ამპარტავნება


ხშირად ვფიქრობ, რატომ ვართ ადამიანები ასეთი მრისხანე და დაუნდობელი ერთმანეთის მიმართ, რატომ არ გვაქვს მოთმინების, მორჩილების და მიტევების უნარი? განა ეს ასე ძნელია?

ერთი ექსპერიმენტი ჩავატარე. შედეგი წინასწარ ვიცოდი, მაგრამ მაინც: 
დავიყენე ჩემი პატარა შვილიშვილი წინ და რამდენჯერმე უმიზეზოდ დავუყვირე, ვეჩხუბე, დავტუქსე იმის გამო, რაც არ გაუკეთებია, ანუ ცილი დავწამე. მოკლედ, ძალიან უსინდისოდ მოვექეცი. მე მისი რეაქცია მაინტერესებდა. ხმა არ ამოუღია; შემომცქეროდა თავისი სუფთა, უმანკო თვალებით და ალბათ ფიქრობდა, ნეტა ისეთი რა ჩავიდინე, ბაბუა რომ ასე გავაბრაზეო.
ასეა ყველა ბავშვი. ზოგი თავს დახრის, ზოგი გაიქცევა, ზოგი იტირებს კიდეც, მაგრამ სიტყვას არცერთი არ შეგიბრუნებს (რა თქმა უნდა თუ განსაკუთრებულად ტუტუცი არ იზრდება). 
...და იცით რატომ? – იმიტომ, რომ მასში ამპარტავნება არ არის, არც მრისხანება, არც დაუნდობლობა, არც შურისძიება, არც...არც...არც...
მასში ბოროტება საერთოდ არ არის, მხოლოდ სინათლე და სიმშვიდეა; იმიტომ რომ ის ნამდვილი ანგელოზია – სუფთა და უმანკო. აი, რატომ ამბობდა უფალი, ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევაო მასში. ეხლა ჩემთვის მზესავით ნათელია, რას გულისხმობდა ჩვენი ტკბილი იესო.

ჩვენ? – სიტყვას არ დავუთმობთ ერთმანეთს და არათუ მშვიდად მივიღებთ საყვედურს, პირიქით, ისეთ შეტევაზე გადავალთ, ლამის თვალები დავკორტნოთ ერთმანეთს. ერთის მაგივრად ასს ვუპასუხებთ, სიტყვას კი არა ერთ ასოსაც არ ვაპატიებთ არავის, გინდაც ვტყუოდეთ.

"ცოლ–ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო" – ამბობს ანდაზა. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ არ უნდა ჩხუბობდეს ცოლი და ქმარი საერთოდ, მე ასე მგონია. ერთმანეთის სიყვარული პირველ რიგში თავგანწირვას ნიშნავს, დათმობას, მორჩილებას, სიმდაბლეს. მაშინ არც ჩხუბი იქნება არასოდეს და სიყვარულიც მეტად გაძლიერდება. თუმცა ასეთ წყვილებს ალბათ ზღაპრებში თუ შეხვდება ადამიანი. თქვენ გინახავთ სადმე?
ხოდა ცოლი და ქმარი თუ არ უთმობს ერთმანეთს, ისინი სხვას დუთმობენ რამეს? დაუთმობენ კი არა, ყელს გამოჭამენ ერთი სიტყვის გულისთვის, გალანძღავენ და გაათახსირებენ, მიწასთან გაასწორებენ და თვალს არ დაახამხამებენ. ზოგი დაასახიჩრებს და ზოგი მოკლავს კიდეც...
ცოლი და ქმარი აქ ფიგურალურად ვახსენე, თორემ ეს ეხება მშობლებს და შვილებსაც, და–ძმებსაც, ნათესავებსაც, მეგობრებსაც, მეზობლებსაც და საერთოდ – ყველას.

რა კარგად მესმის ახლა, ძალიან კარგად, თუ რატომაა ამპარტავნება ყველზე დიდი და საშინელი ცოდვა. როგორ ჭამს და ხრავს ადამიანის სულს, როგორ ბილწავს და ანადგურებს, როგორ აავადებს და შთანთქავს საბოლოოდ.

ღმერთო, რა ამპარტავანი ვარ. ნეტავ რა უნდა გავაკეთო, ეს საშინელი ჭირი რომ მოვიშორო სულისა და სხეულისაგან. ჯერ ვერ მიპოვია გზა. თქვენ? იქნებ მასწავლოთ ვინმემ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი