ვიცი, ასე იქნება...
ვიცი, ასე იქნება... როცა მოვკვდები, კი, ნამდვილად ვიცი... ჯერ შეწუხდებიან, აუჰ, მომკვდარა საწყალიო, მართლა შეწუხდებიან, ზოგი თავსაც გააქნევს სინანულით, თუმცა გულის სიღრმემდე ალბათ ერთეულები თუ ჩაუშვებენ ამ სინანულს, რა თქმა უნდა ოჯახის წევრების გარდა. მერე სამძიმარზეც მოვა ბევრი – ნაცნობი თუ უცნობი, ვიღაცის ახლობლები, კოლეგები, მეზობლები და ბევრი სხვაც, ზოგმა სახელიც რომ არ იცის ჩემი. იქნებიან ისეთებიც, საუკუნე რომ არ გავხსენებივარ და კიდევ საუკუნე არ გავახსენდებოდი, რომ არ მოვმკვდარიყავი. მერე რა, ასეა საჭირო, „რას იტყვის ხალხის“ პრინციპით მოქმედებს ბევრი. ლამაზად ჩაცმულები, გამოწკეპილები მოვლენ. ხალხი იქნება, სირცხვილია. ყვავილებიც იქნება, გვირგვინებიც. აბა ისე როგორ? ვიცი, ასე იქნება... სასაფლაოზეც გამყვებიან, ჩემს სასახლესაც ბევრი შეუდგება; ზოგი თავსაც გამოიდებს ზედმეტი ტარებით, შეიძლება სულაც რომ არ მიცნობდნენ სიცოცხლეში, ისეთებიც. მიწასაც დიდი გულმოდგინებით მომაყრიან. მერე დაჯდებიან, სადღეგრძელოებს იტყვიან, როგორც საჭიროა ისე. რამდენს შემაქებენ დაუმსახურებლად, რას აღარ იტვიან ჩემზე. მრცხვენია, ნუ ცროუბთ. არ ვყოფილვარ ასეთი. ჩემსას ჩემი მშობლებისას მიაყოლებენ, ძმისას და ყველა იმისას, ვინც ცოცხალი აღარ მყავს... კი, ასე იქნება ყველაფერი, ვიცი უკვე. შვილები იტირებენ მთელი გულით, მეუღლე, ცოტაც შვილიშვილები და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ზოგი სულაც არ მოვა სატირალში, ან ვერ მოვა, მაგრამ გულით მიტირებს და მისი ცრემლები მოვა ჩემთან. იმას კი არ ვუყვარვარ უფრო მეტად, ვინც ცხედართან მოვა, არამედ იმას, ვისი სულიც ჩემის სულის ტკივილს შეუერთდება. მერე კი.. მერე ცხოვრება გაგრძელდება და მეორე დღეს ალბათ ბევრს აღარც ვემახსოვრები, თუ ქელეხში ზედმეტად მიღებულმა ღვინის "პახმელიამ" არ შეახსენა ჩემი თავი. რას იზამ, ბევრს გემრიელი ლობიო, ცოცხალი თევზი, ხაშლამა ან შილაფლავი უფრო დაამახსოვრდება, ვიდრე ის, ვის ქელეხში იჯდა საერთოდ. მე კი, სულ ახლახანს მომკვდარი გიყურებთ ზევიდან და მეცინება. არა, თქვენზე არა, ცხოვრებაზე მეცინება, სიმწრით და ტკივილით. რა არის ეს ცხოვრება, წამში გაქრება და აღარ ხარ. როცა სხვა მიდის, მაშინ ვერ აღიქვამ ამას სრულად. დაგწყდება გული, რა თქმა უნდა, ზოგზე მეტად და ზოგზე ნაკლებად, მაგრამ სიკვდილს მაინც ვერ აღიქვამ. გგონია, რომ ეს მას შეეხო ვიღაცას და შენ არ შეგეხება. ჯერ შორია იქამდე, რა საფიქრალი ესაა საერთოდ?! მიდის და მოდის ხალხი ჩემს სატირალში, მე კი ვუყურებ ამას ყველაფერს ზემოდან და არაფერი არ მიკვირს. ოჰ, როგორი ნაცნობია ეს ყველაფერი ჩემთვის. შემოვლენ დამწუხრებული სახეებით, წრეს დაარტყამენ ჩემს სასახლეს და გავლენ გარეთ. იქ კი... დიდი ხნის უნახავი ადამიანები ერთმანეთს მოიკითხავენ, დაწვრილებით გამოჰკითხავენ ერთმანეთს ოჯახის ამბებს. ვითომ ძალიან აინტერესებდეთ და მანამდე ვერ მოიკითხავდნენ ერთმანეთს, მე რომ არ მოვმკვდარიყავი. სახალისო ამბებსაც გაიხსენებენ, გაიცინებენ კიდეც, იხალისებენ ცოტას. რა მოხდა მერე, არ მწყინს. ვიცი,ასე იქნება... როგორ შეიძლება ძვირფასი ადამიანის სიკვდილი გიხაროდეს, თუნდაც წამით, მაგრამ მაინც ძალიან გახარებული ვიქნები იმით, რომ დედა არ არის ცოცხალი და არ მიყურებს მკვდარს, სასახლეში შარვალ–კოსტუმში საგანგებოდ გამოწყობილს. ეს მახარებს ყველაზე მეტად. რა საოცარია, ადრე არასოდეს მიფიქრია ამაზე, არც იმაზე მიფიქრია, რომ გამიხარდებოდა როდისმე, რომ დედა აღარ მყავს ცოცხალი, არც მამა. საოცრებებითაა სიცოცხლე სავსე. თუმცა მე ამის ფიქრის ბევრი დრო არ მექნება. გიყურებთ ჩემთან მოსულებს სამძიმარზე და ბევრი რამ გამახსენდება, კარგიც და ცუდიც. ზოგი სიყვარულის ცრემლებით ამივსებს თვალებს, მოგონებებში გადამაგდებს; ზოგისგან ალბათ გაკვირვებულიც დავრჩები, ეს რაღამ მოიყვანა თქო აქ. ასეა, როცა კვდება ადამიანი, ბევრი უცნაური რამ ხდება სინამდვილეში. როგორ ტირიან ჩემი ცოლი და შვილები, რა იციან, რომ ჯერ არ მოვმკვდარვარ მათთვის. ბევრჯერ გავახსენებ კიდევ თავს, ამას ისინი ჯერ ვერ მიხვდებიან, არ იციან და იმიტომ. მე კი ვიცი, ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რამდენჯერ მიტირია დედა და მამა მათი სიკვდილის შემდეგ. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო იყო გასული მათი გარდაცვალების შემდეგ. იქნებ უფრო მეტადაც მიგრძვნია, ვიდრე მაშინ, მიწაში რომ ვასვენებდი და გაბრუებული ვიყავი ნახევრად. ასე იქნებიან ესენიც, მერე, ძალიან გვიან მიხვდებიან ამას და მაშინ უფრო ეტკინებათ ჩემი არყოფნა, ვიდრე ეხლა, როცა ამდენი ხალხის გარემოცვაში ჩამდებენ ცივ სამარეში. ბევრჯერ გაახსენდებათ ყოველი სიტყვა, რითაც გული უტკენიათ ჩემთვის, ისე როგორც მე მახსენდება ჩემი მშობლების წინაშე ჩადენილი ყოველი დანაშაული, ყოველი მკვახედ ნათქვამი სიტყვა, ყოველი გულისტკივილი, რაც მათთვის მიმიყენებია და ლამის გასკდეს გული დარდისა და ტკივილისგან. თუმცა, როგორც მე არაფერი მახსოვს ჩემი შვილებისგან გულის სატკენი, ალბათ ჩემი მშობლებიც დაივიწყებდნენ ჩემგან მიყენებულ ტკივილებს, მაგრამ მე რომ მახსოვს, ის მტკივა, ის მატირებს და ეს აატირებთ ჩემს შვილებსაც მრავალი წლის შემდეგაც. ვიცი, ასე იქნება... გიყურებთ ზემოდან და იცით რაზე მწყდება გული? იმაზე რომ არ ტირიხართ, რაზეც უნდა ტიროდეთ, ის არ გტკივათ, რაც უნდა გტკიოდეთ. გიყურებთ და მინდა მთელი ხმით ვიყვირო, იმიტომ კი ნუ ტირიხართ, რომ ფიზიკურად აღარ ვარ, იმაზე იტირეთ, რამდენი ცოდვა მიმაქვს თან, რითი წარვსდგები უფლის წინაშე. თუმცა, თქვენ კი არაფერს გერჩით. ვიცი ეს ყველაფერი ძალიან კარგად, მაგრამ ვერ ვცვლი ვერაფერს. განა ასე არ ვიყავი მეც? ამიტომაც ვიცი, როგორც იქნება. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება. გიყურებთ ცოტა ხანს, თქვენი ცრემლები მატირებს მეც, გულს მიკლავს უსუსურობის განცდა, რომ ვერ განუგეშებთ, ვერ გაწყნარებთ. არადა იმას უნდა ვდარდობდე, რა მელის წინ. ვიცი, ასე იქნება... ის კი არ მატირებს, რომ აღარ ვარ, უფრო იმაზე მწყდება გული, რომ ვერ მოგეფერეთ ისე, როგორც საჭიროა, ვერ გამოვამჟღავნე ჩემი სიყვარული თქვენდამი. ვერ გითხარით ბოლომდე, როგორ ძალიან მიყვარხართ. ვერ დავაფასე, რა ძვირფასი ადამიანები მყავდით ირგვლივ. ვერ ვივარგე მამად, მეუღლედ, მეგობრად...საერთოდ ადამიანად. აი ეს მადარდებს ყველაზე მეტად. ვიცი, ასე იქნება... ეხლა, როცა ცოცხალი აღარ ვარ, კარგად ვიცი უკვე ერთი პატარა ჭეშმარიტება: „ადამიანი მაშინ კი არ კვდება, როცა თვალებს დახუჭავს, გული გაუჩერდება და მიწაში ჩადებენ, არამედ მაშინ, როცა აღარავის ახსოვს, როცა ყველას ავიწყდება“ ამიტომ, მეც გიყურებთ ზემოდან ცრემლიანი თვალებით და ვიცი, რომ არ მოვმკვდარვარ ჯერ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხედარს დასტირიხართ. როცა კი გამიხსენებთ, როცა კი სანთელს დაანთებთ ჩემთვის, ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ და ვცოცხლობ. მერე რა, რომ ვერ მხედავთ. არა აქვს მნიშვნელობა, სად ვარ. სანამ გახსოვართ, მანამდე ცოცხალი ვარ. ვიცი, ასე იქნება... ეხლა კი, სანამ საბოლოოდ გამასვენებთ, გიყურებთ ზემოდან და ნეტავ იცოდეთ, როგორ გულს მიკლავს თქვენი ცრემლები. ან რა სატირალი მე ვარ, მაგრამ გიყვარვართ და რას იზამთ აბა? მე კი, ისედაც ჩემი დარდის მქონეს, სხეულს გაყრილს, თქვენი ცრემლები უფრო მიკლავს გულს... და კიდევ ბევრჯერ მომიკლავს, როცა კი გამიხსენებთ და იტირებთ, რომ აღარ ვარ. ვიცი, ასე იქნება... რამ გამახსენა ეხლა ეს ყველაფერი? არ ვიცი. ვერ დავიძინე, დედა გამახსენდა ისევ, უკვე მერამდენედ ამტკივდა გული, მერამდენე ცრემლი წამოვიდა თვალებიდან. ისევ გამახსენდა, რამდენჯერ ვატკინე გული და ისევ ვინატრე, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს, რომ ჩავეკრა მკერდში და ვუთხრა, როგორ მიყვარს, ეხლა უფრო ათასჯერ მეტად, ვიდრე მაშინ, როცა ცოცხალი მყავდა, მოვეფერო და პატიება ვთხოვო ჩემი უღირსებისათვის. ამან დამაფიქრა ჩემს სიკვდილზეც, იმაზე, რამდენ ადამიანს უნდა ვატკინო გული, ძვირფას და საყვარელ ადამიანს, რამდენი ცრემლი უნდა ვადინო წლების მანძილზე და არაფერი შემიძლია შევცვალო, იმიტომ, რომ ვიცი, ასე იქნება... გასაოცარია, არც დავფიქრებულვარ ამაზე, რამ გამახსენა მაინცდამაინც ეხლა ეს ყველაფერი და რამ დამაწერინა... და უცებ გონება გამინათდა, ზეგ ხომ ჩემი დედის დაბადების დღეა. დიდება უფალო შენდა, საოცარია გზანი შენი. არაფერი ცუდი არ იფიქროთ, არაფერი მჭირს და არც სიკვდილს ვაპირებ. ჩემი გულისნადები გაგიმხილეთ მხოლოდ, მეტი არაფერი, თუმცა... თუმცა, როცა იქნება, მოვკვდები. ვიცი, ასე იქნება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი