ქრისტიანული არითმეტიკა
არითმეტიკას შევხედე ქრისტიანული თვალსაზრისით და საოცარი აღმოჩენები გავაკეთე ჩემთვის პირადად მიმატება და გამრავლება მომხვეჭელობასთან და სიხარბესთან ასოცირდება და სატანური მგონია, გამოკლება და გაყოფა კი – სათნოებასთან და ქველმოქმედებასთან და ღვთიური მადლია. უსასრულობა სატანისკენ სწრაფვაა, რასაც გამრავლება და მიმატება ძლიერ უწყობს ხელს, გაყოფა და გამოკლება კი 0 და 1–სკენ ისწრაფვის და ღმერთს უახლოვდება. რატომ? ეხლავე აგიხსნით. ღირსეული მშობელი ერთადერთი = ღ.მ.ერთადერთი = ღ.მ.ერთი = ღ.მ.1 = 1 ანუ ღმერთი არის 1. ადამიანი ანუ ღმრთისაგან ქმნილი = ღმრთისგან ქმნული = ქმნული = ქმ0 = 0. ესე იგი, ადამიანი არის 0(ანუ არარაობა, რასაც სავსებით ვეთანხმები) და რადგან, როგორც 0, მაინც არსებობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთის შექმნილია რათა ესწრაფოს 1–კენ, ანუ ღვთისკენ. განა დედამიწა დიდი 0 არ არის? სამგანზომილებიანი 0, ანუ ადამიანების დიდი ერთობა, ღვთისგან ქმნული, მაგრამ მაინც 0. ასეც არის – 0 რა რიცხვზეც არ უნდა გაამრავლოთ, მაინც 0 – ია. ნებისმიერი რიცხვი 1 და 0 – სგან შედგენილი, ჯამში მაინც 1 – ია. ანუ 1 და ნულები ნიშნავს ადამიანების ღმერთთან შერწყმას. 0 – ებს ჯამში 1 – ად აქცევს, ანუ ღმერთს ეზიარებიან, 1 – ს კი არც არაფერი ემატება და არც აკლდება, რამდენი ნულიც გინდა მიუმატე ან გამოაკელი, იმიტომ რომ ის ერთადერთია, უცვლელი და განუყოფელი, იმიტომ რომ ღმერთია. დააკვირდით, რაც უფრო მეტი 0 – ია 1 – თან, ანუ რაც უფრო მეტი ადამიანია ღმერთთან, რიცხვი უფრო სრულია, ანუ სრულყოფილი, უფრო სასურველი და იდეალური(10, 100, 1000, 1000000 და ა.შ. თან ყოველთვის ჯერ ღმერთია უწინარეს ყოვლისა და შემდეგ ადამიანები). ამიტომაც, ყოველი მიმატებისა და გამრავლებისას(ეს მოქმედებები პირველ რიგში ცოდვებზე ვრცელდება) ვშორდებით ღმერთს და ადამიანობას (1 და 0) და მივისწრაფით უსასრულობისკენ, ანუ სატანისკენ; ხოლო გაყოფით და განაწილებით(ანუ საკუთარი თავისთვის მოკლებით) ვშორდებით უსასრულობას, ანუ სატანას, და ვუახლოვდებით ღმერთს. ალბათ მრავალი ასეთი აღმოჩენის გაკეთება შეიძლება მათემატიკაში, ყველაფერი ხომ ღვთის შექმნილია ქვეყანაზე, მაგრამ ამჯერად ამაზე შევჩერდები. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და სრულებითაც არ ნიშნავს ჭეშმარიტებას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი