ოღონდ


მე იმდენი განვიკითხე, განვსაჯე,
საქციელი ჩავიდინე უგვანო;
ყველა მძიმე განსაცდელით დამსაჯე,
ოღონდ უღირსს შემეწიე, უფალო!

ვიდრე ცოდვა მთელ ჩემს სხეულს გაუჯდეს,
ისევ მიჯობს, ყრუ ვიყო და უთვალო;
მირჩევნია, დავბრმავდე და დავმუნჯდე,
ოღონდ გული არ გატკინო, უფალო!

ვიცი, ბევრჯერ ურცხვად ზურგი გაქციე,
არ ვყოფილვარ უცოდველი, უბრალო;
რადაც გინდა, ღმერთო, იმად მაქციე,
ოღონდ შენთვის სათნო ვიყო, უფალო!

მძიმე ტვირთსაც სიხარულით ვატარებ,
ჩუმად ვივლი, თავდახრილი, უკვალოდ;
გინდ ყველაზე ძნელი გზებით მატარე,
ოღონდ შენთვის ვიცოცხლებდე, უფალო!

ვიდრე, ღმერთო, ინებებდე, ვიცოცხლებ,
დამიძახებ? – შენთან მოვალ უმალო;
სიხარულით დავთმობ თავად სიცოცხლეს,
ოღონდ შენთვის მოვკვდებოდე, უფალო!

გინდ მატარო აღმართებით ხვეულით,
ნაბიჯები გაქრეს ჩემი უკვალოდ;
თუნდ ნატანჯი, დაკაწრული სხეულით,
ოღონდ შენთან მოვიდოდე, უფალო!

ვინ მომიკლას, ღმერთო შენი წყურვილი?
ჩემს ნატვრაში მე შენს სახელს ვუგალობ;
გევედრები, ამისრულე სურვილი,
ოღონდ მარად შენთან ვიყო, უფალო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი