პოემა 4 – ლოცვის საზღაური


მშვიდობა მოგცეთ უფალმა, ძალი, სიმტკიცე სულისა,
დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაკურთხოთ დედამ უფლისა!
ამბავს გიამბობთ ჭეშმარიტს და არა გამონაგონსა,
დაე,თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა არგებს სულს და რა გონსა.
                                                ***
მცხეთის მადლიან მიწაზე, სადაც გულია ქართლისა,
სად სვეტიცხოვლის ტაძარი ბინაა უფლის კვართისა, 
იქვე ახლოში სამთავროს დედათა მონასტერია,
იქ მადლი სუფევს ისეთი, მოყვრად იქცევა მტერია;

...და იმ მონასტრის ეზოში, თითქოს მიწიდან აზრდილი,
მირიან მეფის კოშკი დგას, ძველი დიდების აჩრდილი;
კოშკის პატარა ოთახში, კელიაც რომ არ ეთქმოდა,
გაბრიელ ბერი ლოცვებით თავად უფალ ღმერთს ერთვოდა;

დილიდან დაღამებამდე, კოშკის ასასვლელ კიბესთან,
რიგები არა წყდებოდა გაბრიელ ბერთან მიმსვლელთა,
ამ სოფლის ამაოებას სიყრმითგან გამოქცეული,
თავადვე გახლდათ ეს ბერი ღვთის მადლი ხორცად ქცეული;

ყველას ტკივილს და განსაცდელს ბერი თავისად იღებდა,
მთელი სამყაროს სიყვარულს პატარა გულში იტევდა,
მისი თვალები ცა გახლდათ, სასუფეველთან მხმობელი,
ენა კი ყურძნის ბადაგი, სულისა დამატკბობელი;

ხატებით სავსე კელიას მადლი არ აკლდა უფლისა,
იქ სხვა გარემო სუფევდა – სამყარო სიყვარულისა;
ვინც კი უფალმა წყალობით წმიდა მამასთან ატარა,
მას ღმერთის მადლით უხილავს სასუფეველი პატარა;

ყველა უყვარდა გაბრიელს, ვინც კი მიწაზე ცხოვრობდა,
ყველას მაგივრად ტიროდა, ყველას მაგივრად გლოვობდა,
სამშობლოს, დღემდე მოტანილს ოფლით და სისხლით ბევრითა,
დედა ღვთისმშობელს შესთხოვდა და ავედრებდა ცრემლითა;
                                         
ლოცვა იცოდა წმინდანმა, ისეთი ლოცვა იცოდა,
მთელი სხეულით მოთქვამდა, მთელი სხეულით იწვოდა,
მკერდში კოცონი ენთო და გულის ძარღვები სტკიოდა,
გრძნობებისაგან გათანგულს ცხარე ცრემლები სდიოდა;

როცა ლოცვისას წმინდანი ხელებს ცისაკენ აწევდა,
მისი ყოველი ნათქვამი უფალ ღმერთამდე აღწევდა,
თავად ციური ძალები შეირყეოდნენ ცაზედა,
უფალს და დედა ღვთისმშობელს ცრემლი სდიოდათ თვალზედა.
                                               ***
ლოცვა არ არის სიტყვები წიგნიდან ამოკითხული,
თუნდაც ზეპირად იცოდე, ლექსივით ამორითმული,
ლოცვა გულწრფელად ნათქვამი გახლავთ გოდება სულისა,
როცა სინდისი გტანჯავს და ცრემლი გდის სინანულისა;

როცა, მუხლებზე მდგომარეს, ძირს დაგიხრია თვალები,
როცა სამყარო გამქრალა და ვერსად დაიმალები,
თავის აწევას ვერ ბედავ, რადგანაც ხვდები კარგადა –
ხატებთან კი არ საუბრობ, უფალი გიმსმენს თავადა;

უზენაესის წინაშე დამდგარხარ შვილი უძღები
და უბადრუკი არსება თავად ღმერთს ესაუბრები,
ბედავ უფალთან ლაპარაკს, სრული გაქვს თავისუფლება,
რადგან თავადვე მოგმადლა მასთან საუბრის უფლება;

დგახარ, ტირიხარ და გიკვირს, რადა გდის ცრემლი ამდენი,
რად არის ტკბილი ასეთი ცრემლი ლოცვისას ნადენი,
ნატრობ, არასდროს დასრულდეს სულის ასეთი კივილი,
გსურს, რომ მარადის გაგრძელდეს ასეთი ლოცვა-ტირილი;

ტირიხარ, რადგან ხვდები, რომ არა ხარ ღირსი მადლისა,
გული გიფეთქავს, ცხადად გრძნობ სიყვარულს ღმრთისა მაღლისა,
არ იცი, რატომ გარგუნა ღმერთმა ასეთი წყალობა,
ნატრობ, შეგეძლოს როგორმე, გადაუხადო მადლობა;

... და სწორედ ამ დროს შეიგრძნობ, აღარ ხარ მარტო, ეული,
ისე ახლოს ხარ უფალთან, თითქოს ერთი გაქვთ სხეული,
ჭეშმარიტება იგრძენი-მთავარი, გარდაუვალი:
შენშია სასუფეველი, თავად შენშია უფალი.
                                          ***
სწორედ ასეთი იცოდა გაბრიელ ბერმა ლოცვები,
ყველაზე შეყვარებულმა იცოდა ჩვენი ცოდვები,
თორემ ბერს არა სჭიროდა ტანჯვა და გვემა სულისა,
თავადვე გალხდათ, ნეტარი, წმინდა ჭურჭელი უფლისა;

ჩვენ კი ჩვენ თავებს ჩავკითხოთ, ლოცვა თუ ვიცით გულისა,
ცრემლნი თუ მოგვდის თვალთაგან გულწრფელი სინანულისა?
ტექსტების კითხვას რა უნდა, ასე მარტივი რა არის?
მაგრამ უფალთან რა მიდის? – აი ეს არის მთავარი;

ლოცვებს ვეძახით ყველაფერს, რასაც მოვითხოვთ ენითა,
უფალს მივმართავთ უგულოდ, თავს არ ვიწუხებთ თმენითა,
ერთი სული გვაქვს, საჩქაროდ ვთქვათ, მოვიხადოთ ვალები
და ამა სოფლის სიამით კვლავ დავიბრმავოთ თვალები;
                                                ***
ერთხელ პარაკლისს სწირავდა, გაბრიელ, თხოვნით მრევლისა,
გულშემუსვრილი შესთხოვდა ღმერთს გამრავლებას ერისა;
შემდეგ, ღვთისმშობელს ხატის წინ ზეაპყრობილი ხელებით
ვინ იცის, ეს მერამდენედ, ევედრებოდა ცრემლებით:

"ქვეყნიერების დედაო და დედოფალო ცისაო,
შენ დაიფარე ნატანჯი შენი წილხვედრი მიწაო,
განსაცდელები გვაკმარე, დღე გაგვითენე მზისაო,
აგვიღორძინე ჩამქრალი კერები ბარის, მთისაო;

დედას უმრავლე შვილები, აკვანში ხმები ყრმისაო,
ალგეთს ლეკვები მგლისანი, გულის სახეთქად მტრისაო,
შენ დაგვილოცე ნათელი ღვთისკენ სავალი გზისაო,
ერი და ბერი გვიმრავლე, სადიდებელად ღმრთისაო!"

ასე შესთხოვდა დედოფალს, ბერი მძიმე ჯვრით მხარზედა,
დედა სამშობლოს სვე–ბედი ცრემლს არ უშრობდა თვალზედა;
ერის ნელ–ნელა გაქრობის საშიშროებას ხედავდა,
ამიტომ, ხშირად ღვთისმშობილის შეწუხებასაც ბედავდა;

მერე, როდესაც გაბრიელ გზად იყო სენაკისკენა,
ორი ღვთიური მხედარი გამოემართა მისკენა,
აქეთ-იქიდან ჩასჭიდეს გაკვირვებულ ბერს ხელები
და გააქანეს სადღაც შორს, უცხო გზებით და ხვრელებით;

ბერმა ურჩობა გაბედა, თუმც ვერცერთს ვერ მოერია,
მალე გონება დაკარგა, ძალები გამოელია,
მერე როდესაც დაბრუნდა, როდესაც ხანი გამოხდა,
მთელი ძალებით ეცადა, გარკვეულიყო, რა მოხდა;

ხედავს, ჩაუსვამთ დარბაზში, გარემოცულში ბნელითა;
შფოთავს, ცახცახებს შიშისგან, სული უჭირავს ხელითა,
სისხლის სუნი სცემს ისეთი, სუნთქვაც კი გასჭირვებია,
კვნესა-ტირილი გულს უკლავს, რა შემზარავი ხმებია;

ფეხქვეშ რაღაცა მოძრაობს, ეკრობა ვაი-ვიშითა,
აუკანკალდა მუხლები, ნაბიჯს ვერა დგამს შიშითა,
ცუდს უგრძნობს გული გაბრიელს, ვერ არის საქმე კარგადა,
ჯერ არასოდეს უგრძვნია ბერს თავი ასე ავადა;

მერე ჭერიდან უეცრად მცირე სარქველი გაიხსნა,
სინათლის სხივი გაკრთა და ბერი ბნელისგან დაიხსნა,
მიმოიხედა ირგვლივ და...ვაიმე, ღმერთო ცათაო,
ეს ხომ დაჩეხილ-დაჭრილი ნაწილებია ყრმათაო?

გაოგნებული შეჰყურებს ნაწილებს მიმოფენილებს,
ჭერიდან ლამის მის თავზე სულ ახალ ჩამოცვენილებს,
აღარ მთავრდება მატება, ცვივა და ცვივა ხვრელიდან,
ცოცხალი არის ყველა და სისხლი სდით ჭრილობებიდან;

შეჰყურებს ბერი ჯოჯოხეთს, გული უკვდება დარდითა,
კვნესიან ბავშვის ხელ-ფეხნი, ნაჩეხ-ნაგლეჯნი დანითა,
ზოგს პაწაწინა თითები ჯერ არც გაზრდია ხელზედა,
ზოგს სისხლიანი ცრემლები სდის გულგახლეჩილ მკერდზედა;

გაბრიელ კედელს აეკრა, შიშით დახუჭა თვალები,
რადგან უეცრად განათდა, მზემ შემოაღო კარები
და შემობრძანდა დიდებით, თვით დედოფალი ზეცისა,
უნეტარესი ქალწული, დედა უფლისა ღმერთისა;

...და მერე ისევ გამოჩდნენ უკვე ნაცნობი მხედრები,
დედა ღვთისმშობელს შეჰბედეს კრძალვით, რიდით და ვედრებით:
"ეს არისოო წმიდაო, ხატების წინ რომ დგებოდა,
ერის და ბერის სიმრავლეს ლოცვით რომ გევედრებოდა".

...და დედოფალმა ყოველთა გაბრიელს წყრომით შეხედა
(ბერმა თვალები დახარა, შეხედვა ვეღარ შეჰბედა):
"ხედავ ამ მოკლულ პატარებს? რასა მთხოვ ან რას ელიო?
ასე გინდაო გამრავლდეს ჩემი წილხვედრი ერიო?

როგორ გაბედე გეთხოვა ჩემთვის სიმრავლე ერისო,
ნეტავ თუ იცი რასა მთხოვ, სამოსს რად არცხვენ ბერისო?
ჯერ ამ პატარებს შეხედე, ისინი დაითვალეო
და მერე მკითხე ცრემლებით, რა ელის ამ ერს ხვალეო".

მერე ძირს დაჰკრა კვერთხი და გაბრუნდა დედა უფლისა,
ბერი სირცხვილმა შეიპყრო, ცრემლი სდის სინანულისა:
„ნეტა რადა ვარ ცოცხალი, მე რა ღირსი ვარ ხილვისა
უნეტარესი ქალწულის, დედოფლის  ცის და მიწისა;

მიზეზი გავხდი უგნური, უზასთაესის  წყრომისა,
როგორ ვევედრო დედოფალს აწ მოტევება ცოდვისა?
სჯობს გამსკდომოდა მიწა და შიგ ჩამყოლოდა სულიო,
ვიდრე ოდესმე მეტკინა დედა ღვთისმშობლის გულიო“.

მოთქვამდა ბერი საბრალოდ, ხმები აღმოხდა კვნესისა,
სული ეწვოდა შემყურეს ჩვილ ბავშვთა ნაწილებისა;
მერე კი უფლის მხედრებმა ბერს დამშვიდება დაუწყეს
და უფლის ნებით სახლისკენ კვლავ გაბრუნება აუწყეს;
                                            ***
მას შემდეგ ბერი წმინდანი, სადაც კი გამოჩნდებოდა,
თვალცრემლიანი ხმამაღლა ყველა ქალს ევედრებოდა:
„შვილებს ნუ მოკლავთ დედებო, ნუ გაიმეტებთ პატარებს,
ნუ გაიკეთებს აბორტსო, ვინც მუცლით პირმშოს ატარებს;

ცოდვა ამაზე უმეტეს, ქალისთვის არა არისო,
ღმერთმა დედობა გარგუნათ, ღირსი გაგხადათ მადლისო,
შეირგეთ უფლის წყალობა, ამრავლეთ ჩვენი ერიო, 
ნუ მოკლავთ ნაყოფს, ამას გთხოვთ ერთი ცოდვილი ბერიო“
                                              ***
აბორტის ცოდვა დიდია, ჩვენ ნაკლებს ვფიქრობთ ამაზე,
შვილზე ძვირფასი, ნეტავი, რა არის ამ ქვეყანაზე?
მეც ერთი დიდი ცოდვილი გემუდარებით ყველასა:
შვილებს ნუ მოკლავთ, დედებო, ნუ რისხავთ უფლის დედასა;

შეხედეთ ლამაზ პატარებს, როგორ უბრწყინავთ თვალები,
აბა სინჯეთ და ნაჯახით მოსჭერით თავი, მკლავები,
დაანაკუწეთ, დაჭერით, იქეცით ბავშვის მკლელადა;
ხომ ძნელი არის საფიქრად, წარმოსადგენად ძნელადა?

მაშინ საშოდან მოსრულის რატომ არ გესმით კივილი?
განა მის სხეულს ამოჭრილს არ აქვს გრძნობა ტკივილის?
ან იქნებ სულ სხვა გგონიათ, ვიდრე ნაფერი, ნაქები
ბავშვი ყველაზე ძვირფასი, დედის ძუძუთი ნაკვები?

ის ანგელოზიც პატარა, საშოდან ამოკვეთილი,
სწორედ ასეთი ლამაზი, ტკბილი, სათნო და კეთილი	
 გაიზრდებოდა თავადაც, ხელის გულზე რომ ვატარებთ,
ასე რომ გვიყვარს ყველას და ცივ ნიავს რომ არ ვაკარებთ;

მე  მომიტევეთ უმეცარს ასეთი მწარე სიმართლე,
საშინელია სასმენად, ვიცი და თავს არ ვიმართლებ,
მაგრამ იქნებ სხვა ვარიდო, რაც გულს თავად მაქვს ეკლადა,
რომელსაც ათი სიცოცხლეც არ ყოფნის სანანებლადა.
                                           ***
მშვიდობა მოგცეთ უფალმა, ძალი, სიმტკიცე სულისა,
დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ გაკურთხოთ დედამ უფლისა!
ესე ამბავმა, იქნება, ანდაზა მოგვაგონოსო:
„შვილზე ნათქვამი დედისა, დე, რძალმა გაიგონოსო !“
                                                                      25 აპრილი, 2015 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი