გასაუბრება ანგელოზთან ძილი წინ 11


–გამარჯობა, ჩემო ანგელოზო.
–გაგიმარჯოს.
–რა კარგია, რომ ისევ მოხვედი. რამდენი ხანია აღარ გისაუბრია ჩემთან. მეგონა ვეღარ გნახავდი. 
–როგორც ადრე გითხარი, ჩემი გამოჩენა შენს წინაშე ჩემი სურვილით არ ხდება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უფლის დაშვებით. ანუ მაშინ, როცა უფალი თავად ინებებს. ისე კი სულ შენთან ვარ. მე ხომ შენი მფარველი ანგელოზი ვარ?
–კი, ვიცი და ძალიან მიხარია. რადგან ისევ ჩემთან ხარ, ესე იგი არ განმირისხებია უფალი ძალიან.
–მე თუ შენთან ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოდვებს არ სჩადიხარ და ღმერთს გულს არ სტკენ. უფალი რომ დამსახურებისამებრ მოგიზღავდეთ ყველას, ანგელოზებს კი არ მოგივლენდათ, ჯოჯოხეთში იქნებოდით უმრავლესობა დიდი ხანია უკვე. მაგრამ მის სიყვარულს და მოწყალებას ხომ საზღვარი არა აქვს? ეჰ, ამას თქვენ ვერასოდეს გაიგებთ.
–კიდევ ბევრს ვცოდავ, ანგელოზო?
–დღეს სწორედ ცოდვებზე უნდა გესაუბრო.
–ცოდვებზე? რა უნდა მითხრა ცოდვებზე?
–მე ადრე გითხარი, რომ ადამიანები ზერელედ უდგებით ყველაფერს –რწმენას, სიყვარულს, სიცოცხლეს, ადამიანებს, ღმერთს და მათ შორის ცოდვებსაც.
–მე ვცდილობ ყველა ცოდვა მოვინანიო, ანგელოზო. ცუდად ვაკეთებ ამას?
–შენ სინანულიც კი არ იცი რა არის ხეირიანად...და იცი რატომ?
–რატომ?
–იმიტომ, რომ ცოდვას სრულად ვერ ათვიცნობიერებ. საერთოდ ადამიანებს ცოდვა პატარა დანაშაული გგონიათ – მცირე საჯარიმო, რომელსაც თქვენი უნიათო მონანიებით გამოისყიდით და გაქრება.
–აბა რა უნდა ვქნათ, ანგელოზო?
–ცოდვის არსი უნდა გაიაზროთ ბოლომდე.
–როგორ?
–სწორედ ამისთვის გეახელი დღეს და კარგად მომისმინე. 
ხომ იცით, რომ უფალი თქვენთვის ეწამა, თქვენი ცოდვების გამო?
–ვიცი, ანგელოზო, როგორ არა?
–იცი, მაგრამ განა ოდესმე ღრმად დაფიქრებულხარ, ეს რას ნიშნავს?
თქვენ გგონიათ უფალს ერთი–ორი შოლტი გადაჰკრეს, მერე ოთხი ლურსმანი დააჭედეს ჯვარზე გაკრულს და მორჩა; მერე აღსდგა და ამაღლდა; ხოდა ეხლა თქვენ–ადამიანებს შეგიძლიათ სცოდოთ და სცოდოთ დაუსრულებლად? მან ხომ გამოგისყიდათ?! მთავარია მოინანიოთ. კი, ეს მართლაც უმთავრესია, მაგრამ თქვენ რომ ბოლომდე გრძნობდეთ ცოდვის არსს, მართლა მიხვდებოდით, რა არის ჭეშმარიტი სინანული და როგორ უნდა მოინანიოთ ყოველი ცოდვა.
თქვენ ყველაზე მთავარი გავიწყდებათ – უფალი ყველასთვის ეწამა, მან ყველას ცოდვები აიღო. ყოველი ცოდვა საკუთარი სისხლით ზღო, საკუთარი ტკივილით. იცი ეს რას ნიშნავს?
–არა, ანგელოზო.
–ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ცოდვის საფასურად მას ლურსმანი ჩაარჭეს სხეულში, ყოველი ცოდვის საფასურად მას კაუჭიანი შოლტი გადააწნეს სხეულზე, რომელიც მის ხორცს ნაჭერ–ნაჭერ გლეჯდა. ყოველი ცოდვის საფასურად მას აფურთხეს და წიხლები ურტყეს, ამცირეს და აბუჩად იგდეს. დიახ, ყოველი ცოდვის საფასურად და არა ერთხელ და ორჯერ, როგორც ეს თქვენ გგონიათ. იმიტომ, რომ მან ყველანი გამოგისყიდათ და არა ერთი და ორი. ამიტომ, უნდა იცოდეთ, რომ უფალს რამდენიმე შოლტი კი არ გადაუჭირეს, არც რამდენიმე დაცინვა და აბუჩად აგდება აკმარეს და არც რამდენიმე ლურსმანს დასჯერდნენ, არამედ, მილიონობით, მილიარდობით ლურსმანი ჩააჭედეს მაჯებზე, ფეხის წვივებზე და ყველგან, სადაც კი ჩაჭედება შეიძლებოდა – ყოველი ცოდვის საფასური, როგორც გითხარი.
დღეს ზოგიერთი უმეცარი ჯვარზე ეკვრება, ოთხ ლურსმანს უძლებს და ჰგონია, უფლის წამებას იზიარებს. რა უგნურები ხართ ადამიანები; ხანდახან იმდენად უგნურები, რომ თავად ღმერთიც კი გაოცებულია, სადამდე შეიძლება მივიდეს თქვენი პატივმოყვარეობა და სიბილწე. ნუთუ ვინმეს გგონიათ, რომ უფლის წამებას გაუძლებდით? ნუთუ გგონიათ, რომ მის მოთმინების უნარს გამოცდით, ან მის ტკივილებს  
აიტანთ? თქვენ ერთი ადამიანის ჯვარზე გაკვრასაც ვერ გაუძლებდით, ისევე, როგორც ავაზაკებმა ვერ გაუძლეს და როგორ ფიქრობთ, მილიარდობით ადამიანების ტკივილს გაუძლებთ ერთად აღებულს? თქვენ ოდნავი წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რისი ატანა დასჭირდა უფალს, რომ თქვენი ცოდვები გამოესყიდა. თქვენ იმის წარმოდგენასაც კი ვერასოდეს შეძლებთ, რას გრძნობდა ამ დროს მამა ღმერთი, რომელმაც თქვენს გამო გაიმეტა საყვარელი ძე, თქვენი ცოდვების გამო. თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რას გრძნობდა დედა ღვთისმშობელი, როცა თავის შვილს ხედავდა ჯვარზე გაკრულს. თქვენ რა იცით, როგორ სტკიოდა, როგორ უძლებდა, რას განიცდიდა საერთოდ? თქვენ ხომ ამაზე არ ფიქრობთ? არ ფიქრობთ მაშინ, როცა მიდიხართ მის ხატთან და შეწევნას თხოვთ. მიდიხართ დედასთან, რომელსაც შვილი ჯვარზე გაუკარით და უამრავი ჭრილობა მიაყენეთ თქვენი ცოდვებით.
მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი. თქვენ გგონიათ, რომ უფალი აღსდგა და ეხლა გაბრწყინებული ტახტზე ზის მამის მარჯვნივ და ბედნიერი თვალებით დასცქერის დედამიწას.
–განა ასე არ არის, ანგელოზო?
–განა იცით, ან ფიქრობთ იმაზე, რომ უფალს დღესაც სისხლი სდის ჭრილობებიდან, სხეულის ყოველი წერტილი სტკივა და სისხლიანი ცრემლებით ტირის?
–რატომ?
–ისევ თქვენი ცოდვების გამო. ისევ თქვენი უგუნურების გამო. თქვენ არც კი იცით, რომ თქვენი ცოდვებით ახალ–ახალ ლურსმანს არჭობთ სხეულში და ვერც კი ხვდებით ამას...და ასე იქნება მანამ, სანამ უკანასკნელი მართალი არ შევა ღვთის სასუფეველში. უფლის ხატებს რომ სისხლი სდის, როგორ ფიქრობთ, ვისი სისხლია ის და საიდან მოდის? რატომ არ ფიქრობთ ამაზე?
 შენი დედა ან მამა რომ დააყენონ ბოძთან და ხორცი დააგლიჯონ მათრახით, შენ რას იგრძნობ? შვილი რომ ჯვარზე გაგიკრან და უამრავი ლურსმანი ჩააჭედონ სხეულში, რას იგრძნობ?
–არ ვიცი უფალო, ალბათ ვერ გავუძლებ ამას. 
–მაშ, უფლის წამებას როგორ უძლებთ? მას ხომ მილიონჯერ მეტი ტანჯვა ხვდება თქვენს გამო? ის ხომ ყველა დედაზე და მამაზე ბევრად ძვირფასია?
მაშ, რაღა ქნას იმ მამამ, რომელმაც საკუთარი ერთადერთი ძე თქვენი ცოდვების გამო ასეთი ტანჯვისთვის გაიმეტა? გიფიქრიათ ამაზე? როგორ უნდა უყვარდეთ ღმერთს ადამიანები, რომ ასეთი მსხვერპლი გაიღოს თქვენს გამო? ეს ადამიანის გონების მიღმა დგას. თქვენ არ იცით, ეს რა სიყვარულია.
–ეტყობა, კარგად არ მიფიქრია, ანგელოზო.
–სწორედ ამიტომ გესაუბრები ეხლა ამაზე. წარმოიდგინე, შენი ცოდვების გამო შენ შვილს რომ სისხლი სდიოდეს ჭრილობებიდან, ტკივილისგან კვნესოდეს და თვალცრემლიანი გევედრებოდეს, რომ არ შესცოდო. ხომ აღარასოდეს შესცოდავდი? როცა თქვენს ძვირფას ადამიანს რაიმე სტკივა, თქვენ იტანჯებით, მზად ხართ სიცოცხლეც კი გაიღოთ მისი გულისთვის; თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ტკივილი შეუმსუბუქოთ. თქვენ, თუნდაც ერთი ადამიანის გამო, თქვენს შვილს ჯვარზე გასაკრავად გაიმეტებდით? – არა, არ გაიმეტებდით. იმიტომ რომ არ გიყვართ ის სხვა, ვისი გულისთვისაც ღმერთმა გაიმეტა თავისი ძე; შენს გამოც, შენი შვილების გამოც, ყველა შენი ძვირფასი ადამიანის გამოც გაიმეტა.
მაშ, უფალმა რა დაგიშავათ რომ არ ინდობთ? განა ის სხვა რამეს გთხოვთ?  თუ პატარა წყენა შეგხვდათ, იმასაც კი ძნელად იტანთ, ღვთისკენ გაგირბით მაშინვე გული და ევედრებით და ევედრებით ათას დაუმსახურებელ და სრულიად გამოუსადეგარ სურვილს. იმის მაგივრად, რომ ცხარე ცრემლით დაიტიროთ ყოველი ჭრილობა, რომელიც თქვენი  უგუნურებით მიაყენეთ.
კარგად დაიმახსოვრე – ყოველი სიტყვა, ყოველი მოქმედება, ფიქრიც კი, რომელიც ცოდვად ითვლება, ახალ–ახალი ლურსმანია უფლის სხეულში, რომელსაც ის რომაელი ჯალათი კი არ არჭობს, გოლგოთაზე რომ დგას ქრისტეს გვერდით, არამედ თქვენ აკეთებთ ამას, თვითოეული თქვენგანი, თქვენი საკუთარი ხელებით და საკუთარი სურვილით. ის კი კვლავ გითმენთ; მდუმარედ, მორჩილად დგას თქვენს წინაშე დასისხლიანებული, დაღლილი სხეულით და  
ცრემლიანი თვალებით შემოგცქერით, როდის შეწყვიტავთ მის წამებას. გასაოცარია, ღმერთი დაუსრულებლად ითმენს იმ ჭრილობებს, რომელთაც თქვენ, ადამიანები – მისი შექმნილები – დაუსრულებლად აყენებთ ყოველდღიურად. წარმოიდგინე, უფალს რამხელა სიყვარულის და მოთმინების უნარი აქვს თქვენს მიმართ და თქვენ, ამის საპასუხოდ, რამხელა დანაშაულს სჩადიხართ, თავად თქვენი, ადამიანური საზომითაც კი.
–ნუთუ მართლა ასეთ საშინელებას ჩავდივართ, ანგელოზო? ეს რა საშინელი არსებანი ვყოფილვართ ადამიანები.
–დიახ, ასეა...და როგორც აი ეხლა, ამ წუთას ტირიხარ და გული გიკვდება ამის გამო, რასაც ისმენ, ასე უნდა იტირო ყოველი ცოდვა, რათა შეგინდოს უფალმა და ცხონდე...და თუ უფალი მართლა მთელი გულით გიყვარს, წრფელი, ჭეშმარიტი სიყვარულით, განა მისი ტკივილის გამო არ უნდა იტანჯებოდე? მითუმეტეს მაშინ, როცა ამ ტკივილებს თავად შენს გამო ითმენს?  მაგრამ, ვაი, რომ არც გიყვართ და არც ცდილობთ შეიყვაროთ.
თქვენ კი მიდიხართ მასთან და ეუბნებით: მაპატიე უფალო, რომ ახალ–ახალ იარებს გიჩენ სხეულზე ჩემი ცოდვების გამო. დაივიწყე და ჩემს კეთილდღეობაზე იზრუნე. ჩემს ახლობლებზე იზრუნე. მერე რა, რომ შენ თავად ყველაზე მეტად გტკივა, ყველას მაგივრად გტკივა. შენ ხომ ღმერთი ხარ? შენ აიტანე, ჩვენ კი მცირე ტკივილსაც ნუ განგვაცდევინებ, მცირე განსაცდელსაც ნუ შეგვახდევრებ. აგვარიდე ყველაფერი. ჩვენ კი ხვალ ისევ ახალ ლურსმანს ჩაგარჭობთ სხეულში და ისიც უნდა მოითმინო....და ვინ იცის, კიდევ რამდენს შევცოდავთ და რამდენ ახალ ჭრილობას მოგაყენებთ დაუსრულებლად.
–განა ასე ვეუბნებით, ანგელოზო?
–კი, ასე ეუბნებით, თვალებით ეუბნებით, გულით ნატრობთ, ფიქრებით ოცნებობთ. თქვენ რომ სულ ცოტა, იმის მეათედი მაინც იფიქროთ უფალზე, რამდენსაც საკუთარ თავზე ფიქრობთ, უფალი ბედნიერი იქნებოდა და აღარ ეწამებოდა ამდენს თქვენი უამრავი უაზრო და დაუფიქრებელი საქციელის გამო. 
თქვენ რომ იმის მეათასედი სიყვარული მაინც გქონდეთ, რაც უფალს აქვს თქვენს მიმართ, ღამეები ვერ დაიძინებდით ტანჯვით, ცრემლი არ შეგაშრებოდათ თვალებზე. მუხლდაჩოქილები ილოცებით მის ხატთან და პატიებას შეევედრებოდით მას. თავად დასჯიდით საკუთარ თავს ცოდვების გამო და აღარ შესცოდავდით არასოდეს...და მერე, იცით რას იზამდით? – მერე დღეც და ღამეც იმის ფიქრში იქნებოდით: რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო, რომ უფალს ვასიამოვნო, რომ ჩემი საქციელით მისი გული გავახარო? ნეტავ რა უნდა უფალს ჩემგან, რას ელის? როგორ ვიცხოვრო, რომ მხოლოდ მისი სურვილები ასრულდეს და არა ჩემი; რა შემიძლია შევწირო მის სიყვარულს, მის მოთმინებას და გულმოწყალებას? რა, რა, რა...? – აი, ამას იფიქრებდით და ეს იქნებოდა თქვენი ყველაზე დიდი ნატვრა და ოცნება და არა ის, რასაც ადამიანები საერთოდ ნატრობთ და ოცნებობთ. თქვენ კი არა თუ მსხვერპლის გაღება, მცირე დამცირების ატანაც არ შეგიძლიათ. მცირე უსამართლობასაც ვერ უძლებთ. ბოღმისგან და ბრაზისგან ადგილს ვერ პოულობთ და სიმწრისაგან ცრემლები მოგდით თვალებიდან. ეგ არის თქვენი სიყვარული უფლისა? ეგრე გინდათ უფალს დაემსგავსოთ? ეგრე აპირებთ სასუფევლის დამკვიდრებას?
–მითხარი, როგორ მოვიქცე ანგელოზო. განა საშველი არის რამე?
–როგორ არა. განა უფალმა თავად არ გაჩვენათ გზა? განა თავად არ არის უპირველესი მაგალითი მოთმინებისა, მორჩილებისა, სიმდაბლისა და სიყვარულისა?
ლოცვა, მარხვა და სინანული – აი, ეს სამი ყველაზე ძლიერი გზა მისკენ სავალი. მათ შორის კი სინანული უმეტესია.
როცა ცოდვას ბოლომდე გაიაზრებ და მთელი გულით შეიგრძნობ, მხოლოდ მაშინ მიხვდები ჭეშმარიტი ლოცვის, მარხვის და სინანულის არსს და აზრს. მაშინ მიხვდები, რა ძალა აქვს გულიან ლოცვას, მგლოვიარე მარხვას და ცრემლიან სინანულს.
ნურასოდეს დაგავიწყდება უფლის ჭრილობები და გახსოვდეს:
ლოცვით უფალს ცრემლს შეუშრობ, მარხვით  სისხლს მობან, ხოლო სინანულით მალამოს წაუსვამ ჭრილობაზე. აი რა არის ჭეშმარიტი ლოცვა, მარხვა და სინანული. 
იცოდე, ლოცვა გულმოდგინების გარეშე იგივეა, რაც ღუმელი ცეცხლის გარეშე;
მარხვა გლოვის გარეშე იგივეა, რაც გაზაფხული მზის გარეშე;
სინანული ცრემლის გარეშე იგივეა, რაც აუზი წყლის  გარეშე.
რწმენა უსიყვარულოდ არაფერია. სიყვარულს მოაქვს სწორედ სულიდან ამოხეთქილი ცრემლი.
იცოდე, ის ცრემლია ჭეშმარიტი, რომელიც გულიდან მოდის და არა თვალიდან. თვალი პატარაა და სულ რამდენიმე ცრემლი ეტევა შიგ, გული კი უსაზღვროა და ჭეშმარიტი ცრემლიც ისევე უსასრულოა, როგორც თავად უფალი ამ გულში დავანებული. თვალით ტირილი ფარისევლებსაც შეუძლიათ, გულით კი ჭეშმარიტად მგლოვიარე ადამიანები ტირიან.
სანამ შესცოდავ, დაფიქრდი, ღირს კი ის ცოდვა უფლის კიდევ ერთ ჭრილობად? კიდევ ერთ ტკივილად და ტანჯვად?
განა საერთოდ რამე ღირს ამქვეყნად უფლის თუნდაც ერთი ცრემლის ფასად?
გაიგე რაც გითხარი?
–გავიგე, ანგელოზო, ვგონებ ყველაფერი გავიგე.
–დაწექი ეხლა და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი.
–ღამე მშვიდობისა, ჩემო ანგელოზო!
–ღამე მშვიდობისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი