25
25 წელიწადი ჩემს სიცოცხლეს ალამაზებ, შენ მასწავლე სიყვარული, შენ მასწავლე სილამაზე; შენით ვხარობ, შენით ვცოცხლობ, შენით თბება ჩემი გული, უშენობის ყველა წამი სიცოცხლეა დაკარგული; ჩემი თვალის სინათლე ხარ, ჩემი სუნთქვა, გულის ფეთქვა. ჩემი სულის ამინდი ხარ – ხან დარი და ხანაც სეტყვა; სანთელი ხარ უფლის ხატთან ჩემს სიცოცხლედ ანთებული, საუნჯე ხარ სითბოთი და სიყვარულით ავსებული; დღისით მზე ხარ მოცინარი, ღამით მთვარე გაბადრული, ახდენილი ოცნება ხარ და ლამაზი გაზაფხული; მთელი ჩემი სამყარო ხარ და სიცოცხლე დანარჩენი, შენ ხარ ჩემი ქალღმერთიც და ანგელოზიც შენ ხარ ჩემი; ცივ ზამთარში კოცონი ხარ ჩემს სხეულთან მოგიზგიზე, გაზაფხულზე მერცხალი ხარ ყვავილებთან მოკისკისე, ცხელ ზაფხულში მთის გულიდან მოდინარი ნაკადული, შემოდგომით ვენახი ხარ ოქროს მძივად დაქარგული; უფრო ძლიერ შემიყვარდი, უფრო მეტად დაგაფასე, მაპატიე, რაც ოდესმე გაწყენინე, გაგაბრაზე! გევედრები, შენს თვალებში სევდას ნუღარ დამანახებ, შენი ცრემლით გულს ნუ მატკენ, გთხოვ, ღიმილით გამახარე! დაე, მოვკვდე ტანჯვით, გვემით, ნურასოდეს გამიხარდეს, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე არ მიყვარდე; მიყვარხარ და მეყვარები, სანამ სუნთქვა შემიძლია, ქვეყნად შენზე სანატრელი არაფერი გამაჩნია; 25 წელიწადი ჩემი სულის კარები ხარ, დამიჯერე, ასე ძლიერ არასოდეს მყვარებიხარ; მილიარდში ერთადერთო, სანუკვარო ჩემო ქალო, ერთგულების, სიწმინდის და სიყვარულის დედოფალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი