რა ჩემი საქმეა?!
რა საშინელი და მოუშორებელი ჭირი ყოფილა განკითხვის ცოდვა. ვერაფრით ვერ ვიშორებ თავიდან. მითუმეტეს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას რომ ვუყურებ, ქართულ არხებს და მავანთა ყელყელაობას. სკდება გული ამდენი უსინდისობისა და უსამართლობისგან და იწყებს ენა გაუთავებლად განკითხვას. ვერაფრით ვერ ვერევი თავს. განვიკითხავ მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან, შინ და გარეთ; განვიკითხავ ყველას, ვისაც ენა სწვდება. თუ ხანდახან ენის გაჩერება მოვასწარი, გულში მაინც მოძვრება ავ ფიქრებად. წლებია ვფიქრობ, რა მოვუხერხო ამ მოუშორებელ ჭირს? არც ლოცვა შველის, არც მარხვა, არც სხვა რამე. არ მეშვება ეს ოხერი და არ მანებებს თავს. ისე მაქვს სულსა და ხორცში გამჯდარი, როგორც საუკეთესო მეგობარი ან ძვირფასი ადამიანი. ალბათ ეშმაკიც ხარობს და სულშიც არხეინად მიზის განკითხვის დემონი. ხოდა ბევრი ფიქრის შემდეგ ასეთი აზრი დამებადა – მოდი, როდესაც განკითხვის დემონი ისევ შემომიტევს, თუ შევძლებ და ენა არ გამისწრებს წინ, სანამ რამეს ვიტყოდე, გავიფიქრებ – რა ჩემი საქმეა? – და დავაყოლებ: – უფალო შემიწყალე და შემეწიე! იქნებ ამ რამდენიმე წამის შემდეგ დამანებოს ამ წყეულმა დემონმა თავი? არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამ მეთოდით ამ საშინელი სენის დამარცხებას, მაგრამ რამდენიმეჯერ მაინც რომ გადავრჩე ამ ცოდვისგან, ეგეც ხომ საქმეა? „რა ჩემი საქმეას“ მეთოდი დავარქვი და იქნებ იმუშაოს? თქვენც იმიტომ გიზიარებთ ჩემს სადარდებელს, რომ იქნებ ვინმემ წარმატებით შეძლოს მისი გამოყენება, თუ მე ვერ შევძელი. ვინ იცის? სცოდავენ ადამიანები განუწყვეტლივ. გინდა თუ არა, ხედავ ამას, ვერ ითმენ და მოდის და მოდის ენიდან თუ გულიდან ათასი განმკითხავი აზრი, არადა რა ჩემი საქმეა? ვინც რას სცოდავს, თავად მოუვლის თავის ცოდვებს, მოინანიებს და მიეტევება, მე კი ვინ მეკითხება, რა ჩემი საქმეა? ჩემი ცოდვები ვიტირო არ მირჩევნია? ხოდა თუ ვინმე ამ ქვეყანაზე რამეს სცოდავს, რა ჩემი საქმეა? ღმერთო შემიწყალე და შემეწიე, გევედრები !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი