გასაუბრება ანგელოზთან ძილი წინ 8


–გამარჯობა, ანგელოზო.
–გამარჯობა.
–რა კარგია, რომ ისევ მოხვედი. როგორ მომენატრა შენთან საუბარი, მეგონა ვეღარ გნახავდი.
–მე შენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გენახვები. მე არ მაქვს უფლება შენს ქმედებებში ჩავერიო. უფალმა ყველა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა და ვერავინ, მათ შორის ვერც ანგელოზები ამ ნებაში ვერ ჩაერევიან...და თუ გეცხადები და გესაუბრები, მხოლოდ იმიტომ, რომ რჩევა მოგცე, ჩემი გულისტკივილი გაგიზიარო შენს გამო, დაგარიგო, გასწავლო, რისი სწავლის უფლებაც მაქვს ღვთისგან მონიჭებული. გასაგებია?
–გასაგებია, ანგელოზო.
–ამიტომ, მე როდის გამოგეცხადები, ეს არც შენ იცი და არც მე.
–დღეს რაზე უნდა მესაუბრო?
–ისევ და ისევ სიყვარულზე. მე შენ ბევრჯერ გესაუბრე ამ თემაზე, მაგრამ ამჯერად მსურს ცოტა დაწვრილებით გესაუბრო უფლის სიყვარულზე, იმაზე, თუ როგორ უნდა გიყვარდეს უფალი და რატომ უნდა გიყვარდეს საერთოდ.
–მთელი გულისყურით გისმენ, ჩემო ანგელოზო.
–აბა მითხარი, რა იცი იმის შესახებ, თუ როგორ უყვარხართ უფალს ადამიანები?
–უფალს იმდენად ვუყვარვართ ადამიანები, რომ საკუთარი ძე გამოგზავნა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. იესო ქრისტე ევნო და ეწამა ჩვენს გამო, რათა არ წარვმწყდეთ და ჯოჯოხეთში არ მოვხვდეთ.
–კიდევ? 
–კიდევ....კიდევ ის, რომ უფალი გვაძლევს დროს, მოვინანიოთ და გამოვისყიდოთ ჩვენი ცოდვები.
–სულ ეგ იცი უფლის სიყვარულზე?
–ვიცი, რომ უზომოდ ვუყვარვართ ყველანი. ისე ძალიან ვუყვარვართ, ჩვენ წარმოდგენაც რომ არ შეგვიძლია, ისე.
–მერე რატომ უყვარხართ ასე ძალიან თუ იცი, რომელიმე თუ იმსახურებთ ამას?
–არ ვიცი, ანგელოზო, შენ მითხარი.
–კარგი, მე აგიხსნი როგორც შევძლებ, რათა ოდნავ მაინც გაიგო.
პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ თქვენი გაგებით, რასაც სიყვარულს ეძახით, ეს ისეთი უსუსური გრძნობაა სინამდვილესთან შედარებით, რომ სასაცილოდაც არ მყოფნის. ეს ადრეც მითქვამს. თქვენ ყველაფერს ზერელედ უყურებთ - ზერელედ ფიქრობთ, ზერელედ აზროვნებთ და ზერელედ გიყვართ. ღრმად რომ დაფიქრდეთ, რა გაიღო უფალმა თქვენთვის, არათუ ღმერთი, მოკვდავი ადამინიც კი თავდავიწყებით გეყვარებოდათ, ამდენი რომ გაეკეთებინა თქვენთვის.
წარმოიდგინე ანთებული ასანთის ღერი – ეს ადამიანური სიყვარულია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს. ეხლა კი წარმოიდგინე მზის შუაგულში დანთებული ცეცხლი და ისიც ათასჯერ და ათიათასჯერ უფრო ძლიერი – ეს უფალია, თავად სიყვარული – მზე სიყვარულისა. ის მხოლოდ სიყვარულია, მასში სხვა არაფერია, არცერთი მოლეკულა არა თუ სიძულვილისა, უბრალო გულგრილობისაც კი. არც სხვა რამე. არამედ მთლიანად სიყვარულია. ისეთი ძლიერი და ისეთი უსასრულო, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ გაუძლებს სამყაროში, მთელი ძალით რომ იქითკენ მიმართოს უფალმა ეს სიყვარული. გაიგე?
–ბოლომდე კარგად ვერ გავიგე, ანგელოზო.
–კარგი, თუნდაც ადამიანურად წარმოიდგინე.
ასეთი სინათლე, ასეთი სიყვარული – ღმერთი, რომელმაც თავად შექმნა ყველაფერი - ცა და დედამიწა, ხილული და უხილავი სამყარო,  
რომელიც ყველას და ყველაფრის მეუფეა, რომელმაც შეგქმნათ თქვენ –ადამიანები, თავად ჩამოვიდა ზეციდან, იქცა ერთ–ერთ თქვენგანად, იცხოვრა დიდი ღვაწლით და აღესრულა წამებით.
თქვენ, ადამიანებს ორი ნაბიჯის გავლა გეზარებათ, რომ ერთმანეთს დაეხმაროთ. ხან ათას მიზეზს იგონებთ, ოღონდ არ შეგაწუხონ. ღმერთი კი მონასავით გემსახურებოდათ.
მთელი ადამიანური სიცოცხლე თქვენ შემოგწირათ და ბოლოს არაადამინური შრომისგან ლამის დაცემამდე გასავათებული, დაღლილი და დაქანცული, ისევ თქვენ, ჯვარზე გააკარით და მოკალით.
თქვენ პატარა შეურაცხყოფასაც კი ვერ ეგუებით და ვინმემ რომ გაგლახოთ, სამუდამოდ მტრად გადაეკიდებით. ჯვარზე გაკვრას აპატიებდით ვინმეს? ტოლს და სწორს არ აპატიებდით ამას და თქვენ შექმნილს რას უზამდით?
მას კი შურისძიება აზრადაც არ მოსვლია. წამითაც კი არ განელებია თქვენდამი სიყვარული. იცოდა კიდეც თქვენი ცოდვილი ბუნება და თავად აირჩია ეს ხვედრი. თქვენ რომ ოდნავ ღრმად დაფიქრების უნარი გქონდეთ, ჯერ ეს უნდა გაგიჟებდეთ მხოლოდ – თავად ღმერთი თქვენს გამო ჯვარს ეცვა.
თქვენს შვილს რომ თითი წამოსტკივდეს, ცრემლებად დაიღვრებით ტკივილისაგან. მაგრამ თუ წარმოგიდგენიათ მაინც, ღმერთს როგორ სტკიოდა მის მხოლოდშობილ ძეს ჯვარზე რომ აკრავდით?
ღვთისმშობელს როგორ სტკიოდა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?
...და ეხლა ევედრებით ვის?  – დედა, ვისაც თქვენი ცოდვებით შვილი ჯვარზე გაუკარით; ევედრებით კეთილდღეობას და არც კი გინდათ დაფიქრდეთ, რა გადაიტანა ამ დედამ.
ევედრებით ღმერთს, რომელიც თავად გააკარით ჯვარზე. სთხოვთ ხშირად უნაყოფო და უსარგებლო სურვილებს და იმის გააზრებაც არ გინდათ, რას სჩადიხართ. პატარა სინანულიც კი არ გაქვთ ამის გამო. იქნებ გგონიათ, რომ უფალი სხვა ადამიანებმა გააკრეს ჯვარზე და  
თქვენ არაფერი წილი არ მიგიძღვით ამაში? ოჰ, როგორ ცდებით, თუ ასე გგონიათ.
თქვენ ის ხართ, ვინც არჩევანის გაკეთებისას ბარაბას გაჰყვიროდა;
ის ხართ, ვინც ლურსმანს არჭობდა მაჯებში;
ის ხართ, ვინც ძმრიან ქულას აწვდიდა, როცა სიკვდილის წინ წყურვილი ახრჩობდა;
ის ხართ, ვინც სეირს უყურებდა, როცა ჯვარზე წამებისაგან გონებას კარგავდა;
ის ხართ, ვინც უკან დასდევდით სანამ თქვენთან იყო და ანთებული თვალებით შესცქეროდით, როცა გასწავლიდათ.
და ყველაზე გასაოცარი იცით რა არის? – იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს, არცერთი თქვენგანი არ გამოესარჩლეთ, არცერთი არ აღმოჩნდით მის გვერდით, რომ გეთქვათ მტარვალებისათვის – ის ჩემი უფალია, მეც მასთან ერთად მაწამეთ.
არ გაბედოთ და არ თქვათ, რომ თქვენ სხვანაირად მოიქცეოდით. არა, ისევე მოიქცეოდით.
მას კი ერთი საყვედურიც არ დასცდენია, ერთი აუგიც არ უთქვამს, ერთხელაც არ განუკითხიხართ. პირიქით, კმაყოფილი და გახარებული, რომ თქვენი ცოდვების გამო ეწამა, დღესაც ზრუნავს და ფიქრობს თქვენზე.
ყველაზე გულქვა ადამიანიც  რომ დასვათ უფლის ტახტზე, ერთ საათსაც ვერ მოითმენდა ადამიანთა ბოროტების გამო, იმდენ საშინელებას ნახავდა; გაანადგურებდა ადამიანთა მოდგმას. უფალი კი გითმენთ. გითმენთ იმიტომ, რომ მასში ბოროტება არ დევს, მასში არ არის შურისძიება, არ არის რისხვა, არამედ მხოლოდ სიყვარულია – უზარმაზარი და ენით გამოუთქმელი სიყვარული.
არ გინდათ გაიგოთ, რომ სადაც დარდი და ტკივილია, უფალიც იქ არის;
სადაც გაჭირვება და განსაცდელია, უფალიც იქ არის. 
მოყვასისთვის მცირედიც კი გენანებათ და ვერც კი ხვდებით, რომ უფლისათვის გენანებათ.
განა რას გთხოვთ? – გიყვარდეთ უფალი და გიყვარდეთ ადამიანები. თქვენ კი არათუ სიყვარული, ამის გაგებაც არ გინდათ.
–როგორ უნდა მოვიქცე, ანგელოზო?
–ისე უნდა შეიყვარო უფალი, არავის რომ ყვარებია დედამიწის ზურგზე. ისეთი სიყვარულით უნდა გიყვარდეს, როგორითაც ადამიანებს ვერ შეიყვარებდი, რამეთუ ისინი ასეთ სიყვარულს არ იმსახურებენ.
მითხარი, ბევრჯერ უტკენიათ შენთვის გული?
–კი, ანგელოზო, ბევრჯერ. ზოგჯერ ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი.
–უფალი კი არასოდეს გაწყენინებს, არასოდეს მცირე ტკივილსაც არ მოგაყენებს, არასოდეს გისაყვედურებს, არასოდეს დაგიყვირებს. არ დაგამცირებს, არც დაგცინებს და არც გეჩხუბება. რასაც ადამიანი გაგიკეთებს, იმას უფალი არასოდეს იზამს; არამედ შენთან ერთად ტირის, შენსავით სტკივა, შენთან ერთად იტანს ყველა შენს ტკივილს და დამცირებას. ყველაზე ძლიერად გიკრავს გულში და გეფერება. ის არის შენი ყველაზე კარგი დედაც, მამაც, მეგობარიც, მესაიდუმლეც, გამგებიც და დამხმარეც...და ასეა ყველა ადამიანის მიმართ. დაფიქრებულხარ ამაზე როდისმე?
–არა, ანგელოზო, არ დავფიქრებულვარ.
–ხომ ფიქრობთ ადამიანები კეთილდღეობაზე, ბედნიერებაზე? როგორ ფიქრობ, უფალი ბედნიერია?
–არ ვიცი, ანგელოზო. არ მიფიქრია ამაზე.
–იცოდე, თუ ერთი ადამიანი მაინც ტირის, უფალიც ტირის. დედამიწაზე კი ყოველ წამს არის ვინმე, ვინც ტირის. მიტომ უფალიც სულ ტირის. არა, არ არის უფალი ბედნიერი.
–ამაზე არასოდეს მიფიქრია.
–რა თქმა უნდა, არ გიფიქრია. იმიტომ რომ საერთოდ არ ფიქრობთ უფალზე, არ იცით, რა სტკივა და რა აწუხებს. ეს მან უნდა იფიქროს  
მხოლოდ თქვენზე – ყველაზე; მან უნდა მოგიაროთ, მოგხედოთ, დაგიამოთ ტკივილები, მოგირჩინოთ სნეულებანი. თქვენ მხოლოდ ამაზე ფიქრობთ და სხვა მისი არაფერი გადარდებთ. ის ხომ ღმერთია, თვითონ მიხედავს თავს. ასე ფიქრობთ თქვენ.
–მითხარი, პატარა ბავშვი რომ ტირის, გეცოდება?
–რა თქმა უნდა მეცოდება, ანგელოზო.
–დედა რომ ტირის შენს გამო, შენ რას გრძნობ?
–გული მიკვდება.
–მერე, ღმერთი რომ ტირის, არ გეცოდება? განა ღმერთი დედაზე ათასჯერ მეტი არ არის?
–რა საოცარ რამეს მეუბნები, ანგელოზო, ღმერთი უნდა მეცოდებოდეს?
–სიბრალული სიყვარულმა იცის, სიყვარულის შვილებია სიბრალულიც და სინანულიც. მერედა რატომ ტირის ღმერთი, არ იცი?
–ჩვენი ცოდვების გამო.
–ხოდა, როცა ნაკლებს შესცოდავ, ნაკლებს იტირებს, სინანულით კი ცრემლებს შეუშრობ.
მშობელს შვილის დასჯა კი არ ახარებს, მისი სინანული აბედნიერებს და ათასჯერ მეტად უყვარს ამის შემდეგ.
მაშ უფალზე რაღა უნდა ვთქვათ, ვისაც ასი ათასჯერ მეტად უყვარხართ, ვიდრე დედას შვილები?
როდესაც დედამიწაზე ცოდვა არ იქნება, მაშინ ღმერთიც ბედნიერი იქნება.
– ეგ როდის იქნება?
–ეგ არასოდეს არ იქნება. ამიტომ უფალი ისევ მოვა. მაშინ მისი ყოველი ცრემლი ცეცხლად და მახვილად იქცევა და ვაი მას, ვინც ატირა და ცრემლი არ შეუშრო. 
–გაოგნებული ვარ, ანგელოზო, ადრე არ მიფიქრია ამაზე. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ლამის გასკდეს გული ტკივილისაგან. რა დაუნახავი და უმადური ვყოფილვარ.
–ეს მარტო შენ არ გემართება. ადამიანები სულ ცოტათი მაინც მეტს რომ ფიქრობდეთ ღმერთზე, მაშინ მიხვდებოდით, როგორ უყვარხართ და იმის მეათასედსაც არ ითხოვს თქვენგან უკან.
თითქოს ეკლესიაშიც დადიხართ, ლოცულობთ, მარხულობთ, მაგრამ გულში სიყვარული არ გაქვთ. ისე მალე გავიწყდებათ უფალი, თითქოს ეს მხოლოდ მცირე მოვალეობა იყოს და მეტი არაფერი. უბრუნდებით თქვენს ყოფით პრობლემებს და აღარ გახსენდებათ ღმერთი შემდეგ ლოცვამდე. უფალი კი სულ გულში უნდა გყავდეთ, ყოველ წამს უნდა ფიქრობდეთ მასზე, როგორ ყველაზე ძვირფასზე, ყველაზე სანუკვარსა და ყველაზე სანატრელ არსებაზე. ვისაც უფალი უყვარს, მას ის მუდამ ენატრება.
–მესმის, ანგელოზო.
–ეჰ, არაფერიც არ გესმის. ამას სიტყვებით ვერ აგიხსნი, ეს გულით უნდა იგრძნო.
ადამიანები ხშირად ამბობენ, უფალი მიყვარსო – არ დაიჯერო. ვინც ამას ამბობს, ის ცრუ და ყალბია. მას კი, ვისაც მართლა უყვარს, თუნდაც სულ მცირედით, მოსთქვამს და ნანობს, რომ სიყვარული არა აქვს გულში და ევედრება უფალს, მიანიჭოს იგი.
ღმერთი იმას კი არ უსმენს, თქვენ რას ლაპარაკობთ, არამედ თქვენს სულს უსმენს, ფიქრებს და გულისხმას. თუმცა ლოცვაზე მე ადრე უკვე გელაპარაკე.
–კი, ანგელოზო, მახსოვს ყველაფერი.
–დაიმახსოვრე, უფლის ნამდვილი სიყვარული ისეთი დიდი ბედნიერებაა, ვერაფერი რომ ვერ შეედრება დედამიწის ზურგზე. ამას კი მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. მე ძალიან მინდა, რომ შენც მათ შორის იყო და ამიტომ ვცდილობ, აგიხსნა, რაც ვიცი. შეიყვარე უფალი არა სიტყვით, არა ქმედებით, არამედ გულით, არსებით, სისხლის ყოველი წვეთით, სხეულის ყოველი უჯრედით, თმის ყოველი ღერით;  
ყოველი სუნთქვით, ყოველი გრძნობით და ყოველი გულისფეთქვით. თუ ამას შეძლებ, მაშინ ყველაფერს შეძლებ.
–ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. გმადლობ, ჩემო ანგელოზო.
–დაწექი ეხლა და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი.
–ღამე მშვიდობისა, ანგელოზო!
–ღამე მშვიდობისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი