მორატორიუმი


რამდენი სასწაული არ ხდება ქვეყანაზე. ხდება ომის დროსაც. ალბათ უფრო საგმირონი, მაგრამ არის კურიოზული და გასაოცარი შემთხვევებიც. არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, მე კი ერთი ასეთი ამბავი გამახსენდა:
გაგანია ომის დროს, ერთ სამხედრო მაღალჩინოსანს გულის სარქველზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპებოდა. მაგრამ უბედურება ის გახლდათ, რომ საბჭოთა კავშირში იმ დროს ასეთ ოპერაციებს ვერ აკეთებდნენ და მხოლოდ გერმანელ ექიმებს შეეძლოთ მათი გაკეთება. სტალინს, რომელიც ამ კაცს კარგად იცნობდა და უყვარდა, არ ემეტებოდა იგი სასიკვდილოდ და გიტლერს წერილი გაუგზავნა თხოვნით, გამოეგზავნა მოსკოვში გერმანელი ექიმები, რომლებიც ასეთ ოპერაციას ჩაატარებდნენ. გიტლერს თხოვნა გაუკვირდა, თუმცა უარი არ უთქვამს. ოღონდ მან უარი განაცხადა ექიმების საბჭოთა კავშირში გაგზავნაზე და პაციენტი ბერლინის კლინიკაში მიიწვია.
სტალინი მცირე ყოყმანის შემდეგ დათანხმდა და სანაცვლოდ გერმანელებს საბჭოთა ექიმების დახმარება შესთავაზა. გიტლერმა შეთავაზება მიიღო და მოსკოვში ერთერთი ფერდმარშალი გაგზავნა, რომელსაც თვალის გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა, რომ არ დაბრმავებულიყო. საბჭოთა თვალის ექიმები კი ყველაზე ძლიერები იყვნენ მსოფლიოში.
ყველაზე გასაოცარი აქ ის გახლდათ, რომ მთელი ფრონტის ხაზზე მორატორიუმი გამოცხადდა. რამდენიმე დღით ყოველგვარი საომარი მოქმედებები შეწყდა. ორივე მხრიდან მორატორიუმის დამრღვევის ადგილზევე დახვრეტის ბრძანება გაიცა...და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, არცერთი დარღვევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ორივე მხარემ უნაკლოდ შეარსულა მორატორიუმის პირობები.
4 დღით ომი გაჩერდა. ორივე მხარისთვის დასვენების დღეები დადგა. აქა იქ იყო გადაძახილები, ზოგან დაცინვები, ზოგან საუბრები, ვისაც მოწინააღმდეგის ენაზე ლაპარაკი არ უჭირდა. ერთ ადგილას საფეხბურთო მატჩიც კი მოაწყეს. აბა რა უნდა ექნათ 4 დღე მებრძოლებს, რომელთათვისაც იძულებითი არდადაგები გამოცხადდა. ადგილის მიტოვება არავის შეეძლო, ისე კი, დრო ხომ უნდა გაეყვანათ. პაციენტები საზღვარზე მშვიდობიანად გაცვალეს და დანიშნულების ადგილისკენ წაიყვანეს. აქ ყველაზე კურიოზული ის გახლდათ, რომ ოპერაცისს შემდეგ ეს ადამიანები ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა ომში დაღუპულიყვნენ, მაგრამ რამდენად საოცარიც არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, სასიამოვნი ის იყო, რომ უფლის მიერ ადამიანში ჩადებულმა კაცმოყვარეობამ, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ მაინც გაიმარჯვა და ასეთ მასშტაბურ და საშინელ ომს აჯობა.
ორივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმის შემდეგ ნაოპერაციევი ავადმყოფები საზღვარზე ისევ მშვიდობიანად გაცვალეს. 4 დღის შემდეგ კი ომი განახლდა.

P.S.
მომიტევე, მკითხველო! რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა, ეს მხოლოდ ჩემი სიზმრის ნაყოფი გახლავთ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო?
თქვენ მეტყვით – ეს სიზმარია, ტყუილიაო. ტყუილია, მაგრამ ხომ ლამაზია?..
...და რატომაც გადმოვეცი ეს ჩემი სიზმარი ამ პატარა ჩანახატის სახით, იმედია მკითხველი მიხვდება.
მე კი ასე დავამთავრებდი: „ომი საძირკველშივე საზიზღრობაა. მრავალი სიკეთის გამო თუნდაც ერთი ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვა ვერაფერი გამართლებაა. იქნებ ის ერთი ყველა ცოცხლად დარჩენილს ჯობია?

ღმერთმა დაგლოცოთ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი