გასაუბრება ანგელოზთან ძილი წინ 4


–გამარჯობა ანგელოზო. ისევ მოხვედი?
–გაგიმარჯოს. ხომ გითხარი სულ შენთან ვარ მეთქი?
–რატომ გაქვს ცრემლიანი თვალები? ისევ ჩემს გამო ტირი?
–კი, შენს გამო... და არა მარტო შენს გამო.
–რა დავაშავე ამჯერად? რაც მითხარი, არ ვასრულებ?
–ასრულებ, როგორ არა, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა.
თქვენ, ადამიანები, ყველაფერს ზერელედ აკეთებთ – ზერელედ ლოცულობთ, ზერელედ მარხულობთ, ზერელედ გიყვართ.
–რატომ?
–აბა მითხარი, რა არის ლოცვა? რა არის მარხვა?
–ლოცვა ღმერთთან საუბარია. განა ასე არ არის? არასწორად ვლოცულობ?
–დიახ, ლოცვა ღმერთთან საუბარია. ჯერ მარტო ბოლომდე რომ ჩაწვდე ამას, შეიძლება გაგიჟდე ადამიანი. შენ, ცოდვილი, არარაობა, საერთოდ თუ წარმოადგენ რამეს, ბედავ და ღმერთს ესაუბრები. ბედავ, რადგან ასე დაგიწესა უფალმა, მოგცა უფლება დაელაპარაკო უზენაესს. ...და თუ შენ ამას მართლა ხვდები და გრძნობ, მაშინ შეიგრძნობ სწორედ, რა დიდი ბედნიერებაა ეს. როცა ცხელი ცრემლები ღაპაღუპით გცვივა და შენი ყოველი სიგლახე და ცოდვა გახსენდება; როცა იცი, რა უბადრუკი ხარ და ვის ელაპარაკები. მაშინ შეიგრძნობ მთელი არსებით, რა ტკბილი ყოფილა ლოცვა. როცა ტირილის არ გრცხვენია, მითუმეტეს თუ მარტო ხარ. როცა იცი, რომ ეს ცრემლები ყველაზე წმინდა და უანგაროა; როცა სინანული გაწვალებს, მაგრამ ეს სინანული ტკბილია და ვერ ხსნი, რატომ. როცა გინდა, რომ ეს ცრემლები არასოდეს შეჩერდეს, როცა გინდა რომ ეს ლოცვაც არასოდეს დამთავრდეს. შეიძლება სულ ოდნავ, მაგრამ მაინც,  
ღმერთის არსებობას გრძნობ შენს სხეულში და უკვე ხვდები, რას ნიშნავს, რომ სასუფეველი თვით შენშია. ამ დროს მთელი სამყარო გათიშულია შენი გონებიდან და ხართ მხოლოდ ორნი – უფალი და შენ. არ ჩქარობ, არ ფაციფუცობ, რომ დროზე დაამთავრო და შენს მიწიერ საქმეებს დაუბრუნდე; არამედ დგახარ მუხლდაჩოქილი ხატის წინ, თავჩაღუნული და ტირიხარ. თავჩაღუნული იმიტომ, რომ ხატის შეხედვისაც გრცხვენია, გეშინია, გერიდება, თვალს ვერ უსწორებ. იცი, რომ ხატი კი არა, უფალი გიყურებს. მთელი ყურადღება შენსკენ აქვს მომართული და ყურადღებით გისმენს, რას სთხოვ. კი არ მოითხოვ, სთხოვ. დიახ, ბევრი მხოლოდ მოითხოვს, უკან კი არაფრის გაცემა არ სურს. ეს არ არის ლოცვა. უფალი ჩვენი მოსამსახურე როდია – ჯადოსნური ჯინი, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს. ის მეუფეა ჩვენი, უზენაესი, უსაყვარლესი მამა, რომელსაც ისეთი ძალით ვუყვარვართ, წარმოდგენასაც რომ ვერ შევძლებთ ვერასოდეს. დგახარ ამ დროს მუხლებზე, ტირიხარ და გრცხვენია, რომ ასეთი უბადრუკი, ასეთი უგუნური, ასეთი ძალით შეგიყვარა და არ იცი, მადლობა რით გადაუხადო, როგორ დაუბრუნო სიყვარული. ამიტომაც ტირიხარ. მთელი სიცხადით შეიგრძნობ, რა მტანჯველი და ამავე დროს ტკბილი გრძნობაა სინანული და მადლიერება. სწორედ ეს უნდა უფალს შენგან, სწორედ ამას გთხოვს, სწორედ ეს არის ლოცვა. ვერც კი წარმოიდგენ ადამიანი, რა ბედნიერია უფალი ამ დროს. საოცარია არა? დიახ, უფალი ამ დროს ბედნიერია, ბედნიერია რომ შენ მას გრძნობ, ეძებ, ლოცულობ.
აი, ეს არის ლოცვა. გაიგე?
–გავიგე ანგელოზო. რა საოცარი სიმართლეა. მარხვაზე რას მეტყვი?
–მარხვაზე ამას გეტყვი. თქვენ არ იცით, რა არის ჭეშმარიტი მარხვა. მარხულობთ სხეულით და არა სულით.
–რა განსხვავებაა?
–წმინდა მამებს მაინც უსმინეთ, რას ამბობენ. მარხვა ის არ არის, როცა გშია და თავს იკავებ, როცა სხეულს რამე სწადია და თოკავ, არამედ ის, როცა იმდენად განიცდი შენს ცოდვებს, იმდენად გლოვობ, რომ არც საკვები და არც სხვა რამ არ გაინტერესებს, გულს არ ეკარება. მარხვა ჭეშმარიტი გლოვაა სულისა...და როცა სული გლოვობს, სხეული  
ემორჩილება სულს. აი, ამ დროს ხარ უფალთან ყველაზე ახლოს. მარხვა სინანულის უდიდესი გამოვლინებაა, ოღონდ სხეულისა და სულის ერთდროული სინანულის.
თქვენ რომ იცოდეთ, რა გელით თქვენი ცოდვების გამო, სული ისეთ სინანულში მოვიდოდა, საკვებს ვერასდიდებით ვერ მიიღებდით, იმდენად მგლოვიარე იქნებოდა თქვენი სული, სხეული, გონება, ფიქრი – ყველაფერი. იტირეთ თქვენი ცოდვები და ევედრეთ უფალს შენდობა. ის კი არ არის მთავარი, რას მიიღებს სხეული საკვებად, არამედ სულს რითი კვებავთ, ის არის უმთავრესი. აი, ეს არის მარხვა.
–რა იოლია და რა ძნელი. კიდევ მეტყვი რამეს, ჩემო კეთილო ანგელოზო?
–კი, გეტყვი ყველაზე მთავარს. უფალმა ორი მცნება დაგიტოვათ ადამიანებს: გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი გულითა, მთელი შენი სულითა, მთელი შენი გონებითა და მთელი შენი ძალითა; და გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ხომ ასეა?
–კი, ანგელოზო, ასეა. არ ვასრულებთ?
–ასრულებთ?
–რატომ გეცინება ანგელოზო?
–ორივე მცნებას მხოლოდ ერთეულები ასრულებენ და ისინი წმინდანები არიან. ადამიანები ვერცერთ მცნებას ვერ ასრულებთ. თითოს ძალიან ცოტა ადამიანები ასრულებენ, არცერთს კი ადამიანთა მოდგმის აბსოლუტური უმრავლესობა.
–რატომ?
–იმიტომ, რომ არ გიყვართ უფალი ყველაზე მეტად. თუნდაც თქვენს ძვირფას ადამიანებზე მეტად– დედაზე, შვილზე ან ძმაზე მეტად. განა ასე არ არის?
–არ ვიცი, ალბათ ასეა.
–ამბობთ, მაგრამ არ გიყვართ. ეხლა მოყვასზე გეტყვი.
–ვინ არის ჩემი მოყვასი, ანგელოზო? ყველა ადამიანი ჩემი მოყვასია? 
–არა, ყველა არა. უფლის მაგინებელი და სამშობლოს მტერი არ არის შენი მოყვასი. მაგრამ ვინც არის, ისიც არ გიყვართ. ხშირად, ახლობელი ადამიანიც არ გიყვართ ისე, როგორც საჭიროა და უცნობს როგორ შეიყვარებ? უფალი კი გეუბნება: გიყვარდეს მოყვასი შენი. მითხარი, შვილი რომ გიკვდებოდეს, რას იზამ?
–ყველაფერს, ანგელოზო, ყველაფერს გავიღებ მის გადასარჩენად.
–მაშ, სხვისი შვილი რომ კვდება, რას აკეთებ? ხანდახან წაუყრუებ ხოლმე. ვითომ არ გესმის, ვითომ ვერ ხედავ. თანადგომაც კი გიჭირს, თორემ რომელ თავგანწირვაზეა ლაპარაკი? აღარაფერს ვამბობ იმ უამრავ განსაცდელში მყოფ ადამიანებზე, რომელთაც დახმარება სჭირდებათ და თქვენ ყურადღებასაც არ აქცევთ...და იცით რატომ?
–რატომ?
–იმიტომ, რომ არ გიყვართ, არ დარდობთ მათზე, არ თვლით მოყვასებად. ხომ ასეა?
–კი, ასეა.
–რატომ დახარე თავი, შეგრცხვა? უფლისთვის თქვენ დები და ძმები ხართ ერთმანეთის. მისი საყვარელი შვილები ხართ და ათასჯერ და ათი ათასჯერ მეტად უყვარხართ, ვიდრე თქვენ ამის წარმოდგენა შეგიძლიათ. თქვენ კი არ ფიქრობთ ამაზე. ხორციელი და–ძმობაც კი გიჭირთ და სულიერს როგორ მოახერხებთ? ამიტომ მწყდება გული შენზეც და ამიტომაც ვტირი.
–ესე იგი უფლის არცერთ მცნებას არ ვიცავ?
–არა, სამწუხაროსდ არ იცავ.
–რა უნდა გავაკეთო რომ გადავრჩე?
–მოინანიე, რომ ვერ იცავ ვერცერთ მის მცნებას და გულმხურვალედ ევედრე ღმერთს, რომ ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი მოგცეს, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის უნარი. აი, ეს არის ყველაზე მთავარი ყოველი ადამიანისათვის. კარგად დაიმახსოვრე – ღვთისა და მოყვასის სიყვარულის უნარი. ღმერთთან მხოლოდ სიყვარული მიგიყვანს – ნამდვილი, სუფთა, უანგარო სიყვარული. გასაგებია? 
–გასაგებია, ანგელოზო.ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მასწავლე.
–ეხლა დაწექი და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი.
–ღამე მშვიდობისა, ანგელოზო!
–ღამე მშვიდობისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი