ნატვრა
ღმერთო ძლიერო, მომიტევე კადნიერება, გთხოვ, მომიტევო თავხედობა შეუდარები; ნუ განრისხდები, რომ გავბედე შენი ხსენება, უფლის სახელით გევედრები, გემუდარები; ვიცი, გაწუხებს დაუსრულებლად ბევრი ცოდვილი და შეგნატრიან მრავალ და მრავალ ბიწიერ სურვილს; ნეტავი იყოს ჩვენი ცხოვრება ისე მოვლილი, რომ მხოლოდ შენი სიყვარული გვიკლავდეს წყურვილს; მე არ შეგნატრი არც სიცოცხლეს მრავალწელიანს, არც ჯანმრთელობას, არც სიმდიდრეს და არც სიხარულს; მე არ მოვითხოვ ბედნიერებას და არც ვნებიან და საოცარი ნეტარებით სავსე სიყვარულს; მე თანახმა ვარ ვიყო გონჯი, ქვეყნის მასხარა, თვალუჩინარი, ყრუ და მუნჯი, კოჭლი, ცალხელა; სნეული ვიყო, კეთრი მაჯდეს გულზე ლახვარად, ქვეყნად ყველაზე უბედური მერქვას სახელად; როცა ჩამდებენ, შენი ნებით, ცივ სამარეში, მხოლოდ ამას გთხოვ, შემოგნატრი თვალდახუჭული: ერთი ადგილი მეც მომიძებნე შენს სავანეში, სასუფეველში მეც მომიჩინე ერთი კუნჭული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი