პოემა 2 – ლოცვა
მშვიდობა მოგცეთ ყოველთა, უფლის მადლი და წყალობა, ღმერთმა გისმინოთ ყოველი თხოვნა, ლოცვა და გალობა! ამბავს გიამბობთ საკვირველს, იყო და გაქრა უკვალოდ, არ ვიცი ხილვა იყო თუ მხოლოდ სიზმარი უბრალო; იყო, თუ არა იყო რა, არ ვიცი, ნეტავ რა იყო ? ჩემს საძინებელ ოთახში, ერთხელ, სარკმელი გაიღო და ანგელოზი გამოჩნდა, ულამაზესი ფრთოსანი, მშვენიერება ისეთი, ვერ აღწერს ალბათ მგოსანი; შევყურებ ღვთიურ არსებას შიშით და ფერისცვალებით, სუნთქვა შემეკრა დაბნეულს, ცრემლით ამევსო თვალები; -ნუ ტირიხარო, ნუ შფოთავ, საშიში არაფერია, უფლის სურვილით მხედავო – მითხრა ციურმა ფერიამ; -ღვთის განგებითო იხილავ, ერთ ამბავს ამა სოფლისა, შენ კი სუყველას ამცნეო, ნება არისო უფლისა, ეხლა დახუჭე თვალები, ჩემს მზერას ნუღარ ბედავო და კარგად დაიმახსოვრე, რასაც ისმენ და ხედავო; *** ვხედავ, ქალი დგას ხატებთან მოკრძალებული იერით, უფალს შეჰყურებს მდუმარედ, სევდა აწუხებს ძლიერი, სიტყვებს ეძიებს შესაფერს, უჭირს ლოცვების დაწყება, საბრალო მძიმედ სუნთქავს და თვალებს ცრემლები აწვება; შანდალს ცრემლებად ეღვრება სანთელი დანადინარი, თითქოს თვითონაც ტირისო სანთელი მადლით მდიდარი, ქალი მუხლებზე ეშვება, მანდილს იფარებს სარქმელად და როგორც იქნა ეხსენა ბაგე ლოცვების სათქმელად: -ცისა და ქვეყნის მეუფევ, ღმერთო ძლიერო, მაღალო, ნუ გამიწყრები მე ცოდვილს, თუკი წუწუნით დაგღალო, გაივსო გული დარდით და ვეღარ გავუძლებ მეტსაო, ბევრი ვითმინე ისედაც, ვეგუებოდი ბედსაო; ყველაფერს ისე ვასრულებ, როგორც წესი და რიგია, კანონებს ვემორჩილები, რაც ვიცი, რაც გამიგია, უნაკლოდ ვიცავ, უფალო, რაც ჩვენთვის დაგიდგენია, ვინ იცის, ღმერთო, ლოცვისას, რამდენი ცრემლი მდენია ? სახარებასაც ვკითხულობ, წმიდა მამების წერილებს, მეტანიებსაც ვასრულებ, ლოცვებში ჩამოწერილებს, წმინდანთა ტროპარ–კონდაკებს არ ვაცდენ ვისი დღეც არის, აქატისტოებს, ასევე, ვკითხულობ მე უმეცარი; წირვას არ ვაცდენ, ტაძარში დაუზარელად დავდივარ, ხატებთან სანთელს ვანთებ და შესაწირავსაც ჩავდივარ, ვმარხულობ, როგორც წესია, ვასრულებ ყველა მცნებასა, აღსარებასაც ვაბარებ, ვღებულობ ზიარებასა; ჩემი ცოდვები, უფალო, შენ მაინც იცი, რამდენი, მოვინანიე სუყველა და აღარა ვარ ჩამდენი, ვცდილობ არავის ვავნო და არ ვაწყენინო არავის, ასე ვცდილობდი მეცხოვრა, ცოდვილს, სიკვდილის კარამდის; მაგრამ უფალო, მითხარი, რა დაგიშავე ნეტავი? ამდენს განსაცდელს გაუძლებს ეს გული დარდით მფეთქავი? რაც შენ სასჯელი მარგუნე, უამრავ ცოდვილს ეყოფა, გადავიღალე, უფალო, გთხოვ, აღარ გინდა, მეყოფა! გამწარებული ქალი ვარ, უბედური და უშვილო, არც თვალზე ცრემლი მაკლია, არც ღამეები უძილო, სნეულებებმა შეჭამეს ჩემი სული და სხეული, ნეტავ სიკვდილმა დამიცხროს ეს ტკივილები წყეული; რად მიმატოვე, ნეტავი, რად გამიმწარე ქალობა? რა იქნებოდა, ჩემთვისა, გამოგემეტა წყალობა? მხოლოდ ეს მიკვირს, უფალო, ამაზე მტკივა გულიო, რატომ ერთხელ არ მოხვედი, სადა ხარ დაკარგულიო? რასაც მე ვითმენ, უფალო, ნუთუ ვერაფერს ხედავო? რატომ მაწამებ ამდენი განსცდელებით ნეტავო? ჩემი ცოდვების სანაცვლოდ რაც აღსარება გაბარე, ნუთუ არ არის საკმაო? გემუდარები, მაკმარე! გთხოვ, მაპატიო მე ცოდვილს, რადგან გავბედე ამდენი, ალბათ ბევრი გაქვს საფიქრი, ჩემსავით გიხმობს რამდენი, მაგრამ, რა ვუყო უფალო? მტკივა სული და სხეული, შენს მოლოდინში გავიდა ცხოვრება ტანჯვად ქცეული. *** გაოგნებული შევყურებ, გულს მიკლავს ქალის ტირილი, ნეტავ შემეძლოს, ჩემს თავზე ავიღო მისი ტკივილი, ნეტავ რა უჭირს ასეთი, ასე მწარედ რომ ქვითინებს? ვგრძნობ, რომ ასეთი სიტყვებით ღმერთსაც აყენებს ტკივილებს; *** ...და ჰოი, გასაოცრებავ, უცებ, ვიხილე ნათება, მზე დაეშვაო, მეგონა, გალობა იწყეს ხატებმა, უფლის ხატიდან ნათელი გარდმოედინა ღვთიური, ალაპარაკდა ღმერთი და მეუფე მარადიული: –ჩემო საბრალო ასულო, რამ დაგისველა თვალები? ნეტავ იცოდე, თუ როგორ მიყვარხარ და მებრალები, ნუთუ გგონია ნაკლებად განვიცდი მე შენს დარდსაო, ნუთუ ფიქრობ, რომ ვერ ვხედავ მე შენს ავს და შენს კარგსაო? დაბადებიდან მოგყვები, ყოველ წუთს, ყოველ წამსაო, არ ჩაგისუნთქავს ჰაერი, მე რომ არ გედგე თავსაო, ყოველი შენი ნაბიჯი, ჩემს გულზე ტოვებს კვალსაო, მე შენი ცრემლი ათასჯერ მეტად მისველებს თვალსაო; დღეში რამდენჯერ მოვდივარ, შენ ვერ დაითვლი ამასო, რამდენჯერ გაწვდი ცრემლებით საკურნებელსა წამალსო, მაგრამ რაკიღა ვერა მგრძნობ, ვერ დაგანახე გულიო, მაშინ მისმინე ასულო, კარგად დამიგდე ყურიო; გახსოვს, პატარა გოგონა, ერთხელ, ჩავარდი ტბაშიო, ვერ მოგეშველა მშობელი, ხელებს იცემდა თავშიო? კაცი გადმოხტა საშველად, დროზე წაგავლო ხელიო, ის კაცი მაშინ მე ვიყავ, მე ვიყავ შენი მშველიო; ისიც ხომ გახსოვს, პატარას, როგორ გეძგერა გველიო, ტყეში გიპოვა მარტო და სიკვდილის გისვა ცელიო? მოხუცმა ქალმა გიწამლა, უეცრად გაჩენილმაო, ის ქალიც მაშინ მე ვიყავ, ვინც უცებ მოგარჩინაო; გახსოვს, ნასვამი მართავდა კაცი მანქანას სიჩქარით, უეცრად საჭე აუცდა, შენსკენ მოქროდა ვით ქარი? გზაზე მდგარ მუხას შეასკდა. მე კი კვლავ მინდა აგიხსნა, ის მუხაც მაშინ მე ვიყავ, ვინც სიკვდილისგან დაგიხსნა; შენ არც კი იცი, რამდენი ხიფათი გამოგარიდე, სიკვდილს რამდენჯერ მოგტაცე(მზად არ იყავი ჯერ კიდევ), მე რომ არ მყავდე მრავალჯერ ბოროტისაგან დაცული, აწ იქნებოდი ათასჯერ დაბლა ჯოჯოხეთს ჩასული; მაგრამ სხვა დროსაც ვყოფილვარ შენთან მოსული, მხმობელი, შენ ვერ მიცანი ვერასდროს, შენი ღმერთი და მშობელი, რამდენჯერ გამოგიწოდე ღვთიური სიყვარულიო, შენ ხელსა მკრავდი ყოველთვის, ვერ მოგიბრუნე გულიო; ერთხელ, ქუჩაში დავარდნილ კაცთან სულ ახლოს მიხვედი, მან ხელი გამოგიწოდა, ხურდა მოგთხოვა მცირედი, ზიზღით შეხედე: - „შე ლოთო,სადა მაქვს შენთვის ფულიო“, ის კაცი მაშინ მე ვიყავ - მშიერი, დაჩაგრულიო; თუ გახსოვს, ერთხელ, ბიჭუნამ, მოგიკაკუნა კარზეო, ჭუჭყიან–ჩამოხეულმა: – „მშია,მაჭამე რამეო“, შენ ნარჩენები მიუგდე, ნაგვისთვის გამზადებული, ის ბიჭიც მაშინ მე ვიყავ – მიუსაფარი, ეული; თუ გახსოვს, ქალმა შავტუხამ, ბავშვით მიბმულმა მკერდზედა, ფული გთხოვა და საკოცნად გამოიწია ხელზედა, არ გაიკარე „ბინძური“ ბოშა, ფულების მთხოვნელი; ის ბავშვი მაშინ მე ვიყავ, ქალი კი ღვთისა მშობელი; ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ გთხოვე სითბო და წყალობა, ვისი სახელით არ ვცადე მე შენი გულის გალღვობა, ხან დედის სახით მოვედი, ხან მეუღლის და ხანაც დის, შენ კი სუყველა იმდურე, არ მოუსმინე არავის; ბოლოს, შვილადაც მოვედი, სიცოცხლის წყაროდ გაქციე, მე შენს სხეულში დავსახლდი და დედად გადაგაგციე, შენ კი, უგნურო, რა ჰქენი? ფიქრიც კი მიჭირს ამაზე, ამომიკვეთე საშოდან და გადამაგდე ნაგავზე; ახლა კი იმის მაგივრად, სირცხვილისაგან იწვოდე, დამდგარხარ ჩემი ხატის წინ და მე უგულოს მიწოდებ, განა ცოდვებზე ტირიხარ, განა სინდისი გიყივლებს, განსაცდელს რად მარგუნებო, რად მიგზავნიო ტკივილებს; შენ რომ სინდისი გტკიოდეს, შენ რომ შეცდომებს გლოვობდე, არ დამისვამდი შეკითხვას და მენდობოდი ბოლომდე, მაგრამ რადგანაც ვერა გრძნობ, ცოდვების გამო სინანულს, სწორედ ამიტომ ვერ ხედავ ჩემს წყალობას და სიყვარულს; რამდენჯერ გთხოვე სიკეთე, შენ მომექეცი ავადა, განა მე რამე მინდოდა, სიყვარული ვარ თავადა; შენს სულს უჭირდა ვიცოდი, რადგან არაფრით დამდაბლდა, შიგ სათნოებას ვეძებდი, ჩემთან მოსასვლელს მადლადა; მაგრამ, ვაი, რომ ამაოდ დავშვერი მოსაქცევადა, მხოლოდ ზერელედ გიყვარვარ, „რწმენა“ კი გექცა ჩვევადა, უფლის მცნებებით ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს მიზანი, თუ ყოველ გაჭირვებულსა და უმწეოში მიცანი; თუ სხვისი ცრემლი, ტკივილი, გაითავისე თვისადა, მადლს, სათნოებას, წყალობას არ ჩათვლი საქმედ სხვისადა, აკი გითხარი მრავალჯერ: – საქმემან გამოგაჩინოს, ცხვარი თხებისგან უფალმა სიკეთით გამოგარჩიოს; ლოცვებს ამბობ და წირვაზეც დადიხარ, ეს კი კარგია, მაგრამ მთავარი ის არის, შენს სულს თუ რამე არგია; ათას უგულო ლოცვას და წესების დაცვას, იცოდე, სულ ერთი სიტყვა მიჯობს, თუ “უფალო“ – ს გულით მიწოდებ; ის კი არ არის მთავარი, ვინა გყავს მოძღვრად რჩეული, რას ამბობს შენა ენა და რასა იქმს შენი სხეული, ათასჯერ მეტად მიზიდავს გული სიკეთით დამთვრალი – თბილი, სათნო და უმანკო, ღვთის სიყვარულით გამთბარი; მაგრამ განსაცდელს უამრავს გიგზავნი ჩემო ასულო, დარდსა და ნაღველს არ გაკლებ, ადამიანო ზრდასრულო, რადგან ვერ იცან, ძვირფასო, ჩემი გზა სიყვარულისა, იქნებ ტკივილმა აღგიძრას ცრემლები სინანულისა? ყოველი სნეულებანი, ჩემგან მოსულნი წყლულითა, საჩუქარია თქვენდამი უზომო სიყვარულითა, რათა ამ გზითღა განვწმინდო თქვენი სნეული სულები, რომ ცათა სასუფევლისთვის არ გახდეთ დაკარგულები; უსიყვარულოდ ლოცვები ფუჭია, სიტყვა უქმისა, უსინანულოდ ვერ ირგებთ სისხლსა და ხორცსა უფლისა; ვინც ჩემი ჯვარი იტვირთა, ბოლომდე უნდა ატაროს, ყველა ბორცვსა და ბილიკზე ღირსებით გამოატაროს; ამიტომ, ყველა განცდა და ყველა უზომო ტკივილი მორჩილად უნდა მიიღოთ და არ დაიწყოთ ჩივილი; ვინც ღისრეულად დაითმენს, ყველა ტანჯვას და განსაცდელს, ბოლოს მიიღებს გასაღებს ღვთის სასუფევლის გასახსნელს; საყვედურები შენგანაც, იცოდე, არა მწყენია, ყოველი შენი ტკივილი მე ასჯერ მეტად მტკენია, ნატანჯი, დამწუხრებული შენზე ნაკლებად როდი ვარ? მაგრამ სხვა გზა რომ ვერ ვნახე, შენთან ტკივილით მოვდივარ; მეც შენთან ერთად ვტირივარ, შენთან განვიცდი დარდსაო, შენს ტკივილებში ვზივარ და ვებრძვი ბოროტს და ავსაო; ვნებებს ებრძოლე, ნუ ფიქრობ, მე ცუდი ვარ და შენ კარგი; „ზოგჯერ წამალი მწარეა, მაგრამ სულისთვის შესარგი“. მე ისე ძლიერ მიყვარხარ, შენ ვერ გაიგებ ამასა, ბოლოს ერთს გეტყვი, გასწავლი ყველაზე ძლიერ წამალსა, სასჯელი ცოდვას მოყვება, სულია განსაკურნელი, ყოველი ცოდვის წამალი, სინანულია გულწრფელი. *** ქალი უფლის ხატს შეჰყურებს, ვერ გარკვეულა, რა მოხდა, მერე ცრემლებად დაიქცა, კვნესა–ტირილი აღმოხდა: -მაპატიეო, უფალო, ბრმა ვყოფილვარო, უგნური, რა ღირსი ვარო, ვისმინო შენი ტკბილი ხმა ღვთიური?! თურმე, რამდენჯერ, უჩუმრად, ზღვა სიყვარულით ამავსე, თურმე რამდენჯერ გატკინე გული სითბოთი აღსავსე, შენ ხარო ჩემი ღმერთი და მზრუნველი მამა კეთილი; გულში ჩაიკრა ხატი და დაკოცნა ყველა წერტილი. *** გაოგნებული შევყურებ, ხილვა იყო თუ სიზმარი? ღმერთო, ეს მართლა ხდება თუ მე მეჩვენება? – მითხარი, მეც ხომ იგივე მეკუთვნის, მეც ხომ არა ვარ უბრალო? ყველაფერს მივხვდი, უგნური, ეს ქალი მეც ვარ, უფალო; ჩემი პირიდან რამდენი უსამართლობა ისმინე, ჩემს გამოც, ღმერთო, ვინ იცის, რა ტკივილები ითმინე? რა ბრმები ვართ და უვიცნი, შენი შვილები ყოველნი, კიდევ ვბედავთ და უფლისგან მხოლოდ წყალობას მოველით. *** იყო, თუ არა იყო რა, არ ვიცი, ნეტავ, რა იყო? ჩემს საძინებელ ოთახში, ერთხელ, სარკმელი გაიღო... მე ანგელოზმა მანახა უფლის არსი და რაობა, მანახა რა ვარ უღმერთოდ – მტვერი და არარაობა. მშვიდობა მოგცეთ ყოველთა, უფლის მადლი და წყალობა, ღმერთმა გისმინოთ ყოველი თხოვნა, ლოცვა და გალობა! ესე ამბავი ნათქვამი ავტორის მონაგონია, მაგრამ, ჩემსავით, ბევრისთვის ჭკუის სასწავლი მგონია. ღმერთმა დაგლოცოთ ! 6 მარტი, 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი