ადამიანის ფორმულა


არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი აზრი ამეკვიატა და არ მასვენებს. რატომღაც ძალიან მომინდა ადამიანის ფორმულა შემედგინა თავისივე სახელისგან – ეგრეთწოდებული აკროსტიხის მეთოდით. ასე ვთქვათ, ლიტერატურულ–გრამატიკული მათემატიკური ფორმულა, თუნდაც მატრიცა, რაც გინდათ, ის დაარქვით.
მოდი, ჯერ დავფიქრდეთ, როგორი უნდა იყოს ადამიანი საერთოდ. ეს საკმაოდ ადვილია, უამრავი ეპითეტი შეიძლება ვიხმაროთ. 
ჩემის აზრით, ღვთის მიერ შექმნილი არსება, სულმდგმული, სულიერი უნდა იყოს: კეთილშობილი, მშვიდი, წყნარი, თავმდაბალი, მოსიყვარულე, მორწმუნე, კეთილი, სანდო, პატიოსანი, გულწრფელი, თბილი, ნაზი, უშფოთველი, უმწიკვლო, უღალატო, უანგარო, მიმტევებელი, ღვთისნიერი, მომთმენი, ქველმოქმედი, ერთგული...
მოდი, ეს ვიკმაროთ. თუ ამ ეპითეტებს გადავაადგილებთ, ჯგუფებად დავალაგებთ და თითოეულ ჯგუფს თითო სინონიმით შევცვლით, მივიღებთ ადამიანობის ასეთ მატრიცას:
თბილი, მოსიყვარულე, ნაზი ანუ ალერსიანი;
მდაბალი, მიმტევებელი, მომთმენი ანუ დამთმობი;
მშვიდი, წყნარი, უშფოთველი ანუ აუღელვებელი;
კეთილი, უანგარო, ქველმოქმედი ანუ მოწყალე;
სანდო, უღალატო, ერთგული ანუ იმედიანი;
ღვთისნიერი, მორწმუნე, კეთილშობილი ანუ ამაღლებული;
გულწრფელი, უმწიკვლო, პატიოსანი ანუ ნათელი;
არსება, სულმდგმული, სულიერი ანუ ინდივიდი.

ანუ მივიღებთ ადამიანის ასეთ ფორმულას:
ა ლერსიანი
დ ამთმობი
ა უღელვებელი
მ ოწყალე
ი მედიანი
ა მაღლებული
ნ ათელი
ი ნდივიდი

რა დიდებული ფორმულაა ადამიანის, რომელიც თავის მსგავსად და ხატად შექმნა უფალმა, არა? ოჰ, ეს დალოცვილი ქართული ენა...
რა თქმა უნდა, უკეთესი ფორმულის შედგენაც შეიძლებოდა. მე ასეთი გამომივიდა.
მაგრამ საკითხავი იცით რა არის?
ვართ კი ასეთები ადამიანები? 
ვართ კი საერთოდ ადამიანები?
...
...
...
მეტი არაა ჩემი მტერი :(
P.S. ხოდა დავდივართ ასე ქვეყანაზე ნახევარადამიანები, მეოთხედები, მეათედები, მეასედები და...საერთოდ ნულები.
მერე კი უფალს ვაბრალებთ ათას განსაცდელს და ბედის უკუღმართობას.
ვაი, ჩვენს თავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი