შენ ლამაზი ხარ, როგორც...შენ
შენს მშვენებასთან მზეს დაუკარგავს თავის ელფერი, თვით ვარდთა კონა შენს სიტურფესთან არაფერია; ლექსს ვერ მოგიძღვნი, რადგან ისეთი, შენ რომ შეგფერის, მგოსანთა შორის ჯერაც არავის დაუწერია; ჯერ არ შექმნილა კიდით კიდემდე ტურფა ყვავილი, რომ შენი სახე სულ ოდნავ მაინც მას შევადარო; ან სად ვიპოვო შესაფერისი შენთვის მანდილი, თუნდ მუხლის ჩოქვით შემოვიარო მთელი სამყარო? მოგონილია ყველა სიტურფე და სილამაზე და თვით ზღაპარშიც ვერ მიპოვია შენი სწორია; მხოლოდ შენა ხარ ის ერთადერთი ამ ქვეყანაზე, ვისი მშვენებაც შენი სიტურფის თანასწორია; როგორ გავბედო, როგორ ვიკადრო შენი შექება? ეს უდიდესი მკრეხელობაა დასაგმობელი; მდაბიო მონა დედოფლის გვირგვინს ვერ შეეხება, გინდ მეფე გახდეს ასი ათასი ქვეყნის მფლობელი; მაგრამ, რას იზამ, თვით სიყვარული თავად ღმერთია, ჩემი გონებაც შენზე ფიქრებით დაბინდულია; ...და თუ ოდესმე შენზე ოცნება გამიბედია, გთხოვ, დამიჯერო, რომ დამნაშავე სიყვარულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი