ლოცვა


ხშირად ვამბობ ხოლმე, ჯერ ხეირიანად ლოცვაც არ ვიცი მეთქი. ბევრს ჰგონია, ტექსტს ვგულისხმობ. ნეტა მართლა მასე იყოს და მხოლოდ ეს იყოს დაბრკოლება. ლოცვა ხომ ღმერთთან საუბარია. ჯერ მარტო ბოლომდე რომ ჩაწვდე ამას, შეიძლება გაგიჟდე კაცი. შენ –ცოდვილი, არარაობა, საერთოდ თუ წარმოადგენ რამეს, ბედავ და ღმერთს ესაუბრები. ბედავ, რადგან ასე დაგიწესა უფალმა, მოგცა უფლება დაელაპარაკო უზენაესს...და თუ შენ ამას მართლა ხვდები და გრძნობ, მაშინ შეიგრძნობ სწორედ, რა დიდი ბედნიერებაა ეს. როცა ცხელი ცრემლები ღაპაღუპით გცვივა და შენი ყოველი სიგლახე და ცოდვა გახსენდება; როცა იცი, რა უბადრუკი ხარ და ვის ელაპარაკები. მაშინ შეიგრძნობ სწორედ, რა ტკბილი ყოფილა ლოცვა. როცა ტირილის არ გრცხვენია, მითუმეტეს თუ მარტო ხარ. როცა იცი, რომ ეს ცრემლები ყველაზე წმინდა და უანგაროა; როცა სინანული გაწვალებს, მაგრამ ეს სინანული ტკბილია და ვერ ხსნი, რატომ. როცა გინდა, რომ ეს ცრემლები არასოდეს შეჩერდეს; როცა გინდა რომ ეს ლოცვაც არასოდეს დამთავრდეს. შეიძლება სულ ოდნავ, მაგრამ მაინც, ღმერთის არსებობას გრძნობ შენს სხეულში და უკვე ხვდები, რას ნიშნავს, რომ სასუფეველი თვით შენშია. არ ჩქარობ, არა. არ ფაციფუცობ, რომ დროზე დაამთავრო და შენს მიწიერ საქმეებს დაუბრუნდე; არამედ დგახარ მუხლდაჩოქილი ხატის წინ, თავჩაღუნული და ტირიხარ. თავჩაღუნული იმიტომ, რომ ხატის შეხედვისაც გრცხვენია, გეშინია, გერიდება, თვალს ვერ უსწორებ. იცი, რომ ხატი კი არა, უფალი გიყურებს. მთელი ყურადღება შენსკენ აქვს მომართული და ყურადღებით გისმენს, რას სთხოვ. კი არ მოითხოვ, სთხოვ. დიახ, ბევრი მხოლოდ მოითხოვს, უკან კი არაფრის გაცემა არ სურს. ეს არ არის ლოცვა. უფალი ჩვენი მოსამსახურე როდია –ჯადოსნური ჯინი – რომელიც ყველა სურვილს ასრულებს. ის მეუფეა ჩვენი, უზენაესი, უსაყვარლესი მამა, რომელსაც ისეთი ძალით ვუყვარვართ, წარმოდგენასაც რომ ვერ შევძლებთ ვერასოდეს. დგახარ ამ დროს მუხლებზე, ტირიხარ და გრცხვენია, რომ ასეთი უბადრუკი, ასეთი უგნური ასეთი ძალით შეგიყვარა და არ იცი, მადლობა რით გადაუხადო, როგორ დაუბრუნო სიყვარული. ამიტომაც ტირიხარ. მთელი სიცხადით შეიგრძნობ, რა მტანჯველი და ამავე დროს ტკბილი გრძნობაა სინანული და მადლიერება. სწორედ ეს უნდა უფალს შენგან, სწორედ ამას გთხოვს, სწორედ ეს არის ლოცვა. ვერც კი წარმოიდგენ ადამიანი, რა ბედნიერია უფალი ამ დროს. საოცარია არა? დიახ, უფალი ამ დროს ბედნიერია – ბედნიერია რომ შენ მას გრძნობ, ეძებ, ლოცულობ.
 ამიტომაც მიჭირს, ამიტომაც ვამბობ, რომ წესიერად ლოცვაც კი ვერ მისწავლია და პირველ რიგში ამას ვევედრები ღმერთს, რომ მისი სიყვარულის ძალა მომცეს, მომცეს ძალა ჭეშმარიტი ლოცვისა, მადლიერებისა და სინანულისა. 

 ღმერთმა ყველა გაგაძლიეროთ და ლოცვის ძალა და მადლი ნუ გამოგილიოთ ნურასოდეს !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი