სიზმარი
საოცარი სიზმარი ვნახე. არ ვიცი, რა იყო ეს, იქნებ არც იყო სიზმარი საერთოდ? დედამიწის ყველა მაცხოვრებელი ერთ კუბოს მიყვებოდა უკან. სულ მცირე მათგანი გლოვობდა და ტიროდა, უმრავლესობა კი სიცილ-კისკისით და სიმღერ-ხარხარით მიყვებოდნენ პროცესიას. ძალიან გამიკვირდა, ნეტა ვის მიასვენებენ, უმეტესობას რომ ასე უხარია მეთქი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გავიკვლიე გზა და კუბოს თავში მოვექეცი. საოცარია სიზმარი, ხან გარბიხარ და ფეხები უკან გექაჩება, ვერ დგამ ნაბიჯს, ხან კი ჩიტივით გაფრინდები სადაც გინდა და წამში აღმოჩნდები სასურველ ადგილას. ასე აღმოვჩნდი სწორედ მეც. ჯერ ცელი დავინახე, მერე შავი მანტია შევამჩნიე, ბოლოს სხვა ყველაფერი და მივხვდი, სიკვდილი მომკვდარიყო. გაკვირვებული მივჩერებოდი სიკვდილის ცხედარს და არ მჯეროდა, ნუთუ მართლა მომკვდარიყო? ეხლა კი მივხვდი, რატომ უხაროდა ამდენ ხალხს მისი სიკვდილი. თავიდან მეც გამიხარდა. აკი რამდენჯერ გამიგია ცხოვრებაში, ნეტავ ერთხელ სიკვდილიც მოკვდებოდესო... და აჰა, მოკვდა. მაგრამ ამ სიხარულში იყო რაღაც დაფარული, შემაშფოთებელი. ამაფორიაქებელი, თუმცა ჯერ არ ვიცოდი – რა. მერე დამშვიდებულმა და ჯერ ისევ სხვასავით გახარებულმა დავიწყე ფიქრი, რა მოყვებოდა სიკვდილის სიკვდილს და როცა ყველაფერი გავაანალიზე, ცივმა ოფლმა დამასხა, ჟრუანტელმა დამიარა სხეულში და კანკალი დამაწყებინა. ჯერ ის მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა სიკვდილი მომკვდარიყო, ის ხომ სული არ იყო? თავად სიკვდილი ხომ ადამიანის სიკვდილს არ ნიშნავდა, არამედ მხოლოდ სხვა სამყაროში გადაჰყავდა სული. ის ხომ გასაღები იყო, რომელიც სხეულისგან სულს ანთავისუფლებდა; ხიდი, რომელსაც ორი განშტოება ჰქონდა და სხვა სამყაროში გადაჰყავდა სხეულის ტყვეობისაგან განთავისუფლებული სული. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბევრისთვის სასურველი და სანატრელი, შვება და სიხარული. ეხლა კი... ეხლა რა იქნება? დავფიქრდი. ესე იგი, ვერასოდეს ვერცერთი სული უფალთან ვეღარ მივა. არცერთი ადამიანი აღარ მოკვდებოდა, დაბერდებოდა, მაგრამ არ მოკვდებოდა. მერე ისე დაბერდებოდა, რომ სხეული დაიწყებდა გახრწნას, ხორცი მოშორდებოდა ძვალს და რა დარჩებოდა ადამიანისგან? უკვე ვხედავდი, როგორ გადაივსო დედამიწა გახრწნილი და ამყრალებული მოსიარულე ნეშტებით. ისიც დავინახე, როგორ ღნაოდნენ ტკივილისგან გაწამებული და დატანჯული კიბოსგან და სხვა დაავადებებისგან შეპყრობილი ადამიანები. როცა სიკვდილის ჟამი ედგათ და არ კვდებოდნენ. სიკვდილი კი მოკვდა, მაგრამ ადამიანის ცხოვრება ხომ ძველი რეჟიმით გრძელდებოდა? იმ განსხვავებით, რომ სიკვდილი აღარ ანთავისუფლებდა გაწამებულ სულს სხეულისაგან და გრძელდებოდა ასე მარადიულად. იბადებოდნენ ახალი ადამიანები, იზრდებოდნენ, ბერდებოდნენ და ცოცხლად იხრწნებოდნენ, მაგრამ არ კვდებოდნენ. დედამიწა მოსიარულე გვამებით გადაივსო. ისევ გამაჟრჟოლა. გამახსენდა, როგორ ნატრულობენ ჯოჯოხეთში სიკვდილს და არ კვდებიან, ვერ კვდებიან, რადგან არ არის იქ სიკვდილი, არ არსებობს. განა იგივე არ იქნება დედამიწაზეც? ჯოჯოხეთმა დედამიწაზე გადმოინაცვლა. ეხლა მივხვდი, რატომ ტირიან ის ადამიანები, ვინც სიკვდილის კუბოს მიყვებიან უკან. მათ ესმით ეს ყოველივე და იმიტომ ტირიან. მეც ტირილი დავიწყე. არ მინდა ასეთი სიცოცხლე. წამიერი სიხარულის გამო მარადიული სიცოცხლის დაკარგვა არ მინდა. მირჩევნია ისევ ბევრჯერ გამამწაროს სიკვდილმა, მაგრამ უფალს ნუ განმაშორებს. დაბრუნდი სიკვდილო, ნუ მოკვდები მეთქი - დავიწყე მეც მოთქმა იმ მცირე ჭირისუფალთან ერთად, ვინც მართლა გულით გლოვობდა და სიკვდილის სიკვდილს განიცდიდა. ადამიანმა იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო, რომ მოკვდე, არამედ იმისთვის უნდა კვდებოდე, რომ მარადიულად იცოცხლო... და თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სიკვდილი ადამიანის მეგობარია და არა მტერი. სიკვდილი ხომ მხოლოდ ხორცის სიკვდილია და სულის სიცოცხლე... და თუ ის მოკვდა, მაშინ ხორცი იცოცხლებს და სული მოკვდება. მავანი მეტყვის, სიკვდილს რომ ჯოჯოხეთში მივყავართო? მე კი ვუპასუხებდი – სიკვდილს კი არა, საკუთარ ცოდვებს მივყავართ ჯოჯოხეთში და თუ უფალს განვეშორებით, ეს სიკვდილის ბრალი სულაც არ გახლავთ და ვერავინ ვერ დაგვიხსნის, თუ არა გულწრფელი სინანული და ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა. ხოლო უფლის მოყვარული ადამიანისათვის სიკვდილი სანატრელია და სასურველი, რამეთუ ყველაზე სანუკვარ არსებასთან, ღმერთთან მიჰყავს მისი სული. სხვა საქმეა, როდესაც გეშინია სიკვდილის, რამეთუ არ იცი, ხარ თუ არა უფალთან მიახლების ღირსი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვტიროდი სიკვდილის კუბოსთან. საოცარია, მაგრამ როგორც ძვირფას ადამიანს, ისე დავტიროდი ამ საძულველ და საზარელ სუბიექტს და მხურვალე გულით უფალს შევთხოვდი: –დააბრუნე ღმერთო სიკვდილი, ნუ გაგვიმეტებ დასაღუპად. თუ შენ ვერასოდეს გიხილავ, რად მინდა მეთქი ეგეთი სიცოცხლე? ერთ დღესაც ნუ მაცოცხლებ უშენოდ, უფალო!!! ის კი არ დგებოდა. იწვა გულხელდაკრეფილი მშვიდად და გაცოცხლებას არ აპირებდა. მხოლოდ ოდნავი დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე, თითქოს გვეუბნებოდა – ხომ ყველას გეზიზღებით და გეშინიათ ჩემი, ეხლა იყავით უჩემოდო... საოცარი სიზმარი ვნახე. არ ვიცი, რა იყო ეს, იქნებ არც იყო სიზმარი საერთოდ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი