გასაუბრება ანგელოზთან ძილი წინ 5
–გამარჯობა, ჩემო ანგელოზო, ისევ მოხვედი ჩემთან? –კი არ მოვედი, დაგენახე. აკი გითხარი, სულ შენთან ვარ მეთქი? –რატომ ხარ მოწყენილი, ანგელოზო. ისევ ჩემს გამო? –რა თქმა უნდა შენს გამო, მე ხომ შენი მფარველი ანგელოზი ვარ? –ამჯერად რა დავაშავე? –მე შენ ბევრ რამეზე გელაპარაკე, მაგრამ ეტყობა კარგად ვერ გაიგე ჩემი ნათქვამი. რატომ არ გიყვარს ადამიანები, ვინც შენთვის მოსაწონი არ არის, განა ამას გასწავლიდი? –როგორ უნდა მიყვარდეს, როცა ცუდად იქცევიან? –კარგი, მაშინ ერთ ამბავს მოგიყვები და ყურადრებით მომისმინე. –გისმენ, ანგელოზო,მომიყევი. –ერთ შორეულ სოფელში ერთი ბატონი ცხოვრობდა. საკმაოდ მდიდარი და შეძლებული გახლდათ. უამრავი სახნავ–სათესი, ველ–მინდვრები და ბაღ–ვენახები ჰქონდა და არც ცოცხალი ძალა აკლდა. უამრავი ყმისა და მოსამსახურის პატრონი იყო. ოჯახიც ჰყავდა და ნათესავ–მოყვარენიც, მაგრამ ისეთი ავი და მყრალი ხასიათი ჰქონდა, ყველა გამწარებული ჰყავდა ირგვლივ. ამასთან ერთად, სასტიკი და დაუნდობელიც იყო. მოკლედ, ზუსტად ისეთი, ზღაპრებში რომ წაგიკითხავს ავ და ბოროტ ჯადოქარზე ან სხვა მისნაირ არსებაზე. საშინელ ტანჯვასა და წამებაში ჰყავდა როგორც ყმა–მოსამსახურე, ასევე საკუთარი ოჯახის წევრებიც. მუდამ მათრახი ეჭირა ხელში და გამუდმებით მიზეზს ეძებდა, რომ ვინმესთვის მოეცხო და გაემწარებინა. ბევრი სისხლი დაუნთხევია საბრალო ყმებისათვის და დიდი სიამოვნება მიუღია ამისგან. ბევრი დაუსახიჩრებია კიდეც. მოკლედ, ისეთი ბოროტი და გულღრძო ვინმე გახლდათ, შიშის ზარს სცემდა ყველას – მტერსა და მოყვარეს, თუმცა ძალზედ საეჭვოა, ვინმეს მის მოყვარედ ჩაეთვალა თავი. ხოდა, ერთ დღესაც, ეს ჩვენი ბატონი ცუდად შეიქნა და ცოტა ხანში სულიც განუტევა. ალბათ არ არის ძნელი წარმოსადენი თუ რა განცდები დაეუფლა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისგან ცრემლის და ტკივილის მეტი არაფერი ახსოვდა. ზოგი ხმამაღლა გამოხატავდა სიხარულს, ზოგი კი ჩუმად ხითხითებდა გულში. ცოლის და შვილების ერიდებოდათ მაინც, თუმცა არც მათ ეტყობოდათ დიდი მგლოვიარობა. ასე იყო თუ ისე, ამ ჩვენმა ავყია და გულქვა ბატონმა სული უფალს მიაბარა და ბევრ ადამიანს მოჰგვარა სიხარულის ცრემლი. მიფრინავს მისი სული გაუგონარი სისწრაფით უკუნ სიბნელეში და რაც არ უნდა საოცარი იყოს, ახსენდება მის მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტი საქმე და კარგად ხვდება, რომ წასულია მისი საქმე. გაახსენდა, რომ ერთხელაც არ გახსენებია ღმერთი და არაფერი გაუკეთებია ისეთი, რასაც თუნდაც სულ პატარა სიკეთე დაერქმეოდა. საშინელი ტკივილი და სიცივე იგრძნო. ტირილი მოუნდა, უნდოდა ამოებღავლა მთელი ძალით, მაგრამ ვერ ახერხებდა და ეს კიდევ უფრო სტანჯავდა. უეცრად, მისი მოძრაობა შეწყდა და სრულიად საპირისპირო მიმართულება მიიღო. თუმცა მოძრაობა აღარ იყო ისეთივე სწრაფი. უფრო ნაზი, ჰაეროვანი, სასიამოვნო გახდა. ცოტაც და ისეთი კაშკაშა ნათელის ბურუსში გაეხვია, რომლის აღწერა არც მე შემიძლია და ვერც ვერავინ შეძლებს ვერც ცოცხალ ადამიანთაგან ვინმე და ვერც ანგელოზთაგან. მიხვდა, რომ უფლის წინაშე იდგა. შეხედვა ვერ გაბედა. იცოდა, რაოდენ ცოდვილი იყო. უცებ მოესმა ხავერდოვანი(ესეც ყოველ არსებათა მიერ აღსაწერად შეუძლებელი) ხმა უფლისა. –მე ვარ უფალი, ღმერთი შენი. მე ვიცი შენი ფიქრები, შენ კი იცი შენი ცოდვები. მაგრამ ვინაიდან მტკივა შენი სული და არ მნებავს მისი წარწყმედა, ერთ უკანასკნელ შანსს მოგცემ. ბატონის სული აფორიაქდა და იმედის ამ უკანასკნელ გაელვებას მთელი თავისი ყურადღება მიაპყრო. –არ გაგიშვებ სამუდამო სატანჯველში, თუკი დედამიწაზე მოიძებნება ათი ადამიანი, ვინც კარგს იტყვის შენზე. მოიწყინა ბატონმა. მიხვდა, რომ ასეთი ათი ადამიანი არ მოიძებნებოდა და დაღონდა. –კარგი, ხუთი იყოს – მიუხვდა უფალი დარდს. არც ხუთი მოიძებნება უფალო – ის იყო გაიფიქრა, რომ... –სამი იყოს – ბრძანა უფალმა. დაფიქრდა ბატონი: სამი ადამიანი ცოტა ძნელია, მაგრამ იქნებ ჩემმა ცოლმა და შვილებმა შემიბრალონ. მართალია, ბევრჯერ გამიმწარებია და დაუნდობლადაც ვექცეოდი, მაგრამ მაინც შინაურები არიან და ... ამ ფიქრებში იყო, როცა უფალმა ხმამაღლა გაიცინა და ბრძანა: –კარგი, რადგან შენ ეხლა მაინც ხვდები შენს შეცოდებებს, თანხმა ვარ.. –რაზე უფალო? – გაოცდა ბატონი. –თანახმა ვარ, არ გაგიშვა ჯოჯოხეთში, თუ დედამიწაზე მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, ვინც კეთილ სიტყვას შეგაწევს. გაპატიებ, მაგრამ ვშიშობ, რომ ერთი ადამიანის პოვნაც გაჭირდება. მოდი ეხლა და ერთად ვნახოთ ყოველივე. აღარ დავიწყებ იმის ახსნას, თუ როგორ ხდებოდა, რომ ბატონს ყოველი ადამიანის სიტყვაც და ფიქრიც ისე ესმოდა, როგორც საკუთარი ხმა. ამას უცებ მიეჩვია კიდეც, რადგან ეხლა ამაზე მთავარი – მისი სულის ბედი წყდებოდა და უნდა ეპოვა ადამიანი, ვინც მასზე კარგს იტყოდა და როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი მზერა ცოლს მიაპყრო. ცოლი კი აი რას ფიქრობდა: –მთელი ცხოვრება გამიმწარე და გამიუბედურე. ერთი სიკეთე არ მახსოვს შენგან. რად მინდა შენი სიმდიდრე და ქონება? დამაავადმყოფე და ქალობა დამაკარგვინე. რამდენი ცრემლი და ტკივილი მახსოვს შენგან. არც ხელით შეხება და ცემა დაგიკლია. ყოველ კაპიკს მითვლიდი და მცირე გასაქანსაც არ მაძლევდი. ცოლი მერქვა და მონასავით მექცეოდი. მამცირებდი და ადამიანად არ მთვლიდი. ეხლა წევხარ აქ გაშოტილი და გგონია, რომ ვიტირებ და ვიდარდებ შენი სიკვდილის გამო? ძლივს ამოვისუნთქე და ამისრულდა, რაც მე შენ მიწყევლიხარ და შენი სიკვდილი მინატრია. აწი ჯოჯოხეთშია შენი ადგილი და ალბათ იქ ხარ ეხლა, სადაც სწორედაც რომ ახია, რომ იყო... შვილს მიუბრუნდა იმედგაცრუებული და იმედიანი მზერა მიაპყრო. –ძლივს არ ჩაძაღლდი? – ფიქრობდა შვილი – ეხლა მაინც ამოვისუნთქებ და ადამიანურ ცხოვრებას დავიწყებ. ასეთი ძაღლი მამა თუ კიდევ ჰყავს ვინმეს, არა მგონია. სული ამოგვხადე სუყველას. ჩაგაგდებთ მალე მიწაში და დაისვენებს ყველა და დაიწყება ახალი ცხოვრება. ღორი იყავი და ღორივით უნდა მიგაგდოს კაცმა, ღირსი ხარ, მაგრამ სირცხვილია, ხალხს რა ვუთხრა, თორემ კი ვიცი რაც გეკუთვნის. ყვავ–ყორნებმა უნდა შეჭამონ შენი მძორი... ტირილი არ შეეძლო, თორემ მთელი სული უცახცახებდა და ნელნელა იმედიც თხელდებოდა. გოგოს მიაპყრო იმედიანი თვალები. –მამა გქვია, თორემ რა მამა შენ იყავი? – ფიქრობდა ქალიშვილი–ყოველთვის, როგორც ნივთს, ისე მექცეოდი. შიშსა და ცახცახში გავიზარდე. ვინც მიყვარდა, ცემით მომიკალი და გასიებულ ღორს გამაყოლე ცოლად. ეხლა რაღა აზრი აქვს? ნეტა ადრე ჩაძაღლებულიყავი და შვებით ამოვისუნთქავდით სუყველა. ამოგშლი ჩემი მეხსიერებიდან და არასოდეს აღარ გაგიხსენებ. არც ყოფილხარ ჩემთვის როდისმე ძვირფასი ადამიანი და აწი მითუმეტეს არასოდეს აღარ იქნები. დაე, ღმერთმა ის მოგიზღოს, რისი ღირსიც ხარ... გაწყდა კიდევ ერთი ძაფი იმედისა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სული იბერებოდა და გასკდებნოდა სადაცაა. ვისი იმედიღა უნდა ჰქონოდა? მშობლები ცოცხალი აღარ ჰყავდა, თუმცა არც სიცოცხლეში უცია მათთვის პატივი და არც სიკვდილის მერე გახსენებია და რომც ყოფილიყვნენ ცოცხალი, ნეტავ კარგი რა უნდა ეთქვათ? იმათაც ხომ მთელი სიცოცხლე გაუმწარა და ისე ექცეოდა, როგორც ბოროტ დედინაცვალსა და მამინაცვალს. ერთი ძმა ჰყავდა და ისიც ისე გაამწარა, რომ გულმა უმტყუნა და უდროოდ დატოვა ეს წუთისოფელი. უცებ თავისი მმართველი გაახსენდა. მართალია არც იმას სწყალობდა, მაგრამ ხალხის წამებაში იხმარებდა ხოლმე და საკმაოდ კარგადაც უხდიდა. იქნებ იმან თქვას რამე კარგი? გაიფიქრა და მის ფიქრებს გადასწვდა. –ძაღლიც მიგაკვდეს სულში, მტარვალო – ფიქრობდა მმართველი – რა ძაღლიც იყავი ყველამ იცის, მაგრამ გასამრჯელო მაინც მქონდა და ასე თუ ისე ვუძლებდი შენს ყიამყრალ ხასიათს. ბევრჯერ დაგიმცირებივარ, გაგილახივარ, მაგრამ ფულის გამო ყველაფერს ვუძლებდი. ეხლა რაღა ვქნა? როგორც კი ჩაძაღლდი, მაშინვე გამანთავისუფლეს სამსახურიდან და დავრჩი ასე, ულუკმაპუროდ. რისთვის გითმინე ამდენი ხანი? იმისთვის, რომ უეცრად მომკვდარიყავი და პანღურით გამოვეგდეთ შენი სახლიდან? ძაღლი იყავი და ძაღლურად მოკვდი. ჯანდაბამდისაც გზა გქონია… ეს იმედიც გაწყდა. ისე,ზერელედ გადახედა სხვათა აზრებსაც, თუმცა უკვე არაფრის იმედი აღარ ჰქონდა. აირია ხმები ერთმანეთში; „წყეულიმც იყავ“, „ეშმაკმა წაგიღოს“, „ნურც გეღირსოს მიწა“, „ღმერთმა გადაგიხადოს ყველაფრისათვის“ და ასე შემდეგ. ყველაფერი ერთად ესმოდა – ყოველი სიტყვა, ყოველი ლანძღვა და არცერთი, დიახ, არცერთი არათუ კეთილი, გულგრილი სიტყვაც კი...და მთელი სისრულით შეიგრძნო, რაოდენ გამწარებული ჰყავდა ხალხი და რა მძიმე სასჯელის ღირსი იყო. სხვა გზა აღარ იყო. უნდოდა თუ არა, ხვედრს უნდა შეგუებოდა და დაიწყო კიდევაც იმაზე ფიქრი, რომ მისი გზა ჯოჯოხეთში მიდიოდა. უეცრად, სადღაც შორს პატარა მბჟუტავი სინათლე დაინახა. რომ მიუახლოვდა, თავისი ყოფილი ყმა იცნო. ერთხელ ისე სცემა, რომ დაასახიჩრა და სიარულის უნარიც კი დააკარგვინა. ჯოხზე დაყუდებული პატარა ხატთან იდგა და ჩუმად ლუღლუღუბდა. შერცხვა. ეს ალბათ მიწასთან გამასწორებსო, იფიქრა. მაგრამ ამაზე მეტად ის აწუხებდა, თავის დროზე ასე უმოწყალოდ რომ მოექცა და ისე შერცხვა, რომ შეძლებოდა, ამოხტებოდა ამ პატარა უხილავი გარსიდან და სადღაც უსასრულობაში გადაიკარგებოდა. მაგრამ არ შეეძლო. რა გაეწყობოდა, იძულებული გახდა ყური მიეგდო. –ღმერთო მოწყალეო – ჩურჩულებდა ხეიბარი – შენ ყოვლად მოწყალე და მოსიყვარულე ხარ. შენს დიდსულოვნებას და მოთმინებას არ აქვს საზღვარი. შენ ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე გაეკარი და ეწამე ყველაზე საშინელი წამებით ყველას მაგივრად. გევედრები, უფალო, შეიწყალე ახლადგარდაცვლილი ბატონი ჩემი, მიუტევე ყოველივე შეცოდებანი მისი და დაუმკვიდრე სასუფეველი. მე არა რა მიდევს გულში მის საწინააღმდეგოდ, მიპატიებია, რაც კი ბოროტი ჩაუდენია ჩემს წინაშე და მიუტევე შენც, უფალო, რამეთუ შენ ათასჯერ და ათიათასჯერ მეტი მიტევების და შეწყალების უნარი გაქვს, ვიდრე ჩვენ – ცოდვილ ადამიანებს. შეიწყალე ჩემი ბატონის სული, უფალო, გევედრები!.. გაოცებისა და სირცხვილის ქენჯნისაგან ისე შეიკუმშა და დაპატარავდა, რომ შეძლებოდა გაქრებოდა კიდეც. ისე მოუნდა, სულ ერთი წამით, დიახ, თუნდაც ერთი წამით უკან დაბრუნებულიყო და ეს ჩია, ხეიბარი კაცი გულში ჩაეკრა, მოფერებოდა – მუხლები, ხელები, მთელი სხეული დაეკოცნა და სინანულის ცრემლებით დაენამა. კარგად რომ დააკვირდა, ამ ბეჩავი, უშნო და ჩამოკონკილი სხეულის მიღმა საოცრად ლამაზი და განათებული სული დაინახა. ისეთი ლამაზი, მსგავსი ჯერ რომ არაფერი ენახა ქვეყანაზე. გაოგნებული შეჰყურებდა ამ მშვენიერებას და ოდნავ, სულ მცირედით, როგორც კი შეეძლო, წარმოიდგინა, თავად უფალი რა დიდებული სანახავი იქნებოდა პირდაპირ შეხედვა რომ შეძლებოდა... –მერე, მერე რა მოხდა ანგელოზო? –უფალმა შეასრულა თავისი სიტყვა და ცათა სასუფეველში მიუჩინა ადგილი ამ ბატონს. ყველა იმან კი, ვინც წყევლიდა და აძაგებდა, საბოლოოდ ჯოჯოხეთში დაიმკვიდრეს ადგილი. აი, ასეა, შეუცნობელია გზანი უფლისანი. –ეს ყველაფერი მე რატომ მომიყევი? გაოცდა ანგელოზი, ცრემლები ჩამოუგორდა: – ნუთუ კიდევ ვერ მიხვდი? მე ამით მინდოდა შენთვის მეთქვა, თუ რა ძალა აქვს ლოცვას, ანუ რა ძალა აქვს სიყვარულს. ვინც შენ მოგწონს, იმას რომ შეიყვარებ, ეგ არ არის უფლისმიერი სიყვარული. მთავარია სიძულვილის უნარი დაკარგო და გიყვარდეს ადამიანები იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა მათი საქციელი. შენ უნდა იცოდე, რომ ერთი ჭეშმარიტად ნათელი სულის ადამიანის ლოცვა ბევრად ძლიერია, ვიდრე ათასი კაცის წყევლა და გინება. იმიტომ, რომ არა არს ქვეყანაზე სიყვარულზე უფრო ძლიერი და მთავარი, სიყვარულზე მეტად მადლიანი და სანუკვარი. აი, ე ს დაიმახსოვრე კარგად. მე ადრეც გითხარი, რომ გულით დანახვა უნდა უნდა ისწავლო და სხეულის მიღმა ადამიანის სული დაინახო, ისევე, როგორც ბატონმა დაინახა თავისი ყმის სული. –გავიგე, ანგელოზო, ეხლა ყველაფერი გავიგე. –კარგი, დაწექი ეხლა და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. –ღამე მშვიდობისა ჩემო ანგელოზო! –ღამე მშვიდობისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი