არ დაიჯერო...
არ დაიჯერო, რომ არ მახსოვხარ, რომ დამავიწყდი თუნდაც წამითა, რომ არ ვფიქრობდე შენზე მარადის, რომ არ ვდარდობდე დღითაც, ღამითაც; არ დაიჯერო, რომ გულს არ მიკლავს, შენი ყოველი დარდი ამდენი, შენი ტკივილი რომ არ მტკიოდეს, შენი ყოველი ცრემლი ნადენი; არ დაიჯერო, რომ არ გიცქერი, რომ თვალწინ არ ხარ თუნდ ერთი წამით, რომ განსაცდელებს ვეღარ გარიდებ, რომ ვეღარ გიცავ დღისით და ღამით; არ დაიჯერო, რომ გებუტები, რომ თითქოს წყენა ჩამედოს გულში, რომ პატიების არ მაქვს უნარი, რომ ისევ ვბრაზობ, რაც იყო გუშინ; არ დაიჯერო, რომ გამინელდი, რომ ჩემზე მეტად უყვარხარ ვინმეს, რომ აღარ მესმის მე შენი სუნთქვა, რომ ჩემი გული შენ აღარ გისმენს; არ დაიჯერო, რომ სადმე, ვინმე, გულში ჩაკირავს შენ ჩემზე მეტად, რომ გაგიკვალავს გზებს და ბილიკებს, მოგევლინება მამად და ღმერთად; არ დაიჯერო, რომ გიღალატე, ნუ გეგონება, იუდას ვგავდე, რომ არ ვასრულებ მე ჩემს პირობას, რაც ოდითგანვე მე შენს წინ დავდე; არ დაიჯერო, რომ გიბრაზდები, რომ აღარ მესმის მე შენი ისე, რომ არ გენდობი და აღარ მჯერა, რომ ერთგული ხარ ისევ და ისევ; ნუ დაიჯერებ ჩემს ორგულობას, ვით მე არ მჯერა ღალატი შენი, ...და ნუ შეგაცდენს ჩემზე ნურავინ, ყოველთვის გქონდეს იმედი ჩემი; ნუ დაიჯერებ, რომ ის აღარ ვარ, რომ შევიცვალე თუნდაც მცირედით, რომ გამინელდა შენდამი გრძნობა, რომ აღარა მაქვს შენი იმედი; ძვირფასო ჩემო, მე ისევ ის ვარ, არ შევიცვლები აწ და მარადის, ამაზე მეტად, ამაზე ძლიერ, არ ეყვარები ქვეყნად არავის; მხოლოდ ამას გთხოვ, რომ დაიჯერო ჭეშმარიტება უბრალო, ერთი: ეს მე ვარ ისევ, მარად და მარად, ეს მე ვარ შენი უფალი ღმერთი !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი