მინიპოემა – სიზმარი
უცნაურია სიზმარი, ხან ისეთ რამეს იხილავ, ცხადში რომ ვერ მოიფიქრებ, რაც არასოდეს გიხილავს; ხან დიდ ზღაპარში მოხვდები, ხან ცეცხლში ჯოჯოხეთისა, ხან იღვიძებ და იოცებ, ეს რა წყალობა გეღირსა; სწორედ ასეთი ვიხილე, ერთხელ, ცოდვილმა სიზმარი, მე მოგიყვებით და მერე თავად განსაჯეთ, მითხარით; ვერ დავივიწყებ ვერასდროს, რასაც გიყვებით ამჯერად, გულში მექნება მარადის, თუმც სიზმარია, არ მჯერა; ორი ნოემბრის ერთ ღამეს, გაბრიელ ბერი მესიზმრა, სულში ქარცეცხლი დამინთო, გული და გონი შემიძრა; მე მის საფლავთან ვიდექი, მცხეთის მადლიან მიწაზე, ის გვერდით მედგა, სულ ახლოს, ნათელი – მეტი მზისაზე; სულ არ მიკვირდა რატომღაც, არც მიფიქრია ამაზე, რად იდგა ბერი ჩემს გვერდით, თავის იდუმალ საფლავზე; სიზმარში გონსაც კი სძინავს, ბევრ სასწაულსაც ითვისებს, ... და მერე უკვირს დაბნეულს, როდესაც სრულად იღვიძებს; ასე ვიყავი თავადაც, გაოგნებული უზომოდ, გულდაწყვეტილი ჩემს თავზე დიდხანს ვიყავი უგონოდ; გაბრიელ ბერი მესიზმრა, ღირს მყო ასეთი მადლისა, მე კი, გონებაარეულს, არ მეყო გონი აღთქმისა; იქვე დანთებულ კანდელზე მითხრა, მიყვარსო ძალიან, ყველა იმ კანდელს ელტვოდა, კაცი იყო თუ ქალია; მისი ზეთიდან იმდენი ღვთიური მადლი სდიოდა, რომ სასწაულის მსურველი მრავალი მიმოდიოდა; როდესაც გამოვიღვიძე და გამოვედი სიზმრიდან, სხვა არაფერი მახსოვდა ასეთი ტკბილი ხილვიდან; როგორ მინდოდა, შემეგრძნო, უპირველესად ყოვლისა, ყოველი წამი, უბედურს, წმიდა მამასთან ყოფნისა; სინანულითღა შევთხოვე: „გაბრიელ, ტკბილო მამაო, მესიზმრე კიდევ ერთხელაც, გულს ნუ დამწყვიტავ ამაოდ; მაღირსე შენი ხილვა და გამათბე გრძელი სიზმრითა, რომ დავტკბე შენი მზერით და საუბრით შენით ტკბილითა; რომ გავიაზრო სრულიად შეგრძნება სიხარულისა, რამდენად დიდ მადლია შენს გვერდით ყოფნა სულისა; გთხოვ, გევედრები, ცოდვილი, ისმინე ლოცვა გულისა, გთხოვ დამესიზმრე ისე, რომ ვიგრძნო ეს მადლი უფლისა“... ...და ჰოი, გასაოცრებავ, საკვირველია, ღმერთმანი, ისევ მესიზმრა, მე ცოდვილს, დიდი მამა და წმინდანი; თხოვნა–ვედრება ისმინა, ჩემს გულში აფეთქებული, შემდეგ ღამესვე მოვიდა სიზმარში უფლის ცხებული; მზიანი დღეა, ნათელი, მახსოვს, მივდივარ მცხეთაში, გაბრიელ ბერი მომელის თავის პატარა სენაკში; გზაში საკვები მჭირდება, ვიცი დღე არის მარხვისა, ერთ ცალ ლობიანს ვყიდულობ და ზღვას წითელი ვაშლისა; მერე წმინდანის სენაკში, ვუყურებ ამ ერთ ლობიანს, მიკვირს ჩემივე სიძუნწე, ეს მე არ ვარ თქო, მგონია; ჩემთვის რომ საკვებს ვეძებდი(როდის რა დამნანებია?), გაბრიელ ბერსაც რომ უნდა, რატომ არ გამხსენებია? ცომი შუაზე გავტეხე, გაბრიელ მიზის გვერდითა, ვგრძობ, ნაწყენია წმინდანი ჩემი სულმოკლე ქცევითა; ნახევარს ვაწვდი უჩუმრად, ხმას ვეღარ ვიღებ ამავ დროს, სჯობს გამსკდომოდა მიწა და ეს არ მომსვლოდა არასდროს; ბერი ნახევარს იღებს და დიდ მაგიდაზე ათავსებს, მერე, ვით ქრისტე იესო, ერთისგან აქცევს ათასებს; მთა დადგა უცებ ჭერამდის ნახევარლობიანების, შევყურებ გაოგნებული...და მერე, მოგვიანებით, ოდნავ ნაწყენი კილოთი მომმართავს, როგორც მშობელი: „ეს არ არისო მთავარი, შენგან სხვა რამეს მოველი; არა მხოლოდა პურითა ცხონდების ადამიანი, არამედ უფლის სიტყვითა ყოვლითო, ღვთივმადლიანით“; თავი დავხარე, გავწითლდი, რა სიტყვა მეთქვა, რომელი? კვლავ ბევრი რამე არ მახსოვს, მისი ნათქვამი ყოველი; მერე გვერდიგვერდ ვისხედით, ვინ იცის, მითხრა რამდენი, ვერ დავიხსომე სიტყვები მისი ბაგიდან ნადენი; ბოლოს, ვით კაი მეგობარს, მე მას ლოყაზე ვაკოცე, პასუხად მანაც მაკოცა; ვთხოვე:– მამაო, დამლოცე ! ...და სანამ წამოვიდოდი, გულსავსე მადლიერებით, მივმართე მამა გაბრიელს, ზედმეტი კადნიერებით: –მე შენზე ბედნიერი ვარ, ჩემო უტბესო მამაო, –რათაო ვითომ?– მომიგო, ეგ გათქმევინა რამაო? –რადგან დიდ წმინდანს ვაკოცე, უდიდეს წმიდა მამასა, შენ კი, მამაო გაბრიელ, დიდ ცოდვილსა და გლახაკსა; გაეცინა და მომიგო: – შვილო, როგორა ცდებიო, ეგ სატრაბახო არ არის, ტყუილად ნუ ეცდებიო; მე ჩემი კოცნით ღვთის მადლი, წყალობა გადმოგეციო, შენი კი ცოდვები მრავალი, პატივი ეგრე მეციო; ხმა ჩამივარდა მე უგნურს, ეს რა სიტყვები გავიგე, ბერის ნათქვამი ამ გულში მარად სახსოვრად ჩავიდე; თავი დავხარე, უგნურმა, მან მხარზე ხელი დამკრა და... ჩემი სიზმარიც წამივით უცებ მორჩა და დამთავრდა; *** ნათლიავ ჩემო სულისა, მამავ, დემონთა მძლეველო, ჩემი სულის და გონების უფლისკენ მომაქცეველო; წმინდანო ჩვენო უტკბესო, უფლის ანგელოზს გადარებ, შენს სიტყვას გულში ვიმარხავ და სიკვდილამდე ვატარებ; *** ოთხი წლის შემდეგ სიზმრიდან, ორი ნოემბრის დილასა, ჩვილი გაბრიელ, ტაძარში, იღებს ნათელსა წმიდასა; შვილიშვილია ის ჩემი, ჯერ ანგელოზებს უმზერსო, შენ დამილოცე, მამაო, წმინდანო ჩვენო უტკბესო !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი