სიკვდილი
უცნაური ვნახე ერთხელ, მე ცოდვილმა, სიზმარი: ხალხი კუბოს ასვენებდა, ვკითხულობდი, ვინ არის? თვით სიკვდილი მომკვდარიყო, ფეხზე ვეღარ დგებოდა, იწვა მშვიდად კუბოში და სულ არ ენაღვლებოდა; ირგვლივ, ხალხი უამრავი, სიხარულით ყვიროდა, სულ არავინ არ დარდობდა, სულ არავინ ტიროდა; ჟრიამულით ასვენებდნენ, სიმღერებით ამავდროს, ხალხი, ასე ბედნიერი, არ მინახავს არასდროს; გამიკვირდა, ვეკითხები: – ასე რამ გაგახარათ? რაო, აღარ მოკვდებით და უკვდავები გამხდარხართ? თუ გგონიათ, ამის გამო ბედნიერი იქნებით? ცდებით, ხალხო, და ინანებთ, როცა ამას მიხვდებით; თუ სიკვდილი არ იქნება, თუკი აღარ მოვკვდებით, მაშ სიცოცხლე რისთვის გვინდა, ღმერთთან როგორ მოვხვდებით? იმ სიცოცხლეს რა ფასი აქვს, გინდ იცოცხლო მარადის, სადაც ღმერთი აღარ სუფევს, სადაც ღმერთი არ არის? ანდა, როცა დავბერდებით, ზეზეულად დავლპებით, ვინ მიგვიყვანს მერე ღმერთთან, რომელ ბილიკს გავყვებით? სალმობანი შეგვჭამს ყველას, სნეულება მრავალი, სად ვეძებოთ ხსნა და შველა, გზები ღვთისკენ მავალი? აღარ მინდა მეტი დავა და ზედმეტი სიტყვანი, სიკვდილია, სწორედ, ხალხო, ხიდი ღმერთთან მიმყვანი; უღმერთობას ვერ ავიტან, ეს მე სულ არ მიზიდავს; ან სიკვდილი გააცოცხლეთ, ან გავდივარ სიზმრიდან. *** ნუ მოკვდები შენ, სიკვდილო, ნუღა გარდაიცვლები, თორემ ღმერთთან ვინ მიმიყვანს, შენ თუ აღარ იქნები?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი