გჭირდები?!


ვინ იცის, რამდენჯერ გამიცრუე იმედი და დამწყვიტე გული? რამდენჯერ მომექეცი უგულოდ? გაიხსენე, რამდენჯერ მომატყუე –შემპირდი და არ შეასრულე სიტყვა. რა ხშირად მივიწყებ, სულ არ იყურები ჩემსკენ. არა და სულ მეუბნები, ყოველთვის დაგიჯერებო. არა, არ მიჯერებ. მიჯერებ კი არა, ხშირად საერთოდ არც გახსოვს ჩემი არსებობა. ასე გაწყობს და იმიტომ. ვინ იცის,რამდენჯერ გინატრია კიდეც, რომ საერთოდ გავქრე შენი ცხოვრებიდან და აღარასოდეს აღარ შეგაწუხო. მართლა გინდა ეს? მართლა გინდა წავიდე და მიგატოვო? განა შენ ის არ ხარ, შერცხვენილი და თავდახრილი ცხარე ცრემლებით რომ ტირიხარ ხოლმე ჩემს წინაშე და პატიებას მთხოვ? განა ის არ ხარ, ერთგულებას და მორჩილებას რომ მპირდები მუდამ? მეც სულ გიჯერებ და ვინ იცის უკვე მერამდენედ ვრჩები შენთან. არ შემიძლია ხელი გკრა, ვერ მიგატოვებ. შენ კი იცი ეს და ამას ბოროტად იყენებ. სულ ადვილად შემიძლია მიგატოვო და გადავიკარგო ცხრა მთას იქით. შენ კი იცხოვრებ ასე, უჩემოდ, არხეინად და უდარდელად. ეს გინდა? მაგრამ თავად ინანებ მერე და ძებნას დამიწყებ. მაინც ვერ გაძლებ უჩემოდ, თავადაც კარგად იცი ეს. ამიტომაც ვრჩები ჯერ კიდევ. გიყურებ, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლია მომაფურთხო და აბუჩად ამიგდო, გადამიარო და გადამთელო, დამცინო და დამამცირო. განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო არ ხარ. რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლის მერე ხომ საერთოდ ფეხებზე გკიდივარ. რომ გაგახსენო თავი, სიცილით გაიგუდები ალბათ.  მე კი ყველაფერს ვიტან და გელოდები,როდის მოხვალ გონზე. გაიხსენე, რამდენჯერ დამიჩოქე და ჩამივარდი მუხლებში – სულ შევიცვლები და ახალ ცხოვრებას დავიწყებ, არასოდეს აღარ გიღალატებ და სულ შენთან ვიქნებიო. არ მიმატოვო, დავიღუპები უშენოდო. გახსოვს ხომ? მერე და რატომ არ ასრულებ სიტყვას? რატომ მატყუებ ისევ და ისევ? მართლა რომ მიგატოვო, რა უნდა ქნა მერე? დაადებ თავს და უკანმოუხედავად გადავარდები ხოლმე ათას უბედურებაში. მე კი დაგსდევ უკან და გიყვირი – ნუ აკეთებ ამას, არ შეიძლება ასე. მომისმინე, დამიჯერე. ხომ იცი ცუდს არაფერს გეტყვი და მხოლოდ შენს სასიკეთოდ გეუბნები ყოველივეს. იცი ეს, განა არ იცი,მ აგრამ მაინც ისე იქცევი, თითქოს არ გაგეგონოს ჩემი ხმა. დაიყრუებ ხოლმე ყურს და დაიბრმავებ თვალს. ნუ უყურებ სხვას, როგორ ექცევა თავის...
გაიხედე, რამდენია ქუჩაში გადაგდებული – ზოგი დაკარგული და ზოგი მიტოვებული. გინდა, რომ მეც ასე ვიყო?
ვიცი, რომ ბევრი ტკივილი გადაგიტანია ჩემს გამო, მაგრამ ეს ისევ შენი ბრალია და მე ნუ გამამტყუნებ ამის გულისთვის. შენც ისევე ხარ ჩემი ტკივილი, როგორც მე – შენი. უნდა გიყვარდე. ისე ძლიერად და წრფელად უნდა გიყვარდე, როგორც დედა გიყვარს ან როგორც შვილი გიყვარს. ოღონდ ისიც იცოდე, რომ დედამ შეიძლება თვალი დახუჭოს ბევრ რამეზე და უთქმელად გაპატიოს. მე ასე ვერ მოვიქცევი, არ შემიძლია. ასეთი ვარ, ასეთი გამაჩინა ღმერთმა და ეს შენ კარგად იცი. თუ მთელი გულით და მთელი არსებით არ გიყვარვარ, მაშინ აზრი არა აქვს ჩვენს ერთად ყოფნას.
შენ თავზე იფიქრე და იზრუნე. იქნებ გრცხვენია, რას იტყვიან სხვები? იქნებ ამიტომ მამცირებ სხვის თვალში და უგულვებელმყოფ წარამარა? იცოდე, ის კი არ არის მთავარი,რას იტყვის ხალხი – მთავარია,რას იტყვის ღმერთი. კარგად დაიმახსოვრე ეს.
რატომ იქცევი ასე? ხომ იცი, რომ ვერ დამემალები მაინც? არ მოგასვენებ, არ მოგცემ შენს ჭკუაზე ცხოვრების უფლებას. ხომ იცი ეს? თუ არ გინდივარ, დავიკარგები და თუ გინდივარ, მაშინ მიიღე ჩემი პირობები და შეასრულე. სხვანაირად ერთად ვერ ვიქნებით, ვერ ვიცხოვრებთ შეხმატკბილებულად და სულ ჩხუბი და ომი გვექნება. მე კი ასე არ შემიძლია. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, მეც დავიღლები ერთხელ და ვეღარ გავუძლებ შენს გაუთავებელ თავგადასავლებს. რატომ ამაზე არ ფიქრობ?
ხან ისეთი გახდები, გაოცებული გიყურებ და მიკვირს, ეს შენ ხარ თუ არა – წყნარი, დამჯერი, პატიოსანი, მოსიყვარულე. გიყურებ ამ დროს და სიხარულისგან ადგილს ვერ ვპოულობ. რომ იცოდე, რა ბედნიერი ვარ ამ დროს. ვიცი, რომ მალე ისევ მომატყუებ და ისევ მიღალატებ, მაგრამ ასეთ წუთებში არ მინდა ამაზე ფიქრი. მინდა მჯეროდეს, რომ ამიერიდან სულ ასეთი იქნები – ჩემი ერთგული და მოსიყვარულე. მეც ბედნიერებისაგან გაბრუებული ვხუჭავ თვალებს და გენდობი.
მაგრამ...ეჰ, რა ხანმოკლეა ხოლმე ასეთი ნეტარება. გავიწყდება ისევ ჩემი არსებობა და ისევ ეშვები სიცრუის, სიძულვილის, ავსიტყვაობის და ათას სხვა ბინძურ ჭაობში. ვინ დათვლის, რამდენჯერ ამომითრევიხარ ასეთი წუმპედან, რამდენჯერ გადამირჩენიხარ, სიცოცხლის აზრი დამიბრუნებია შენთვის, აზრი და ხალისი მომიცია? მოგიყვე ყველაფერი, რაც ჩაგიდენია? სად დაიმალები სირცხვილისგან? მე სად დამემალები? ღმერთს სად დაემალები?შენი მადლიერება და სინანული კი ისევ ცოტა ხანს გრძელდება, მალე გავიწყდება ყველაფერი და იწყება ისევ თავიდან.მე კი ყველაფერი მახსოვს – ყოველი დეტალი, ყოველი წამი შენი ცხოვრებისა. არაფერი არ დამვიწყებია, არაფერი არ გადამიგდია. ყველაფერი შენახული მაქვს გულის სიღრმეში და სათუთად ვინახავ – კარგსაც და ცუდსაც. შენ ეს ძალიან კარგად იცი და გესმის, მაგრამ მაინც ისე იქცევი, როგორც იქცევი. განა არ იცი, რომ უჩემოდ არაფერს წარმოადგენ და არარაობა ხარ? იცი, მაგრამ მაინც არ მაფასებ.
მე კი უკვე ძალიან დავიღალე. ჩემი ძალები არ არის ულევი. მეც ვიხარჯები და ვდნები ნელნელა. ამიტომ კიდევ ერთხელ, უკვე საბოლოოდ გთხოვ, გემუდარები: მომაქციე ყურადღება, ჩამკიდე ხელი, რომ ერთად ვიაროთ.ნუ სარგებლობ მხოლოდ ჩემი უზომო სიყვარულით, შენც შემიყვარე ერთგულად, უღალატოდ და ნახე რა ბედნიერს გაგხდი. განა რა არის ადამიანის ცხოვრება, განა ამ ბედნიერებისათვის არ ხარ დაბადებული? განა არ გინდა მარადიულად ბედნიერი და გახარებული იყო?
ხოდა თუ გინდა, მაშინ დამიჯერე, რასაც გეუბნები და გამომყევი ერთგულად ბოლომდე. არცერთი ნაბიჯი არ გადადგა უჩემოდ, არცერთი წამი არ იცხოვრო ჩემს გარეშე და მაშინ ისეთ ბედნიერებას გაზიარებ, შენ რომ წარმოდგენაც არ გაქვს. ჩემს გარეშე კი გაუბედურდები და დაიღუპები. ნუ მკრავ ხელს და ნუ მიმატოვებ. ნუ დამკარგავ, ჯერ ისევ გჭირდები. ჩემი თუ არ გეშინია, ღმერთის მაინც არ გეშინია? ხოდა თუ გეშინია, მაშინ ისიც იცოდე, რომ მე პატარა ღმერთი ვარ. მე ხომ შენი სინდისი ვარ? არ დაგავიწყდეს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი