დიდება შენდა უფალო!


შენ მომავლინე ამქვეყნად, სული ჩამბერე უბრალო,
სიცოცხლის ღირსი გამხადე. 
                                                            დიდება შენდა, უფალო!

შენით თენდება დილა და მზეც შენ ამოგყავს უბადლო,
მთვარეს მიგზავნი ძილის წინ. 
                                                            დიდება შენდა, უფალო!

სრულყოფილი მაქვს სხეული, არ ვარ ყრუ–მუნჯი, უთვალო,
ვსუნთქავ, დავდივარ, ვსაუბრობ. 
                                                             დიდება შენდა, უფალო!

გული გრძნობებით სავსეა, წამი არ ქრება უკვალოდ,
სიყვარულს მჩუქნი ულევად. 
                                                              დიდება შენდა, უფალო!

რა იქნებოდა სიცოცხლე უგუშინდელოდ, უხვალოდ?!
დროც შენი საჩუქრია. 
                                                              დიდება შენდა, უფალო!

ამდენ სიხარულს რომ მჩუქნი უსასყიდლოდ და უვალოდ,
ვიცი, უზომოდ გიყვარვარ. 
                                                              დიდება შენდა, უფალო!

რა იქნებოდა ქვეყანა, უკაცოდა და უქალოდ?
ჩვენთვის შექმენი სამყარო. 
                                                             დიდება შენდა, უფალო!

რა ვიქნებოდით ნეტავი, უსისხლ–ხორცო და უძვალო,
ღმერთის ხატებად შეგვქმენი. 
                                                             დიდება შენდა, უფალო!

ღმერთო, რამდენჯერ შეგცოდე, შენ კი შემინდე უმალო,
ყველა სასჯელი მარიდე. 
                                                            დიდება შენდა, უფალო!

ჩვენი ცოდვები იტვირთე, ჯვარზე ახვედი უბრალო,
არ დაგცდენია აუგი. 
                                                            დიდება შენდა, უფალო!

რამდენი გტანჯეს გაწამეს, ღონემიხდილი, უძალო,
შენ დაითმინე ყოველი. 
                                                             დიდება შენდა, უფალო!

როგორ გწყუროდა სისხლდაცლილს, ჯვარზე გაწამეს უწყალოდ,
შენ მიუტევე მტანჯველებს. 
                                                             დიდება შენდა, უფალო!


ცოდვებით გტანჯავ, გაწამებ, შენი კი სულ მინდობ, სულ მწყალობ,
მოწყალე ღმერთო, კეთილო. 
                                                           დიდება შენდა, უფალო!

განსაცდელთაგან მიფარავ, ულევო და იდუმალო,
რამდენს ზრუნავ და მფარველობ. 
                                                           დიდება შენდა, უფალო!

ყველა ტკივილს რომ მიყუჩებ, შენ ჩემი სულის მკურნალო,
ჩემო შვებავ და იმედო. 
                                                           დიდება შენდა, უფალო!

როცა სიცოცხლე მორჩება, მე არ გავქრები უკვალოდ,
შენს სამსჯავროზე წარვსდგები. 
                                                           დიდება შენდა უფალო!

გულში კოცონად მინთიხარ, ცეცხლი დამინთე უალოდ,
დამატკბობელო სულისა. 
                                                           დიდება შენდა უფალო!

შენ ჩემს გულში ხარ მარადის და მე შენს სახელს ვუგალობ,
მიყვარხარ, ძლიერ მიყვარხარ.
                                                           დიდება შენდა უფალო!


ნეტავი შენთვის მაცოცხლა, მერე, გინდ, გავქრე უკვალოდ,
...და მოვკვდე შენთვის, ნეტავი. 
                                                         დიდება შენდა უფალო!

სამებავ განუყოფელო – ძლიერო, თავისუფალო,
დიდება აწ და მარადის. 
                                                        დიდება შენდა უფალო!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი