საკუთარ თავთან გამხელილი ფიქრები
საკუთარ თავთან გამხელილი ფიქრები + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამ ჩანაწერების წამკითხავს უმორჩილესად ვთხოვ, კადნიერებაში ნუ ჩამომართმევს, თითქოს ვინმეს ჭკუას ვარიგებდე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ჩემი აზრები არ არის და მჯერა, რომ რაღაც ძალით არის ნაკარნახევი. მეც ისეთივე მანკიერი თვისებები მახასიათებს, რაზეც ამ ნაწერებშია საუბარი - ვაი, რომ ვხვდები და ვერ ვასრულებ. მეორე - შეიძლება, სრულიად ვცდებოდე და საერთოდ არ იყოს ვინმესთვის მისაღები; და მესამე - ეს ჩანაწერები ჩემი შვილებისათვის არის გაკეთებული, მაგრამ, თუ ვინმეს სულთან ახლოს მივა და ოდნავ მაინც დაეხმარება, უსაზღვროდ ბედნიერად ვიგრძნობ თავს. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ადამიანები ვიშვიშებენ და მოსთქვამენ იმის გამო, რომ ღმერთმა არ მისცა მათ ის, რაც არ ეკუთვნით... და იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ბედნიერი და მადლიერია იმითაც, რაც ღმერთმა უბოძა; ყველა ადამიანი რომ იმას ჯერდებოდეს, რაც მისთვის საჭიროა, დღეს ყველას საკუთარი კოსმოსური ხომალდები გვეყოლებოდა. სიხარბე და გაუმაძღრობა სატანის მთავარი იარაღებია; ჩვენი ცხოვრებით სასუფევლის ღირსი არც ერთი არ ვართ. მე არ მინახავს ადამიანი, მთელი თავისი ქონება გაეყიდოს და ობლებისა და მათხოვრებისთვის დაერიგებინოს. ასეც რომ გააკეთოს ვინმემ, მას მაშინვე გიჟად მონათლავენ და ოთხკედელშუა გამოამწყვდევენ; და, თუ იცით ვინ? - ყველაზე ახლობელი ნათესავები; დღეს სიცოცხლე კვდება, სიკვდილი კი ცოცხლობს. ბედნიერია ის, ვინც სიცოცხლის სიცოცხლეს და სიკვდილის სიკვდილს იხილავს; ადამიანი ვერასოდეს მოიგონებს ისეთი სიმძლავრის სასწორს, რომლითაც დამძიმებული სულის აწონვა იქნებოდა შესაძლებელი; წინაპრებით ტრაბახი ისეთივე უმეცრებაა, როგორც ღვინის ქება ფერის გამო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ წინაპრებისგან გენების გარდა მრავალი ცოდვაც მოგვყვება თან; ყოველი ცოდვა სატანასთან გვაკავშირებს და სულაც არ არის საჭირო, მასთან ხელშეკრულების გაფორმება. ყოველი მონანიება კი ღმერთთან გვაახლოებს და გადარჩენის შანსს გვაძლევს; ადამიანის ფასი მის მიერ შექმნილით განისაზღვრება და არა იმით,თუ რა ერგო შთამომავლობით; თუ გინდათ, რომ უკეთესი გახდეთ, კარგად დაიმახსოვრეთ საკუთარი ცოდვები და დაივიწყეთ სიკეთე. ასევე დაივიწყეთ სხვისი ცოდვები და კარგად დაიმახსოვრეთ სიკეთე. ჩვენს სიკეთეს ღმერთი ხედავს და სხვისი სიკეთე ჩვენ უნდა დავინახოთ; ნებისმიერი ადამიანი იმდენს გვიბედავს, რამდენის უფლებასაც ჩვენ მას ვანიჭებთ; ნურასოდეს მიეცემით სასოწარკვეთილებას უსიამოვნების ან წარუმატებლობის გამო. იფიქრეთ იმაზე, ვინც თქვენზე უარეს მდგომარეობაშია და არა იმაზე, ვინც უკეთესად გრძნობს თავს; მხოლოდ ღმერთს შეუძლია მოგვიტევოს ის, რასაც ადამიანები არასოდეს გვაპატიებენ; როგორ ფიქრობთ, დათანხმდებოდნენ ადამიანები, მათი ფიზიკური შესახედაობა მათივე სულის სიწმინდეზე რომ იყოს დამოკიდებული? რა თქმა უნდა არა, ქვეყანა ხომ გონჯებით გადაივსებოდა; ნუ დაგწყდებათ გული, თუ ლაპარაკი არ გეხერხებათ. მთავარი ეს როდია? უფრო მნიშვნელოვანია, აზროვნება გეხერხებოდეთ; კაცობრიობას მარტო მზის ენერგია ეყოფოდა ბედნიერებისთვის, მაგრამ მას საამისო გონიერება არ გააჩნია; ხმლის ქნევა და ცხენის მარჯვედ ჯირითი ვაჟკაცობა როდია? ზოგჯერ სუსტი და ნაზი არსება ბევრად უფრო ვაჟკაცია, ვიდრე დევივით ჩამოსხმული კუნთმაგარი გოლიათი; ყველაფერი, რაც ძვირად ფასობს (ოქრო, ალმასი, მარგალიტი და ა.შ) ღვთის მოგონილია და არა ეშმაკის. მაგრამ იმისთვის კი არ შექმნა, რომ ვინახოთ, ვმალოთ და ვაგროვოთ, არამედ იმისთვის, რომ ყველა დატკბეს მათი მშვენებით და ჩვენი სხეულებიც და სულებიც ისეთივე ლამაზი გავხადოთ, როგორიც ისინი არიან. სატანა ცდილობს მათ დამალვას, რათა ქვეყანაზე მხოლოდ ნაგავი და სიბინძურე დარჩეს; ვინც ფიზიკურ საგანძურს აგროვებს და მალავს, ის სულიერ საგანძურს ფანტავს, ხოლო ვინც ავრცელებს და გასცემს, ის მდიდრდება და მშვენდება; ენა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილია სხეულისა, რაც კი ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია. მას შეუძლია, სიყვარულით გააერთიანოს, შეკრას და სიკეთის სამსახურში ჩააყენოს უზარმაზარი ფიზიკური ძალა, მაგრამ ასევე შეუძლია, დაშალოს და დაანგრიოს საუკუნეების მანძილზე რუდუნებით შექმნილი და შენახული; სინდისს მოწყვეტილი ენა ისეთივე მტერია, როგორც სულზე კლანჭებით ჩაფრენილი სატანა, მაგრამ, თუ ის პატიოსნებასთანაა შედუღებული, მასზე ძლიერი არაფერია ქვეყანაზე; ადამიანები საკუთარი სხეულისთვის ყველაფერს კარგს და სუფთას ვარჩევთ, სულს კი ათასი ნაგვით ვაჭუჭყიანებთ. ჭუჭყიან სხეულს დაიბან და გასუფთავდები, დაბინძურებულ სულს კი არაფერი ეშველება; ადამიანის ყველაზე დიდი მტერი თვალია, რამეთუ უკუღმართადაა მოწყობილი - სიბნელეს ადვილად ეჩვევა, სინათლისგან კი ბრმავდება, როცა პირიქით უნდა იყოს. ასე იმიტომ ხდება, რომ ბოროტებისკენ აქვს მიდრეკილება და სიკეთის დანახვა არ უნდა; რაც სხეულს აკლდება, ის სულს ემატება და პირიქით; სჯობს, კუს ნაბიჯით სწორ გზაზე იარო, ვიდრე ლეოპარდის სისწრაფით ოღრო-ჩოღრო ირბინო; ხარბი ადამიანისათვის ათასი ოქრო ფეტვის მარცვალია, კეთილისათვის კი ფეტვის მარცვალი - ათასი ოქრო; მოხარშული და შეკმაზული საკვები შეიძლება უფრო გემრიელი იყოს, მაგრამ ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე ბუნების მიერ მორთმეული ნატურალური პროდუქტი. ასევეა ღვთის სიტყვაც, ის უფრო სასარგებლოა და ნაყოფიერი ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული, ვიდრე ათასი არამკითხე მოამბის მიერ შელამაზებული და შეკოწიწებული, თუნდაც უფრო საამო იყოს სასმენად. ჭეშმარიტებას გადახარშვა და შეკმაზვა არ სჭირდება; თუ წვეულებაზე არ მიგიწვიეს, ეს როდია გულდასაწყვეტი. საწყენი ის არის, როცა უჭირთ და დახმარებისთვის არ მოგმართავენ; ნდობა მხოლოდ და მხოლოდ იმის კეთილშობილებაზე მეტყველებს, ვინც ენდობა და არამც და არამც იმისაზე, ვისაც ენდობიან; ჩემის აზრით, საქციელი, რომელიც არავის ფიზიკურ და მორალურ ზიანს არ აყენებს, არ შეიძლება, უზრდელობად ჩაითვალოს, თუნდაც მრავალთა მიერ ბრმად მიღებულ ეთიკურ ნორმებს არღვევდეს; წვეულებაზე ამაყი და პატივმოყვარე ადამიანი თამადობისკენ მიისწრაფვის, თავმდაბალ და პატიოსან ადამიანს კი მაგიდის კუთხეში ჯდომა ურჩევნია; ლოცვა იმისთვის კი არ მოუგონია ღმერთს, რომ გამუდმებით რაღაცას ვთხოვდეთ. ის ჩვენი სულის განსაწმენდელად არის საჭირო, თორემ უფალმა უჩვენოდაც კარგად იცის, რა გვჭირდება და რისი ღირსნი ვართ; ძვალი თუ გაგეჩხირა ყელში, ის შეიძლება, მეორე ძვლით ამოიღო, მაგრამ ერთ ცოდვას მეორით ვერაფრით ვერ გამოასწორებ; სიბრმავე ან კოჭლობა, რა თქმა უნდა, ნაკლია, მაგრამ ის მხოლოდ სიცოცხლის ბოლომდე მიყვება ადამიანს. ხოლო როდესაც სული კოჭლდება ან ბრმავდება, ნაკლი კი არა, ნაკლზე უფრო ნაკლია; ხაჭაპური ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა საშუალება არ არის, ხმელა პურითაც კარგად დავნაყრდები. ღვთის სიტყვა და სიყვარული ჰაერივით აუცილებელია, მაგრამ, თუ ვხედავ, რომ მისი პოვნა ძნელია, ვერავითარი სხვა რელიგია ვერ დამაკმაყოფილებს; პლაგიატობა მაშინაა მკრეხელობა, როდესაც სახელის მოხვეჭას და განდიდების მანიას ემსახურება, თორემ თუ იგი სიყვარულის და სიკეთის სამსახურში დგას, ალბათ, დასაშვებიც არის და სასურველიც. განა მრავალი აზრი, რომელიც ადამიანის გონებას შეუქმნია და ენას გამოუთქვამს, პლაგიატობა არ არის შეცვლილი სახით, რომელიც ბიბლიიდან მოდის? ყველაფერი, რაც იქმნება და მშვენდება ღვთისგან მოდის ,ხოლო რაც ინგრევა და ნადგურდება - სატანისგან; ღილი შესაკრავად არის მოგონილი და არა შესახსნელად; და, თუ ზოგიერთ ქალს ეს დღემდე ვერ გაუგია, მისი სული ისეთივე შიშველი დარჩება, როგორც სხეული; მე თუ სხვაზე მეტი ვიცი, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მასზე ჭკვიანი ვარ? გაუნათლებელი ადამიანი იმდენად შეიძლება გონიერი იყოს, რამდენადაც განათლებული - უგნური; ზოგიერთი ადამიანი ცოდვას სჩადის იმ იმედით, რომ მოინანიებს და მიეტევება. შემდეგ ისევ შესცოდავს, ისევ მოინანიებს და ა.შ.ეს არის საშინელი ცინიზმი, მკრეხელობა და სიყალბე. ვინც გულით ინანიებს ღვთის წინაშე, ის იმ ცოდვას აღარ გაიმეორებს; ყოველ შემთხვევაში, ეცდება მაინც. მონანიება კი, თუნდაც ყველაზე წრფელი, მიტევებას როდი ნიშნავს? რამეთუ არავინ იცის, ღმერთი ვის რას მიუტევებს და რას არა; ცოდვა რომ ფიზიკური რეალობა იყოს, თითო ადამიანს თითო გალაქტიკა არ ეყოფოდა მათ დასატევად; ტაძრის კარი ღიაა, მაგრამ შიგ შესვლა წარმოუდგენლად ძნელია და ერთეულთა ხვედრია; ის, რასაც ბევრი ამოწმებს და ბევრს სჯერა, სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტებას. ზოგჯერ ჭეშმარიტება ის არის, რაც არავის სწამს და არავის სჯერა; კეთილი საქმე იმიტომ კი არ უნდა გვიხაროდეს, რომ ამით რაღაც მოგვემატება ღვთის თვალში, არამედ იმიტომ, რომ მოგვბაძონ და სხვამაც იგივე გააკეთოს. თითო ადამიანმა რომ თითო სიკეთეში მიბაძოს სხვას, ნელ-ნელა ბოროტებასაც დავამარცხებთ; მშიერი სხეული მძვინვარებს და ყველაფერს კადრულობს საკვების საშოვნელად. მშიერი სული კი ყველაფერს გასწირავს სულიერი საზრდოს მოსაპოვებლად. სხეულის გაძღომა იოლია, სულის კი -ძალიან ძნელი; კოჭლი და ხეიბარი უფრო ადრე შევა ღვთის სასუფეველში, ვიდრე ჯანმრთელი და კუნთმაგარი. კოჭლმა იცის ტკივილის ფასი და ის ფეხს სხვას არასოდეს დაუდებს. ჯანმრთელი კი, სანამ რამე არ ასტკივდება, სხვის ტკივილს ვერ გაიგებს; ჩვენ პარადოქსებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ. ზოგჯერ ისეთი ადამიანებისაგან ქმნიან მითებს და ლეგენდებს, რომლებიც სინამდვილეში არაფერს წარმოადგენენ. დიადი ადამიანები კი უკვალოდ იკარგებიან, სანამ ვინმე გენიოსი არ აღმოაჩენს მომავალში. შემდეგ კი ძეგლებს უდგამენ; თუ მონა იტყვის, რომ ზღვა ლურჯია, მის ნათქვამს ყურადღებას არავინ მიაქცევს. მაგრამ, თუ მეფე იტყვის, რომ ლურჯი კი არა, წითელია, მას აღტაცებით დაუკრავენ ტაშს და მონას სიცრუისთვის დასჯიან. დღეს ჭეშმარიტება ნათქვამით კი არ ფასობს, არამედ იმით, თუ ვის მიერ არის წარმოთქმული. სწორედ ეს დაღუპავს კაცობრიობას; უბრალო გლეხმა შეიძლება ლექსის ერთი სტროფი დაწეროს ისეთი, სახელგანთქმული პოეტის მთელი შემოქმედება რომ გადაქექო, მსგავსი ვერაფერი იპოვო. გენიალობა მრავალფეროვნებას კი არ ნიშნავს, არამედ დროზე, ზუსტად და ლამაზად ნათქვამ ჭეშმარიტებას; ღვთის მგმობელი კაცი მოკეთედ ვერ გამოდგება; ასი გამონათქვამიდან ერთი თუ ვინმეს მოეწონა, ის კი არ არის სიბრძნე, არამედ ის ,ერთი ნათქვამი რომ ას კაცს მოეწონება; ადამიანის აგებულება იმდენად ზუსტად შექმნა ღმერთმა, რომ ამ სრულყოფილებას ვერაფერი შეედრება ქვეყნად... და მხოლოდ გონებას მისცა თავისუფალი მოქმედების საშუალება. ის კი არა მარტო ამ ზუსტად შექმნილ მექანიზმს ანგრევს, არამედ ყველაფერს ანადგურებს, რაც კი ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია სახმარად და შესარგებად; კეთილშობილი ბრიყვი იმდენადვე საშიშია, რამდენადაც ბოროტი ჭკვიანი; ის, ვისაც თავი სხვაზე უკეთესი ჰგონია, ვერასოდეს მივა ღვთის სასუფევლამდე. თავმდაბლობა რწმენის პირდაპირი გამოძახილია; ვინც იტყვის, რომ სხვა საკუთარ თავზე მეტად უყვარს, ის ცრუ და ორპირია. ყოველი ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარი სულის გადარჩენაზე უნდა ფიქრობდეს ,ხოლო სხვაზე ზრუნვა და თავგანწირვა სწორედ რომ ჭეშმარიტად ნათელი სულის გამოძახილია; ქონებისაკენ სწრაფვა ეშმაკის გზაა, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია. გამდიდრებული სხეული სულიერად იცლება. სულის შიმშილი კი გაცილებით ძნელი დასაკმაყოფილებელია, ვიდრე კუჭისა. კუჭი აივსება და ისევ დაცარიელდება, ცარიელ სულს კი ვეღარაფერი შეავსებს; პატიოსან კაცს მადლობის თქმა და ბოდიშის მოხდა არ უნდა ეთაკილებოდეს. ისინი ხომ მართლაც ღვთიური სიტყვებია; სიცრუე, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს და სათნოებას ემსახურება, კეთილშობილია და გამართლებული; უშიშარი ადამიანი მაშინ არის ვაჟკაცი, თუ ის თავმდაბალია და კეთილმოსურნე და არა ამპარტავანი და ყოყლოჩინა; ქალს იმდენად მძიმე ტვირთის ტარება უწევს მთელი ცხოვრების მანძილზე, რასაც მამაკაცთა უმრავლესობა ვერ შეძლებდა. ამიტომ, ამ ისედაც საცოდავ არსებას გამუდმებული ალერსი, სითბო და სიყვარული სჭირდება, რასაც, სამწუხაროდ, მამაკაცები ხშირად ვერ ვიმეტებთ გადაჭარბებული პატივმოყვარეობის გამო; პედანტიზმი, პირველ რიგში, სულიერ წესრიგს ნიშნავს და შემდეგ უკვე მატერიალურს; გრძელი ენა ისევეა სიბრიყვის და მეტიჩრობის ნიშანი, როგორც მოკლე - სიბრძნის და კეთილშობილების გამოხატულება; ადამიანი მხოლოდ მაშინ მიაღწევს სრულყოფილებას, როცა ნაპოვნზე გული დაწყდება იმიტომ, რომ ვიღაცამ დაკარგა და დანაკარგი არ ეწყინება იმიტომ, რომ ვინმე იპოვნის. დანაკარგი ჩვენია და მას შეეგუება ადამიანი ,ნაპოვნი კი სხვისია და ვინ იცის, რაოდენ ძვირფასი; თუ ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია, ვინმეს სიკეთე გავუკეთოთ, ენა ხომ ჩვენს ხელშია? ტკბილი სიტყვა და ღიმილი ზოგჯერ უფრო მეტადაც კი ფასობს, ვიდრე მატერიალური დახმარება; უგნურის მიერ ნასროლი ისარი ბუმერანგის ფუნქციას ასრულებს და ისევ მას უბრუნდება; პატივი უნდა ვცეთ სწორედაც რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ, თორემ ღირსეული ადამიანები თავისთავად პატივცემულნი არიან. დაუმსახურებელი მოწყალება მადლიერების და სინანულის გრძნობებს აღძრავს ადამიანში და ეს ძალიან კარგია; სულის საპონი რომ არსებობდეს, მრავალი ადამიანი სულ გაქაფული უნდა დადიოდეს; ყოველი ახალი წელი სანუკვარია იმდენად, რამდენადაც წუთისოფლის აღსასრულს და იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას გვაახლოებს. სხვა მხრივ კი ვერაფერი სახარბიელოა, რადგან უამრავი ახალი ცოდვა მოაქვს წუთისოფელში; გონიერი ბევრს ფიქრობს და ცოტას ლაპარაკობს, ბრიყვი კი ცოტას ფიქრობს და ბევრს ყბედობს. კარგად მოუსმინეთ მას, ვინც ბევრს ლაპარაკობს და თქვენ მიხვდებით, თუ რა სიბრიყვეა ზედმეტი ლაყბობა; ყველაზე დიდი მოსამართლე ადამიანს საკუთარი თავის სახით ჰყავს. როგორიცაა მოსამართლე, ისეთივეა ადამიანიც; ღმერთმა ადამიანს იმდენი მისცა, რომ დღეს ყველანი ფუფუნებაში უნდა ვცხოვრობდეთ, მაგრამ მან, თავისი უგუნურებით იმდენი მოახერხა, რომ ბევრი შიმშილით იხოცება; სიყვარული და ბიბლია ისეთივე ძმები არიან, როგორიც ერთი დედის მუცლიდან ნაშობი ტყუპები, რომელთაც ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ; უგუნური ისევე ცდილობს ჭკვიანის დამცირებას, როგორც ჭკვიანი -უგუნურის ამაღლებას; "კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო" - მართალია, მაგრამ კარგი გაგონება სულაც არ ნიშნავს ნათქვამის ჭეშმარიტებას; ადამიანი იმას კი არ უნდა ფიქრობდეს, სიკვდილის შემდეგ რა სახელს დატოვებს, არამედ იმაზე, თუ მისი სიცოცხლეში გაკეთებული ვის რა სიკეთეს მოუტანს; ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის, ვისაც უანგაროდ გაცემული სიკეთე გაცილებით დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე მიღებული; ძალადობით მხოლოდ ბოროტებამ შეიძლება გაიმარჯვოს. სიკეთეს მისი გამოყენება არ სჭირდება; სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, რომ დროა, სანამ უფლის წინაშე წარვსდგებით, ჩვენი სულის წონის დაკლებაზე ვიფიქროთ; "ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო", მაგრამ ვერც ასი მოიყვანს, თუ ზამთარში მოფრინდნენ; ბრძენი შეიძლება ერთხელ შეცდეს, მაგრამ შეცდომას აღარასოდეს გაიმეორებს. ბრიყვი კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალ სისულელეს ჩაიდენს; ხშირად და უსასრულოდ უღირს ადამიანებს ადიდებენ. დიადი ადამიანების კი სახელის ხსენებაც საკმარისია; ზოგჯერ ადამიანს ერთი სიტყვით შეიძლება ისეთი რამ აგრძნობინო, რასაც ათასი წინადადებით ვერაფერს გააგებინებ; ვინც ლანძღავს, საკუთარ ნაკლზე უფრო მიუთითებს, ვიდრე იმისაზე, ვისაც ლანძღავენ; ზოგჯერ ერთი პატარა ფრაზა უფრო მეტ აზრს იტევს, ვიდრე ორატორის მთელი ლექცია. მჭევრმეტყველება ყოველთვის სიბრძნეს როდი ნიშნავს? უსიყვარულოდ გაკეთებული სიკეთე იგივეა, რაც უწყლოდ გაზრდილი ხე, რომელიც მალე ხმება და მოსაჭრელი ხდება; რა შეიძლება იყოს იმ ტკივილზე ძლიერი, რასაც ღრმა სინანული იწვევს ჩადენილი შეცდომების გამო? ჭორს აყოლილი კაცი ქარს გაყოლილი ფარატინა ქაღალდივით უტვინო და უმწეოა; დიადი ადამიანები ხშირად ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ შურის, ბოღმის და ამპარტავნების გამო ვერ ვამჩნევთ და არ ვაფასებთ მათ. შემდეგ კი მათზე ლეგენდები იქმნება; ომი საძირკველშივე საზიზღრობაა. მრავალი სიკეთის გამო, თუნდაც, ერთი ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვა ვერაფერი გამართლებაა. იქნებ, ის ერთი ყველა ცოცხლად დარჩენილს ჯობია? ის ადამიანი უფრო კეთილი და სათნოა, ვისაც ცოტა აქვს და ისიც სხვას გაუნაწილა, ვიდრე უზარმაზარი ქონების პატრონი, რომელიც თავისი სიმდიდრის ნაწილს სხვებს უწილადებს. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს იესო ქრისტემ გვასწავლა; ბრძენი იმიტომ კი არ არის ჭკვიანი, რომ უგუნურზე მეტი იცის, არამედ იმიტომ, რომ ის უგუნურის ცოდნას უკეთესად გამოიყენებს, ვიდრე ეს უკანასკნელი ბრძენის ცოდნას გამოიყენებდა; ახლობელს თუ სიკეთე გაუკეთე, ვერაფერი სამაგალითოა, რადგან ცხოველებსაც უყვართ თავიანთი სისხლი და ხორცი და ზოგჯერ უფრო მეტადაც, ვიდრე ადამიანებს. სხვისი სიყვარული უნდა შეგეძლოს, რათა ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს კვალს გაჰყვე, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრებით უკვდავი მაგალითები დაგვიტოვა ჭეშმარიტი სიცოცხლის, სიკეთისა და სიყვარულისა; ჩემი ნება რომ იყოს, დედამიწის მიზიდულობის ძალას ჰორიზონტალურად ვაქცევდი, რათა ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს და ხელიხელჩაკიდებულებმა ერთად გავილაშქროთ ბოროტების წინააღმდეგ; ჭეშმარიტ სულიერ სიამოვნებას ვერავითარი ფიზიკური სიამოვნება ვერ შეედრება ამ ქვეყანაზე; ვინც ხშირად იფიცება, ის ბევრად უფრო ცრუა, ვიდრე ის, ვინც არ იფიცება არასოდეს. ხშირი ფიცი ხომ ბავშვებს ახასიათებთ ონავრობის დასამალად? ჭეშმარიტებას ფიცი არ სჭირდება; სამწუხაროდ, ადამიანებს ხშირად შურთ სხვისი კეთილდღეობა და ნაკლებად თანაუგრძნობენ გაჭირვებულთ. არადა, რა კარგი იქნებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო; ბრიყვი ის კი არ არის, ვინც იძახის, რომ თეთრი შავია, არამედ ის, ვისაც სჯერა, რომ ეს ასეა; მათხოვრის ნაჩუქარი ცივი ჭადის ნატეხი უფრო მადლიანია, ვიდრე ხაბაზის მიერ მორთმეული ცხელი შოთის პური. საჩუქრის ფასი მჩუქებლით განისაზღვრება და არა მისი ღირებულებით, წონით ან რაოდენობით; ადამიანი ჭუჭყიან თეფშს ვერ იტანს და ხშირად რეცხავს მას, გაბინძურებული სულით კი ზოგჯერ მთელი ცხოვრება დადის; ადამიანი საკუთარ სხეულს ფუფუნებაში ატარებს, აცმევს და ახურავს იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდება... და საუბედუროდ, ნაკლებად ფიქრობს თავისივე შიშველი სულის შემოსვაზე; ქალის მომხიბვლელობა სხეულისა და სულის ჰარმონიული მშვენიერებით განისაზღვრება და არა მოკლე კაბით, ამოღებული მკერდით და სურნელოვანი სუნამოთი; ადამიანი თავდაუზოგავად მიისწრაფვის მოიპოვოს ის, რაც არა აქვს და ძალზედ იშვიათად ცდილობს მისცეს სხვას ის, რაც თვითონ საკმარისზე მეტი აქვს; ვინც ფიზიკურისკენ მიისწრაფვის, ფიზიკური დასვენება ელოდება, ვინც სულიერისკენ - სულიერი. მატერიის მოყვარული მატერიად იქცევა და სულის მოყვარული - სულად; მშრომელისთვის უსაქმურობა ისეთივე დიდი ტანჯვაა, როგორც უქნარასთვის მძიმე ფიზიკური შრომა; ოქრომჭედელმა შეიძლება ულამაზესი ქმნილება შექმნას, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს,რომ ასეთივე წარმატებით ცხენის ნალს გამოჭედავს; თუ დაკვირვებიხართ, გასვენებაზე ბევრად მეტი ხალხი გროვდება, ვიდრე პანაშვიდზე. საინტერესოა, რატომ, პატივისცემის გამო? -დიახ, პატივისცემის გამო... საკუთარი კუჭისა; გარდაცვლილ ადამიანს იმდენს აქებენ, რაც სიცოცხლეში არასოდეს მოუსმენია და რომ გაცოცხლდებოდეს, ალბათ, გაკვირვებისგან გული გაუსკდებოდა და ისევ მოკვდებოდა; დაუმსახურებელი ქება დაუმსახურებელი შეურაცხყოფისგან დიდად არ განსხვავდება; ადამიანის სიყვარული კარგია, მაგრამ გადამეტებული აღფრთოვანება არ არის სასურველი, რამეთუ სულ მცირე იმედგაცრუებაც კი შეიძლება ზიზღის მიზეზი გახდეს; თვითგვემა უდიდესი სიამოვნებაა, თუ ამას უფლის სიყვარულით აკეთებ და არა სხვა რაიმე პირადი მოსაზრების გამო; მე იმ ადამიანს უფრო ვცემ პატივს, ვინც მთელი სიცოცხლე თავდაუზოგავად შრომობს, ვიდრე მას, ვინც წარმატებას მხოლოდ ღვთის მიერ ბოძებული ტალანტით აღწევს. ადამიანი პატივსაცემია არა იმით, თუ რა შექმნა, არამედ იმით, თუ თავისი შესაძლებლობიდან რამდენი გაიღო. მე იმის თქმა მინდა, რომ, მაგალითად, მაიკლ ჯექსონზე მეტად ქართველ გლეხს ვაფასებ; დღეს, ქორწილიდან დაბრუნებულ ადამიანებს რომ შთაბეჭდილების გაზიარება სთხოვოთ, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იმას მოგიყვებათ, თუ რა ჭამა და რა დალია; და საერთოდ, რა იდო მაგიდაზე, რას როგორი გემო ჰქონდა და ა.შ. მე ამას კუჭის სინდრომს დავარქმევდი; რასაც ზოგიერთი ადამიანი ერთ წვეულებაზე ჭამს, ის თავის ოჯახში სამი დღე ეყოფოდა; როგორ ფიქრობთ, უქელეხო დაკრძალვას იმდენივე ხალხი ეწვევა, რამდენიც ქელეხიანს? ძალიან მეპარება ამაში ეჭვი. ქელეხის სუფრას მეტი მოზიარე ჰყავს, ვიდრე ჭირისუფალს; წვეულებაზე ადამიანებს თავპატიჟი სჩვევიათ, თითქოს ეს მოულოდნელი იყოს მათთვის. არადა, ერთი სული აქვთ, როდის მიუსხდებიან მაგიდას; ყველაფერი რომ სრულდებოდეს, რასაც ადამიანები ერთმანეთს სადღეგრძელოებით უსურვებენ, მეორე დღესვე შურისა და ბოღმისგან გასკდებოდნენ; ქართული სუფრა აკადემიააო - ხშირად ამბობენ. მართლაც აკადემიაა, ოღონდ ხშირად – სიცრუის, მლიქვნელობის და პატივმოყვარეობის აკადემია; ღვინო ნელ-ნელა ჭკუას აკარგვინებს ადამიანს და როდესაც პიკს მიაღწევს, წარმოჩინდება მთელი თავისი "სიდიადით", თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში; ვისაც დღეს წკიპურტს არტყმევინებ, ხვალ პანღურს ამოგარტყამს და ნუღარ გაგიკვირდება; ადამიანის სულის განწმენდა აზროვნებიდან იწყება, რამეთუ ფიქრით უფრო მეტ ცოდვას სჩადის, ვიდრე მოქმედებით. ეს იმიტომ, რომ შესაძლებლობა არა აქვს, თორემ რომ ჰქონოდა, ვინ იცის, რამდენს შესცოდავდა. გონებაში კი განუსაზღვრელი თავისუფლება გააჩნია. ადამიანები ინანიებენ იმას, რაც ჩაიდინეს სინამდვილეში და იშვიათად ნანობენ იმას, რაც ფიქრით შესცოდეს; ვისაც ძვირფასი უნაგირი ადგას, ყოველთვის კარგი ბედაური როდია? ადამიანი ოდნავ მაინც რომ აცნობიერებდეს, რა სიბრძნე დევს ბიბლიაში, სხვას აღარაფერს დაუწყებდა ძებნას, რადგან მიხვდებოდა, რომ მასზე ძვირფასი არაფერი შექმნილა დედამიწის ზურგზე და არც შეიქმნება; ვინ თქვა, რომ უკვდავების წყალი არ არსებობს? - არსებობს და მერე როგორი, მაგრამ ადამიანებს მისი გამოყენება არ უნდათ. ის სულ ახლოსაა, ერთი ხელის გაწვდენაზე. ოღონდ მოინდომე და შესვი. ვისაც სჭირდება, მან იცის და ვინც არ იცის, მას არც სჭირდება; ადამიანს იმის მეათედი მაინც რომ ესმოდეს, რასაც კითხულობს ბიბლიაში, უბედნიერესი არსება იქნებოდა ქვეყანაზე; ღმერთმა ადამიანებს ყველაზე მეტი მისცა დედამიწაზე, მაგრამ ისინი ყველაზე უგუნურები აღმოჩდნენ ცოცხალ არსებათა შორის. ბევრ ადამიანს ძაღლს ეძახიან და არც კი ფიქრობენ, რომ ამით დაუმსახურებელ ქება-დიდებას უძღვნიან მათ. სულით და გულით ვინატრებდი, რომ ყოველ ჩვენგანს ძაღლის ერთგულების, სიყვარულის და თავგანწირვის უნარი გააჩნდეს... და ჩემი ნება რომ იყოს, ბევრ ადამიანს გარკვეული ვადით ძაღლად ვაქცევდი, რათა მისგან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თვისება მაინც გადაეღო; ადამიანი ნაკლის გამო კი არ უნდა გვძულდეს, არამედ იმ სიკეთის გამო უნდა გვიყვარდეს, რაც გააჩნია. განა, შეიძლება, თხილი ნაჭუჭის გამო გძულდეს და გულის გამო არ გიყვარდეს? არაფერი გამოხატავს ადამიანის რაობას ისე, როგორც თვალები. თავისი ზრახვების დასამალად ადამიანს შეუძლია, შეიცვალოს ხმა, კილო, ინტონაცია, მანერები, სახის გამომეტყველება და მრავალი სხვა. მაგრამ თვალები, თვალები... ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა სიამოვნებით გაიხსენებს თავის პირველ სიყვარულს, პირველ კოცნას, პირველ წარმატებას, პირველ სიხარულს და ა.შ. მაგრამ ძალზედ იშვიათია ადამიანი, ვისაც ახსოვს თავისი პირველი ცოდვა, პირველი სირცხვილი, პირველი ტყუილი, პირველი მარცხი და სხვა, რაც ფრიად სამწუხაროა; ცოდნა ბედნიერებაა გარკვეულ დონემდე, თორემ თუ ზღვარს გადაცდა, უბედურების საგანი ხდება; ადამიანი ძალიან დიდ შრომას ხარჯავს მატერიალური სრულყოფილებისთვის და ძალიან მცირეს თავისი სულის გასამდიდრებლად; უმრავლესობა ქონებას იმიტომ კი არ აგროვებს, რომ მას ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ თავისი ხარბი ბუნება დაიკმაყოფილოს, რათა სხვაზე მეტი ჰქონდეს; სამწუხაროდ, ბოროტების ვირუსი გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე - სიკეთის; როგორც ჩანს, ადამიანი ნელ-ნელა ჩლუნგდება, რამეთუ სხვა თვისებებთან ერთად კარგავს სიკეთის და ბოროტების გარჩევის უნარს. იმდენად კარგავს, რომ ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, რომ ადამმა და ევამ სწორედ იმ ხის ნაყოფი მიირთვეს; ადამიანი ბევრად მეტს მიაღწევდა, საკუთარ სულში რომ ისეთივე მონდომებით იქექებოდეს, როგორითაც ის სხვის ცხოვრებაში იქექება; სჯობს, ბრძენი იყო და ბრიყვი გეძახონ, ვიდრე სულელი იყო და ბრძენი გეძახონ; ხშირად საყვარელი ადამიანის ერთგულება ისევე სანდოა, როგორც ქარში დანთებული სანთელი. სანთელიც და სიყვარულიც ერთნაირად დნება. თუმცა დაკარგული სიყვარული ისევე წმინდაა, როგორც დამდნარი სანთელი; არ არსებობს პირველი და მეორე სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარული სიცოცხლესავით ერთადერთია -პირველი და უკანასკნელი; შეუძლებელია, ადამიანმა ბოროტება ჩაიდინოს და ვერ გრძნობდეს ამას. ცოდვის აღიარებაშია სწორედ ბოროტების დათრგუნვა; მთავარი ის კი არ არის, რომ რაიმე ორიგინალური თქვა, არამედ ის, რომ ამ ნათქვამში სიკეთის და სიყვარულის მარცვალი იდოს; ადამიანები ათას წვრილმანს ვეპოტინებით და ვერ ვამჩნევთ ირგვლივ მყოფ უამრავ ძვირფას ადამიანს... და რა გვიან ვხვდებით, თუ რაოდენ ძვირფასია ღვთის მიერ ბოძებული ყოველი წუთი, რომელიც სიყვარულში, სიკეთესა და სათნოებაში უნდა გავატაროთ; ყველაზე დიდი უბედურება ისაა, როდესაც უამრავი ადამიანის გარემოცვაში თავს მარტო იგრძნობ. პოლ ვალერი კი ამას ბედნიერებას ეძახის. საოცარია პირდაპირ; ადამიანები საოცრად პარადოქსული არსებანი ვართ. როდესაც საყვარელ ადამიანს ვშორდებით, ძალიან გვენატრება და ვიტანჯებით, ხოლო როცა ღმერთს ვშორდებით, ხშირად სინანულის გრძნობაც არ მოგვდის გულში. საყვარელ ადამიანთან დაბრუნება იოლია. ღმერთთან დაბრუნებაა ძნელი და მთავარი; ამბობენ -"ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო". განა, საღი თხილის გული არ შეიძლება დამპალი იყოს? ან, განა, დამჭკნარ ვარდს სურნელება არა აქვს? ფიზიკური სილამაზე სულაც არ ნიშნავს სულიერ სილამაზეს; ჭეშმარიტი ქრისტიანი ის კი არ არის, ვინც საკუთარ ცოდვებს ინანიებს. ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის, ვინც სხვის ცოდვებსაც ინანიებს. სხვისთვის ლოცვა არის სწორედ მათი ცოდვების მონანიება; რომ შემეძლოს, სიტყვა "მე"-ს საერთოდ ამოვიღებდი ლექსიკონიდან. იქნებ ადამიანი ოდნავ უკეთესი მაინც გამხდარიყო; უსაზღვროდ და უსასრულოდ მხოლოდ ღმერთი შეიძლება გვიყვარდეს. ადამიანები ასეთ სიყვარულს არ ვიმსახურებთ; როდესაც მიგატოვებენ და წავლენ, ამას შეეგუება ადამიანი. როდესაც ერთად ხართ და მაინც მიტოვებული ხარ, ამის ატანა შეუძლებელია; ვისაც სხვისი მიტევება არ შეუძლია, მას არც სიყვარული შეუძლია. სიყვარული კი ერთადერთი იარაღია ბოროტების წინააღმდეგ; ზღაპარი იმიტომ კი არ არის კარგი, რომ ბავშვებს ართობენ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს. უფლის მოსვლა ზღაპარი იქნება; პირველი და ბოლო ლუკმა ყველაზე გემრიელია; ყველა ადამიანი იმის მეათედს რომ აკეთებდეს, რაც შეუძლია, დედამიწაზე სამოთხე დადგებოდა; ერთი ადამიანის მიერ აღიარებული ჭეშმარიტება შეიძლება მეორისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს. ერთადერთი სრულყოფილი ჭეშმარიტება უფლის გზაა; ზოგჯერ ერთმა სულელმა შეიძლება ისეთი გენიალური რამ თქვას, რასაც ათასი ბრძენი ერთად ვერ მოიფიქრებდა. თუმცა ეს მის გონიერებაზე როდი მეტყველებს? ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, დღეს ყველანი ჩვილი ბავშვები ვიქნებოდით; რაც ჩანს, ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ რასაც ვხედავთ, ყველაფერი როდი ჩანს? სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ არსებობს ქვეყანაზე ერთი ადამიანი მაინც, ვისთვისაც ამ სიცოცხლის დათმობა შეგვიძლია; სამწუხაროდ, ადამიანთა საქციელი განისაზღვრება პრინციპით - რას იტყვის ხალხი, და ნაკლებად ფიქრობენ ყველაზე მთავარზე - რას იტყვის ღმერთი; ჭეშმარიტი სიკეთე ბავშვის ცრემლივით წმინდა და უანგაროა; ადამიანის ყველა დადებითი თვისება ერთ საზომში შეიძლება მოვაქციოთ - სინდისი; სადაც მძორია, ყვავ-ყორნებიც იქ ტრიალებენ; ქურდს ყოველი ნაპარავით ბევრად მეტი აკლდება, ვიდრე ემატება; ძლიერი პიროვნება ის არის, ვინც მართალია და თავის გამტყუნება შეუძლია და არა ის, ვინც მტყუანია და თავს იმართლებს; ვინც შეურაცხყოფას შიშის გამო იტანს, ის სუსტი და ლაჩარია. ვისაც დამცირების ატანა სიყვარულის გამო შეუძლია, ისაა ძლიერი და ვაჟკაცი; პატარა ენას ზოგჯერ შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ, რასაც უზარმაზარი ფიზიკური ძალა ვერ შეძლებდა; იქ, სადაც პატივმოყვარეობა რწმენას სძლევს, ყოველგვარ ღვთიურზე ლაპარაკიც ზედმეტია; მანქანას რომ მუხრუჭი არ ჰქონდეს, ვინ იცის, სად გადაიჩეხება. ასევეა ენაც. მისი მუხრუჭი ჭკუა და გონებაა, რაც იმისთვის მოგვცა ღმერთმა, რომ, სადაც და როცა საჭიროა, იქ გავაჩეროთ ენა; "ცხვარი ცხვარია, თუ გაცხარდა ცხარეაო" - სიტყვების ლამაზად თამაშია. ცხვარი სწორედაც რომ ცხვარია, თორემ გაცხარებული როდისმე ვინმეს უნახავს? ზოგჯერ ყველაზე საყვარელი არსებიდან ყველაზე საძულველ არსებამდე სულ ერთი ნაბიჯია - ქორწინება; მარტოობაში დაღვრილი ცრემლი ყველაზე გულწრფელი და სუფთაა; სიკეთეს და ბოროტებას, თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოც კი აქვთ -მაგალითის ძალა; ო, რა ძნელია იმის შეგრძნება, როცა ერთხელაც მიხვდები, რომ, თურმე არარაობა ყოფილხარ; ღმერთმა შექმნა ადამი და შეხედა რა, რომ რაღაც აკლდა, შეუქმნა მას ევა; მაგრამ ადამმა ამით უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა, რამეთუ მას შემდეგ ქალი გახდა მრავალი ცოდვის მიზეზი; ჭეშმარიტი მორწმუნე ისე უნდა ლოცულობდეს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი ლოცვა ყოფილიყოს და ისე უნდა ინანიებდეს ,როგორც განკითხვის ჟამს მოინანიებდა; გონების დაკარგვა დროებითია და ამას ეშველება, გონიერების დაკარგვა კი დიდი უბედურებაა; ზოგი ადამიანი სულით დალტონიკია - თეთრი და შავის გარდა სხვა ფერებს ვერ არჩევს. ის კი არა და, ხანდახან მათი გარჩევაც კი უჭირს; ენის მიმტანი მქმნელზე უარესია; ზოგს ჰგონია, რომ ქრისტიანის ატრიბუტებია ხატი, ჯვარი და სანთელი. მე კი ვთვლი, რომ უმთავრესია ლოცვა, მონანიება და რწმენა; ვისაც საკუთარი დედის გინება ვაჟკაცობის გამოხატულება ჰგონია, სხვისი შეგინებული არ უნდა ეწყინოს, რადგან ამ "ვაჟკაცობის" აღიარებას უნდა ნიშნავდეს. ხოდა, მაგათი დედაც... ადამიანის დაბადებას სიხარულით ხვდებიან, გარდაცვალებას კი ცრემლით და მწუხარებით. სამწუხაროდ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ნათელი სული სიკვდილში მოდის და სიცოცხლეში მიდის; იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო, რომ მოკვდე, არამედ იმისთვის უნდა კვდებოდე, რომ იცოცხლო; ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვით ღარიბდება და სხვაზე ზრუნვით მდიდრდება. ვინც სხეულზე ზრუნავს, სხეულთან დარჩება და ვინც სულზე ზრუნავს, სულს გაჰყვება; იესო ქრისტემ ერთხელ იცვალა ფერი და ის გაუკვირდათ. ადამიანები კი ხშირ-ხშირად იცვლიან და ეს არავის უკვირს. უფალმა თავისი ფერისცვალებით ღვთის ერთგულება დაგვიმტკიცა, ადამიანები კი ხშირი ფერისცვალებით სატანის ერთგულებას უფრო ამტკიცებენ, ვიდრე ღვთისა; გრძელი ენა მოკლე ჭკუის მანიშნებელია და პირიქით; ღვთის სამსახური, პირველ რიგში, ადამიანთა სამსახურს ნიშნავს; ღვთის სიყვარული - ადამიანთა სიყვარულს. უამისოდ ღვთის სიტყვის ქადაგება დემაგოგიაა და სხვა არაფერი; სახლის მთავარი ღირსება საძირკველია და არა ფასადი. უშნო ფასადს შეღებავ და გაალამაზებ, მორყეულ საძირკველს კი ძნელად თუ უშველი; ხელმოცარული მებადური საკუთარ აკვარიუმში თევზაობდაო; რაც უფრო მეტად გენატრება ადამიანი, მით უფრო ტკბილია მასთან შეხვედრის პირველი წამი. ასეთ დროს სიამოვნებით ვინატრებდი: შეჩერდი წამო. არ არსებობს ბედნიერება ამაზე მეტი; გული ძალიან პატარაა იმისათვის, რომ მთელი სიყვარული ჩაატიო. ამიტომ უფალი გეხმარება და გეუბნება, შემიყვარე მე. მისი სიყვარული კი უსაზღვროდ შეიძლება; ნუ მიატოვებთ განწირულ ადამიანებს. იცოდეთ,რომ ღმერთიც იქაა; სიცოცხლე ნეტარებისთვის კი არ მოუცია ღმერთს, არამედ იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავუნაწილოთ; გული სიყვარულით უნდა იყოს სავსე. იმდენად სავსე, რომ მასში სიძულვილის ადგილი აღარ რჩებოდეს; დათვალეთ წვიმის წვეთები და გაიგებთ, რამდენი ცრემლი იღვრება ადამიანთა ბოროტების გამო; გრძელცხვირა ადამიანები პლასტიკურ ოპერაციებს მიმართავენ და საგრძნობლად იმოკლებენ ცხვირს. ეს,რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ გასაკვირია, რატომ არავის მოსდის თავში ენის დამოკლება? რა კარგი იქნებოდა, ავტომობილის საბურავები ადამიანის ენისგან რომ იყოს დამზადებული - არასოდეს გაცვდებოდა; ნუ მიეპარებით შველს, რათა შუბლი გაუხვრიტოთ, მიეპარეთ გველს, რათა თავი გაუჩეჩქვოთ; დათვალეთ, რამდენ ზედმეტ სიტყვას წარმოთქვამს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში და თქვენ გაიგებთ მისი სიბრიყვის დონეს; წაართვით ადამიანს ყველაფერი - თავისუფლება, ქონება, სახელი, ძალაუფლება - და თქვენ მიიღებთ ნატურალურ პროდუქტს ყოველგვარი მინარევების გარეშე; თუ არა ხართ ფარისევლები, ნურასოდეს იტყვით, რომ ზედმიწევნით ასრულებთ ღვთის მცნებებს; არამედ მოინანიეთ, რომ იმ მცირედის შესრულებაც კი გიჭირთ, რაც ღმერთს დაუწესებია ჩვენთვის; ვისაც მოხუცი მშობელი ნაკლებად უყვარს უსუსურობის გამო, ის არარაობაა, თუნდაც სახელი ჰქონდეს მოხვეჭილი მთელ ქვეყანაზე; თუ ადამიანის ავკარგიანობა გაინტერესებთ, პირველ რიგში გაარკვიეთ, როგორი ურთიერთობა აქვს მას მშობლებთან; სამწუხაროდ, ადამიანები სწრაფად ვიჯერებთ იმას, რაც ჩვენთვის სასურველია, თუნდაც სიცრუე იყოს; და ძნელად ვიჯერებთ იმას, რაც მიუღებელია ჩვენთვის, თუმცა ხშირად ვხვდებით, რომ სიმართლეა; არ არსებობს ადამიანების მიერ დადგენილი კანონი, რომლის დარღვევაც არ შეიძლებოდეს გარკვეული მიზეზების გამო. ბიბლია - აი,ერთადერთი ჭეშმარიტი კონსტიტუცია, რომლის დარღვევასაც ცოდვა ჰქვია და მისი გამოსყიდვა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე - დანაშაულის; ღვთის მიერ შექმნილ ყოველ წვრილმანში უდიდესი სიბრძნე იმალება. სამწუხაროდ, ადამიანები იშვიათად პოულობენ მას... და ვინც პოულობს, მას გენიოსს ეძახიან; ჩვენ ხშირად გამოვხატავთ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ადამიანები ჩვენი შეხედულებისამებრ არ იქცევიან .ნუ გაამტყუნებთ მათ მათი საქციელის გამო, არამედ ეძებეთ ამ საქციელის გამამართლებელი მიზეზები და თქვენ მათ აუცილებლად იპოვით; ბედნიერია ის, ვისი გონებაც, გულიც და ენაც ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან; ოღონდ თუ ისინი სიყვარულით არიან განათებული; ღმერთი იმდენად შორს არის, რომ ამის გაფიქრებაც კი ძნელია; მაგრამ ამავე დროს იმდენად ახლოს, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მოეხვიეთ მის კალთებს და ნურასოდეს გაუშვებთ ხელს; ცხოვრებაში ხშირად ის ხდება, რასაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვს მოხდენისა, ანუ, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით. სიცოცხლე ღვთის ლოგიკას ექვემდებარება და არა ადამიანისას; საყოყმანო სიტუაციაში ნუ მოიქცევით ისე, როგორც გული გიკარნახებთ. ის ხშირად გაცდუნებთ. ენდეთ სინდისს, ის არასოდეს მოგატყუებთ; აუხდენელი ოცნება უფრო ტკბილია, ვიდრე ახდენილი სურვილი. ამიტომ იოცნებეთ ხშირად, რათა გულში მეტი სიტკბო დაგიგროვდეთ. თან სინანულის გრძნობასაც მიეჩვევით; სახელი ვერც ვერაფერს შემატებს ადამიანს და ვერც დააკლებს. ადამიანს კი შეუძლია თავისი სახელი ან განადიდოს, ან წაბილწოს და გაათახსიროს. სჯობს, იუდა გერქვას და წმინდა იყო, ვიდრე წმინდანის სახელი გეძახონ და გათახსირებული იყო; ადამიანის სულს რომ ჩაწვდეთ, ჯერ მისი მრავალი ორეული უნდა გაიაროთ, რომლებიც ისე ბლომად არიან ერთ სხეულში თავმოყრილი, რომ სიცილის ოთახი გეგონებათ; ისწავლეთ ტირილი, რათა გათავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისგან და თქვენი სული უფრო ნათელი და მშვენიერი გახდება; მომაკვდავი ადამიანი იმიტომ კი არ არის სატირალი, რომ სიცოცხლეს ტოვებს, არამედ იმიტომ, თუ რამდენი ცოდვა მიაქვს თან; ნუ გაუწყრებით ბავშვებს სიცელქის გამო. ისინი მხოლოდ თქვენი პატარაობის საქციელს იმეორებენ; სხვაზე ჭკვიანი ბევრს ჰგონია თავი, სხვაზე სულელი კი, თითქმის, არავის; ოჯახი არ ზრუნავს ოჯახის უფროსზე, ოჯახის უფროსმა უნდა იზრუნოს ოჯახზე. მეფე უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა - ხალხი მეფეს; ნუ მისცემთ რჩევას მას, ვისაც თქვენზე ჭკვიანი ჰგონია თავი. ის დამცირებულად იგრძნობს თავს და უფრო შეგიძულებთ, ვიდრე თქვენს სიკეთეს დააფასებს; კარგ სახლს ძლიერი საძირკველი სჭირდება; კარგ ხეს - ძლიერი ფესვები; კარგ ადამიანს - ძლიერი რწმენა. კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანი უბრუნდება საკუთარ ”მე”-ს და ერთ წამში შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც მთელი სიცოცხლე უარყოფდა; ვინც ძუძუ გაწოვა, დედაც იმას დაუძახეო; ღვთის ტაძარში შესვლა წარმოუდგენლად ძნელია, იქიდან გამოსვლა კი იოლზე იოლი; სინდისი თვალი არ არის, როცა გინდა დახუჭო და როცა გინდა გაახილო. ის გულივით თან უნდა ატარო - სიზმარშიც და ცხადშიც; ნუ აგრძნობინებ ნურავის, რომ შენ მასზე ძლიერი ხარ და ის აღარ იქნება შენი მტერი. ვაჟკაცობა ის არის, როცა შენზე ძლიერს მოერევი და არა ის, როცა უფრო სუსტს დაჩაგრავ; ნურავინ დაიჯერებს, რომ ღმერთი ვინმეს გამოცდას უწყობს. ჩვენი ბედუკუღმართობა ჩვენივე არასწორი ცხოვრების შედეგია და არა ღვთის გამოცდა. პირიქით, უფალი რომ არ გვიფარავდეს, არავინ იცის, რამდენ განსაცდელს შევხვდებოდით ცხოვრებაში. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ჯერჯერობით ქვეყნიერებას სატანა მართავს; სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად იმას უფრო ეპოტინებიან, რაც ძნელად მისაწვდომია და უსარგებლო, ვიდრე იმას, რაც ადვილად ხელმისაწვდომია და ბევრად უფრო სასარგებლო; ამბობენ, მიზანი ამართლებს საშუალებასო. არამც და არამც. ბოროტებით მიღწეული სიკეთე იგივეა, რაც კეთილი ზრახვებით ჩადენილი ბოროტება; პატიოსანი კაცი ქალის სიშიშვლეს თვალს აარიდებს, მრუში და აღვირახსნილი კი ჩაცმულსაც შიშვლად წარმოიდგენს. თვალი არ არის ხარბი. ხარბი ბოროტი ადამიანის სულია, თვალი კი - მისი იარაღი; ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია, სადაც მრავლად არიან ფიფქიები, ჯუჯები, ნაცარქექიები, მეფეები, მსახურები, კეთილი და ბოროტი ჯადოქრები, კონკიები, მათხოვრები, ურჩხულები, უფლისწულები, დევები და ა.შ. ოღონდ სუყველა მასკარადის ფორმაში არიან გამოწყობილი და ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვიჭირს, ნიღბის მიღმა გავარჩიოთ, ვინ ვინ არის. სიკვდილის შემდეგ ზღაპარი უკვე ნიღბების გარეშე გრძელდება და, რა თქმა უნდა, კეთილი იმარჯვებს და ბოროტი ნადგურდება. დაფიქრდით, თქვენ ვინ ხართ? ღმერთი ჩვენთან არს, იყო და იქნება. მაგრამ საკითხავია, ჩვენ თუ ვიქნებით მასთან ოდესმე? ადამიანს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ეძლევა შანსი, იპოვნოს თავისი ადგილი ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი ამ შანსს ხელიდან უშვებს და შემდეგ დაუსრულებლად ეძებს... და მხოლოდ მცირე მათგანი იყენებს მას, ანუ, პოულობს თავს იმ აურაცხელ ორეულებში, რომლებსაც ასე მრავლად გვთავაზობს წუთისოფელი; გვიყვარდეს ის, ვისაც ვუყვარვართ, რა თქმა უნდა, კარგია და მადლიერების გრძნობით არის გაჯერებული, მაგრამ არანაკლებ კარგია, გვიყვარდეს, იმის მიუხედავად, ვუყვარვართ თუ ვძულვართ, რაც დიდსულოვნებისა და კეთილშობილების გამოხატულებაა; რა კარგი იქნებოდა, თითო ცოდვას რომ თითო ადამიანის სიყვარული აბათილებდეს. ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ შეიყვარებდნენ ერთმანეთს და ცოდვაც ნელ-ნელა გაქრებოდა; სადაც მძორია, ყვავ-ყორანიც იქ ტრიალებს; დედა ენა არ იწყება სიტყვებით: „აი ია“, დედა ენა იწყება სიტყვებით: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ ჰაერში უმეტესობა აზოტია და ალბათ უმეტესობა აზოტით სუნთქავს. ამიტომაც აქვთ გადაგვარებული სული და გონება; ვისაც საკუთარი თავის განსჯის უნარი გააჩნია, სხვას არასოდეს განსჯის. ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარი ცოდვებით უნდა იყოს აღშფოთებული და მერე - სხვისა. ის კი, ვისაც თავი უცოდველი ჰგონია, სატანის მიმდევარია და არა ღვთისა; ვინც ადამიანს ფიზიკური სილამაზის გამო აფასებს, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ სხეული სიკვდილის შემდეგ იღებს ჭეშმარიტ სახეს, სუნს, შეხედულებას და ა.შ. ყველაფერი მშვენიერი კი, რაც ადამიანს გააჩნია, პირველ რიგში, სულიდან მოდის; თორემ ყველამ კარგად იცის, როდესაც სული ტოვებს ადამიანს, რას ემსგავსება სხეული; ლეიტენანანტს რომ გენერლის წოდება მიანიჭო, ის მარშლობაზე დაიწყებს ფიქრს და არა მგონია, ვინმემ აღიაროს, რომ კაპიტნობაზე მეტს არ იმსახურებს; მარტო იმას ნუ მოეპყრობით მოწიწებით, ვინც გჭირდებათ. ეს მლიქვნელობისგან დიდად არ განსხვავდება; ნუ ეძებთ ადამიანში ბოროტს. სიკეთე ეძებეთ და აუცილებლად იპოვით; ადამიანი უამრავ შეცდომას უშვებს ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის როდი აღიარებს ამას. არაღიარებული შეცდომა კი ცოდვად მიმაჩნია, რადგანაც ამპარტავნებასთან არის ახლოს; მოულოდნელი სიკეთე მადლიერების და სიყვარულის გრძნობით აღავსებს ადამიანს... და რა კარგი იქნებოდა, ეს მდგომარეობა წამიერი კი არ ყოფილიყო, არამედ მარადიული; მიეცით ადამიანს განუსაზღვრელი ძალაუფლება და ის დაგიმტკიცებთ, რომ სატანაზე ნაკლებად როდი შეუძლია ქვეყნიერების მართვა; მოკლე კაბის მატარებელი ქალები კაბის კალთებს დაბლა ექაჩებიან არა სიშიშვლის დასამალად, არამედ მის გამოსაჩენად და მისათითებლად; სჯობს, მტრისგან კარგი თვისება გადაიღო, ვიდრე მოყვრისგან მავნე ჩვევა აითვისო; რაც სასარგებლოა, ყველაფერი სასიამოვნო როდია და რაც სასიამოვნოა, ყველაფერი სასარგებლო როდია? რაც უფრო მეტი აქვს ზოგიერთ ადამიანს, მით მეტად შურს იმისი, ვისაც მასზე მეტი აქვს. ნუ შეგშურდებათ იმის, ვისაც თქვენზე მეტი აქვს. შეგშურდეთ მისი, ვინც თქვენზე მეტად კეთილია; ჭურჭელი იმით ფასობს, თუ შიგ რა ასხია და არა იმით, თუ რისგანაა დამზადებული; ვინც არც ერთ საქციელს არ მოგიწონებს, ის შენი მტერია და ვინც ყველაფერს მოგიწონებს, ისიც შენი მტერია; ცდუნებული ისეთივე დამნაშავეა, როგორც მაცდუნებელი და ორივეს ერთნაირად მოეკითხება; სჯობს ერთი მეგობარი გყავდეს და კარგი, ვიდრე ასი და უვარგისი. ერთი ნიჩბით ზღვას გადაცურავ, ასი კომბალი კი ნავს დაგიმძიმებს და ჩაიძირები; თუ ადამიანის რაიმე საქციელი ბოროტების მომტანია, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ საპირისპირო ქმედება აუცილებლად სიკეთე იქნება; მე მგონია, რომ საცოდავი უფრო ის არის, ვინც ართმევს, ვიდრე ის, ვისაც ართმევენ. ვისაც ართმევენ, მას ათმაგად დაუბრუნდება და ვინც ართმევს, მას ათმაგად წაერთმევა; ყოველ ადამიანში სატანის ნაწილი ზის. ამიტომ, რაც მეტად გვიყვარს საკუთარი თავი, მით ნეტად გვიყვარს სატანა; სიბრალული კეთილშობილებაა მაშინ, თუ ის სიყვარულითაა გამოწვეული და არა პატივმოყვარეობით და ქედმაღლობით; ადამიანის სიწმინდე ცოდვათა რაოდენობით კი არ იზომება, არამედ მონანიების სიხშირით და გულწრფელობით. სახლი მაშინაა უფრო სუფთა, როცა ხშირად ასუფთავებენ, ვიდრე მაშინ, როცა ცდილობენ, არ დაანაგვიანონ; ჩემი ნება რომ იყოს, ყოველ ადამიანს ყველა ეპოქას გამოვატარებდი (ქვის ხანიდან დაწყებული დღემდე), რათა ბედნიერად იგრძნოს თავი და გამუდმებით არ წუწუნებდეს უქონლობაზე; თქვენ გგონიათ, ადამიანი უფრო ბედნიერი გახდება ყველაფერი რომ მისცეთ, რასაც ნატრულობს? - არამც და არამც. ის უფრო უბედური შეიქმნება იმის გამო, რომ სანატრელი აღარაფერი დარჩება; "ღმერთო მიუტევე, რამეთუ არ იციან, რას სჩადიან" - რა დიდებული სიტყვებია. ეს არის უმაღლესი სიბრძნე, რომელიც იესო ქრისტემ ჩვენს გასაგონად უფრო წარმოსთქვა, ვიდრე ღვთისა; ჭეშმარიტი ქრისტიანი ის კი არ არის, ვინც უყოყმანოდ იღებს მრავალთა მიერ აღიარებულ ფასეულობებს, არამედ ის, ვინც იბრძვის, ეძებს და პოულობს ჭეშმარიტებას; პატიმარი სანამ საკანშია, თავისუფლებაზე ოცნებობს და მასზე დიდი ბედნიერება ვერც კი წარმოუდგენია, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ მალე ავიწყდება ასრულებული ოცნება და ხშირად შეიძლება უფრო უბედურად კი იგრძნოს თავი, ვიდრე პატიმრობისას იყო; ღმერთმა ყველაფერს საოცარი სიზუსტით მიუჩინა ადგილი ქვეყანაზე და ადამიანიც საოცარი მონდომებით არღვევს ამ ჰარმონიას... და საოცარია, რომ ეს ნაკლებად აოცებს და აღაშფოთებს ვინმეს; მე არა მგონია, რომ ადამიანები ბოროტები არიან. უბრალოდ, ზედმეტად კეთილები არიან საკუთარი თავის მიმართ; სუფრა კარგი მაგალითია იმისა, თუ ადამიანის მოკრძალება როგორ აღწევს აღვირახსნილობას და სიბილწეს; ადამიანმა ყველაფერი იღონა ,რათა თავის მოდგმას მაქსიმალურად გაუმწაროს და მოუსწრაფოს სიცოცხლე. ამისთვის მან გამოიყენა მთელი ცოდნა და გამოცდილება, რაც კი არსებობის მანძილზე დაუგროვებია; ადამიანი მთელი ცხოვრება ჰიპნოზშია და მხოლოდ სიკვდილის წინ უბრუნდება რეალურ მდგომარეობას; სჯობს, ადამიანს ერთი შეპირდე და შეუსრულო, ვიდრე ათი შეპირდე და სამი შეუსრულო; სხეულის გამო სიყვარული ადვილია და ნებისმიერ მრუშს შეუძლია. სულის გამო სიყვარული კი იშვიათია და ძალიან ძნელი; კარგი მოსავალი, პირველ რიგში, ნიადაგის დამსახურებაა და შემდეგ უკვე მოვლა-პატრონობის; ადამმა ჯერ კიდევ მაშინ შესცოდა, როცა ევას აკრძალული ნაყოფის შეჭმის საშუალება მისცა და წინ არ აღუდგა მას. სხვისი ცოდვისთვის თვალის არიდება არანაკლებ ცოდვაა, ვიდრე საკუთარი ნებით ჩადენილი; ცხენს, რომელიც პატრონის ნებას არ ასრულებს, მათრახი ხვდება... და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ვიქნებოდით, ღმერთი რომ ისე გვექცეოდეს, როგორც ცხენებს. ღვთის სიყვარულს და მოთმინებას საზღვარი არა აქვს; ადამიანი ცოდვებს განუწყვეტლივ უნდა ინანიებდეს, თორემ სიკვდილის წინ მონანიება რა ბედენაა? ეს იმას მაგონებს, მთელი დღის დაულაგებელი სახლი ძილის წინ რომ დაალაგო; დღეს ღმერთი ტირის და სატანა ხარხარებს; ღირსეულთა შორის მცირე დონეზე ყოფნა გერჩიოს, უგუნურთა შორის ავტორიტეტით სარგებლობას. გონიერთა შორის უკანასკნელი უმეცართა შორის უპირველესზე უმეტესია; ნუ დაახარისხებთ ადამიანებს საჭიროების მიხედვით. არავინ იცის, ვინ რაში გამოგადგებათ და ვინ როდის გიმტყუნებთ; კარგი იქნებოდა, სახელგანთქმული ადამიანები ისეთივე კეთილშობილნი იყვნენ, როგორი ნიჭიერნიც არიან. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება; ჭეშმარიტი სიბრძნე ხალხშია და არა ერთეულთა თავებში; ამპარტავანი, პატივმოყვარე ადამიანი ქედმაღლობს იმ თვისების გამო, რაც სხვაზე მეტად აქვს განვითარებული და ნაკლებად თავმდაბლობს იმის გამო, რაც სხვაზე ნაკლებად აქვს ღვთისგან ბოძებული; ცხოვრებაში უცნაური არაფერი ხდება. რამდენადაც ადამიანს უკვირს ესა თუ ის მოვლენა, იმდენად უმეცარია იგი; გულუბრყვილო ადამიანები უმეტეს შემთხვევაში კეთილი და თბილი არსებანი არიან. მათი გულუბრყვილობა ხშირად კეთილშობილებიდან გამომდინარეობს და არა უმეცრებიდან, როგორც ბევრს ჰგონია; გაუბედაობა ხშირად მოკრძალების ნიშანი უფროა, ვიდრე შიშის. ისევე, როგორც გაბედულება ზოგიერთ შემთხვევაში უტიფრობის და მოურიდებლობის ნიშანია და არა ვაჟკაცობის. რაინდობის პირველი ნიშანი ზრდილობაა და მხოლოდ შემდეგ -თავგანწირვის უნარი; პატიოსანი ადამიანის ღიმილი კეთილგანწყობას და სიყვარულს გამოხატავს, ფარისევლის კი - ცინიზმს და მლიქვნელობას. ნუ ენდობით მას, ვინც ტუჩებით გიღიმით; ენდეთ მას, ვინც თვალებით გაგიღიმებთ; ადამიანის სხეულის ნაწილები უახლოესი მეგობრები არიან და ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ. მათ ერთი საერთო მტერი ჰყავთ -ტვინი. ვინც ქორწილში დაგპატიჟებთ, მას მოსაწვევი ბარათიც მოსთხოვეთ; ნუ ჩაეძიებით ადამიანს, რა აწუხებს, თუ მას ამის თქმა არ სურს, უმჯობესია, ჰკითხოთ, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ; წარსული ფირზე ჩაწერილი ფილმი არ არის, რომ არასასურველი ეპიზოდები მაკრატლით ამოჭრა და ნაგავში გადაყარო. ადამიანები, შეძლებისდაგვარად, ივიწყებენ, ღმერთს კი ახსოვს. მე კი გირჩევდით, ცუდი უფრო კარგად დაიმახსოვროთ, ვიდრე კარგი. მერწმუნეთ, თქვენ უფრო კეთილშობილი გახდებით; დააკვირდით ადამიანს ძილის დროს და თქვენ მის ნამდვილ სახეს დაინახავთ; ექიმი, რომელიც პაციენტისაგან გასამრჯელოს იღებს, არაფრით განსხვავდება მეძავისაგან, რომელიც სხეულს ფულზე ყიდის. ორივე შემთხვევაში იყიდება სინდისი და პატიოსნება; სიზმარში ჩადენილი ცოდვა არანაკლებ მძიმეა, ვიდრე ცხადში. სხეული იძინებს, სულს კი ღვიძავს. ცოდვის სიმძიმე განზრახვით იზომება და არა მიღებული შედეგით; კარგად დააკვირდით არემარეს და თქვენ ნახავთ უამრავ სინდისს აქეთ-იქით მიმოფანტულს, რომელსაც ადამიანები ხშირად კარგავენ; ერთი რამეა, რომლის დაკარგვა ყველას შეუძლია, პოვნა კი არავის -სინდისი; სატანა უდიდესი კოლექციონერია. ის ადამიანთა სინდისს აგროვებს. თითოეულის ფასი სულ 30 ვერცხლია; სხვისი გულის გასახეთქად გამიზნული სიცრუის მთქმელს უფრო მეტი ბოღმა და ღვარძლი უდევს გულში, ვიდრე იმას, ვისკენაცაა ეს სიცრუე მიმართული; თუ გინდათ, რომ ადამიანმა თავის თავზე სიმართლე გიამბოთ, სთხოვეთ მას, დაახასიათოს თავისი მეზობელი; ადამიანებს ხშირად სჩვევიათ გაზვიადება. ამიტომ, თუ ვინმე გეტყვით, რომ ლომი დაამარცხა, ჩათვალეთ, რომ კატასთან ჰქონდა ბრძოლა; მოეპყარით გლახაკს, როგორც საუკეთესო მეგობარს. ეს მას სიცოცხლეს შემატებს, თქვენ კი უფრო ამაღლდებით ღვთის თვალში; ნუ დასცინებთ ნურავის უცოდინრობის გამო. გახსოვდეთ, რომ ღვთის თვალში ჩვენ ყველანი უმეცრები ვართ, მაგრამ ის როდი დაგვცინის? ნუ შეაწუხებთ ადამიანებს ზედმეტი რჩევა-დარიგებებით. გახსოვდეთ, რომ მათ სიამოვნებთ იმის მოსმენა, რაც მათ გულს ესალბუნება და არა ის, რაც ჭეშმარიტებასთან ახლოსაა; მართალია, ლურჯი თვალები ზღვასავით ლამაზია ,მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზღვაში ბევრი ზვიგენი დაცურავს; ჯვრის სამკაულად ტარება ისეთივე მკრეხელობაა, როგორც ბიბლიის მოთავსება სათავგადასავლო ლიტერატურაში; სატანა ადვილად ერევა მას, ვინც თავის მხრივ ვერ ერევა ფარატინა ქაღალდს, რომელსაც ფული ჰქვია; ნუ გაგიკვირდებათ დაუფასებელი სიკეთე. უმადურობა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა. განა, ჩვენ ყველანი მეტ-ნაკლებად უმადურები არ ვართ ღვთის მიმართ? სიკეთის საზღაურს სიკვდილის შემდეგ მივიღებთ და დედამიწაზე ამას ამაოდ ნუ ეძებთ. ეს ანგარებიან ადამიანებს სჩვევიათ; ვინც ერთხელ გაგიღიმებთ, მას ათჯერ გაუღიმეთ; ვინც ერთხელ გაკოცებთ, მას ათჯერ აკოცეთ; ვინც ერთხელ დაგითმობთ, მას ათჯერ დაუთმეთ... და ვინც ერთხელ გაწყენინებთ, მას ათჯერ აპატიეთ. ცაზე მხოლოდ ღრუბლებს ნუ დაინახავთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ღრუბლებს იქით მზეა; სიყვარული ყვავილი როდია, რომელიც დროთა განმავლობაში ჭკნება. სიყვარული მზეა, რომელიც გამუდმებით ათბობს და არასოდეს დნება; ხშირად სამართალი მშიერია და ვინც გააძღებს, იმისკენ იხრება; გაბრაზებული ადამიანი არასოდეს არ არის ობიექტური და ხშირად შეიძლება ისეთი რამ თქვას, რაც შემდეგ შესაძლოა, სანანებლად ექცეს დიდი ხნის მანძილზე; ცილისწამებას სამი ძირითადი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ეჭვი, შური და ანგარება; ებრძოლეთ საკუთარ თავს. მასზე დიდი მტერი თქვენ არ გყავთ... და იმეგობრეთ საკუთარ თავთან. მასზე ახლობელი მეგობარი არასოდეს გეყოლებათ; ადამიანები ხშირად საჭიროებენ შველას, თუმცა ყოველთვის როდი ითხოვენ მას, მაგრამ,სამწუხაროდ, იშვიათად იღებენ მაშინაც კი, როცა ითხოვენ; ბედის უკუღმართობას და უბედურებას ნუ დააბრალებთ ვინმეს წყევლას და გათვალვას. ეს მარტო უგუნურებს თუ სჯერათ. წყევლა რომ სრულდებოდეს, დღეს არც ერთი ცოცხალი არ ვიქნებოდით; ვინც ადამიანს ფიზიკური ნაკლის გამო დასცინის, კარგად დააკვირდეს საკუთარ თავს სარკეში და ის უამრავ დეფექტს აღმოაჩენს; ზურგს უკან დაცინვა სუსტ და ლაჩარ ადამიანებს სჩვევიათ. პირში დაცინვა - ქედმაღალ და ამპარტავან ადამიანებს. კეთილშობილი ადამიანი კი მხოლოდ საკუთარ თავს დასცინის; ნუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ეკლესიაში შეგრცხვებოდათ. ღმერთი ტაძარში როდი ზის? ის ყველგან არის, ყოველთვის და ყველაფერს ხედავს; ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს ვერავითარი ჯადო ვერაფერს დააკლებს. მისი ზეგავლენის ქვეშ სუსტი და ურწმუნო ადამიანები ექცევიან. მორწმუნე ადამიანის ჯადო კი ღვთის სიყვარულია; კაცობრიობას სულ სამი რამ აკლია სრულყოფილებამდე: – სიბრძნე, სინდისი და რწმენა; კაცობრიობა ვერასოდეს მიაღწევს მშვიდ და უშფოთველ ცხოვრებას, რაც არ უნდა განვითარდეს ცივილიზაცია, ერთი უბრალო მიზეზის გამო - ადამიანმა დღემდე ვერ ისწავლა გაყოფა; შიმშილობის გამოცხადება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ისეთივე უაზრობაა, როგორც მთავრობის შიმშილობა მოსახლეობის სიყვარულის მოთხოვნით; ერთადერთი სტროფი ზოგჯერ შეიძლება ისეთი შედევრი აღმოჩნდეს, რომელსაც ასი პოემა ვერ შეედრება; კარგი ლექსი - კარგი რითმაა ,მაგრამ კარგი რითმა ყოველთვის კარგ ლექსს როდი ნიშნავს? რა თქმა უნდა, პატივი უნდა სცეთ იმ ადამიანებს, ვინც გიყვართ, მაგრამ უფრო მეტი პატივი ეცით მათ, ვისაც თქვენ უყვარხართ; როდესაც ათ ადამიანს ერთი ენა აქვს, ეს უდიდესი ძალაა,ხოლო როდესაც ერთ ადამიანს ათი ენა - ეს უდიდესი სიბრიყვეა; ხშირად ადამიანები არაფრად ვაგდებთ იმას, რაც შეიძლება ძალიან ძვირფასი იყოს სხვისთვის. სამწუხაროდ, ასე ვექცევით არა მარტო საგნებს, არამედ ადამიანებსაც კი და გვავიწყდება, რომ ყოველი არსება თუ საგანი ძვირფასია და ზედმეტი სულაც არ არის იმის გამო, რომ ჩვენ არ გვჭირდება; ადამიანთა კეთილგანწყობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, განა, ღვთის კეთილგანწყობაზე ზრუნვა არ არის უმთავრესი? ადამიანმა შეიძლება სიკეთე დაგივიწყოს, უფალი კი ასმაგად აგინაზღაურებს; კეთილი საქმე ზოგისთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს, ზოგისთვის -ძალზედ მნიშვნელოვანი. ჩემის აზრით, სიკეთე განისაზღვრება იმით, თუ რა ძალისხმევითაა გაკეთებული და არა იმით, ვის რა სარგებლობას მოუტანს; გენიოსი ის კი არ არის, ვინც ლამაზი სიტყვებით უბრალო ჭეშმარიტებას იტყვის, არამედ ის, ვინც უბრალო სიტყვებით დიდებულ აზრს გამოხატავს; ადამიანი თავს ინუგეშებს იმის გამო, რომ მასზე უარეს მდგომარეობაშიც არიან და განიცდის იმის გამო, რომ მასზე უკეთესადაც ცხოვრობენ. უმრავლესობისთვის ეს ასეა და მხოლოდ ერთეულებისათვის - პირიქით; სხვისი ცოდვის საკუთარ თავზე აღება თავგანწირვას და კეთილშობილებას ნიშნავს და არა იმას, რომ ეს ცოდვა იმას მოეკითხება,ვინც თავის თავზე აიღო; რა კარგი იქნებოდა, ადამიანის გონებასაც რომ იმდენი შეეძლოს, რაც ენას შეუძლია; მოექეცით ადამიანებს ისე, როგორც უკანასკნელი შეხვედრისას მოექცეოდით. კარგი იქნებოდა, ადამიანებს სიცოცხლეშივე ვცემდეთ ისეთ პატივს, როგორსაც სიკვდილის შემდეგ მივაგებთ ხოლმე; ჭეშმარიტ პოეტს მუზა არ სჭირდება და მხოლოდ ვაიპოეტები ელოდებიან მის მოსვლას. პოეტი, რომელიც მუზას ელოდება, მაგონებს "რეკორდის" გმირ ჯოტიას, რომელიც, შეგინების გარეშე, ქვას ვერ ისვრის მეორე ნაპირზე; ქურდის ქურდი ისევე ცხონდება, როგორც მკვლელის მკვლელი ან მრუშთან ნამრუში. პირიქით, ეს უფრო დიდ უბედურებად მიმაჩნია. ქურდმა იცის, რომ შესცოდა და შეიძლება, მოინანიოს კიდეც. ქურდის ქურდს კი ჰგონია, რომ ცხონდება და არხეინად არის; ყოველი ზედმეტი ლუკმა აუცილებლად ვინმეს აკლდება; ცოდვას ერთადერთი გამამართლებელი საშუალება შეიძლება ჰქონდეს - მონანიება. იძულებით ჩადენილი ცოდვა ისეთივე იშვიათობაა, როგორც მზის დაბნელება... და, თუ ის მაინც ხდება, მართალია უფრო მსუბუქი, მაგრამ მაინც ცოდვაა; კარგი მწერალი იმას როდი ფიქრობს, რომ დღეში ასი თაბახი დაწეროს? გეგმის შედგენა უნიჭო მწერლებს სჩვევიათ. გენიოსმა კი შეიძლება ერთი ისეთი ფრაზა დაწეროს, რასაც ასი ტომი ვერ შეედრება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კარგი მწერალი ცოტას წერს. სრულებითაც არა. მაგალითისთვის "ვეფხისტყაოსანიც" კმარა; ნუ გადაყრით თქვენთვის გამოუსადეგარ ნივთებს ნაგავში. იცით, რამდენი ადამიანია, რომელთაც ისინი სჭირდებათ? ღმერთი რომ ასე იქცეოდეს, ჩვენ, უმრავლესობა, სწორედ ნაგავში ვიქნებოდით გადასაყრელი. ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, ის უზარმაზარ ზიანს აყენებს სხვას; რაც შეიძლება, ნაკლები ილაპარაკეთ საკუთარ თავზე. დამერწმუნეთ, ეს ცოტა ვინმეს თუ აინტერესებს. მიმოიხედეთ ირგვლივ, რამდენი მშვენიერი ადამიანია თქვენს გარშემო. განა არ ჯობს, მათზე ისაუბროთ? სხვისი დახასიათებისას უსინდისო ადამიანი ხშირად ცრუობს. ასევე ცრუობს საკუთარი თავის დახასიათების დროსაც, ოღონდ უკვე საპირისპირო მიმართულებით. შეუცვალეთ სიცრუეებს ადგილები და თქვენ ჭეშმარიტებას მიიღებთ; რასთანაც ურთიერთობა არ გაქვთ, იმაზე ნურც იმსჯელებთ, თუნდაც ამაზე მთელი ქვეყანა ღაღადებდეს. ცხოვრებაში უამრავი მაგალითია იმისა, როდესაც ყველა ცდება; ეშმაკთან ბრძოლა საკუთარ თავთან ბრძოლით იწყება და საკუთარ თავთან შერიგებით მთავრდება; სინდისომეტრი რომ არსებობდეს, ალბათ, ადამიანები დაამტვრევდნენ და გაანადგურებდნენ,რ ამეთუ უმრავლეს შემთხვევაში, სინდისის გაზომვისას პირველ შკალასაც ვერ მიაღწევდა; ადამიანი სიამოვნებით მიირთმევს იმ ღორის ხორცს, რომელიც ყველაზე საზიზღარი სალაფავით არის ნასუქი და მერე გვიკვირს, როდესაც მისი საქციელი ხშირად წააგავს ღორისას; ამბობენ, ტვინი ადამიანის უმაღლესი ორგანოაო. მე კი პირიქით მგონია, რადგან ადამიანის სხეულში ყველა ორგანო დიდებულად მუშაობს, ტვინის გარდა; დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთმა ყველა ადამიანს ჭკუა თანაბრად გაუნაწილა. უბრალოდ, ზოგმა ის მთლიანად თავში დაიტოვა, ზოგმა კი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს დაურიგა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ბევრს სასქესო ორგანოსა ან მუცელში მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე თავში; სულელი მხატვარი იმას ხატავს, რაც თვითონ მოსწონს და ჭკვიანი -რაც ხალხს მოეწონება; ჭკვიანი კვადრატში მეხუთე კუთხესაც იპოვნის, სულელს კი ერთის პოვნაც გაუჭირდება; კოვზი ნეხვში არ უნდა ჩაუვარდეს ადამიანს, რომ მის ჭამას არ მიეჩვიოს, თორემ ნაცარში თუ ჩაუვარდა, ამით ბევრს არაფერს დაკარგავს; პირველ ცდაზე მიღწეული წარმატება ისეთი ტკბილი არ არის, როგორც ათი ცდის შემდეგ მიღებული შედეგი. დამსახურების ხარისხი, პირველ რიგში, გაწეული შრომით ფასდება; მზე არც ამოდის, არც ჩადის. ის ყოველთვის იყო, არის და იქნება. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ მას ყოველთვის ვერ ვხედავთ; ხანდახან მაშინაც კი, როცა დარიანი ამინდია. ნურავინ დაიკვეხნის, რომ რაიმე შეუქმნია ქვეყანაზე. ყველაფერი ღვთის შექმნილია, თვით უბრალო საგნებიც კი. ეს იგივეა, აგრეგატმა იტრაბახოს თავისი ნახელავით; სამწუხაროდ, ადამიანებს ის უფრო სიამოვნებთ, რაც ყურს ლამაზად ხვდება, ვიდრე ის, რაც სულს გაამდიდრებს და გაალამაზებს; ცოდვის სიმძიმე მარტო იმით კი არ განისაზღვრება, თუ ვისკენაა მიმართული, არამედ იმითაც, თუ ვის მიერ არის ჩადენილი; ფულს რომ სინდისი ჰქონდეს, სირცხვილისგან დაიწვებოდა; სულის ოპერაციის ჩატარება რომ იყოს შესაძლებელი, ბევრისთვის მაინც არ ექნებოდა აზრი, რადგან იმდენი ნარკოზი დასჭირდებოდა, რომ სხეული ვერ გაუძლებდა; ხანდახან ადამიანის სული და სხეული ისეთ შეუსაბამობაშია ერთმანეთთან, რომ გამკვირვებია, ნუთუ, ასეთი დისჰარმონია შესაძლებელია ბუნებაში? ეტყობა, სულები ლატარიის პრინციპით სახლდებიან სხეულებში; თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე უსასრულო სერიალის გადაღება შეიძლება და რა კარგი იქნებოდა, ცხოვრებაშიც რომ ისე ვგულშემატკივრობდეთ ადამიანებს, როგორც ფილმებში თანავუგრძნობთ; "ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო". ხოდა, ჩვენც ხშირად ჩავძახოთ ხოლმე - „მიყვარხარ“! მედიცინა ისეთ დონეზე განვითარდა, თითქმის ყველაფრის პროთეზირებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, სულის პროთეზირების სპეციალისტიც არსებობს - მისი უდიდებულესობა სატანა; ადამიანი ტირილით იბადება და ტირილით კვდება. დაბადებისას ტირის იმიტომ, რომ იცის, სადაც მოვიდა, ხოლო სიკვდილისას ტირის იმიტომ, რომ არ იცის, საიდან მიდის; ჭკვიანი ადამიანისთვის დაუმსახურებელი ქება იმდენად მძიმე ასატანია, რამდენადაც ბრიყვისთვის - სასიამოვნო და გასახარი; ადამიანები გამუდმებით ეძებენ, ეძებენ - ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე და უმეტეს შემთხვევაში, ვერ პოულობენ. ვერ პოულობენ არა იმის გამო, რომ ცუდად ეძებენ, არამედ იმიტომ, რომ იქ არ ეძებენ, სადაც საჭიროა და იმას არ ეძებენ, რაც საჭიროა; ადამიანმა ბუნებას ყველაფერი წაართვა, რისი წართმევაც შეიძლებოდა, მიცემით კი არაფერი მიუცია. ამიტომ, დღეს თუ კატასტროფები ხდება, გასაკვირი ეს კი არ არის, არამედ ის, რომ იმდენი არ ხდება, რასაც ვიმსახურებთ; ადამიანებს პინოქიოსავით რომ ეზრდებოდეთ სიცრუისგან ცხვირები, კაცობრიობა ცხვირების გადახლართვით დაიღუპებოდა; ქრისტიანობა მარტო ჯვრის ტარება და ეკლესიაში სიარული როდია? ღვთის რწმენა, პირველ რიგში, სათნოებას, სიკეთეს და სიყვარულს ნიშნავს; ღვთის წინაშე დადებული აღთქმის დარღვევა იმდენად დიდი მკრეხელობაა, რომელზე უარესსაც ადამიანის გონება ვერ მოიფიქრებს; მე დავრწმუნდი, რომ არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე უფალზე გამუდმებით ფიქრია. როდესაც გჯერა, რომ ის მუდამ შენთანაა; ბოროტებამ შეიძლება ფიზიკურად დაგვამარცხოს, მაგრამ ეს სატანის გამარჯვებას როდი ნიშნავს? ვისაც ღვთის სიყვარული სულში აქვს გამჯდარი, მას ათი სატანაც ვერაფერს დააკლებს; უამრავ ადამიანს გაჭირვების ჟამს ახსენდება ღმერთი და თავგადაკლულ „მორწმუნედ“ იქცევა ხოლმე. ჭეშმარიტი ქრისტიანობა ის არის, როცა ყველაფრით კმაყოფილი ხარ და მადლიერებით და სიყვარულით ფიქრობ ღმერთზე; ვისაც მთელი სიცოცხლე სიყვარულში, კეთილშობილებასა და სათნოებაში გაუტარებია, მისთვის სიკვდილი არარაობად იქცევა; უვარგის და გამოუსადეგარ ნივთებს ნაგავში ყრიან. ნუ ავყვებით ფიზიკურ ცთუნებებს. სიცოცხლე ღმერთს ნეტარებისთვის არ მოუცია ჩვენთვის. მოვალეობის გრძნობა და სხვებზე ზრუნვა უპირველესია, რისთვისაც გაგვაჩინა უფალმა. თუ მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე ვიფიქრეთ, ჩვენც გამოუსადეგარი და უვარგისი ნივთები ვიქნებით ღვთისთვის; მთავარია, ღვთის წინაშე არ დავმარცხდეთ. დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა ამასთან შედარებით; ბოროტი ადამიანები ზიზღის კი არა, სიბრალულის ღირსნი არიან, რამეთუ მათი გადარჩენა ბევრად უფრო ძნელია; ვალდებულების გამო გაკეთებულ სიკეთეს ფასი არა აქვს. ჭეშმარიტი სიკეთე სულიერი მოთხოვნილებით უნდა იყოს გაჯერებული; სიცოცხლის ხანგრძლივობა სინამდვილეში წლებით კი არ განისაზღვრება , არამედ იმ სიკეთით, რაც ადამიანს დაუთესია სხვის საკეთილდღეოდ; ადამიანის ენა მისი კეთილშობილების პირდაპირპროპორციულია; ერთმა ბოროტმა შეიძლება ერთი კეთილი დაჯაბნოს, მაგრამ ორი კეთილი უკვე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ათი ბოროტი ერთად აღებული; ის, ვისაც ჰგონია, რომ არაფრის სწავლა არ სჭირდება, ბევრად უფრო რეგვენია, ვიდრე ის, ვინც ფიქრობს, რომ არაფერი არ იცის; ზოგჯერ სიმართლის დამალვა იგივეა, სახლში დაგროვილი ნაგავი გარეთ რომ არ გაიტანო. დუმილი ხშირად მართლაც ოქროა, მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ოქრო სატანის სამსახურში უფრო ხშირადაა, ვიდრე ჭეშმარიტი ღვთისა; მარხვით და თვითგვემით განა ღმერთს ემატება რამე? არამც და არამც. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სულებს სჭირდება განსაწმენდად და მოსანანიებლად. რა თქმა უნდა, თუ ამას სიყვარულით და სიამოვნებით ვაკეთებთ და არა სხვის დასანახად და მოსაჩვენებლად; ვისაც ბედნიერება მატერიალურ კეთიდღეობაზე ჰგონია დამოკიდებული, ის ყველაზე უბედური არსებაა ქვეყანაზე, რამეთუ ვერანაირი სიმდიდრე ვერ დააკმაყოფილებს მის გაუმაძღარ სულს. ჭეშმარიტად ბედნიერი ადამიანები კი, პირველ რიგში, სულიერად მდიდარი ადამიანები არიან. მათხოვარი, რომელიც საკვებს შოულობს, ბევრად უფრო ბედნიერია, ვიდრე მილიონერი, რომელმაც ახალი აგარაკის შეძენა ვერ მოახერხა; შეურაცხყოფა და დამცირება არამც და არამც არ აკნინებს ადამიანის სულს. პირიქით, მოთმინება და მიტევება უფრო ამაღლებს მას. ტაძარში ათასი ცოდვილი შედის, მაგრამ, განა, ამით მის სიწმინდეს რამე აკლდება? ადამიანები ათას სისაძაგლეში ბაძავენ ერთმანეთს და იშვიათად -კეთილშობილებაში, სათნოებასა და სიყვარულში; ღმერთს იმხელა მოთმინების ფიალა ჰქონია, ხანდახან მიკვირს და ეჭვიც კი მეპარება - გაივსება კი ოდესმე? განათლებული – კეთილშობილ და გონებაგანათებულ ადამიანებს ჰქვიათ, თორემ ნასწავლი ვირების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე? ადამიანის მორალი მხოლოდ უმრავლესობის ნება-სურვილზეა გათვლილი და არავითარი კავშირი არა აქვს ღვთის მორალთან; ბევრისგან გამიგია - ახლა რომ დედა ცოცხალი მყოლოდაო... არ დაიჯეროთ. ისევე მოექცეოდა, როგორც სიცოცხლეში ექცეოდა. მკვდარი დედა ყოველთვის უფრო საყვარელია და დაფასებული, ვიდრე ცოცხალი. ვისაც დედისთვის სიცოცხლეში ერთი ყვავილი არ უჩუქებია, მის მიერ დედის საფლავზე დაწყობილ ათას თაიგულს არავითარი ფასი არა აქვს; ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა და მას ათი ნობელის პრემიაც ვერ შეედრება. პრემიებს და მედლებს უამრავი ადამიანი იღებს, ხალხის სიყვარული კი ერთეულთა ხვედრია; ცხოვრებაში ყველაზე მეტ უსამართლობას ადამიანები მშობლების მიმართ სჩადიან; ხშირად, გამწარებული ადამიანი ღვთის სამართალს მოუხმობს ხოლმე და წარმოდგენაც კი არა აქვს, რა საშინელება დატრიალდებოდა, ღმერთი რომ ყველას დამსახურებისამებრ მიუზღავდეს; "ღმერთმა ხატად თვისა შექმნა ადამიანი" - ეს ადამზეა ნათქვამი, თორემ დღევანდელ ადამიანს არავითარი მსგავსება არა აქვს უზენაეს არსებასთან (მადლობა ღმერთს); გენიალურ ქმნილებას არავითარი პირობები არ სჭირდება. ის თავისთავად იბადება ყველაზე საოცარ პირობებშიც კი. "მთვარის სონატაზე" დიდებული ნაწარმოები ჯერ არავის შეუქმნია. ის კი ყრუმ დაწერა. განა, ეს გასაოცარი არაა? იმეგობრეთ ბუნებასთან უფრო მეტად, ვიდრე ადამიანებთან. ის არასოდეს გიღალატებთ და თქვენ დარწმუნდებით, რომ სიცოცხლე მართლაც მშვენიერია; ცივილიზაციის პროცესისა რა მოგახსენოთ (გააჩნია, რას ეძახით ცივილიზაციას), მუტაციის პროცესი კი მშვენივრად მიმდინარეობს ადამიანებში, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით; ადამიანები გაცილებით დიდ პატივს სცემენ ძეგლებს, ვიდრე სიცოცხლეში მათ ორიგინალებს მიაგებდნენ; ზოგიერთი დიადი ადამიანის სიკვდილი ნაადრევია, მაგრამ სამართლიანი, რამეთუ სიკვდილით მისი ღირსება უფრო დაფასდა, ვიდრე სიცოცხლის გაგრძელებით დაფასდებოდა; იოგა სულის განვითარების დიდებული მოძღვრებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი უზარმაზარი ნაკლი აქვს - არ ემსახურება ჭეშმარიტ ღმერთს; ადამიანის სულში ზოოპარკია ჩაბუდებული. ამიტომ იგი ცხოვრებაში უამრავი ცხოველის სტადიას გადის და ხშირად სრულიად ემსგავსება მათ. განსაკუთრებით გავრცელებული კი ღორის, ვირის და ნიანგის სტადიებია (რატომ ნიანგის? – იხილე შემდეგი ჩანაწერი); სიცრუეს არა მარტო მოკლე ფეხები, გრძელი ენა და გრძელი კუდი აქვს. ამიტომ, ნიანგს მაგონებს; გიყვართ ზღაპრები? - სთხოვეთ ადამიანებს, მოგიყვნენ თავიანთი თავგადასავალი და თქვენ უამრავ ახალ ზღაპარს მოისმენთ; ბევრი გამდიდრებული ღარიბი მინახავს, მაგრამ იშვიათად, რომ მას მეორე ღარიბზე ეზრუნოს და ყოფა შეემსუბუქებინოს. სინამდვილეში, ასეთი ადამიანები ბევრად უფრო ღარიბები არიან, ვიდრე გამდიდრებამდე იყვნენ; ადამიანის გონიერებას აქვს საზღვარი, უგუნურებას - არა; ბრიყვი - სრულებითაც არ ნიშნავს სულელს ან უმეცარს. ქვეყანაზე იმდენი ჭკვიანი ბრიყვი არსებობს, რამდენიც სულელი, რომელსაც თავი ჭქვიანი ჰგონია; ერთგულება დიდებული თვისებაა, მაგრამ გააჩნია, საითკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, სატანას ბევრად მეტი ერთგული მეგობარი ჰყავს, ვიდრე ჭეშმარიტ ღმერთს; ადამიანის ნამდვილი ბუნება ყველაზე ნათლად სამ შემთხვევაში ვლინდება: ომში, ტყვეობასა და სტიქიური უბედურების დროს; მძიმე, არასასურველი სამუშაოს შესრულებისას ეგოისტი ადამიანი სვამს კითხვას - რატომ მაინდამაინც მე? ხოლო სახეირო და სასიამოვნო არჩევანისას - რატომ მე არა? თავმდაბალი და პატიოსანი ადამიანი კი ამ კითხვებს პირიქით უსვამს საკუთარ თავს; ვინც მტრის შეფასება არ იცის, ის ვერც მოყვარეს დააფასებს; ადამიანს ერთადერთი - სიყვარულის უფლება აქვს ხელშეუხებელი. ყველა სხვა დანარჩენს (თვით სიცოცხლის უფლებასაც კი) განსაზღვრავს ის გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს... და რა დასანანია, რომ სწორედ ამ უფლებას ექცევა ყველაზე უდიერად; ადამიანი ყველაზე მცდარი საკუთარი თავის შეფასებისას არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრაბახობს; თუ დაუკვირდებით, ადვილად შეამჩნევთ, რომ ადამიანი თავის უარყოფით თვისებებს უფრო ხშირად ავლენს, ვიდრე დადებითს. თუმცა ყველა ლოგიკით პირიქით უნდა ხდებოდეს; რომ შემეძლოს, ადამიანებს უხილავი ძარღვებით გადავაბამდი ერთმანეთს. მაშინ იძულებულნი იქნებოდნენ ერთმანეთის ტკივილი გაეზიარებინათ და სიხარულითაც ერთად გაეხარათ; გენიოსი ადამიანები უცნაურები არიან. უცნაურები არიან სწორედ იმიტომ, რომ გენიოსები არიან და ჩვენ მათი არ გვესმის, რადგან მათთან შედარებით ძალიან დაბალ დონეზე ვდგავართ; დღეს სატანასთან დიდი უმრავლესობაა, ღმერთთან კი - უმცირესობა. მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ სატანასთან უგნური და უბადრუკი ადამიანები არიან, ღმერთთან - ძლიერნი და გონიერნი. თქვენ ვისთან ხართ? თვითგვემა უდიდესი ხელოვნებაა და მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ძალუძთ. სამწუხარო ის არის, რომ ეს ყოველთვის ღვთის სამსახურში როდი დგას; კურდღელს არ სჭირდება იმის თქმა, რომ მგელს უნდა მოერიდოს. სჯობს, ის ასწავლოთ, თუ როგორ გაუმკლავდეს მას; როგორც ცნობილია, არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. არც ორი ერთნაირად ჭკვიანი არსებობს; ერთნაირად ბრიყვი კი, რამდენიც გნებავთ; ღმერთმა ევას მისცა ის, რაც ადამს დააკლო და - პირიქით. ადამიანი მხოლოდ მეორე ნახევართან ერთად შეიძლება იყოს სრულყოფილი. ...და, თუ ასე არ ხდება, ეს არასწორი შეუღლების შედეგია. მარტოხელა კაცი კი, თუ ის ღვთის სამსახურში არ დგას, ჯერ ნახევარადამიანია, შემდეგ - მეოთხედი, მეათედი და საბოლოოდ ნულის ტოლი ხდება; ვინც მტყუან მეგობარს უჭერს მხარს, ის თავის სულსაც ყიდის და მეგობრისასაც და ორჯერ მეტად დამნაშავეა, ვიდრე მისი მეგობარი; გენიოსი, რომელსაც იმის მტკიცება სჭირდება, რომ ის ბრძენია, იმ ბრიყვზე უფრო ბრიყვია, რომელმაც იცის, რომ სულელია; სხვისი ლუკმა ყელზე თუ არა, სულზე აუცილებლად დაგადგება. ყელის გაწმენდა იოლია, სულის - ნურას უკაცრავად; პატიოსნება ყოველთვის სიმართლის თქმას როდი ნიშნავს. ის, პირველ რიგში, კეთილშობილებას გულისხმობს, რამეთუ ხშირად სიმართლე ბოროტების მსახურია და არა სიკეთის; ადამიანი იმის მეათედსაც არ ინანიებს, რაც უნდა მოინანიოს, რამეთუ არც კი იცის, რამდენს სცოდავს ყოველდღიურად; ყოველი ადამიანი გარკვეულწილად მსახიობია. უბრალოდ თამაშობს იმ როლს, რომელიც თვითონ აირჩია ამა თუ იმ მომენტში. სულ სხვა საკითხია - ვინ როგორ ახერხებს ამას; ღმერთმა ადამი კი არ დასაჯა, არამედ სწორედ ის მისცა ,რაც უნდოდა - ბოროტისა და კეთილის შეცნობის უნარი... და, თუ როგორ გამოიყენა მან ეს უნარი, ყველაფერი სახეზეა. თორემ ღმერთს რომ ის "ებოძებინა" მისთვის, რასაც იმსახურებს, დღეს ადამიანი ბორკილებით უნდა დახოხავდეს და ლაგამი უნდა ჰქონდეს ამოდებული; ზოგიერთი ადამიანის ცხოველთან შედარება ისეთი მკრეხელობაა, რომ ამ ცხოველს სირცხვილისაგან ყურები უნდა ეწვოდეს და თავის მოკვლაზე ფიქრობდეს; კიდევ კარგი, ღმერთმა ადამიანის გონს ზღვარი დაადო. ერთი დედამიწა აბარია და რა დღეში აგდებს, თორემ, თქვენ წარმოიდგინეთ, სივრცეში რომ გავიდეს, რა საცოდაობას დაატრიალებს; ყველა ადამიანს რომ ბავშვის ჭკუა ჰქონდეს, სიცოცხლე მართლაც დიდი ბედნიერება იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს გიჟებს ეძახიან და ოთხკედელშუა ამწყვდევენ; ადამიანი თავისი ბუნებით აკრძალულისკენ უფრო მიისწრაფის და რატომღაც მგონია, ღმერთს რომ მისთვის საპირისპირო მცნებები დაეტოვებინა (იპარე, იმრუშე, იცრუე და ა.შ.) ქვეყანაზე ბევრად ნაკლები ბოროტება იქნებოდა; ადამიანები ათას რამეზე ნერვიულობენ: ჯანმრთელობაზე, კარიერაზე, ოჯახზე, ახლობლებზე და ა.შ. მაგრამ არ ნერვიულობენ ყველაზე მთავარზე - საკუთარი სულის გადარჩენაზე; ბუნება ავადაა, მას ვირუსი შეეყარა. რომელი ვირუსი? - ადამიანი; მე მგონია, ღმერთმა მშვენივრად იცოდა, ადამი აკრძალულ ნაყოფს რომ მიირთმევდა. ღვთის განზრახვას ადამიანთა მიმართ ვერც ჩავწვდებით და ნურც ნურავინ ეცდება.ეს არის ზესაიდუმლო, რომელში ჩაწვდომის უნარიც ადამიანებს არ გაგვაჩნია; ადამიანს რომ ფრენა შეეძლოს,ღმერთთან აფრენას მოინდომებდა და თავისი უმეცრებით კიდევ უფრო მეტად შეაწუხებდა მას; თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ სიღარიბე ადამიანის მეგობარია და მრავალი ცოდვისგან იცავს მას; ნუ შეურყევთ ადამიანებს რწმენას იმის გამო, რომ თქვენ ის მცდარი გგონიათ. ხომ შეიძლება, თქვენ ცდებოდეთ? სჯობს მწარე მიირთვა და სასარგებლო, ვიდრე ტკბილი და მავნე; მწყემსი, რომელიც ცხვარს ტყეში მარტო უშვებს, მგლის მეგობარია და არა ცხვრის დამცველი; ჭეშმარიტი სიბრძნე უბრალოა და იმდენად მარტივი, რომ გაგიკვირდება, რატომ აქამდე არავის მოუვიდა თავში? მკვლელობა მძიმე ცოდვაა, მაგრამ აბორტი ათმაგად მძიმეა, რადგან ეს არის ჯგუფური მკვლელობა ადამიანისა, რომელიც არავინ იცის, რას მოუტანდა კაცობრიობას; ობიექტურობა ცხოვრებაში ისეთივე იშვიათობაა, როგორც უდაბნოში გაყვანილი ტრამვაის ლიანდაგი. ადამიანები მხარს უჭერენ იმ მოსაზრებას, რაც თვითონ მიაჩნიათ მართებულად და ძალზედ იშვიათად შეხვდებით კაცს (თუ შეხვდებით საერთოდ), რომელიც თავისი შეხედულებების წინააღმდეგ წავა და ჭეშმარიტებად აღიარებს იმას, რისიც არ სჯერა; ვისაც ხეზე აძრომა ეზარება, ის მოკრეფილის ღირსი არ არის და ძირს ჩამოცვენილით უნდა დაკმაყოფილდეს; სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის პატივისცემის ხარისხი მის ქონებასა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული და არა მის პიროვნულ თვისებებზე, როგორიცაა: პატიოსნება, უანგარობა, სინდისი და ა.შ. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ ადამიანი გარკვეულწილად მლიქვნელია, იშვიათი გამონაკლისის გარდა; პროფესიონალიზმს მაშინ აქვს ფასი, თუ ის სიკეთეს ემსახურება, თორემ სატანაზე ძლიერი პროფესიონალი არავინ მეგულება დედამიწის ზურგზე; მრავალთა მიერ რჩეული ადამიანი არ ნიშნავს ჭეშმარიტების მსახურს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ამ უკანასკნელის მრავალზე ზეგავლენის შესახებ მიუთითებს; სიკეთე სულაც არ ნიშნავს ადამიანთა სიამოვნებას, არამედ რაც ღვთისთვისაა სასურველი და მოსაწონი; წარამარა ღვთის ხსენება და დამოწმება სიყალბეს და პირფერობას უფრო ნიშნავს, ვიდრე ჭეშმარიტ რწმენას; ადამიანი ძველ ნაცნობებთან უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე ახალგაცნობილთან, რომელთანაც ცდილობს, თავი ისე წარმოაჩინოს, რაც სინამდვილეში არ არის; სახლს ხშირი დაგვა და დასუფთავება სჭირდება, თორემ ნაგვით გაივსება და, რაც უფრო იშვიათად მიხედავთ, მით უფრო ძნელი იქნება გაწმენდა. აბა, მაშ, სულმა რაღა დააშავა? განა, ის ყველა სახლზე ძვირფასი არ არის? კეთილი ადამიანი არ ფიქრობს, ვის რა სიკეთე გაუკეთოს, რამეთუ ის ამას მექანიკურად აკეთებს ისევე, როგორც ბოროტი არ ფიქრობს, ვის რას ვნებს; ადამიანი იმდენ ცნობისმოყვარეობას ბიბლიისკენ რომ მიმართავდეს, რასაც ადამიანების მიმართ იჩენს, მისი სიცოცხლე ბევრად უკეთესი იქნებოდა; ცბიერება გონიერებასთან ახლოსაა, მაგრამ პატიოსნებასთანაა მწყრალად; სარკე რომ არ არსებობდეს, ადამიანები უფრო კეთილშობილები იქნებოდნენ; ვინც ფული მოიგონა, მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის კაცობრიობის აღსასრულის დაჩქარებაში; "სინდისი კარგი საქონელიაო" და ზოგი მართლა საქონელივით ხმარობს; ყოველი ჭიქა ღვინო ადამიანს პატივმოყვარეობას და ყოყლოჩინობას მატებს და არა გამბედაობას და ვაჟკაცობას; ბევრჯერ გამიგია - რაც ფხიზელს გულში აქვს, ის მთვრალს ენაზე მოადგებაო. ამას რეგვენი თუ დაიჯერებს, თორემ რასაც ადამიანი სიმთვრალეში იგონებს, იმას სიფხიზლეში ვერც კი მოიფიქრებდა. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველ ჭიქა ალკოჰოლში დემონი ზის და იმას გვალაპარაკებს, რაც მოესურვება; გენიოსი ხელოვანი ყოველთვის უკმაყოფილოა თავისი შემოქმედებით. მხოლოდ უნიჭო რეგვენია აღფრთოვანებული და აღტაცებული საკუთარი ნახელავით; თვალები ადამიანის პასპორტია, ენა - ცხოვრების საგზური; კარგია, როცა გაჭირვებულ ადამიანს ეხმარები, მაგრამ ეს როდი უნდა გიხაროდეს? ექიმს, რომელსაც პაციენტის დანახვა უხარია, სიკეთის მსახურად ვერ მივიჩნევ; ყველაფერს აქვს ზღვარი, თვით სიკეთესაც კი. გადამეტებული სიკეთე მომაბეზრებელია და ანგარებისა და მლიქვნელობის ელემენტებს შეიცავს; ადამიანს როცა სცივა, მზე მაშინ ენატრება, თორემ სიცხეში მისი დანახვაც არ უნდა და ავიწყდება, რომ მზე სიცოცხლეა. ზაფხულში რომ თოვლი მოგენატროს, ის კი არ არის გასაკვირი, გასაოცარი ის არის, როცა მზეზე ხარ და მას ვერ ხედავ; კაბის სიგრძე მისი მფლობელის ჭკუის (და ზოგჯერ ნამუსისაც) პირდაპირპროპორციულია; მე ისეთ ადამიანს ვცემ თაყვანს, ვინც თავისთვის არის ძუნწი, რათა სხვას მეტი გაუნაწილოს და არა მას, ვისაც სხვისთვის ენანება, რათა თვითონ მეტი დარჩეს; მწერლის სიდიადე დაწერილი წიგნის მოცულობით როდი იზომება? მდინარეში ბევრი წყალია, მაგრამ განა დასალევად ვარგა? მწერლის ყოველი სიტყვა ისეთივე წმინდა და სასარგებლო უნდა იყოს, როგორც წყაროს წყლის ყოველი წვეთი. დიადია მწერალი, რომლის მოკლე ფრაზა ისე დაამახსოვრდება მკითხველს, რომ ათი წაკითხული რომანიც ვერ განდევნის თავიდან; ბევრი ბრმა ისევე ხედავს სინათლეს, როგორც ბევრი თვალხილული სიბნელეში ზის და მზეს ვერ ხედავს; სჯობს, მზეს ხედავდე და სხვა ვერაფერი დაინახო, ვიდრე ყველაფერს უყურო და მზეს ვერ ხედავდე; სულის სარკე რომ არსებობდეს, მრავალ ადამიანს შიგ ჩახედვისას შიშისგან გული გაუსკდებოდა; ადამიანს სამი უდიდესი მტერი დაჰყვება ცხოვრების მანძილზე: თვალი, ყური და ენა... და მათ შორის ენა უდიდესია; როდესაც ვინმეზე საუბრობ, წარმოიდგინე, რომ ის შენს გვერდითაა და გისმენს. ენის სიწმინდით იწყება სულის სიწმინდე; მარტო ენის სიწმინდე როდია მთავარი? ფიქრის სიწმინდე უნდა ვისწავლოთ, თორემ ადამიანები იმას რომ ამბობდნენ, რასაც ფიქრობენ, ერთ დღეში დახოცავდნენ ერთმანეთს; ღმერთის კი არ უნდა მეშინოდეს, უნდა მიყვარდეს, მაგრამ მე მეშინია, იმიტომ რომ ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი. ბედნიერი მაშინ ვიქნები, როდესაც ისეთ მდგომარეობას მივაღწევ, ცოდვებს რომ არ ჩავიდენ არა ღვთის შიშის გამო, არამედ სულიერი მოთხოვნილებისა და ღვთის სიყვარულის გამო; რაც უფალს გულში არ უწერია, იმას ახდენა არ უწერია. სიყვარული უზენაესი ხელოვნებაა, რაც კი ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია და გაცილებით დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება. სამწუხაროდ, მოყვარულები უფრო მრავლად არიან ამ სფეროში; ბრიყვისთვის ჩვეულებრივი სიბრიყვე შეიძლება სიბრძნე აღმოჩნდეს, ხოლო ჭეშმარიტი სიბრძნე - სიბრიყვე და სისულელე; ადამიანს წმენდს გულწრფელი ლოცვა, მონანიება, მადლიერება, რწმენა და სიყვარული... და, თუ რომელიმე მათგანი აკლია, ყოველდღე ზეთსა და მირონში რომ განიბანოს და საცხოვრისი ხატებით და სანთლებით ჰქონდეს მოფენილი, მაინც არაფერი ეშველება; შვილებს შორის მცირე უსიამოვნებაც კი უდიდეს ტკივილს აყენებს მშობელს... და თქვენ წარმოიდგინეთ, ღმერთს როგორ უნდა სტკიოდეს გული ადამიანთა მრავალი საშინელი საქციელის გამო. თან ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ღმერთს ათასჯერ მეტად ვუყვარვართ, ვიდრე მშობელს შვილები. განა არ არის სანატრელი, რომ ადამიანებს იმის მეათასედი მიტევების უნარი გაგვაჩნდეს, რაც ღმერთს გააჩნია? თავდაპირველად იყო სიტყვა... და სიტყვამ შექმნა საქმე... და საქმემ შექმნა შრომა... და შრომამ შექმნა ადამიანი... და ადამიანმა შექმნა ცივილიზაცია... და ცივილიზაციამ შექმნა სიზარმაცე... და სიზარმაცემ შვა უამრავი ცოდვა და დაღუპა ადამიანი. თავდაპირველად იყო სიტყვა... და სიტყვა იყო ღმერთთან... და სიტყვა დაბრუნდა ღმერთთან; ღვთის მოყვარულ ადამიანს მარტოობის არ უნდა ეშინოდეს; ღმერთს მაშინ უფრო ეყვარები, თუ ადამიანებსაც უყვარხარ. არ არსებობს ბედნიერება ხალხის სიყვარულზე მეტი და არ არსებობს ტრაგედია ხალხის სიძულვილზე მეტი; პატიოსანი ადამიანი ვერასოდეს მოიშორებს სინდისის ტკივილს ყველა იმ საქციელის გამო, რაც მას გარდაცვლილი ახლობლების წინაშე აქვს ჩადენილი. სინდისის ქენჯნას კიდევ შეიძლება შეეგუოს ადამიანი, სინდისის ტკივილს - ვერასოდეს; ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა, ბევრად უფრო ცოდვაა, ვიდრე ის, ვინც გარდაიცვალა; ხშირად გამიგია – ცხოვრება რომ თავიდან დამეწყო, ისევ იმ ცხოვრებით ვიცხოვრებდიო. ასეთი ადამიანები, სინამდვილეში, ბევრად უფრო საცოდავები არიან, ვიდრე ისინი,ვისაც მთელი სიცოცხლე ტანჯვით გამოუვლიათ, რამეთუ მეტი რისხვა დაატყდებათ ღვთისგან. თვითკმაყოფილი ადამიანი ღვთისგან დასაწუნია და მონანიე და მოტირალი - მოსაწონი; ადამიანის გასაცნობად სულაც არაა საჭირო მასთან ერთად ფუთი მარილის შეჭმა. საკმარისია განსაცდელში ერთად ყოფნა. მძიმე წუთებში ადამიანი ბევრად უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე სიხარულის დროს; ადამიანის კეთილშობილების შეფასება ზრდილობიდან იწყება; სიძულვილი, სიცრუე და შური - აი ,ის სამი ყველაზე მთავარი, რაც ადამიანის სულს ანგრევს და ანადგურებს. სიყვარული - ეს არის ჯადოსნური გრძნობა, რომელზეც გამუდმებით ეჩიჩინება ღმერთი ადამიანს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის თავში ეს ნაკლებად შედის; როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ლექსის წერას ყველაზე ძალიან - მუზა? ნიჭი? აღმაფრენა?.. მე კი მგონია - სინდისი; ადამიანი რომ მარტო იყოს, ის გაცილებით დიდხანს იცოცხლებდა, ვიდრე ახლა, ადამიანების გარემოცვაში ცოცხლობს; მათემატიკა ყველაზე ზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ არა აბსოლუტური. ამის დასამტკიცებლად ერთი მაგალითიც კმარა - ათი კაცის ცოდნა სრულებითაც არ უდრის ათჯერ მეტ ცოდნას; ყოველი ადამიანი რომ ზუსტად პოულობდეს თავის მეორე ნახევარს, დამერწმუნეთ, ბოროტების 90% საერთოდ არ იარსებებდა; ღმერთმა ყველაფერს ზუსტად და მკაფიოდ მიუჩინა ადგილი, მაგრამ ადამიანმა ისე დაარღვია ეს ჰარმონია, რომ თვით უფალსაც კი გაუჭირდება ყველაფრის თავის ადგილზე დაყენება და რა გასაკვირია, რომ ადამიანები ამას ვერასოდეს მოახერხებენ; როდესაც ვობლდებით, მაშინღა ვხვდებით, თუ რაოდენ უსამართლონი ვიყავით შვილები მშობლების მიმართ მათ სიცოცხლეში; სიცოცხლე არ არის ყველაზე მთავარი, რაც ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია. მასზე ძვირფასი უამრავი რამ არის ქვეყანაზე - თუნდაც სხვა ადამიანების სიცოცხლე; არაფერი ისე არ თრგუნავს ადამიანს, როგორც უსუსურობა ახლობელი ადამიანის სიკვდილის წინაშე; კეთილშობილი აზრი გულში იბადება და არა თავში. ის შეიძლება სტილისტურად დაუხვეწავი იყოს, მაგრამ ღვთივსულიერია და სიყვარულით არის გაჯერებული. ყველანაირად სრულყოფილი აზრები კი ბიბლიაში დევს; სანამ რამეს მოიმოქმედებ, დაფიქრდი, რამდენად მოსაწონია ეს ღმერთისთვის. ღვთის თუნდაც ერთი წამით დავიწყება ცოდვისკენ უბიძგებს ადამიანს და შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც მთელი სიცოცხლე ვეღარ გამოასწორებს; იყო კარგი შვილი - უაღრესად ძნელია, მაგრამ ბევრად უფრო აუცილებელი და მნიშვნელოვანი, ვიდრე იყო კარგი მეუღლე, კარგი მშობელი, კარგი დედმამიშვილი, კარგი მეგობარი და ა.შ. ჭეშმარიტ მღვდელს ”ალილუია” არ შეეშლება; თუ გულს ემღერება - იმღერეთ და, თუ ეტირება - იტირეთ, ოღონდ სხვას ნუ შეაწუხებთ. სიხარული გაუნაწილეთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, დარდი და წუხილი კი თქვენთვის დაიტოვეთ; ქვეყნად არ არსებობს ქალი, რომლის გულისთვისაც გამართლებული იქნებოდა საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა; ნარკოტიკული ნივთიერების ხმარება, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, მაგრამ ის მხოლოდ სხეულს აზიანებს. ქვეყანაზე უამრავი ნარკოტიკია, რომელიც სულს ნელ-ნელა ეუფლება და ღუპავს მას. მათ უფრთხილდით ყველაზე მეტად; სირცხვილის გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თვისება გახლავთ, რაც კი ადამიანს უბოძა უფალმა. რაც უფრო მეტად აქვს მას ეს გრძნობა განვითარებული, მით მეტად იტანჯება მისი სხეული, მაგრამ მდიდრდება სული; რაც უფრო პატარა სახლი აქვს ადამიანს, მით მეტად უყვარს და უფრთხილდება მას და - პირიქით. და, თუ ეს ასე არ არის, განა, დედამიწა ჩვენი სახლი არ არის? მგელს შეუძლია ას კურდღელს გამოეკიდოს და ისე გაფანტოს, როგორც ქარში გაფენილი ბუმბული, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ კურდღლის სილაჩრეზე მეტყველებს და არა მგლის სიძლიერეზე; ნუ აჩვენებთ ადამიანს იმ სისაძაგლეს, რაც თვითონაც კარგად იცის. აჩვენეთ ის მშვენიერება, რისკენაც უნდა მიისწრაფოდეს, რათა უკეთესი გახდეს; ძაღლის ბუნაგში გაზრდილი მგლის ლეკვისგან არც ძაღლი დადგება და არც მგელი; ერიდეთ ისეთ საგნებს, რაც მხოლოდ გარედან ბრწყინავენ. დამერწმუნეთ, ბევრად უფრო ძვირფასია ის, რაც შინაგანი მშვენიერებითაა გაბრწყინებული. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანებზეც; ადამიანის სიცოცხლე იმ ხისას უნდა გავდეს, რომელიც მით მეტ ნაყოფს იძლევა,რაც უფრო მეტი ხნისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოჭრიან და ცეცხლში გადაუძახებენ; მოდაზე უაზრო მცნება ჯერ არაფერი გამიგია ქვეყანაზე. ჭეშმარიტ ფასეულობას ვერც მოდა დააკლებს რამეს, ვერც დრო და ვერც ამინდი. მოდის ცვალებადობა კი ადამიანის მერყევ ხასიათზე მეტყველებს; ადამიანები საკუთარი ხელით ჭედავენ თავიანთ მომავალს. უმრავლესობა ნატურალური თვითმკვლელია და მხოლოდ მცირე მათგანი აღწევს უკვდავებას; გენიალურია ის, რაც უბრალოა, ყველასთვის გასაგები და ლამაზად შესრულებული და არა ის, რაც ცოტა ვინმეს თუ ესმის და ბევრისთვის გაუგებარია; სხვადასხვა სარკეში ადამიანი სხვადასხვანაირად ხედავს საკუთარ გამოსახულებას და ჰგონია, სადაც ყველაზე ლამაზი ჩანს, ისეთი არის სინამდვილეშიც; სამწუხაროა, რომ ღმერთს ადამიანთა გადასარჩენად გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე სატანას - მათ დასაღუპად; სიკვდილი ისევე ძლიერია, როგორც სიყვარული. ისევე ვერიდებით სიკვდილს, როგორც ვუფრთხილდებით სიყვარულს, რამეთუ, ორივე შემთხვევაში, ვკარგავთ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს და საყვარელ ადამიანს; სხეულის სიამოვნებისაგან სული ღატაკდება და თვითგვემისგან მდიდრდება. ღატაკი სული მახინჯია ,მდიდარი კი - ლამაზი და მშვენიერი; ძლიერი ადამიანი საკუთარ სხეულს თოკავს და სულს ათავისუფლებს, სუსტი კი - სულს თოკავს და სხეულს ბილწავს; ათ სიკეთეს და ერთ ბოროტებას ისევ ერთი სიკეთე სჯობია; ყველაზე წმინდა აზრები ყველაზე უბრალო სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს; ნუ გააკერპებთ და არ გაუფასურდება; ნუ აღაზევებთ და არ დაეცემა; ნუ გააღმერთებთ და არ ისატანებს. სიმართლე მარად ერთადერთია - უზენაესი მხოლოდ ღმერთია!!! ადამიანები ღმერთს უფრო ხშირად მოწყალებას სთხოვენ, ვიდრე შეწყალებას. არადა მათთვისვე ბევრად სასარგებლო იქნებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო; გამდიდრებული ადამიანი იმდენად იცვლება, რომ უფრო სარწმუნოა, თითქოს სხვისი ტყავი გადაიკრა, ვიდრე ის, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, ვინც გამდიდრებამდე იყო; ჭეშმარიტი ქრისტიანი თავისი კეთილდღეობისთვის არაფერს სთხოვს ღმერთს, რადგანაც კარგად იცის, რომ უფალმა უწყის, ვის რა სჭირდება და მხოლოდ სხვებისთვის ლოცულობს. ფარისეველი კი ამას პირიქით აკეთებს; ადამიანი გვიან, ან ვერასოდეს ხვდება, რომ საბოლოო ჯამში, ღმერთზე ახლობელი და ძვირფასი არავინ ჰყავს ქვეყანაზე, არც ჰყოლია და არც ეყოლება არასოდეს; ადამიანი მაშინ კვდება, როცა ღმერთს ივიწყებს და არა მაშინ, როცა მიწაში ჩადებენ; ერთხელ გვაცდუნა ეშმაკმა, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ... ერთხელ გაგავაბრიყვა, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. ხუთჯერ... ერთხელ მოგვიტევა უფალმა, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ... ერთხელ გვასწავლა, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ... ერთხელ გაგვაფრთხილა, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ... სატანას საშინლად ვეზიზღებით, უფალს კი წარმოუდგენლად ვუყვარვართ... და მაინც ეშმაკისკენ მივილტვით. საოცრად უმადურები ვართ ადამიანები; ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა: რატომ მივმართავთ ღმერთს შენობით?... და საბოლოოდ ასეთი დასკვნა გამოვიტანე: იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია. სიყვარულს კი მრავლობითი ფორმა არა აქვს; არასოდეს ვეთანხმებოდი გამონათქვამს - "შიში შეიქმს სიყვარულსა" და მიკვირდა, როგორ შეიძლება, გიყვარდეს ის, ვისიც გეშინია. მონას არ უყვარს თავის ბატონი და გულში მის მიმართ ყოველთვის უდიდესი ზიზღი გააჩნია. ასე ვფიქრობდი, იმიტომ რომ ბევრად უგნური და უმეცარი ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ. მაგრამ უფლის წყალობით, ერთადერთი უზენაესი სიყვარულის – ღმერთის წყალობით, მივხვდი, რომ უფალი უნდა გიყვარდეს არა იმიტომ, რომ მისი გეშინია, არამედ ჯოჯოხეთის შიშის გამო. ადამიანმა რომ მცირედით მაინც იცოდეს, რა საშინელება ელის ჯოჯოხეთში, ისეთი ძალით შეიყვარებდა უფალს, რომ ვერავითარი ძალა ვერ ჩაუქრობდა ამ სიყვარულს. ამიტომ, ეს გამონათქვამი უფრო ასე იქნებოდა მართებული - "ჯოჯოხეთის შიში შეიქმს უფლის სიყვარულს."და, თუ ადამიანი გონიერია, მიხვდება, რაოდენ დიდი სიყვარულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ვევედროთ მას, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს მისი სიყვარულის ძალა და ნიჭი. დამერწმუნეთ, ეს არის ის ყველაზე მთავარი, რისთვისაც ვცოცხლობთ ამ მიწაზე; სამშობლო იგივე ოჯახია, ოღონდ ბევრად დიდი მასშტაბის და ბევრად მაღალი რანგის. თუ ოჯახის შეგინებას ვერ აპატიებ ვინმეს, სამშობლოს შეგინება მით უფრო არ უნდა აპატიო. სამშობლოს გულისთვის შეიძლება ოჯახი გაწირო, სამშობლოს ვერ გაწირავ ოჯახის გამო – არ უნდა გაწირო. სამწუხაროდ, ბევრს სამშობლო მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორია ჰგონია; იღბალი ბრმაა და ხშირად მისამართი ეშლება; ადამიანის სულს ისევე სჭირდება კვება, როგორც სხეულს, თორემ შიმშილისაგან დაუძლურდება და დაიღუპება. მისი საზრდელი უფლის სიტყვაა. როგორც სხეულს წყენს გადამეტებული კვება, რომელიც ამახინჯებს და აავადებს მას, ასევეა სულიც. თუ შეძლებთ, გაუფრთხილდეთ სულის წონას, არ გაგიჭირდებათ სხეულის კონტროლიც; დააფასეთ ადამიანები უფრო მეტად, ვიდრე ისინი ამას იმსახურებენ; ადამიანი იმდენად ინანიებს საკუთარ ცოდვებს, რამდენადაც ამის საშუალებას მას სინდისი აძლევს; როცა აღსარებას აბარებთ, არ გეგონოთ, რომ მოძღვარს ელაპარაკებით, იცოდეთ, ღმერთი გისმენთ. მღვდელს ბევრჯერ მოატყუებთ (თუ იკადრებთ, რა თქმა უნდა), ღმერთს – ვერასოდეს; უფალზე ფიქრით სიკვდილი ბედნიერებაა, უფლის სახელით სიკვდილი – ძალიან დიდი ბედნიერება, ხოლო უფლის სახელის გამო სიკვდილი – უდიდესი ნეტარება; პირით სინანულზე უმეტესი გულით სინანულია. მთავარი ის კი არ არის რას იტყვი, არამედ ის, თუ რას ფიქრობ გულში. უფალი მეტადრე გულს უფრო უსმენს, ვიდრე ენას; უფალი ყველასთვის ეწამა. ამიტომ, თავისი წილი უფალი ყველას ეკუთვნის; სანამ ცოცხალი ხარ ადამიანი, იმაზე უნდა იზრუნო, რომ საჭირო იყო სხვისთვის და არა ისე, რომ სხვები გჭირდებოდეს წარამარა. უფალიც ამას ელის შენგან. აწი გეუბნება კიდეც: „რაც გაუკეთე ერთ მცირეთაგანს, ის მე გამიკეთე“. სიცოცხლე მაშინ თავდება, როცა აღარავის სჭირდები; ადამიანებმა ხშირად ვიცით თქმა: ეს რომ ასე არ მექნა, ან ცოტა გვიან გავსულიყავი, ხომ ავცდებიო და ასეთები... და წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რამდენ ხიფათს და განსაცდელს გვაცილებს უფალი. ყველაფერი რომ ვიცოდეთ, ალბათ., გაოგნებისა და შიშისგან არათუ შეგვაჟრჟოლებს, შეიძლება, გონებაც დავკარგოთ; ქალის გულის მოგება ადვილია, სულისა – ნურას უკაცრავად; არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ნიჭი, ვიდრე სიყვარულის ნიჭია. სიყვარული ხომ თავად ღმერთია. განა, ღმერთზე ნიჭიერი ვინმე ან რამე შეიძლება იყოს? მარტო ის კი არ არის მთავარი, თუ რას გრძნობს გული, არამედ ისიც, თუ რას ფიქრობს თავი და რას ამბობს ენა. როდესაც ეს სამი ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან, ეს სრული ბედნიერებაა სულისათვის; გულს რად უნდა კარები? ის სულ ღია უნდა იყოს. ღმერთთან გულღია ადამიანები არიან. „გულს რად უნდა კარები? მას სჭირდება თვალები“... საკუთარ სინდისს ვერავინ ვერც მოატყუებს და ვერც მოისყიდის, რაც არ უნდა დაბინძურებული ჰქონდეს იგი – ვერც სიბრძნით განთქმული ადამიანი და ვერც უკანასკნელი გარეწარი. როგორც მამა გაბრიელი ამბობდა: “სინდისი პატარა ღმერთია“ ...და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ტუტუცი და უგუნური უნდა იყოს ადამიანი, ღვთის მოტყუება ან მისგან რაიმეს დამალვა რომ გადაწყვიტოს; სირცხვილი სინდისის შვილია. ასევე მისი შვილებია მადლიერება და სინანული. ადამიანს მოშივდება თუ არა, მაშინვე საკვებს მივარდება ხოლმე, რომ, რაც შეიძლება, სწარაფად ამოივსოს მუცელი და მოიკლას შიმშილი. მშიერი სულით კი ხშირად მთელი ცხოვრება დადის და არათუ დანაყრებაზე, ცოტაოდენი საკვების მიწოდებაზეც კი არ ფიქრობს. გიყვარდეს სხეული სულზე მეტად, ნიშნავს გიყვარდეს მკვდარი ცოცხალზე მეტად, ანუ სიკვდილი სიცოცხლეზე მეტად, ანუ სატანა ღმერთზე მეტად; სიცოცხლე ზრუნვაა ჯანმრთელობისათვის, დღეგრძელობისათვის, კეთილდღეობისათვის, სიხარულისათვის, ბედნიერებისათვის, საზრდელისათვის, შესამოსელისათვის, თავშესაფრისათვის და მრავალი სხვა სიკეთეებისათვის... ...ოღონდ ჯერ სხვა, ირგვლივ მყოფი ადამიანებისა, ნაცნობებისა და უცნობებისა... და მხოლოდ ამის შემდეგ – ბოლოს – საკუთარი თავისა; ცხოვრებაში არსებობს სიმართლე, რომლის თქმაც არ შეიძლება. სიმართლის თქმა ყოველთვის სიმამაცე, სიკეთე და სათნოება როდია. ხშირად ეს დიდი უტიფრობა, სიბრიყვე და უგუნურებაა; ღმერთმა ადამიანს მისცა ხრწნადი სხეული და უკვდავი სული. სხეული, რომელიც მიწად მიიქცევა და სული, რომელიც მარადისობაში გადავა. ადამიანი სხეულის მცირე ტკივილის განსაკურნებლადაც კი ცხრა მთას გადაივლის, სულის განკურნებისთვის კი, ხშირად, ორი ნაბიჯის გავლაც არ უნდა, რომ ღვთის ტაძარში შევიდეს, უფალს მადლიერებით მიმართოს და შეწყალება სთხოვოს. ადამიანს რომ სული, ანუ ცოდვები, ისევე სტკიოდეს, როგორც სხეული, საერთოდ არ გამოვიდოდა ღვთის ტაძრიდან და სამუდამოდ იქ დასახლდებოდა, მაგრამ, ვაი, რომ სულის ტკივილს ბევრი ვერ გრძნობს; მთელი ცხოვრება სიკვდილთან შესახვედრად მზადებაა; ყოველი წამი უფლის გარეშე დაკარგული სიცოცხლეა; არ არსებობს სიძულვილი, სიყვარულს რომ აღემატებოდეს. ყოველი ადამიანის სიცოცხლე იმდენად ფასობს, რამდენიც გაუკეთებია სხვა ადამიანების საკეთილდღეოდ. ყველა ცოდვიანი დღეები რომ ამოვშალოთ ცხოვრებიდან, დარჩება მხოლოდ ბავშვობა და სნეულების დღეები. აი, ეს არის ჩვენი ნადვილილი სიცოცხლე. მხოლოდ მაშინ მივხვდებით, ყოველი სნეულება რაოდენი წყალობაა ღვთისა. მეგობრობა ღვინო არაა, რომ ხანდაზმულობით ფასობდეს. ბავშვობის მეგობარი ყოველთვის კარგი მეგობარი არ გახლავთ. ნამდვილი მეგობარი ის კი არ არის, ვინც დიდხანს მოგყვება, არამედ ის, ვინც ბოლოს დაგრჩება. თუ ადამიანის თავმდაბლობის შემოწმება გსურს, მიაყენე მას შეურაცხყოფა და არა მხოლოდ მისი სიმდაბლის, არამედ მისი ამპარტავნების დონესაც გაიგებ. ადამიანები სოკოებს გვანან. ბევრი შხამიანია და მათთან მიკარება სახიფათოა. ზოგი იმდენად შხამიანი, რომ სიკვდიდლის გამოწვევაც კი შეუძლია. „ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო“. კი, მაგრამ ხშირად ბრიყვი მართალი გამოდგება ხოლმე, ცოლი და ქმარი კი ბრიყვები. ცოდვასთან ბრძოლა საკუთარ სხეულთან ბრძოლით იწყება, დაუნდობელი და სასტიკი. მხოლოდ სხეულის დამარცხებით იწყება ცოდვის დამრცხება. თუმცა, ეს საკმარისი არ გახლავთ. სხეულზე დიდი მტერი გონებაა, რომელიც ბრძანებებს აძლევს უსუსურ სხეულს და ისიც მორჩილად ასრულებს ყველაფერს. სხეულის დამარცხება შედარებით იოლია, გონების – უსაშველოდ ძნელი. კარგია, როცა საკუთარი სულის გადარჩენაზე ზრუნავ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების სულებისთვის ზრუნვაც, თუნდაც, ირგვლივ მყოფი ახლობელი ადამიანების სულებისთვის. განა, როგორ შეიძლება ქორწილში ბედნიერი იყო, როცა გვერდით საყვარელი ადამიანები არ გყავს და იცი, რომ ძალიან ცუდ დღეში არიან ?! კარგი მშობელი ყველაზე დიდი სიკეთეა შვილისა; კარგი შვილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა მშობლისა; კარგი დედმამიშვილი ყველაზე დიდი სიხარულია გულისა; კარგი რძალ-სიძე ყველაზე დიდი სიმშვიდეა სულისა; კარგი ნათესავი ყველაზე დიდი იმედია ნათესავისა; კარგი ცოლი ყველაზე მთავარი ღირსებაა კაცისა; კარგი ქმარი ყველაზე ძვირფასი სამკაულია ქალისა; კარგი ოჯახი ყველაზე დიდი სიმდიდრეა ადამიანისა; კარგი მეგობარი გულის სითბოა მეგობრისა; კარგი მეზობელი თვალის სინათლეა მეზობლისა; კარგი ადამიანი ყველაზე კარგი მოყვასია მორწმუნისა... კარგი ქრისტიანი კი – ეს ყველაფერია ერთად. "ნეტავ ერთხელ სიკვდილიც მოკვდებოდესო", გაგიგონიათ, ალბათ, ბევჯერ უთქვამთ. მეც ვინატრებდი, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველანი უფალთან ვიქნებით სასუფეველში. ადრე მეგონა, რომ სიცოცხლე სიკვდილთან ბრძოლა იყო. ახლა ვხვდები, რომ სიკვდილთან ერთად ცხოვრება ყოფილა. ყოველი ცოდვის წინააღმდეგ, ისეთი დაუნდობელი ბრძოლაა საჭირო, როგორც მომხვდური მტრის წინააღმდეგ სამშობლოს ყოველი გოჯი მიწისთვის. სხვანაირად სატანას ვერ დავამარცხებთ... და, რაც ყველაზე მთავარია, ამ ბრძოლაში უფალი ჩვენს მხარესაა, ხოლო გამარჯვების შემდეგ სული ზეიმობს და ღმერთი ბედნიერია. სინამდვილეში, სხვისთვის ზრუნვა არის სწორედ საკუთარ სულზე ზრუნვა. ეგოისტი ადამიანი სულს ვერ გადაირჩენს, არა მგონია. ბრიყვი და უგუნური ადამიანები თავად ავლენენ თავიანს სიბრიყვეს, არავინ ექაჩებათ ენაზე. სამწუხარო ის გახლავთ, რომ ამას დიდი ქედმაღლობით და სიამაყით აკეთებენ, რითაც კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურებიან. ზოგის სიცოცხლე მარადიული სიკვდილია და ზოგის სიკვდილი – მარადიული სიცოცხლე. ვისაც სულის ცხონება სურს, ჯერ საკუთარ სხეულს უნდა მოერიოს რეციდივისტი დანაშაულს იმიტომ კი არ სჩადის, რომ მას ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ სულსა და გონებაში აქვს გამჯდარი და არ შეუძლია სხვანაირად. მოიხდის სასჯელს და ისევ სჩადის. ცოდვისკენ მიდრეკილება ბევრად უარესია. ის თუ სულში გაგიჯდა, მისი მოშორება გაცილებით უფრო ძნელია. მას, სამწუხაროდ, პატიმრობით ვერ გამოისყიდი. სიმართლე ყოველთვის ჭეშმარიტებას არ ნიშნავს. ზოგჯერ სიმართლე ბინძურია და უნაყოფო. ჭეშმარიტება კი თავად უფალია – სუფთა და ანკარა. დარწმუნებული ვარ, მაიმუნს ღმერთი სწამს. აი, მისგან წარმოქმნილებს კი – არა. ბევრ ადამიანს თვალიც აქვს, ყურიც და გონებაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ხედავს, არც ესმის და ვერც აზროვნებს. ჯერ უფალია ადამიანისათვის და მერე ადამიანი ღმრთისათვის რაც უფრო მაღლა აიყვანთ ადამიანს ცაში, მით უფრო შორიდან დაგიწყებთ ყურებას. ციდან შორი ჩანს დედამიწა. გვერდით იყოლიეთ, ახლოს, ასე ჯობია. ან ერთად იფრინეთ ცაში, ან ერთად იარეთ მიწაზე. ერთადერთი, ვინც არასოდეს მიგატოვებთ - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს დაგივიწყებთ - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს გიღალატებთ - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს გაგიბრაზდებათ - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს გულს არ გატკენთ - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს უარს არ გეტყვით - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს ხელს არა გკრავთ - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს გაგიცრუებთ იმედს - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს დაგაყვედრებთ - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს ცუდს არ გაგახსენებთ - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს დაგიწუნებთ - უფალია; ერთადერთი, ვინც არასოდეს მოგიძულებთ - უფალია; ერთადერთი, ვინც ყოველთვის მოგითმენთ - უფალია; ერთადერთი, ვინც ყოველთვის მოგიტევებთ - უფალია; ერთადერთი, ვინც ყოველთვის გელოდებათ - უფალია; ერთადერთი, ვინც ყოველთვის ახლოსაა - უფალია; ერთადერთი, ვინც ყოველთვის ზრუნავს - უფალია; ერთადერთი, ვინც ყოველთვის განიცდის - უფალია; ერთადერთი, ვინც ყოველთვის მოგისმენთ - უფალია; ერთადერთი, ვინც ყოველთვის გაგიგებთ - უფალია; ერთაცერთი, ვინც ყოველთვის დაგაიმედებთ - უფალი ერთადერთი, ვინც ყოველთვის მოგწმენდთ ცრემლს - უფალია; ერთადერთი, ვისაც ყოველთვის გულში ყავხართ - უფალია; ერთადერთი, ვისაც ყოველთვის უყვარხართ - უფალია; ერთადერთი, ვინც ყველაზე ხშირად გვავიწყდება - უფალია... უგნურია ის, ვინც ამბობს, რომ კმაყოფილია თავისი ცხოვრებით და თავიდან რომ დაეწყო, არაფერს შეცვლიდა. ამპარტავანი, პატივმოყვარე ადამიანები აზროვნებენ ასე. რა ბედნიერებაა, რომ ადამიანმა წინასწარ არ იცის თავისი ცხოვრების გასავლელი გზა. ეხლა რომ უფალმა უკან დამაბრუნოს და ვიცოდე, რა მაქვს გასავლელი ცხოვრებაში, ალბათ გული ვერ აიტანდა ამდენს და დარდისგან მოკვდებოდა. მაგრამ თუ მექნებოდა შეცვლის უფლება, თითქმის მთელ ცხოვრებას შევცვლიდი და სულ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრებდი. მადლობა, უფალო, რომ ადამიანის გონებას ზღვარი დაადე. მან ისედაც ბევრი იცის და რაც მეტი იცის, მით მეტად აუბედურებს თავსაც და სხვასაც. რომ ვიცოდე, უფალი მომიტევებს ცოდვებს და მიმიღებს თავისთან, ნეტა იცოდეთ, რა მოუთმენლად დაველოდებოდი სიკვდილს და რა სიხარულით გავყვებოდი ღმერთთან, ამ უერთგულეს და უღალატო მეგობარს. სიკვდილის კი ნუ გეშინია, ადამიანო, არამედ უფალთან რითი წარსდგები, იმისი გეშინოდეს - ცოდვებთან ერთად რამე მადლი თუ მიგაქვს თან?! ისე ნუ განსჯი, როგორც შენ ფიქრობ, რომ მართალია; ნურც ისე, როგორც სხვა ფიქრობს; არამედ, დაფიქრდი და ისე განსაჯე, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე განსჯიდა. საკუთარი სიმართლით ჯიუტი და ეგოისტი, ამპარტავანი ადამიანები ცხოვრობენ; სხვისი სიმართლით - უჭკუო და ბრიყვი, უგნური მონები; გონიერი ადამიანი კი მხოლოდ უფლის ჭეშმარიტებით ცხოვრობს. თავისუფლება ჭეშმარიტებაშია!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი