა ისწავლე და მარტო თვალებს ნუ ენდობი.
–კარგი, ანგელოზო, ვეცდები.
–დაიძინე ეხლა და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი.
–ღამე მშვიდობისა, ანგელოზო!
–ღამე მშვიდობისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი