ბედნიერება


არასოდეს დავფიქრებულვარ სერიოზულად, რა არის ბედნიერება. როცა სულს უხარია, ეს არის ბედნიერება, ეს ხომ ისედაც ცხადია. უბრალოდ, ან ხარ ბედნიერი, ან არა. ეს ხომ ასე იოლად გასაგებია?!

წუხელ დავფიქრდი სერიოზულად. უფრო სწორედ, თავად ამეკვიატა ამაზე ფიქრები. მაინც რა არის ბედნიერება?

ალბათ ყველა სხვადასხვნაირ პასუხს გასცემს ამ კითხვას. ზოგისთვის ბედნიერება ალბათ ხვავი და ბარაქაა, ზოგისთვის  ჯანმრთელობა, ზოგისთვის ოჯახი, ზოგისთვის სიცოცხლე და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბედნიერების ნაწილებია. ალბათ ასეთი ნატეხებისგან შედგება იგი. მაგრამ მთლიანად ნეტა როგორ შეიძლება ის აიხსნას? რა არის სრული ბედნიერება?
ამაზე ფიქრისას, პირველ რიგში, ბავშვები გამახსენდა. როგორ უზომოდ მიყვარს ჩემი პატარები. განა შეიძლება ამაზე დიდი ბედნიერება რამე იყოს? მერე მეუღლე და ოჯახი გამახსენდა, ჩემი შვილები, ესეც რა დიდი ბედნიერებაა, როცა გაქვს ეს ყველაფერი. მშობლები, ჩემი საწყალი მშობლები. რა ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ, როცა ისინი ცოცხლები მყავდა და ვერ ვგრძნობდი მაშინ ამას. რა საოცარია, თურმე ასეთი ბედნიერებაც არსებობს – ბედნიერი ხარ და არ იცი ჯერ, ვერ გრძნობ. როცა უბედურდები ადამიანი, მაშინ ხვდები, რა ბედნიერი იყავი მანამდე. ასეა ჯანმრთელობაც, სანამ არაფერი გაწუხებს ადამიანს, ვერ გრძნობ ბედნიერებას...და როცა რამე წამოგტკივდება, თუნდაც მცირედით და თუნდაც უმნიშვნელო, მაშინ ხვდები, რა ბედნიერებაა, როცა არაფერი გტკივა. 

ბედნიერებაა: სიკეთე, მადლი, წყალობა, მიტევება, ერთგულება და მრავალი სხვა. აღარ შეგაწყენთ თავს მათი სათითაოდ დახასიათებით.

ასე შეიძლება უსასრულოდ დავახასიათოთ ბედნიერების ნატეხები, ზემოთ რომ მოგახსენეთ; თვით სიცოცხლეც კი – ბედნიერებაა თავად სიცოცხლეც, რამეთუ ეს უდიდესი საჩუქარია უფლისა.

ასეა თუ ისე, მე სხვა რამის თქმა მინდა.
როგორ შეიძლება ამას ყველაფერს ერთად მოვუყაროთ თავი და ერთი სიტყვით ავხსნათ, რა არის ბედნიერება – სრული ბედნიერება?
რადგან როცა ეს ყველაფერი გაქვს, ალბათ ამაზე დიდი ბედნიერება აღარ არსებობს – როცა ადამიანს სანატრელიც არ გაქვს არაფერი.
რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ მაქვს ბოროტ და ხარბ ადამიანებზე, რომელთათვისაც, შესაძლოა, ბედნიერება ფულში იყოს, ან სხვა ადამიანების უბედურებაში და ასე შემდეგ. მე ჭეშმარიტ ბედნიერებაზე გესაუბრებით – ამაღლებულზე, ნამდვილზე, სუფთაზე.
ხოდა, ამაზე ფიქრმა ერთ მარტივ ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა, იმდენად მარტივზე და იმდენად გასაოცარზე, რომ დიდი ხანი გაოგნებული გახლდით.
... და როგორც კი გათენდა, გადავწყვიტე დამეწერა ამის შესახებ და ყველასთვის ხმამაღლა მეთქვა, რა დასკვნამდეც მივედი.

რამ გამახსსენა ეხლა ეს ყველაფერი? ჩემი პატარების მონატრებამ, უზომო სიყვარულმა, ჩემმა ოჯახმა, ძვირფასმა ადამიანებმა – ყველამ, ვინც მიყვარს და მენატრება; ჩემმა გარდაცვლილმა ახლობლებმა და ასე შემდეგ.
რატომ გვიყვარს ჩვენი პატარა ანგელოზები ასე ძალიან, ასე თავდავიწყებით, სულ ყველაფერს რომ გვავიწყებენ ქვეყანაზე? ...და მივხვდი: მათი სუფთა და ლამაზი თვალები, წყაროსავით ანკარა სულები –  უმანკო, უცოდველი, მართლაც ანგელოზები რომ არიან. მათი სიწმინდის გამო გვიყვარს ისინი, მათი უცოდველობის გამო.
კიდევ როდის ვართ ბედნიერი? როცა უზომოდ გვიხარია რამე არა? როცა გულში ნათელია – დიდი სინათლე, დიდი სიხარული.
ასევე დავფიქრდი ბედნიერების სხვა ნატეხებზე – სიყვარულზე – იმ უდიდეს გრძნობაზე, გულს რომ ეფინება; სიმშვიდეზე – როცა ყველა ძვირფასი ადამიანი კარგად გყავს და ბედნიერი ხარ ამით; სისუფთავეზე – როცა სუფთაა შენი სული და გონება...და მრავალი სხვა: შიშის არქონა, იმედი, რწმენა და სიყვარული, როცა ისეთი სიმშვიდე სუფევს სულში, რომ არაფრის არ გეშინია ქვეყანაზე – არც მომავლის, არც ავადმყოფობის და არც თვით სიკვდილისაც კი. როცა რწმენას, იმედს და სიყვარულს დაუსადგურებია მთელს შენს სხეულში, სულში, გულსა და გონებაში.
ბედნიერებაა, როცა შეგიძლია სიკეთე თესო ქვეყანაზე, მადლი და წყალობა გაიღო სხვა ადამიანებისათვის და სიცოცხლეც გაწირო, თუ საჭირო გახდება.
ბედნიერებაა, როცა შეგიძლია მიუტევო, როცა შენც მოგიტევებენ შენს შეცდომებს; როცა იცი, რომ რაც არ უნდა დააშავო, მაინც გაპატიებენ, თუნდაც ერთეული ადამიანები, თუნდაც უფალი.
განა ბედნიერებაა არაა, როცა გყავს ძვირფასი და ერთგული ადამიანები, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო უყოყმანოდ და დაუფიქრებლად ცხოვრების ყველზე მძიმე წუთებში?!
აი, ეს არის, ჩემის აზრით, სრული ბედნიერება.
...და ჰოი საოცრებავ, რა მარტივი და უბრალო ყოფილა ყველაფერი. აბა, შევაჯამოთ ეხლა ბედნიერების ეს 12 ძირითადი ნატეხი და რა გამოდის?
სიწმინდე, სისუფთავე, სინათლე, სიმშვიდე, სიკეთე, მადლი, წყალობა, მიტევება, ერთგულება, რწმენა, იმედი და სიყვარული. 
ეს ხომ ღმერთია, ასე უბრალო და ასე დიდებული; ასე გაბნეული ათასობით ბედნიერების ნატეხებში და მაინც სრული და ერთიანი.
დიახ, ღმერთია ბედნიერება, სრული ბედნიერება...და თან ისეთი ბედნიერება, რაც არ უნდა გაკლდეს, რაც არ უნდა გჭირდეს, რაც არ უნდა გტკიოდეს, მაინც ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ უფალი გყავს სულში...და როცა უფალი გყავს, იცი, რომ, ყოველთვის ბედნიერი იქნები შენს პატარებთან, ოჯახთან, ძვირფას ადამიანებთად ერთად, მოვა დრო და გარდაცვლილებთან ერთადაც კი... და ამასთან შედარებით ყოველივე მიწიერი ისეთი უმნიშვნელო და უფერული ხდება, რომ არც კი ღირს ფიქრი ამაზე. სხვა დანარჩენი ამაოა ყოველი.

აი, ამ არაჩვეულებრივ დასკვნამდე მივედი და გამიკვირდა კიდეც, რატომ არასოდეს არ მომფიქრებია ეს...და არც გამიგია ვინმესგან.

ბედნირება ღმერთია. დიახ, ასე მარტივად და უბრალოდ – ღმერთია ბედნიერება !!! 

ისიც კი ვიფიქრე, ლექსად ხომ არ დავწერო მეთქი ეს ყველაფერი. მაგრამ არა, ასე ჯობია. ლექსით ვერ ვიტყვი ასე ზუსტად და მკაფიოდ. თუმცა ვინ იცის, იქნებ მომავალში დავწერო კიდეც...

ბედნიერებას გისურვებთ ყველას !

ღმერთს გისურვებთ ყველას სულსა და გულში !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი