იუდა


წყრომით, ზიზღით და აღშფოთებით ვფიქრობთ იუდაზე. ვინ იცის რამდენი წყევლა და გინება შეხვედრია ჩვენგან. ეს რა ჩაიდინა, როგორ გაყიდა იესო?! 
იუდამ ერთხელ გაყიდა უფალი, თუმცა ის ფული არც აუღია. დარწმუნებული ვარ, უყვარდა მოძღვარი. ვინ იცის, ალბათ სხვა მოციქულებთან ერთად დადიოდა და მრავალ კეთილ საქმესაც აღასრულებდა: გაჭირვებულებს ეხმარებოდა, სნეულებს კურნავდა და სხვა. ალბათ ასე იყო, ასე იქნებოდა, ისიც ხომ ერთი ათორმეტთაგანი გახლდათ. მერე კი...
მერე ნელ–ნელა სიხარბემ სძლია. ჯერ საერთო ფულის პარვა დაიწყო, ბოლოს კი უფალი გაყიდა 30 ვერცხლად. თუმცა დარწმუნებული ვარ, მან არ იცოდა, რომ იესოს ჯერ აწამებდნენ და მერე ჯვარზე გააკრავდნენ. ეს რომ სცოდნოდა, არასოდეს ჩაიდენდა იმას, რაც ჩაიდინა, დარწმუნებული ვარ ამაში.
საოცარია როგორც მისი ღალატი, ასევე სინანულიც. მან ვერ დაიტია ეს დიდი ცოდვა თავის თავში, იცოდა, ვერ იცხოვრებდა ამით და ყველაზე დიდი სასჯელით დაისაჯა თავი, როცა გააცნობიერა, რა ჩაიდინა და რა მოჰყვა მის საქციელს. ნეტა ვინმე თუ წარმოიდგენს, რა ხდებოდა მის სულში სიკვდილის წინ, რა ცეცხლი ენთო გულში, როგორ ნანობდა და განიცდიდა ჩადენილს, როგორ იტანჯებოდა? ალბათ ძნელია ეხლა ამის წარმოდგენა. თუმცა დარწმუნებული ვარ, იუდას რომ არ გაეყიდა უფალი, მას მაინც გააკრავდნენ ჯვარზე, მაინც მიაგნებდნენ. ის არ ემალებოდა არავის და არ გაურბოდა თავის ხვერდს, ჩვენს გამო, ჩვენი ცოდვების გამო რომ იტვირთა. ასე იყო ღმერთის მიერ ჩაფიქრებული და ასე უნდა აღსრულებულიყო.
ეს ყველაფერი რატომ გამახსენდა? იმიტომ, რომ მე არ ვიცი, რითი ვართ, ჩვენ რომელიმე, იუდაზე მეტი, რითი ვჯობივართ მას. მან ერთხელ გაყიდა უფალი და არც აუღია ღალატის საფასური, მიხვდა და იმიტომ. ჩვენ რამდენჯერ ვყიდით ყოველდღიურად, რამდენჯერ ვღალატობთ, ვინ მოთვლის ამას, რამდენჯერ ვაკრავთ ისევ ჯვარზე და ჩვენი ცოდვებით რამდენ ახალ ლურსმანს ვარჭობთ მაჯებში. თანაც, იუდასგან განსხვავებით, ვიცით, რა მოჰყვება ჩვენ ღალატს, რის ფასად უჯდება უფალს ყოველივე. არ მითხრას ვინმემ რომ არ იცის, რომ ვერ ხვდება ამას. აი, ამან დამაფიქრა. 
როცა იუდაზე მაღლა ვაყენებთ თავს, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, გვაქვს კი ისეთი სიყვარული უფლისა, როგორიც იუდას ჰქონდა? ან გვაქვს კი ისეთი სინანული ჩვენი ცოდვების გამო, ჩვენი ღალატის გამო, რაც იუდას ჰქონდა? ადვილია თითის გაშვერა და დადანაშაულება. მიმოიხედეთ ირგვლივ, რამდენი იუდა დადის, რამდენი გულგრილად, არხეინად ცხოვრობს. არავითარი სინანული რომ გააჩნია უფლის ღალატის გამო, თანაც არა ერთხელ, არამედ უამრავჯერ ჩადენილი ღალატის გამო.
განა იუდაზე უარესები არ იყვნენ ისინი, ვინც გაჰყვიროდა ჯვარს აცვითო? განა იუდა იყვირებდა ამას? ...და ნურავინ იტრაბახებს, რომ იქ რომ ყოფილიყო მაშინ, იგივეს არ იყვირებდა; რომ ისევე არ მოიქცეოდა, როგორც ის ადამიანები მოიქცნენ, ვინც, უფლის უამრავი სიკეთის საზღაურად, შიშის გამო ყვიროდა, ჯვარს აცვითო.
აი, ამან დამაფიქრა. რითი ვარ იუდაზე უკეთესი? – არაფრით. ათასჯერ უარესი ვარ, იმიტომ რომ ათასჯერ ვუღალატე უფალს, ათასჯერ ვაწამე ჩემი ცოდვებით და არც მაქვს ისეთი სინანული, როგორიც იუდას ჰქონდა, არ დავტანჯულვარ ისე, როგორც იუდა დაიტანჯა. იუდა გვიან მიხვდა, რაც ჩაიდინა. მე კი წინასწარ ვიცი, რაც მოჰვება ჩემს ღალატს და მაინც ვღალატობ და ვღალატობ უფალს წარამარა. ან მიყვარს კი უფალი ისე, როგორც იუდას უყვარდა?!
იუდა ერქვა იესოს ხორციელ ძმას, ღვთისმშობლის გერს, იოსების შვილს, რომელსაც ეკლესია უფრო იაკობის, ასევე იოსების შვილის, იერუსალიმის პირველი პატრიარქის ხორციელ ძმად მოიხსენიებს – ათორმეტ მოციქულთაგან ერთერთს(იგივე თადეოზი, იგივე ლებეოსი). 
იუდა ერქვა იაკობის(ისრაელის) შვილს, რომელიც ერთ–ერთი იყო იმ თორმეტთაგან, ისრაელის შთამომავლობა რომ ჩამოყალიბდა. სწორედ იუდას შტოდან იშვა დავითი, შემდეგ კი თავად უფალიც.
იუდა ერქვა მთელ ქვეყანას, როცა ისრაელიდან გახლდათ გამოყოფილი.
ამას იმიტომ ვახსენებ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. კრებითი სახელია იუდა, არა მარტო ერთი კონკრეტული ადამიანის. იუდებითაა ქვეყანა სავსე, იუდები ვართ ყველანი, ვინც უფალს ვაწამებთ და ჯვარს ვაკრავთ წამდაუწუმ.
...და ყველაზე გასაოცარი ის გახლავთ, რომ უფალს უზომოდ ვუყვარვართ მაინც – ისეთი სიყვარულით, წარმოდგენასაც რომ ვერ შევძლებთ ვერასოდეს. ჩვემ მას ვღალატობთ, მას კი ვუყვარვართ. განა ეს გასაოცარი არ არის? განა ჩვენ რომელიმეს გვიყვარს ჩვენი მოღალატე? განა ვპატიობთ რამეს?
მადლობა უფალს, რომ სინანულის, აღსარების და ზიარების საშუალება მოგვცა, გვაჩუქა გზა მისკენ, ცოცხალი წყარო მოგვმადლა. 
ეეჰ, იუდა, იუდა, გცოდნოდა ეს გზა შენც, ხომ მოინანიებდი და გადარჩებოდი?! უფალს შენც ძალიან უყვარდი და გაპატიებდა ამ ღალატს, ისევე, როგორც პეტრეს აპატია სამგზის უარყოფა, ისევე როგორც ჩვენ გვპატიობს ყველას უამრავ ღალატს ყოველდღე ჩადენილს, თუ ვინანიებთ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ვუყვარვართ ყველანი, იმიტომ რომ თავად სიყვარულია ღმერთი – უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარული, რომლის მსგავსიც არ არსებოს ქვეყანაზე არაფერი.
დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა!!!
შემიწყალე, უფალო, მე ცოდვილი და უღირსი, იუდაზე უარესი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი