პოემა 1 – ვედრება


ეძღვნება შვილმკვდარ დედებს
                                                              ***
მამა გაბრიელ, რატომ გაჰყავს ღმერთს ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან?

ერთ სოფელში მორწმუნე ქალი ცხოვრობდა, მას შვილი გარდაეცვალა და ღმერთს შესჩივლა:
–მე შენი სიყვარულისთვის ყველაფერს ვიტანდი, რატომ დამსაჯე? იმ საღამოსვე დედას ხილვა ჰქონდა - ანგელოზებმა წარადგინეს უფალთან.
–რა გინდა, რასა მთხოვ? - ჰკითხა უფალმა.
–შვილი დამიბრუნეო - შესტირა ქალმა.
–გინდა შენი შვილი ნახო?
–დედა ვარ და მინდაო.
ანახეთ თავისი შვილიო, გასცა ბრძანება უფალმა. გაიხარა დედამ. ახლა აჩვენეთ მისი შვილი მე რომ არ წამეყვანა, რას ჩაიდენდაო, ეკრანზე ხედავს დედა თავისი შვილის ჩადენილ ცოდვებს, რაც ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩააგდებდა. ქალმა ტირილი დაიწყო და სთხოვა უფალს:
–დააბრუნე ჩემი შვილი ისევ სამოთხეში.
მაშინ უფალმა უთხრა:
–შენი სიყვარულისა და სიკეთისათვის წამოვიყვანე შენი შვილი და ჩემს გვერდითა მყავს. მე არ ვიცი, ვინ როდის უნდა წავიყვანო ამ ქვეყნიდან?

                                                                 ***

„დიდ ხარ შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი, და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ” 

                                            ***
დიდება ვუთხრათ მამასა, ცაბაოთ ღმერთსა ციურსა,
ტკბილსა იესოს უკვდავსა, ძეს ერთადერთსა ღვთიურსა,
მაცხოვნებელსა ნათელსა, სულსა წმიდასა მზიურსა,
სამებას ერთარსებასა და ღმერთსა მარადიულსა;

დიდება ვუთხრათ ღვთის ტაძარს, ნაგებს რწმენითა ნათლითა,
ნაკურთხს და გაბრწყინებულსა თვით სულიწმიდის მადლითა,
ყოველსა მისსა მშვენებას ფრესკებითა და ხატითა,
მოწმეს მრავალთა გოდების ხელში ჯვრითა და სანთლითა;

დიდება ვუთხარათ წმინდანებს მეოხსა ჩვენი გულების,
უფლისთვის თავდადებულთა და შემწირველთა სულების;
ო, ღმერთო, რარიგ ტკბილია შენთვის სიცოცხლის გაღება,
რა ნეტრია, ვისაც კი შენს გამო ერგო ერგო წამება;

ვინ დაითვალოს უფალო, ცრემლი ადამის მოდგმისა?
ვინ დაითვალოს შედეგი უღმერთოების, ცოდვისა?
ვინ დაითვალოს ცოდვილნი, შენი წყალობის მდომისა,
გულის სიტყვანი ყოველთა შენი ხატის წინ მდგომისა?

შენ შემოგნატრის, უფალო, გაჭირვებული ყოველი,
შენი ხატის წინ მდგომარე მავედრებელი, მთხოვნელი;
ო, რარიგ ბედნიერია სულისა უარმყოფელი
და მის სანაცვლოდ ღმერთისა ჭეშმარიტისა მპოვნელი.
                                             ***
აგერ ტაძარში ქალი დგას, ხატებთან ატირებული,
თვალს ვერ უსწორებს სიწმინდეს, თავი აქვს ჩაკიდებული,
ცრემლი უსველებს ბაგეებს, სველ მარგალიტთა კრებული,
თქმა უნდა, მაგრამ ვერ ამბობს, გული აქვს დამძიმებული;

ხმის ამოღებას ვერ ბედავს, ოხრავს ფიქრებში წასული,
გულმოსაკლავად ქვითინებს, რომ ახსენდება წარსული;
ნეტავ რა დარდმა დატანჯა, ეს შავოსანი ასული?
ნეტა რა ტკივილს გვიმალავს მისი სხეული და სული?

მოკრძალებულად ქვითინებს, ცდილობს დაიხშოს ტკივილი,
მაგრამ ტაძარში ქალის ხმა, გაისმის როგორც კივილი;
თითქოს კედლებიც კვნესიან, თუმცაღა ბევრი ითმინეს,
თითქოს ამ ქალის შემყურე მთელი ტაძარი ქვითინებს;

ასეა ტაძრის კედლები, ჩუმად ვერ იტყვი ვერაფერს,
ვერც ცრემლს დააფრქვევ უჩუმრად, მაინც ისმენენ ყველაფერს;
ერთი ათმაგად გაისმის, სუნთქავს შიგ ფრესკა ყოველი.
მარტო ტაძარი კი არა, სულია ცხოველსმყოფელი;

ხატებს შევყურებთ იმედით, სანთლებს მიმოვფენთ ლოცვებად,
ტაძარმა იცის ყოველი დარდი, ფიქრი და ოცნება;
ფრესკებს გულის ხმა ესმით და დამალულ ცრემლებს ხედავენ,
ტირილი უნდათ თავადაც, მაგრამ თქმას ვერა ბედავენ;

აგერ, ეს ქალი საბრალო, უკვე რამდენი ხანია,
კვნესის და მოთქვამს ხატებთან, ტირის ვერ გაუხარია,
მძიმე განსაცდელს მის თავზე დატეხილს ვერ მორევია,
დარდისგან თმაში უდროოდ  ჭაღარა შემორევია;

შვილი მოუკლეს საბრალოს, ხელიდან გამოაცალეს,
ქალს თითქოს მკერდი გაუპეს და გული ამოაცალეს,
დაკარგა აზრი სიცოცხლემ, უაზრო გახდა ყოველი
და ეხლა დადის ტაძარში და პასუხს ღვთისგან მოელის;

საოცარია ბუნება ადამიანთა მოდგმისა,
ღმერთი არ ახსოვს მხიარულს, როცა ჟამი აქვს ტკბობისა,
განსაცდელს როგორ იგუებს? მხოლოდ სიხარულს მოელის;
ისიც კი დავიწყებია, რომ ღვთისგანა აქვს ყოველი;

მაგრამ თუ მაინც მოვიდა სევდა, ტკივილი, იარა,
თუ განსაცდელმა ვინმესთან ოჯახში შემოიარა,
თავს არ იმტყუნებს არავინ, ეს კაცია თუ ქალია,
უფალს ვამტყუნებთ ყველანი, აბა ჩვენი რა ბრალია?

დღედაღამ ხორცზე ვზრუნავთ და არ გვახსოვს სულის ცხონება,
გართობა–დროსტარებაში გაგვყავს უაზროდ ცხოვრება,
ეშმაკნი შემოგვსევიან, რქებით, კლანჭებით ეშვებით
და ჩვენც ცოდვების ჭაობში დაუფიქრებლად ვეშვებით;

მაგრამ როდესაც დრო მოვა, პასუხი გავცეთ ვალებზე,
როცა ერთხელაც სასჯელი მოგვიკაკუნებს კარებზე,
მაშინ ვიხსენებთ უფალს და სხვას ვეღარ ვფიქრობთ ვერაფერს
და ჰოი გასაოცრებავ, თვით ღმერთს ვაბრალებთ ყველაფერს;

მაშინ დავდგებით ხატის წინ, ვით უცოდველი კრავები,
ცრემლებს დავაპნევთ გულითადს, არ გვებრალება თვალები,
შევჩივლებთ ტკივილს შემოქმედს, თან საყვედურსაც გავურევთ,
ტყუილს და მართალს ჩვენს თავზე ერთურთში ურცხვად ავურევთ;

იცით რა არის საოცარ–გასაკვირველი ყველაზე?-
ცოდვის მორევში ჩაფლულნი, რატომ არ ვფიქრობთ იმაზე,
ღვთის მოთმინების ფიალა ჩვენ თავად როგორ ავავსეთ,
ჩვენი ცოდვებით ლურსმანი უფალს რამდენი დავასეთ?

დავფიქრებულვართ როდისმე, რამდენი ვცემეთ, ვაგინეთ?
როგორც იუდამ უფალი, თავად რამდენჯერ  გავყიდეთ?
იქნებ თქვათ –„არა არაო, ეგ როდის იყო სადაო?“
მაშ ჩაეკითხეთ სინდისს და აღარ იქნება სადაო;

აი, ეს ქალიც მტირალი, უკვე რამდენი წელია
ხატებთან ტირის მდუმარედ, თავი ვერ აუწევია;
მოდი, მივუგდოთ ყური და გავიგოთ თვითონ მისაგან,
რას ეუბნება უფალს და რას ელოდება ღვთისაგან?
                                            ***
„უფალო, ღმერთო ძლიერო, მეფევ მთვარის და მზისაო,
ცისა და მიწის შემქნელო, ვარსკვლავთა ურიცხვისაო,
ყოვლადძლიერო სრულყოფავ, მარად ყოველგან მყოფელო,
მამავ, ძევ, სულო წმიდაო – სამებავ განუყოფელო.

შენ შეჰქმენ ირგვლივ ყოველი, რასაც ხედავენ თვალები,
რასაც ვეხებით და რასაც ვერასდროს გავეკარებით,
თვით ანგელოზთა დასები, ზეციურ ძალთა კრებული,
ქერუბიმ–სერაფიმები ზეცაში დამკვიდრებული;

ჩვენც შენ შეგვქმენი უფალო, მხილველნი ცის და მიწისა,
შენ შთაგვიბერე სიცოცხლე ძალითა სულიწმიდისა,
შენგან ვსაზრდოობთ  ამქვეყნად და შენით ვსუნთქავთ ყოველი,
შენ გევედრებით მუდამდღე და მადლსაც შენგან მოველით;

შენი უსაზღვრო წყალობით, ღმერთო, მტვრისგან მიწისა
შეჰქმენი ადამიანი ხატად და მსგავსად თვისისა,
შენ დაუმკვიდრე ედემი – ტურფა სამოთხე ღთვიური –
და მიანიჭე ნეტარი სიცოცხლე მარადიული;

მან კი, უგნურმა, ცოდვებში გაცვალა ტკბილი ცხოვრება,
დაკარგა მადლი ღვთიური, ეშმაკს დაუთმო გონება;
ვინც უფლის ნებას არ იცავს, არ არის ღირსი უფლისა.
...და გახდა ადამიანი მძევალი წუთისოფლისა;

მაგრამ, უფალო ძლიერო, გასაოცარი რამ არი –
შენ მარადიულ სიყვარულს არა ჰქონია საზღვარი;
ჩვენი ცოდვები იტვირთე, საკვირველ მსხვერპლზე წახვედი -
ცემა–დაცინვის თანხლებით უსიტყვოდ ჯვარზე ახვედი;

სისხლი და ხორცი გვიბოძე ცოდვების გამომსყიდველი
და სასუფევლის იმედი მოგვეცი გასაკვირველი,
„არ მოკვდებაო ვინც ჩემი სისხლი და ხორცი ხმიესო,
მე მასში ვჰგიებ ,ის ჩემში“ – გვითხარი ტკბილო იესო;

ხოდა, მეც ერთი ასული, შენი ცოდვილი მხევალი
არ დავემონე ბელზებელს, არ გავხდი მისი მძევალი,
შენით ვცოცხლობდი აქამდე, დავთრგუნე ყველა ვნებები,
ვცდილობდი არ დამერღვია შენი ნათქვამი მცნებები;

ვიცი, მეც, ალბათ, სხვასავით ვცოდავდი დღისით, ღამითაც,
მაგრამ ჩემს გულში უფალი არ გამიცვლია წამითაც,
მარხვას ვიცავდი, ლოცვებსაც ვამბობდი გულით წრფელითა
და ზიარებას ვიღებდი, ცოდვებს ვტიროდი  ცრემლითა;

მაგრამ დაკარგა ცხოვრებამ ხიბლი, აზრი და ხალისი,
აღარ მწყურია სიცოცხლე, ხილვა არ მინდა არვისი,
ცრემლმა და დარდმა დამახრჩო, გულში დაგროვდა ლოდებად,
განა არ გესმის, უფალო, ჩემი ოხვრა და გოდება?

...და თუკი მართლა გიყვარვარ, თუკი გამხადე დედაო,
მაშინ მითხარი, უფალო, რა დაგიშავე ნეტაო,
რატომ დამსაჯე ულმობლად, იმედი რატომ ამართვი?
რად გამიმწარე სიცოცხლე და შვილი რატომ წამართვი?

დედობის ტკბილი სურნელის შეგრძნება აღარ მაცალე,
ჩემი პატარა ვაჟკაცი ხელიდან გამომაცალე,
თუ დამნაშავე ვიყავი, მე დაგესაჯე – დედაო,
შვილი რაღატომ დასაჯე, რა დაგიშავა ნეტაო?

როცა პატარა წამართვი, სიცოცხლის აზრი გამიქრე,
ბოლო იმედი წაიღე, თვალის სინათლე ჩამიქრე;
...და თუკი მისი სიკვდილით შენი სურვილი აღსრულდა,
მაშინ მეც მოვკვდი, უფალო, ჩემი ცხოვრებაც დასრულდა;

თუ ფიქრობ ჩემი სიცოცხლით დიდი წყალობა გაიღე,
მაშინ იცოდე, რომ ერთად, ორი სიცოცხლე წაიღე;
ასეთი ყოფა, ცხოვრება, აღარ მსურს, აღარ მიხარის,
შვილის გარეშე სიცოხცლეს რაღა აზრი აქვს? – მითხარი;

შენი სურვილის გარეშე ქვეყნად არ ხდება რამეო,
შენით თენდება დილა და შენით სრულდება ღამეო,
მაშინ მითხარი, უფალო, ასეთი ცოდვა რა მჭირდა –
ჩემი პატარას სიკვდილი სასჯელად რატომ დაგჭირდა?

რა იქნებოდა დედობა მეც მეგრძნო, როგორც სხვასაო?
შვილმკვდარი დედის ცრემლები, ხომ იცი, ხეთქენ ქვასაო?
ღმერთო, გამეცი პასუხი, გთხოვ ნუ შემაქცევ ზურგსაო,
რა არის მე რომ არ მესმის? – მითხარი მე უგნურსაო;

მხოლოდ ესღა მაქვს იმედი, ეს მიმსუბუქებს სევდასა,
გამცე როდისმე, იქნება, პასუხი შვილმკვდარ დედასა,
თუ ამის ღირსიც არა ვარ, თუ არ ვარ ღირსი არაფრის,
მეც წამიყვანე ჩემს შვილთან, დე მასთან ვიყო მარადის“
                                              ***
მრავალი ტირის ამქვეყნად, დარდი ამოაქვს გულისა,
მრავალი შედის ტაძარში და დგება ხატთან უფლისა,
ამქვეყნიურზე მზრუნველი, უამრავს ითხოვს ცრემლითა,
ხშირად სათნოდაც ღვთისათვის და ხშირად უმეცრებითა;

მაგრამ, ვაი, რომ არ გვახსოვს, დაგვიწყებია მთავარი:
სიცოცხლე, ღვთისგან ნაკურთხი, სხეულით ტკბობა არ არის,
დაგვიწყებია, თუ კი ჩვენ გვიყვარს და სხვისთვის მწუხრად ვართ,
უფალ ღმერთს ყველა ჩვენგანი ათასჯერ მეტად ვუყვარვართ;

მან იცის ჩვენზე უმეტეს, ვის კარზე მიუკაკუნოს,
ვის სიხარული მისცეს და ვის განსაცდელი არგუნოს.
განა უფალზე უკეთეს, ვინ იცის ქვეყნად ნეტავი,
რაც არის ჩვენი სულისთვის საცხოვნებელი, ნეტარი?

მაგრამ, ვაი, რომ უმეცართ არ გვყოფნის იმის გონება,
ღვთის უსასრულო სიყვარულს მივანდოთ ჩვენი ცხოვრება,
უფალს დავუთმოთ ყოველი – გული, სული და სხეული,
ეშმაკის შთაგონებული ფიქრი განვდევნოთ წყეული;

ნაცვლად ამისა, უგუნურთ, დაგვბნელებია გონება,
უმადურება შეგვიპყრობს და ეშმაკს ვუწყებთ მონებას,
უსუსურნი და გლახაკნი ვერ ვარჩევთ მტყუანს და მართალს,
ჩვენი ცოდვების  პასუხად თვით უფალ ღმერთს ვთხოვთ სამართალს;

და, ჰოი, გასაოცრებავ, საკვირველია ყოველი –
მდუმარედ ისმენს საყვედურს ღმერთი მარადის მყოფელი;
არ ეკარება სიბრაზე, თუმცა იცის რომ მტყუან ვართ,
ჩვენ გვავიწყდება, თორემ მას კვლავ ძველებურად ვუყვარვართ;

გვისმენს და ტკივა ყოველი, რაც ყოველ ჩვენგანს აწუხებს,
სულს გაგვიახლებს, გულიდან ჩამოგვაშორებს მარწუხებს,
საყვედურების სანაცვლოდ, ხშირად, გვარგუნებს წყალობას,
დასჯის მაგივრად შეგვასმენს ანგელოზების გალობას;
                                             ***
მოთქვამდა ქალი საბრალო,ტიროდა წელი მრავალი,
არ შეშრობოდა სახეზე ცრემლი თვალთაგან მავალი,
დარი იყო თუ ავდარი, ნათელ იყო თუ ბნელოდა,
მისჩერებოდა ღვთის ხატს და პასუხსაც  მისგან ელოდა:

„ვაიმე ჩემო ტკივილო,ჩ ემო ბიჭუნავ საბრალო,
ჩემო გამქრალო იმედო და სიხარულო ჩამქრალო,
მე უბედურმა დედამა ეს გული როგორ ვახარო,
როცა ისიც კი არ ვიცი, ჩემო სიცოცხლევ,სად ხარო?“

...და როცა მისი გოდება არ ჩერდებოდა აღარა,
როცა უფალი უზომოდ შეაწუხა და დაღალა,
მაშინ მოესმა ზეციდან თვით ანგელოსთა გალობა,
მაშინ ინება უფალმა გასაოცარი წყალობა;

უცებ ქალის წინ განათდა, ნათელმა იწყო ტრიალი,
სინათლის სვეტად აიჭრა, მზისებრ დაიწყო ციალი,
ციდან დაეშვა არსება, თვალთუხილავი, ფრთიანი,
ოდნავ შეეხო მხარზე და მზერა მიაპყრო მზიანი;

ქალი მუხლებზე დაეცა, შიშისგან გაფითრებული,
თვალწინ იხილა ცოდვილმა თვით ანგელოზი ქებული,
მდუმარედ თავი დახარა, ღირსი არ იყო, იცოდა,
სხეული აუცახცახდა და სირცხვილისგან იწვოდა;

 „ნუ გეშინია ასულო – თქვა ანგელოზმა ციურმა –
წყალობა მოგცა უფალმა და ღმერთმა მარადიულმა,
შენი ვარამი ისმინა, შენი გოდება გაიგო,
და სიყვარულით შენდამი ღვთიური მადლი გაიღო;

მე გამომგზავნა უფალმა, მაცნე და წინამორბედი,
მაშ მოემზადე, მხევალო, შენს წასაყვანად მოვედი.
ღმერთი აგიხსნის, ეს ხვედრი მძიმე ასეთი რად არის,
თავად გიჩვენებს უფალი, შენი პატარა სად არის“

...და აიტაცა ჯერ კიდევ გაოგნებული ასული,
ღვთის ანგელოზმა ციურმა ქალი ფიქრებში წასული,
უფალს მიჰგვარა მხევალი, სრულად დაცლილი ძალთაგან,
თავი დაუკრა ცაბაოთს და მიეფარა თვალთაგან;
                                          ***
ტახტრევანი აქვს მეუფეს ძვირფასი ქვებით შემკული,
ბრწყინავს და ელავს ნაირფრად ეს საოცრება ქებული,
თვალ–მარგალიტი უებრო აქამდე ჯერ არ ნახული,
ფერები, გასაოცარი სხივებით გადაქარგული;

მაგრამ ამის მეტს ვერ ხედავს მხევალი ნამტირალები,
თავს ვერ წევს, იცის ვერ შეძლებს, ვერ გაუძლებენ თვალები,
ნათელი მოდის ღვთისაგან ისეთი აღმატებული,
ვერ შეედრება ათასი მზე ერთად განათებული;

ქალს სული შეუფრთხიალდა, გული გაუთბა ამავდროს,
ასეთი განცდა საამო არ განუცდია არასდროს,
უშფოთველობა შეიგრძნო, სიმშვიდე დამათრობელი
და სიყვარული უსაზღვრო, აქამდე შეუცნობელი;

ნეტარებისგან დაბნეულს, ვერც კი გაეგო, რა მოხდა.
წამით დაძაბა გონება და ბაგეთაგან აღმოხდა:
„ო, რა ტკბილი ხარ უფალო, რა ნათელი და სრული ხარ,
ეხლაღა ვხვდები  უგნური, რა დიდი სიყვარული ხარ“;

მაგრამ უეცრად, საბრალოს, გაეხსნა ძველი იარა
და გაიხსენა, აქამდე რა ტანჯვა გამოიარა,
სინანულს სული შეეპყრო, გულში ტკივილი ადიდდა,
უფლის წინ თავქვე დაემხო და გულამოსკვით ატირდა:

–არა ვარ, ღმერთო ძლიერო, ღირსი აქ შენს წინ დგომისა,
არა ვარ ღირსი, უფალო, ხმის ამოღების, თხოვნისა,
მე უბედური დედა ვარ, სიცოცხლეგამწარებული,
შენ – შემოქმედი ყოვლისა, უზენაესი, ქებული;

მე უგუნური, ცოდვილი, დღეს აქ შენს თვალწინ მდგომელი,
შენს ნებას ვემორჩილები, შენი სამართლის მდომელი,
რაც გინდა მიყავ უფალო, ვიცი, ბევრი მაქვს მე ვალი,
სასჯელს უჩუმრად მივიღებ შენი მორჩილი მხევალი;

...და ამ დროს ზეცით გაისმა  საამო და ტკბილხმოვანი,
ხმა ყურთა ჯერარსმენილი, რბილი და ხავერდოვანი,
ბგერები დამათრობელი, როგორც ნაწური ყურძნისა,
გაიხსნა ტკბილი ბაგენი, სიტყვა გაისმა უფლისა:
                                            ***
–ნუ გეშინია ასულო, დამშვიდდი, სასჯელს ნუ ელი,
ნუთუ აღარ ვარ მე შენი მამა და ღმერთი მზრუნველი?
მომიახლოვდი, ნუ სტირი, ნუ გაიკარებ სევდასა,
სასოს წარკვეთა არ შვენის ღვთის მოიმედე დედასა;

ჩემს ანგელოზებს ვუბრძანებ, გაჩვენონ შენი პატარა,
თავად დარწმუნდი, ეჭვებმა რა მცდარი გზებით გატარა,
მოდი, იხილე, შენს პირმშოს სად დაუდია ბინაო
და მერე გეტყვის უფალი, ასე რად დაადგინაო;

–უჩვენეთ შვილი ამ ქალსო – ბრძანა  უფალმა იესომ,
ანგელოზები ეახლნენ და თავი დაუქნიესო –
ანახეთ ჩემი სამეფო, ჩაჰკიდეთ ხელში ხელიო,
მერე კი ისევ მომგვარეთ, სიტყვა მაქვს კვლავ სათქმელიო;

თქვა და კიდევაც აღსრულდა, გზად ცისარტყელა გამოჩნდა,
ქალი უეცრად გაქრა და სხვა სამყაროშო აღმოჩნდა;
აქ კი, მკითხველო, შემინდე, რომ გაჩუმება მინდება,
რადგან არ ძალმიძს, აღვწერო ღვთის სასუფევლის დიდება;

თქვენს მონა–მორჩილს, უმეცარს, სადა აქვს გონი იმდენი,
განმარტოს უფლის სავანე, სამყარო გასაკვირველი?
არ შემიძლია აღვწერო, რა სუნია და ფერია,
ჩვენთვის შექმნილი სამოთხე, რაოდენ მშვენიერია;

ადამიანის თვალისთვის გასაოცარი რაც არის –
სილამაზე და მშვენება, ბუნება ზღაპრის სადარი,
ოქრო, ვერცხლი და ალმასი თვალისთვის დამატკბობელი,
თვალმარგალიტი ძვირფასი, საუნჯე ქვეყნად ყოველი

იმდენად უფერულია(რუხი და მკრთალი ფერებით),
რომ სასუფევლის ხავსსაც კი ვერ შეედრება მშვენებით;
ბაღნარი ხილით დამტკბარი, არ გამოითქმის ენითა
და სურნელება ყვავილთა, შემკულთა მრავალფერითა;

ცოცხალი ირგვლივ ყოველი –ბალახი ხე და ჯეჯილი,
წყარო მდინარე, ჩანჩქერი, მდელო, ბაღი თუ ხეხილი;
ანგელოზების გალობა, ყურთათვის ჯერარსმენილი
და სახეები მართალთა – ნათელი, თბილი, კეთილი;

ბედნიერია უზომოდ ამ სავანეში ყოველი,
აქებს, ადიდებს მეუფეს, მის სიყვარულში მყოფელი:
„დიდება უფალ ცაბაოთს, სანატრელს ერთადერთსაო,
მამას, ძეს, სულსა წმიდასა – მარადიულსა ღმერთსაო“;

არა, არ ძალმიძს, უმეცარს, აღწერა საოცრებისა,
არც მაქვს უფლება, უგუნურს, ცოდვილს, ხმის ამოღებისა.
იქნებ თავადვე გეფიქრათ და წარმოდგენა გეცადათ,
რას იხილავდა ცოდვილი აღტაცებული ზეცადა?

ამიტომ, მოკლედ გეტვით, რომ ქალმა უეცრად იკივლა,
თავისი შვილი როდესაც ღვთის სავანეში იხილა,
სიხარულისგან დაბნეულს აღარ იცოდა რა ექნა,
ათრთოლებულს და ბედნიერს შვილი გულმკერდში ჩაეკრა;
                                            ***
როდესაც გული იჯერა ნანატრი შვილის ფერებით,
ანგელოზებმა გაიხმეს მინდვრებით ნაირფერებით;
ნეტარებისგან დამთვრალი უფალს მიჰგვარეს ასული
და კვლავ გაისმა ხმა ტკბილი – ხმა საამური, ზღაპრული:

–აბა, რას იტყვი, მხევალო, დაიხშე სულის წყურვილი?
მრავალ ლოცვაში ნანატრი ხომ აგისრულე სურვილი?
ღვთის სიყვარული თქვენდამი ნუთუ არ არის ცნობილი?
ნუთუ გეგონა, შენ მეტად გიყვარდა შენი შობილი?

ახლა კი, მოდი, განახო, რა მომავალი გელოდა,
მიწაზე რომ დამეტოვა, შენს შვილს  რა ბედი ელოდა;
ოღონდ გაფრთხილებ, ძნელია ცქერა ამისა ღიმილით,
რასაც იხილავ, იცოდე, გულს დაგიფლითავს ტკივილით;

უფალს ყველანი უყვარხართ, ერთი და ორი კია არა,
ამიტომ მე არ მინდოდა, გულში გქონოდა იარა,
მაგრამ რადგანაც არ იშლი და არ გაქვს ჩემი იმედი,
მაშინ  შენ თვითონ იხილე, რასაც მე თავად ვითმენდი –

თქვა და უეცრად შეიძრა ზეციურ ძალთა კრებული,
ქალმა იხილა ეკრანი ჰაერში დაკიდებული;
ეკრანზე თავი შეიცნო, წარსულში დაბრუნებული,
სამშობიაროს საწოლზე თოთობავშვჩახუტებული;

 ...და შემდგომ ყველა დეტალი,ცხოვრების შავი ყუთები
და შვილთან გატარებული უძვირფასესი წუთები;
ყოველი თავს გადახდილი სიხარულით თუ ტკივილით,
პირველი დღიდან და ბოლოს დამთავრებული სიკვდილით;

მაგრამ სიკვდილი გაჩერდა – არ ჩანდა, მოსვლა არ სურდა,
ცხოვრება ისევ გაგრძელდა, ჯერ არაფერი დასრულდა.
გაოგნებული შესცქერის ქალი შეუცნობ დეტალებს,
ხედავს შვილსაც და თვის თავსაც, თუმცა ვერ ხვდება ვერაფერს;

ოდნავ დამშვიდდა, დაწყნარდა, ეს ხომ წარსული დასრულდა?
მომავალს ხედავს თავისას, რომელიც აღარ აღსრულდა,
ეს ხომ უფალმა აუწყა, ენახა, რა მოხდებოდა,
სიკვდილს რომ ხელი გაეშვა და უკან გაბრუნებოდა?

ხედავს, იზრდება ყმაწვილი, მშვენიერი და ჯანმრთელი,
ახარებს ყველას, ლოცავენ, დაილოცოსო გამზრდელი,
ბედნიერია დედა და ცრემლი სდის სიხარულისა,
როგორ გაზრდილა ვაჟკაცი, იმედი  დედისა გულისა;

სწორედ ასეთი იხილა, ეხლახანს ღმერთის სურვილით,
ვერ გაძღა მისი ფერებით, ვერ დაიოკა წყურვილი,
ეალერსება თვალებით, ვმადლობ ღმერთს, ისევ გხედავო,
ჩემო სუნთქვავ და სიცოცხლევ, შენ გენაცვალოს დედაო;

მაგრამ უეცრად გაშეშდა, გული შეეკრა დაბნეულს,
შვილი გიჟივით იცინის, ვერ ცნობს გონებარეულს,
ნარკოტიკს მისძალებია, წამალს მიუძღვნა ცხოვრება,
არც დედას უსმენს, არც მამას, დაბნელებია გონება;

ფულს ითხოვს, ვერ ძლებს უწამლოდ, არ ჭრის მშობლების მუდარა,
არც დედის ცრემლი აშინებს და აღარც მამისა მუქარა,
ეშმაკს მიჰყიდა სული და სხეული მისცა წამალსა,
ბნელ ჯოჯოხეთად უქცია სიცოცხლე დედას, მამასა;

შეჰყურებს ქალი ეკრანს და თავს ძლივს იკავებს, წვალებით,
თავისი თავი იხილა დალურჯებული თვალებით;
ფიქრობს და ვერ გარკვეულა, ნუთუ გამწირა ტკბილმაო,
ნუთუ დედაზე აღმართმა ხელი ნანატრმა შვილმაო;

სახეზე იგრძნო ხელი და მუხლმა დაუწყო კანკალი,
ასეთ დიდ სირცხვილს ერჩია გულში ჩაეცათ ხანჯალი;
ვაიმე ასეთ ცხოვრებას, ამ თვალმა ეს რა ნახაო,
როგორ გაბედე, ასწიე დედაზე ხელი, გლახაო?

მაგრამ, ვაი, რომ არ იყო, ეს დარდი, მძიმე ყველაზე,
წინ უარესი ელოდა, იმოქმედებდა დედაზე,
–ხომ არ მოვრჩეთო – უფალმა – არ მინდა მწარედ გლოვობდე,
–არა, უფალო, ნუ შეწყვეტ, გთხოვ, მაჩვენეო ბოლომდე;

ხედავს: მოთქვამენ მრავალნი, ნატანჯნი შვილის ქცევითა,
ბევრს გაუმწარა სიცოცხლე, ატირა ცხარე ცრემლითა’
მის ბოროტებას, სიავეს, აღარ ჰქონია საზღვარი,
უყურებს და ვერ იჯერებს, ნამდვილია თუ სიზმარი?

სასჯელს ვერ ასცდა, ბოროტი, მუდამ ციხეში ხვდებოდა,
მაგრამ იქიდან გამოსულს ჭკუა არ ემატებოდა,
ისვე და ისევ ავის ქმნით გაჰყავდა წუთისოფელი,
სატანა ჰყავდა მეგობრად, მარად ბოროტისმყოფელი;

დედამ ვერარა გააწყო, თუმცა რამდენი ევედრა,
მამამ კი ვეღარ გაუძლო და სული უფალს შეჰვედრა,
დაკარგა აზრი ცხოვრებამ, მეტს ვეღარ შეძლებს იტვირთოს,
დროა დახუჭოს თვალი და უკვე სიკვდილზე იფიქროს;

ხედავს,ქალი წევს უგონოდ, დაცურავს სისხლის გუბეში,
შვილს კი შინდისფრად დასვრილი ხანჯალი უდევს უბეში;
ვაი, სადამდე მისულა, ეს რა დღე გამითენდაო,
ნეტავი არ გამჩენოდი, არ ვყოფილიყავ დედაო;
                                          ***
თოვლი ათოვდა ტაძარს და გარეთ უღმერთოდ ციოდა;
ჯვარს სევდა მოჰკიდებოდა, სანთელს ცრემლები სდიოდა;
გაწამებული, დაღლილი ქალი ხატის წინ დგებოდა                                               
და შვილზე გამწარებული უფალ ღმერთს ევედრებოდა:

–ღმერთო მაღალო, მიშველე, მაცილე მძიმე ხვედრიო,
ჩემს თავს არ ვჩივი ნაწამებს, ჩემი შვილის სულს გვედრიო,
ჩემზე ავიღებ მის ცოდვებს, მე მომეც მისი წილიო,
გემუდარები, უფალო, გადამირჩინე შვილიო!

ამ დროს კი მისი „ვაჟკაცი“, წამლისგან გაბრუებული,
სასოდაცლილი, დაღლილი და იმედგაცრუებული,
ციხის მოწყენილ საკანში სიცოცხლეს ეთხოვებოდა –
ყულფში გაეყო თავი და მდუმარედ სიკვდილს ელოდა...
                                        ***
საკმარისია, კმარაო – გაისმა უფლის ბრძანება –
დამთავრდა, გაქრა ყოველი, ეს სიზმარივით ზმანება;
არ მოხდებაო, რაც ნახე – ღმერთმა დედაკაცს ახარა,
ქალი სირცხვილმა შეიპყრო და უხმოდ  თავი დახარა;

დიდხანს გაგრძელდა დუმილი, ქალს სინანული ენება,
ხანაც სინდისი სტანჯავდა, ხან წვავდა მადლიერება,
ნანახისაგან განცდილმა შეცვალა მისი ცხოვრება,
უფლის სიყვარულს დაეპყრო მისი გული და გონება;

მერე უფალმა სიფრთხილით ხელები  თავზე დაადო,
სულმა უფალი იგრძნო და სხეული ცეცხლად აანთო,
სიყვარულსა და სიმშვიდეს დაეპყრო ისე ვნებითა,
ჯერარგანცდილი–სმენილი, გამოუთქმელი ენითა;

მერე როდესაც დაწყნარდა, სიმშვიდე იგრძნო ნეტარი,
როდესაც სრულად დამშვიდდა გული დარდისგან მფეთქავი,
თავად  წამოდგა ტახტიდან უფალი – მამა მშობელი
და კვლავ გაისმა ხმა ღმრთისა, ტკბილი და დამათრობელი:
                                             ***
–შენ გეუბნები ასულო, მაგრამ ისმინოს ყველამა,
გაწამებულმა, ტანჯულმა ყველა შვილმკვდარმა დედამა,
ისმინეთ ჩემი ნათქვამი, მე განგიმარტავთ თავადა
რადგან თქვენ ჩემი განზრახვა უკუღმა გესმით, ავადა;

უპირველესად ყოვლისა შევქმენი ყოვლად ქებული
სერაფიმ–ქერუბინები, ანგელოზების კრებული;
შეხედეთ მათ სილამაზეს, როგორ ბრწყინავენ ფერებად,
ნუთუ როდისმე გინახავთ ასეთი მშვენიერება?

ჩემი სურვილით შეიქმნა, დასაბამიდან ქვეყნისა,
მიწა, ცა, ზღვა თუ მდინარე, ჯაჭვი ცისფერი მთებისა;
ჩემი სურვილით შეიქმნენ თავად ვასკვლავნი ციურნი,
მთვარე–მზე პირველმნათობნი, და–ძმანი ემოციურნი;

თვით ხატად, მსგავსად ღმერთისა შევქმენი ადამიანი
და დაუმკვიდრე სიცოცხლე, ნეტარი მრავალწლიანი;
მას შევუქმენი ყოველი, რაც კი იძლევა ნაყოფსა –
ყვავილი, ხე თუ ბალახი, რაც კი მიწაზე ხარობსა;

...და ისევ მისთვის შევქმენი მხეცთა, ფრინველთა სამყარო,
დავუმორჩილე ყოველი, რათა სიცოცხლით ვახარო,
უკვდავი სული ჩავბერე, გრძნობათა მთელი კრებული,
მე მასში ვცოცხლობ იმ დღიდან, მასში ვარ დამკვიდრებული;

ქვეყნად რამდენი რამეა ტკბილი ცრემლების დამდენი,
ცად–ზეცად, ზღვად თუ ხმელეთად, მშვენიერება რამდენი?
მაგრამ უმეტეს ყოვლისა, თვით ანგელოსთა კრებაზეც,
უფალმა ადამიანი იყვარა მეტად ყველაზე;

მან კი, წყალობის სანაცვლოდ, რამდენჯერ ზურგი მაქცია,
ეშმაკს დაუთმო გონება, მე გული არ მომაქცია;
ნეტავ იცოდეთ, რამდენი ცრემლი მადინეს შვილებმა,
ღვთის მადლის დამვიწყებლებმა, ეშმაკის დაგეშილებმა;

ნეტავ იცოდეთ, რას იტევს, რას უძლებს გული ღმერთისა,
თქვენი სიცოცხლის მფარველის და სულის გადამრჩენისა,
რად გაურბიხართ კეთილს და რად ეტანებით ავსაო,
თქვენი ცოდვებით, თავადვე, რატომ იღუპავთ თავსაო?

მაგრამ იმდენად ძლიერად,უყვარხართ უფალ ღმერთსაო,
უზენაესსა არსებას, შემოქმედს ერთადერთსაო,
თვისი ძე მოგცათ მსხვრეპლადა, ყველასთვის გამოსაჩენად,
ცოდვების გამოსასყიდად და სულთა გადასარჩენად;

ნეტავ, თუ ფიქრობთ, რას გრძნობდა ღმერთი შემყურე ამისა,
თავის ძეს როცა ხედავდა, ნაწამებს, სისხლად დაცლილსა?
ეხლა მითხარით გულწრფელად, თუ ვინ დაკლავდით კრავადა,
რომელი გაიმეტებდით შვილს ჯვარზე გასაკრავადა?

ღმერთმა კი გამოიმეტა ,მინდა,რომ ყველამ გაიგოთ,
თქვენი სიცოცხლის სანაცვლოდ უზომო მსხვერპლი გაიღო;
ამიტომ, უნდა იცოდეთ, არ დაგავიწყდეთ არავის,
როგორ უყვარხართ უფალს და როგორ გიფარავთ მარადის;

არ განირჩევის არავინ, ყველა მიყვარხართ უკლებად,
სიცოცხლეს ჩემით გაძლევთ და სიკვდილზეც მე მაქვს უფლება;
მე უკეთ ვიცი ყოველი, ვინ რა გზით უნდა ვატარო,
ვინ შევაბერო მიწას და ვინ სიკვდილს გამოვატანო;

იქნებ, იმაზეც გეფიქრათ, მარიამ–დედა ღვთისაო
რას განიციდა, როდესაც ჯვარზე ხედავდა შვილსაო?
როდესაც  უმრავლესობა ყვიროდა ბოლო ხმაზეო:
„ბარაბას ხელი არ ახლოთ, იესო აცვით ჯვარზეო“

მაგრამ გულმკვდარმა დედამა გადაიტანა ყოველი,
ზიზღის და შურისძიების კი არ გამხდარა მხმობელი,
არ გააკარა წმინდა გულს ფიქრები ავის მზრახველი,
და თავად გახდა ცოდვილთა მარად შემწე და მფარველი;

როგორც თქვენ გტკივათ შვილები „უდროოდ“ ღმერთთან ხმობილი,
დედა ღვთისმშობელს ასევე სტკიოდა თავის შობილი;
მაგრამ, იცოდეთ, უფალი ზრუნავს ათასჯერ მეტადა,
ვიდრე თქვენ შეძლებთ გიყვარდეთ თქვენი ნაშობნი ქვეყნადა;

თქვენი ყოველი ცრემლი და ყოველი ლოცვა გულწრფელი,
ყოველი თქვენი ტკივილი, დარდი თქმული და უთქმელი,
მე ყველა ვიცი შვილებო, ათასჯერ მეტად მტკენია
და გასაწირად, უგულოდ, არავინ გამიმეტია;

ნუ გაიოცებთ სიკვდილსა, ნუ განსჯით ცოდვა–მადლსაო,
თქვენ ვერასოდეს გაიგებთ უფლისა სამართალსაო;
მიენდეთ ღმერთსა ცაბაოთს მთელი გულით და არსებით,
მაშინ დაიტკბობთ სულსა და შეიცნობთ უფალს სავსებით;

წადი, ასულო მშვიდობით, ნუღარ ეძლევი დარდსაო,
უფალს მიენდე სულით და გულს ნუ დაუთმობ ავსაო,
შენი შვილი ხომ იხილე, ნეტარებს უფლის სახლსაო,
შენ კი სიცოცხლით იხარე, მე არ მოგაკლებ მადლსაო;

წადი და ყველას უთხარი, ღია მაქვს ზეცის კარები,
ყველას გაანდე ეს ჩემი თქმული და დანაბარები  –
ნუ მტრობთ ღმერთსა და მოყვასსა, ერთურთი შეიფარეთო
და შეიყვარეთ უფალი, როგორც მე შეგიყვარეთო!
                                          ***
ქალი მუხლებზე დაეცა, ადგომა აღარც უცდია,
ბედნიერება ასეთი არადროს არ განუცდია;
მიხვდა და ძლიერ შეძრწუნდა – ღმერთი რამდენად სრულია,
შეიგრძნო, თავად უფალი რაოდენ სიყვარულია.
                                           ***
დაბრუნდა ქალი ზეციდან, ისმინა სიტყვა უფლისა,
ხან სინანულის ოფლი სდის, ხან ცრემლი სიხარულისა,
ადიდებს ღმერთს და ამოაქვს ხმა ბედნიერი გულისა,
მადლობს უფალს, რომ ღირსი ქმნა ასეთი სასწაულისა.
                                           ***
ეხლა კი დასკვნის მაგიერ, მინდა გაგანდოთ ფიქრები,
გულწრფელი ვიყავ აქამდე და კვლავ გულწრფელი ვიქნები;
ეს ისტორია, რაც ნახეთ, გგონიათ მონაგონია?
მე ეს ამბავი პირადად მრავალჯერ გამიგონია;

ცოდვების გამო უფალმა, მოსტაცა შვილი დედასა,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ამიტომ ართმევს სხვებსაცა;
უფლის სამართალს ნუ განვსჯით, რადგან ცხადია სრულიად,
მისი ყოველი განზრახვა, უზომო სიყვარულია;

ეს მოხდა სადმე თუ არა, განა მთავარი ის არის?
აქ საფიქრალი სხვა არის, სხვა არის ჩვენი მიზანი:
ყველამ ჩვენ გულებს მოვკითხოთ, რამდენადა ვართ მართლები,
ან რა გვექნება სათქმელი, როცა უფალთან წარვსდგებით?

უფლით გვეძლევა ყოველი, წაღებაც მისი ნებაა,
განა, ამბავი იობის, მხოლოდ უბრალო მცნებაა?
მოთმინების და სიმტკიცის მოგვმადლოს ღმერთმა უნარი,
რომ არასოდეს უფალზე არ გვათქმევინოს უარი;

 „იესო ეცვა ჯვარსაო“ – ეს ყველამ იცის, კარგია,
მაგრამ ეს ცოდნა უგულოდ ნეტა ვის რაში გვარგია?
წარმოდგენაც კი ძნელია, არათუ ახსნა ენითა –
თვით ღმერთი დაბლა დაეშვა და ჯვარს გაეკრა ნებითა;

ჩვენ კი სანაცვლოდ რას ვაძლევთ, ნეტავ თუ გვახსოვს უფალი?
ოღონდ ჩვენ ვიყოთ მაძღარნი, ლაღი და თავისუფალი;
ხომ არ გგონიათ, უფლისთვის, ჩვენთვის ნაწამებს ჯვარზედა,
მხოლოდ ჯალათებს დაურტყამთ ოთხი ლურსმანი ტანზედა?

რაც უფალს ერგო წამებად, არ არის მხოლოდ ერთისა,
მან ყველას ცოდვა აიღო, ტკივილი მთელი ქვეყნისა,
ყოველი შოლტი მის ზურგზე უზომოდ ნატკენ–ნამწარი
მილიონობით ცოდვაა უფლის სხულში ჩამწვარი;

კარგი იქნება ყოველმა დავიმახსოვროთ მთავარი –
ღვთის ნაბოძები სიცოცხლე მხოლოდ გართობა არ არის,
სანამ ცოდვაა ამ ქვეყნად, სანამ გული გვაქვს მზაკვრული,
უფალს კვლავ ლურსმნებს ვასობთ და ისევ ჯვარზეა გაკრული;

იცით რა არის ამქვეყნად გასაკვირველი ყველაზე? –
ამდენს რად გვითმენს უფალი, რად გვიშვებს ყველას ნებაზე?
ჩვენ კი, ჩვენივე ცოდვებით, ისევ ჯვარს ვაკრავთ იესოს.
„ღმერთი გვპატიობს, რასაც სხვა არასდროს გვაპატიებსო“

აქ მოყვანილი ამბავი მაგალითია იმისა,
თუ როგორ ზრუნავს ყველაზე უფალი პირველყოვლისა,
რაოდენ უყვარს შემოქმედს ცოდვილი სული ყოველი,
რომელიც იყო, არის და მარად იქნება რომელიც;

თუ არ ვუჯერებთ შემოქმედს, არ მივსდევთ უფლის გზასაო,
თუ საკუთარი სიცოცხლე არ ვანაცვალეთ მასაო,
მაშინ ჩვენც იმათ მივგავართ, პილატეს წინა მდგარსაო,
რომ გაჰყვიროდნენ უმეცრად: –იესო აცვით ჯვარსაო;

უფლის განზრახვას ჩვენდამი, აბა,  გაიგებს რომელი?
მადლია ჩვენთვის, წყალობა, მისი სურვილი ყოველი;
ბედნიერია თავი აქვს ვისაც იესოს მკერდზედა
და სული, თვისი ცოდვილი, მინდობილი აქვს ღმერთზედა;

რატომ არ ვფიქრობთ სიკვდილზე ჯერ სიცოცხლეში მყოფელნი?
ხორცით ვტკბებით და უაზროდ გაგვყავს ეს წუთისოფელი;
...და მერე როცა ერთხელაც სიკვდილი გვიახლოვდება,
მაშინღა ვხვდებით – უაზროდ  გავფლანგეთ მთელი ცხოვრება;

ვცხოვრობთ კი სულის სარგებად, რასაც უფალი  მოელის?
სიკვდილი ბოლო არ არის და არ მთავრდება ყოველი;
ვისთვის სიკვდილით სრულდება ცხოვრების ამაოება,
ვისთვის კი მხოლოდ იწყება შვება და სულის ცხონება;

უბედურებად ნუ ვრაცხავთ, თავს ნუ ვიტანჯავთ გოდებით,
თუკი ძვირფასი გულისა განგვეშორება დროებით;
ადამიანი სიკვდილით ერთვის უფალთან ასულებს,
როცა ღვთისაგან მიცემულ მისიას სრულად ასრულებს;

ის კი არ არის სატირალ–სადარდებელი ყველაზე,
როდესაც ადამიანი სიცოცხლეს ტოვებს მიწაზე,
არამედ სულზედ ვიტიროთ, ცოდვა რაც მიაქვს მასაო,
უფალთან როცა წარსდგება, რითი იმართლებს თავსაო;

განა ცხოვრება რა არის, რა არის ჩემი სხეული,
აზრი, გონება, ფიქრები უაზრო და არეული?
ისეთ სიცოცხლეს რა ვუთხრა, გინდაც ვიცოცხლო მარადის,
რომელშიც ღმერთი არ სუფევს, სადაც უფალი არ არის?

მაშ გაუმარჯოს სიცოცხლეს, სადაც უფალი ჰგიებსო!
დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაკურთხოთ ტბილმა იესომ !
ღმერთმა ზეციდან მოგმადლოთ ძალი, მადლი და ნათელი,
ხოლო მიწაზე გფარავდეთ ხატი, ჯვარი და სანთელი !!!
                                        ***
დიდება ღმერთსა მამასა, – ცაბაოთ უფალს ციურსა,
ტკბილსა იესოს უკვდავსა – ძეს ერთადერთსა ღვთიურსა,
მაცხოვნებელსა ნათელსა – სულსა წმიდასა მზიურსა,
სამებას ერთარსებასა და ღმერთსა მარადიულსა !!!

ამინ, ამინ, ამინ !!!


                                                                             ივლისი, 2014 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი