მე შენ არაფერს არა გთხოვ, ღმერთო


მე შენ არაფერს არა გთხოვ, ღმერთო, 
შენ მე მაჩუქე უკვდავი სული;
უფლის ხატად და მსგავსად შექმნილმა,
რა უნდა გთხოვო ამაზე სრული?!

შენ მე სიცოცხლე მაჩუქე უღირსს,
დავდივარ, ვსუნთქავ, მესმის და ვხედავ;
ვგრძნობ, მიხარია, განვიცდი, მტკივა,
ამაზე მეტი რა გთხოვო ნეტავ?!

მე შენ არაფერს არა გთხოვ, ღმერთო,
შენ მე მშობლები მაჩუქე თბილი, 
დებად და ძმებად მიბოძე ყველა,
რა უნდა გთხოვო ამაზე ტკბილი?!

მე შენ არაფერს არა გთხოვ ღმერთო,
შენ მე სამყარო მაჩუქე მარგი,
გასაოცრება ხელით უქმნელი,
რა უნდა გთხოვო ამაზე  კარგი?!

მე შენ არაფერს არა გთხოვ, ღმერთო,
შენ სიყვარულის მაჩუქე ხიდი;
ჩემი სიცოხლის აზრი და არსი,
რა უნდა გთხოვო ამაზე დიდი?!

მე შენ არაფერს არა გთხოვ ღმერთო,
შენ მე მაჩუქე ძე და ასული;
ნუთუ არსებობს ბედნიერება
უფრო დიადი, ცამდე ასული?!

მე შენ არაფერს არა გთხოვ, ღმერთო,
შენ პაწაწინებს, გვჩუქნი, ფერიებს,
როგორ გვიტკბობენ სულს და სიცოცხლეს,
როგორ გვითბობენ სახლებს, კერიებს;

მე შენ არაფერს არა გთხოვ, ღმერთო,
შენ მე სამშობლო მაჩუქე ტკბილი,
ულამაზესი სამოთხე უფლის,
რა უნდა გთხოვო ამაზე თბილი?!

ჩემი ცოდვები იტვირთე სრულად,
ჯვარზე ახვედი შენ – თავად ღმერთი;
ასეთი დიდი გაიღე მსხვერპლი,
რა უნდა გთხოვო ამაზე მეტი?!

მე შენ არაფერს არა გთხოვ, ღმერთო, 
მე შენს მადლსა და წყალობას ვხედავ;
რაც შენ მიბოძე უგნურს და უღირსს,
მეტი რა გთხოვო, ცოდვილმა, ნეტავ?!

როგორ გავბედო, მე, რამის თხოვნა,
შენა ხარ ჩემი სიცოცხლე, ბედი;
მე შენთან უნდა დავბრუნდე ისევ,
რა უნდა გთხოვო ამაზე მეტი?!

შენ – სიყვარულო უზენაესო,
უნეტარესო, უტკბესო ერთობ,
შენ ყველაფერი მომმადლე უკვე,
მე შენ ვერაფერს ვეღარ გთხოვ, ღმერთო.
***
…და თუ გთხოვ რამეს, ერთადერთ რამეს 
კვლავ – მოტევებას ცოდვათ ჩემთა,
რათა ეს შენი უძღები შვილი
ბოლოს მოვიდე, უფალო, შენთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი