მე ძალიან კარგი მამა მყავდა


ის სხვა იყო, სულ სხვა იყო მაინც,
და არავის, სულ არავის ჰგავდა;
მენატრება მე სიცოცხლე მისი.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

ბავშვი იყო, ბავშვი ვიყავ როცა,
გულში ჩაკრულს მაძინებდა მკლავთან;
მენატრება მე ზღაპრები მისი.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

გავიზარდე, გაიზარდა ისიც,
დავმეგობრდით, ყველაფერში მგავდა;
რა ვიცოდი, მე უგნურმა, მაშინ...
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

...და ყოველთვის ასე იყო მუდამ,
სანამ იყო, ჩემს სიცოცხლეს რწყავდა;
უკეთესი მე არ მედგა გვერდით.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

...და ერთხელაც, დამიბერდა მამა,
ვერ ვაჩნევდი, თურმე გული კლავდა;
მე კი ისევ მიღიმოდა მუდამ.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

მერე უცებ გაქრა, როგორც თოვლი,
ისე თბილი, მზის სხივებს რომ ჰგავდა;
გადამექცა ზღვა ცრემლების წვიმად.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

აჰა, მალე მეც დავბერდი ლამის,
მენატრება მამა, ცას რომ ჰგავდა;
ღმერთო ჩემო, როდის ვნახავ ისევ?!
მე ძალიან კარგი მამა მყავდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი