მე ვიცი
„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი...“ უთქვამს ერთ ბერძენ ფილოსოფოსს. მე კი მგონია, რომ ეს მხოლოდ სიტყვების ლამაზად თამაშია და მეტი არაფერი. შეიძლება უღმერთო ადამიანისათვის ეს ასეც იყოს და არც კი იცოდეს ამის შესახებ, როგორც სოკრატე ამბობს, მაგრამ არა ქრისტიანისთვის. რატომ? ამის დამტკიცება ძალიან იოლია: მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს ღმერთი სამსახოვანი, ერთარსება და განუყოფელი – სამება სრული, მოუკლებელი; მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ღმერთმა შექმნა ხილული და უხილავი სამყარო, რასაც ვხედავთ და ვერ ვხედავთ; მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ვარ ხატება ღმრთისა, ვიცი რომ უფალმა შემქმნა და ჩამბერა უკვდავი სული; მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უფალი ჩვენი ცოდვების გამო ჯვარს გაეკრა და ეწამა; მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ უფალი კვლავ მოვა დედამიწაზე და განსჯის მტყუანს და მართალს, ცრემლს მოსწმენდს ყველა მწუხარეს და მგლოვიარეს, ანუგეშებს ყველა ტვირთმძიმეს და საკადრისს მიუზღავს ყველა ცოდვილს, ვინც არ მოინანიებს. მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უფლის მადლით და წყალობით გვყავს უამრავი დიდი წმინდანი, ვინც უფლის სიყვარულისთვის თავი დადო და ეწამა, ვინც ჩვენი შემწე და მეოხია ღვთის წინაშე; მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ გვყავს დედა დედუფალი, ყოველთა შემწე და მეოხი, დედა ღვთისმშობელი, რომელიც ზრუნავს ჩვენზე და გვმფარველობს უფლის წინაშე; მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მყავს მფარველი ანგელოზი, ჩემი ტკბილი და ერთგული მეურვე, რომელიც ჩემთან ერთად გადის ჩემს ცხოვრებას და მიცავს მრავალი განსაცდელისაგან; მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ კიდევ ბევრი რამ ვიცი, რისი ცოდნაც ჩემმა ტკბილმა უფალმა მარგუნა. მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ უფალი, ღმერთი ჩემი უნდა მიყვარდეს ყველაზე და ყველაფერზე მეტად, იმიტომ რომ არავინ და არაფერი არის მასზე ტკბილი, სანუკვარი და საოცნებო. ხედავთ, რამდენი რამ მცოდნია? ამიტომ, მე – მართმადიდებელი ქრისტიანი – არასოდეს ვიტყვი ასეთ უაზრო და უგუნურ ფრაზას, რომ არაფერი ვიცი. მე შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი ყველაზე მთავარი – უფალს უზომოდ და უსაზღვროდ ვუყვარვარ. ისე ძლიერ და ისე წმინდად, რისი წარმოდგენაც არავის შეუძლია, რადგან უფალი ღმერთი თავად არის სიყვარული, უსასრულო და უკიდეგანო, მარადიული და საუკუნო სიცოცხლე და სიყვარული. ... და რომ ერთ დღეს, როცა უფალი ამას ინებებს, წარვსდგები მის წინაშე დიდი უღირსი და ცოდვილი იმ იმედით, რომ მისი სიყვარული ჩემს ცოდვებზე ძლიერი აღმოჩნდება და დამტოვებს მის გვერდით, მარადულად და სამუდამოდ; ხოლო თუ ჩემმა ცოდვებმა გადაძლიეს, მაშინ სული ჩემი წავა სამუდამო ცეცხლსა და გეენაში. აი, ეს ვიცი, თანაც ძალიან კარგად. ...და თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე მცდარია, მაშინ ვაღიარებ, რომ არაფერი ვიცი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი