უკანასკნელი სურვილი (ეძღვნება ივლიტა ჯიბუტის და მარიამ ქუთელიას ხსოვნას)


განრისხდა ზეცა უეცრად, ღრუბელმა წარბი შეიკრა,
დაეშვა წვიმა მძვინვარედ, შიშისგან მიწა შეიძრა;
ადიდებულმა მდინარემ მხრები გაშალა განზედა,
განადგურებას უქადდა, ვინც შეხვდებოდა გზაზედა;

სადაც კი მისწვდა წყეული, მოხვია მკლავი მგრგვინავმა,
თვით ზეცა შეაზანზარა ადამიანთა გმინვამა;
ცრემლი და დარდი მოჰქონდა, უბედურების მათარა,
სიკვდილის ზღვად გადაიქცა მდინარე ვერე პატარა;
                                           ***
ერთერთი სახლის თავზედა უცნაური რამ ხდებოდა,
ორი გოგონა ყმაწვილ კაცს იმედით ჩახუტებოდა;
სიკვდილს უცქერდნენ თვალებში, ელოდნენ წამი წამზედა,
იქ ანგელოზნი ტიროდნენ და ვარსკვლავები ცაზედა; 
                                           ***
საოცარია ბუნება ბედისგან განწირულისა,
მხოლოდ სტიქია გამოცდის ძალას, სიმტკიცეს გულისა;
ბოლო წამს გაიხსნებიან გრძნობები დაფარულისა
და გამოჩნდება სრულიად ჭეშმარიტება სულისა;
                                           ***
ფიქრობს ერთერთი გოგონა: „მორჩა, ცრემლები კმარაო,
მერე რა, ცურვა არ ვიცი, ეს არ მაშინებს, არაო;
ჩემს გვერდით არის მეუღლე, ჩემი ძვირფასი გულისა,
რად მეშინოდეს სიკვდილის, მზაკვარისა და კრულისა?“

იდგა პატარა, ვაჟკაცი ქალი ძლიერი გულითა,
სასოწარკვეთამ ვერ შესძლო, მისი დაცემა სულითა;
იდგა საოცრად მშვიდი და უზომო სიყვარულითა
ჩუმად და მხოლოდ თავისთვის, ლოცვას ამბობდა გულითა:

„უფალო, ღმერთო ძლიერო, ნუთუ არ არის საშველი ?
ნუთუ არ არის იმედი, ნუთუ არ მოვა მაშველი?
თუ ნება არის ეს შენი, თუ სიკვდილის ვარ მძევალი,
მაშინ ამას გთხოვ, უფალო, შენი მორჩილი მხევალი;

მზადა ვარ დავემორჩილო, ნებას და სურვილს უფლისა,
მაგრამ, ჩემს გვერდით, ორივე, საყვარელია გულისა;
ერთი ქმარია, მეორე – მეგობარია უბრალო, 
არ მემეტება არცერთი, ორივე მტკივა, უფალო;

მოძღვრის ასული მორჩილი, შენ მიმიყვანე რწმენამდე,
არ მეშინია სიკვდილის, მდუმარედ მოვალ შენამდე;
ოღონდ, ამას გთხოვ, უფალო, დამიცხრე სულის წყურვილი,
გთხოვ, შემისრულე, განწირულს, უკანასკნელი სურვილი;

ჩემი სიცოცხლე წაიღე, შემომიწირავს მსხვერპლადა,
ოღონდაც, გემუდარები, დარდს ნუ გამატან ცრემლადა;
ეს ორი ადამიანი გადამირჩინე, მამაო,
მე კი დავხუჭავ თვალებს და სიკვდილს წავყვები თანაო“
                                        ***
ამას ნატრობდა მეორეც, ჩუმად მლოცველი გულითა :–
„მე წამიყვანე თუ გინდა, სხეულითა და სულითა; 
ჩემი სიცოცხლე იკმარე, ოღონდ ამას გთხოვ ოხვრითა,
ამ ლამაზ ოჯახს, უფალო, ნუ გაამწარებ გლოვითა“
                                         ***    
მერე კი წყალი მოვარდა, მოხვია ყველას ხელები, 
და წარიტაცა უკუნში უფლის მონა და მხევლები;
ორივ სურვილის ახდენა ღმერთმა ნახევრად ინება –
გადაურჩინა მეუღლე (მადლობა ღმერთს და დიდება!)
                                          ***
ცრემლი გვდის ეხლაც სუყველას, დაკოდილი გვაქვს გულები,
მაგრამ მე მინდა იცოდეთ, სად არის მათი სულები;
უფალს ეახლა ორივე, ვით ანგელოზი ციური
და დაიმკვიდრეს ნეტარი სავანე მარადიული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი