მამა


რატომ არ წერენ მამაზე ლექსებს?
ალბათ დედაა უფრო მთავარი;
მამა არ აფრქვევს ქალივით ცრემლებს,
მაგრამ გული აქვს შვილზე დამწვარი;

თითქოს მკაცრია, ერთი შეხედვით,
ცრემლს არ განახებს, მოგერიდება;
მაგრამ მამის გულს თუ შეეხები,
იგრძნობ დარდისგან როგორ ღვივდება;

მამის თვალები მზრუნველ ფიქრებად
ჩუმად, უთქმელად გვფარავს და გვიცავს;
...და როცა, ერთხელ, აღარ იქნება,
მდუღარე ცრემლით ვუსველებთ მიწას;

ეჰ, მამას აწი ვინ გამიცოცხლებს?
რა დამრჩენია, ვინატრო უნდა:
გავიმეტებდი უხმოდ სიცოცხლეს,
რომ ერთი წუთით მენახა თუნდაც;

სულ ერთი წუთით დამიდგეს გვერდში,
სულ ერთი წუთით მოვხვიო ხელი;
მერე ჩავემხო მის ძლიერ მკერდში
და პატიება ვევედრო წრფელი;

ეჰ, გვიანია სიტყვები ნაზი,
ის დამრჩენია, ვეფერო საფლავს;
სინანულს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი,
თუ მას გულწრფელი ცრემლებიც ახლავს;

მამა, მზადა ვარ სინანულისთვის,
შენი უძღები შვილი გპირდები:
აწ მე ვიზრუნებ შენი სულისთვის,
სანამ სიკვდილში გაგიფრინდები;

თუ დამიჯერებს უფალი ცრემლებს
და თუ ინებებს ოდესმე ამას;
ვით ბავშვობაში, შემოგხვევ ხელებს
და გეტყვი ისევ: მიყვარხარ მამა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი