პოემა 5 – დიალოგი
მშვიდობა თქვენდა ყოველთა, მადლი წყალობა უფლისა, დაგლოცოთ გაგაძლიეროთ, სიმშვიდე მოგცეთ სულისა, ერთ მცირე ამბავს გიამბობთ, დამაფიქრებელს, სარგოსა, თქვენ კი თავადვე განსაჯეთ, რა არგებს სულს და რა გონსა; *** ომს რა გამოლევს ამქვეყნად, ამ უგნურებას კაცისას? მშვიდობას ვერა ჰგუობენ, ვერც სხვისას და ვერც თავისას, ჟლეტენ სასტიკად ერთმანეთს დაბინდულები გონითა, უგულო, დაუნდობელნი რისხვით და ულმობლობითა; ვერა, ვერ ძღება ადამი სხვისი ცრემლით და სისხლითა, გაუმაძღრობას თავისას ვეღარ იოკებს რისხვითა, მცირედი წყენის პასუხად უცებ გაწირავს მავანსა, სად ახსოვს ღმერთი, თუ ძმა ხარ, ამაყს და ამპარტავნსა? უაზრო ომებს თან მიაქვთ სიცოცხლე მილიონების, ვნება კლავთ, მავათ, სხვა ერთა დაჩაგვრის და დამონების. რაც კი უაზრო ომებში სისხლი დაღვრილა კაცისა, ცხრა ოკეანეს შექმნიდა ღმერთი მიწისა და ცისა; მაგრამ როდესაც სამშობლოს მტერი გათელავს ტიალი, და ღვთის ნაბოძებ მიწაზე იწყება ხმლების ტრიალი, მაშინ თვით უფლის რჩეულიც ხელში იარაღს აიღებს და დასაცავად, მამულის, თავის სიცოცხლეს გაიღებს; *** ერთი ასეთი ბრძოლისას, არაქათგამოლეული, ტყვედ ჩავარდნილი მტრის ხელში, დილეგში გამომწყვდეული, ორი მებრძოლი ერთმანეთს შეჰყურებს, ორი უცნობი, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო და და გამოუცნობი; ღმერთმა დაგლოცოს ძმობილო – მიმართა ერთმა მეორეს – ვხედავ ჩემს ბედში ყოფილხარ, ჩემი გზა გაიმეორე, არ გაიტეხო გული და ღმერთისა ვიყოთ მხმობელი, არ მიგვატოვებს უფალი, მოწყალე მამა მშობელი; ნუ ვუღალატებთ უფალს და ნუ გავახარებთ მტერსაო, თუ სიკვდილია საჭირო, სიცოცხლე მივცეთ ღმერთსაო, სასუფეველში დავიდებთ მუდმივად ბინას, ძმობილო, ქრისტესმიერო ძმაო და მამულისათვის ხმობილო; *** გაკვირვებულმა შეხედა, ტყვემ, უფლის სიტყვით მოუბარს, არ სწამდა ღმერთი ურწმუნოს, არ აპირებდა საუბარს, არა სჯეროდა უფალზე ნათქვამი სიტყვა არცერთი, ხელის აქნევით, უხეშად, პასუხი გასცა ასეთი: –აბა რას ამბობ, თუ ძმა ხარ, რას მეუბნები ნეტავი? სად არის, ერთი, ეგ შენი ღმერთი სათნო და ნეტარი? ეგ თქვენი რწმენა უაზრო ყელში მაქვს ამოსულიო, გთხოვ, ნუ მაწუხებ, შემეშვი , ჩემი მეყოფა წყლულიო; ეგ მითი ღმერთზე, ლეგენდა, მას უთხარ, ვისაც სჯერაო, მე არ მჭირდება, მაცდური ზღაპრების არა მჯერაო, სად არის? - აბა მაჩვენე, დამიხსნას ტყვეობიდანო, მაშინ იქნება ვიწამო, ჯერ ჩამოვიდეს ციდანო; იმის მაგივრად, რომ ბედზე მართლა წუხდე და ოხრავდე, დგახარ და ცრუ ქადაგებას ეწევი სულის მოთქმამდე, ნუ შთამაგონებ ტყუილად, ეგ არასოდეს მოხდება, რა გეღმერთება ნეტავი, სიკვდილი გვიახლოვდება; გიჯობს იმაზე იფიქრო, რა გველოდება მალეო, რა დროს ღმერთია, თუ ძმა ხარ, აღარ ვიქნებით ხვალეო, ეჰ, ეხლა მაინც გაგეხნას გონება დაბინდულიო, ეგ სისულელე აღარ თქვა, იჯექი გარინდულიო; *** –არ ხარო, ძმაო, მართალი – აღმოხდა ცრემლით პირველსა– ღმერთია ყოვლის შემქნელი, მას ვუმადლოდეთ მზრუნველსა, ქვეყნად თუ რამე მომხდარა, მისი ნებაა ყოველი, ის არის მხოლოდ მხსნელი და სხვისგან ნურვისგან მოელი... გამკვირვებია, ძმობილო, რატომ არა გწამს უფალი? მისით ხარ დაბადებული, ლაღი და თავისუფალი, მან შთაგიბერა სული და მან მოგცა ხორცი, სხეული, ეგ რა ეჭვები გქონია, ეშმაკი გიზის წყეული; მისი ნებით ხარ ამქვეყნად, სუნთქავ ჰაერს და დადიხარ, სული მას უნდა დაუთმო, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი ხარ, წამიერია ცხოვრება, წამია წუთისოფელი, ბოლოს უფალთან წარვსდგებით ადამიანი ყოველი; *** ისევ გაბრაზდა მეორე – ეხლა დაიწყე ისევო, ღმერთს ნუ მიხსენებ, გითხარი, არ მჯერა, არ მოგისმენო, ეგ თქვენი მითი ღმერთებზე ბრიყვთათავის მოგონილია, შეეშვი ზღაპრებს გითხარი, ცხოვრება სულ სხვა ხილია; ღმერთი არავის უნახავს, მე არსად გამიგიაო, მაჩვენე, აბა სად არის? - ორივ თვალი მაქვს ღიაო, სიკვდილს რომ ველით წუთი–წუთ, დაგვეხმარება? – არაო, მეყოფა, მეტი არ მინდა, მორჩა ზღაპრები, კმარაო; შენ თავად იცი, ამქვეყნად, რაც რომ სისხლია ნადენი, უსამართლობა, სიცრუე და ბოროტება რამდენი, სად არის მაშინ მითხარი ეგ თქვენი ღმერთი ფრთიანი, მოწყალე მამა მშობელი, თბილი და სამართლიანი? ეს დედამიწა, ძმობილო, იმდენ სისხლს და ცრემლს ინახავს, თავად იმდენი მიღვრია, იმდენი ტანჯვა მინახავს, რაღაც, არ მახსოვს, როდესმე დამხმარებოდეს დაჩაგრულს, ღმერთი კი არა, მეგობარს ვერ ნახავ, ხშირად, დაკარგულს; შეეშვი ასეთ ცრურწმენებს, ჯობია საღად ვიფიქროთ, სულ ცოტა დაგვრჩა სოცოცხლე, ამაზე უნდა ვიტიროთ, არ არის არსად სამოთხე, არც ჯოჯოხეთი ტიალი, არც ღმერთი არის სადმე და არც ეშმა ოხერტიალი; შემეშვი ერთი, თუ ძმა ხარ, ხმა გაიკმინდე, გეყოფა, ნუ ამატკიებ თავსაო, მე ჩემი დარდიც მეყოფა, წადი, გიშველოს მაგ შენმა ღმერთმა და მამა მშობელმა, მე კი ერთი მყავს მშობელი – დედა, გამზარდა რომელმაც; *** –კაი, რადგანაც არა გწამს, ღმერთი და მისი „ზღაპარი“, მაშინ მითხარი, თუ იცი, ვინ შექმნა ქვეყნად მთა–ბარი, ველი, მინდორი, ბალახი, ხე და ყვავილი ყოველი, ვინ შექმნა ქვეყნად სამყარო ასეთი სრული, ცხოველი? ადამიანი ვინ შექმნა და ვინ ჩაუდგა სულიო, როგორ სუნთქავს და ნეტავი როგორ მუშაობს გულიო ? მილიონობით უჯრედი, გამრჯე, ვით გუთნის ხარიო, ეს მექანიზმი უნაკლო, ვინ შექმნა? - შენ მითხარიო; ვინ შექმნა ზღვა და ხმელეთი, ცა და ღრუბელთა კრებული, მდინარე, წყარო ანკარა, ფლორა, ფაუნა ქებული, ქარი, წვიმა და ცვარ–ნამი, დილის სურნელი მზიანი, მიწა მოსავლის მომცემი, ხვავიან–ბარაქიანი? ვინ შექმნა ცაზე მნათობნი, საკვირველება ციური, მზე – დედოფალი ქვეყნისა, ულევი, მარადიული, მთვარე – ერთგული დარაჯი, მშვიდი ძილისა, წყნარისა, ვარსკვლავნი დაულეველნი, ცის ფერიები ღამისა? სიცოცხლეც კი არ მეყოფა, რომ ჩამოვთვალო ყოველი, შენ კი, რადგან ხარ ურწმუნო, ღმერთის ხარ რადგან მგმობელი, მითხარი, როგორ შეიქმნა ეს საოცრება ხმობილი, ვინ შექმნა ასე სამყარო, უნაკლო და სრულყოფილი? გული ხომ საოცრებაა, ენითა გამოუთქმელი, უნაკლოდ ქმნილი სისტემა, ძრავია ხელით უქმნელი, ჟანგბადი მისი მკვებავი, ძარღვებში სისხლად ქცეული, მილიონობით ატომი, სიცოცხლედ გადაქცეული; ადამიანის უჯრედი, ეს მექანიზმი უბადლო, მთელი სამყარო პატარა, უშეცდომო და უნაკლო, სიზუსტის ეტალონია, რამდენ მასალას ინახავს, ამას ვინ შექმნის, მითხარი, მსგავსი თუ რამე გინახავს? ბუნების ყველა დეტალი ისეა ერთად შერწყმული, ტემპერატურა, წნევა და საზომთა მთელი კრებული, აბა სინჯე და მცირედით შეცვალე თუნდ ნატამალი, დიდ კატასტროფას მიიღებ, დაიღუპება მრავალი; ათასწლეულთა მანძილზე, ჯერ არ შეცვლილა არცერთი, ღმერთის გარეშე ვინ შეძლებს, შექმნას სამყარო ასეთი? რას მეტყვი ნეტავ ელვაზე ან თუნდაც ცისარტყელაზე? ანდა ვინ შექმნის ერთ უჯრედს ცოცხალს, თუნდ მარტივს ყველაზე? შენ კიდევ მეტყვი, ძმობილო, არ მჯერა ღმერთის, არაო, ამ საოცარი სამყაროს მარტო შეხედვაც კმარაო, უზენაესის გარეშე შეიქმნებოდა რომელი, ასე უნაკლო სიზუსტით კენჭიდან მზემდე ყოველი? ასე მოწყობილ სამყაროს, ვინ აკონტროლებს ნეტაო? იქნებ გგონია არა ყავს მცველი, პატრონი, დედაო? ღმერთია ყოვლის შემქნელი, მისია მთელი კრებული, მიწის მტვერიდან და ცაზე ვარსკვლავით დამთავრებული; *** იცი, რას გეტყვი, ძმობილო? – დაიწყო ისევ ურწმუნომ– ჩემი ამბავი ისმინე, იქნება გადაგარწმუნო, ეგ ყველაფერი ლამაზად გაფორმებული მითია, სიმართლე სხვაა, იცოდე, სიმართლე უფრო დიდია; პასუხს ვერ გაგცემ პირდაპირ, სამყარო მართლაც რთულია, მაგრამ არ ვთვლი, რომ ქვეყანა უნაკლოდ გამართულია, ამდენ ტანჯვას და ვაებას როდემდე უნდა ვუყურო? რომელი ღმერთი ვიწამო – უგულო, ბრმა თუ უყურო? როდესაც მამა დავკარგე, ძვირფსი ჩემი გულისა, პატარა ბიჭს რომ ჩამიქრა გრძნობები სიხარულისა, სად იყო მაშინ ეგ შენი ღმერთი, მმართველი ბედისა? რად არ ესმოდა გოდება ჩემი საბრალო დედისა? ბევრჯერ დამჩაგრა ცხოვრებამ, ბევრჯერ გამაბა მახეში, სიკვდილისთვისაც რამდენჯერ ჩამიხედია თვალებში, როცა მიჭირდა, ძმობილო, არავინ დამხმარებია, სად იყო ღმერთი მაშინ და რატომ არ გამკარებია? ავადმყოფი მყავს დედა და არ ქრება დარდი წყეული, თვით სიკვდილს სამჯერ წავართვი მშობელი გულით სნეული, სად იყო ღმერთი, როდესაც დედას ტკივილი უტევდა? თუ ყოველივეს ხედავდა, ნეტა რა გული უთმენდა? ეჰ, ყველაფერი რომ გითხრა, დრო არ მეყოფა ხვალამდე, ეს მარტო ჩემი გითხარი, ჩემი მცირედი გაგანდე, თორემ ყოველი არსება რამდენ განსაცდელს იტანსო, სად არის ღმერთი, მაჩვენე, ტანჯვისგან რომელს იცავსო? აი, ტყვედა ვართ ორივე, სიკვდილი გველის მალეო, რომელი ღმერთი აგვაცდენს ამ ხვედრს ან დღეს ან ხვალეო? მე დახმარება არ მახსოვს, ცრემლს ვხედავ მხოლოდ დედისო, აი, ამიტომ არ მჯერა მაგ შენი ვითომ ღმერთისო; *** რატომ არ გესმის ჩემიო? – შეწუხდა ისევ პირველი – უფლის ნებაა ყოველი, რა არის გასაკვირველი? მე რა კითხვებიც დაგისვი, რად არ მპასუხობ ამაზე? დიახ, ღმერთია ყოველი, ტკივილიც და სილამაზეც; დიახ, უფალმა დაუშვა განსაცდელები ცბიერი, მაგრამ ამისთვის მიზეზი არსებობს მყარი, ძლიერი, ცელქობისათვის პატარას ზოგჯერ მშობელი დასჯისო, ზოგჯერ ტკივილსაც იგრძნობს და ზოგჯერ ტირილიც გასდისო; შვილების დასჯა ვის უყვარს? ძნელია ცრემლი საცქერად, მაგრამ სხვა გზა რომ არ არის მისივე გამოსაწთვრნელად, მშობელი მათრახს აიღებს, უჯობს მცირედით ატკინოს, რომ მომავალში ცხოვრებამ აღარ საჯოს და აცდინოს; ჩვენ ღმერთისა ვართ ყოველნი, მისი ძვირფასი შვილები, ხშირად არ გვესმის სასჯელი, უფლისგან მოვლენილები, ცოდვებით დამძიმებულებს დაბინდული გვაქვს გონება, სხეულზე ვფიქრობთ მხოლოდ და არ გვინდა სულის ცხონება; ღმერთი კი ფიქრობს, განიცდის, ყველაზე ზრუნავს, ირჯება, მან უკეთ იცის საკურნად, ვის რა მეთოდი სჭირდება, ხშირად წამალი მწარეა, სიმძიმით საკურნებელი, მაგრამ სნეული სულისთვის სარგო და მაკურთხეველი; სხეულის სნეულ ადგილებს ხშირად აჭრიან ტირილით, რომ შემდეგ მეტად არ ავნოს, სხვას არ გადასდოს ტკივილი, ზოგჯერ წანაზარდს მოკვეთენ ჯანსაღის გამოსაჩენად, ზოგჯერ სიმსივნეს აჭრიან, მთლიანის გადასარჩენად; შენ თავად ამბობ, უფალმა რამდენ განსაცდელს გარიდა, რამდენჯერ სიკვდილს შებმული უვნებლად გამოგარიდა, ყოველი ჭირი, ვაება ღმერთმა გარგუნა წამლადა, შენ თუ კურნება არ გინდა, ღმერთს ნუ ახსენებ ავადა; წუთია წუთისოფელი, წლები იქცევა წამებად, დროებითია ყოველი, კვნესა, ტანჯვა და წამება, ჯობს სხეულს ერგოს ტკივილი, სულს ჭუჭყი რომ არ შეახოს, რომ ხორცისგან გასული უფალს თამამად ეახლოს; დაიმახსოვრე, ძმობილო, ღმერთი სხეულში არ არი, სულშია უფლის რაობა, სულია უფრო მთავარი, ხორცი მტვერია მიწისა, ხშირად გახდება ავადა, სულია მარადიული, ღმერთი სულია თავადა; ეხლა სიკვდილსაც შევეხოთ, ვეცდები ავხსნა თავადა, რად მიყავს უფალს უდროოდ, რად ტოვებს ტკივილს კვალადა, მისი ყოველი ნაბიჯი ჩვენთვის გაგებად რთულია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ღმერთი სიყვარულია; *** კარგი ვენახის პატრონი ხშირად შეწამლავს ყურძენსა, წამალი ხშირად მწარეა, მაგრამ მტევანი უძლებსა, კარგ მტევანს მოსწყვეტს თავისთვის, მკვახეს დატოვებს ვაზზედა, საუკეთესოს წაიღებს, პატივით დადებს თასზედა; ასევე მოსწყვეტს გამხმარსაც, თუ შეჭკნობია სხეული, თუ არაფერი უშველის, თუ იღუპება სნეული, მოსწყვეტს, სანამდის ჯერ კიდევ შემორჩენია ნაყოფი, სანამ მარცვალში სიტკბოა, სანამ წვენი აქვს სამყოფი; მევენახეზე უკეთეს ვინ იცის მოვლა ვაზისა? მხოლოდ მან იცის დრო–ჟამი, ბედი ყოველი მარცვლისა, ყურძნის ყოველი მტევანი, ჯანსაღია თუ სნეული, ისევე უყვარს პატრონსა, ვით შვილი გამორჩეული; ის კი არ არის მთავარი, რა სტკივა ვენახს ზაფხულში, რას ჩივის ყურძნის მარცვალი, რა დარდი უდევს მას გულში, არამედ შემოდგომაზე, რას მისცემს პატრონს რჩეულად, და თუ იქცევა ქორწილში სასმელად გამორჩეულად; ისიც იცოდე, ბოლო ჟამს, ყურძნის კრეფის დრო დგებაო, ვაზის პატრონი გადაწყვეტს, ვის რა დღე დაუდგებაო, ყველა დამპალი მტევანი ბოლოს ნაგავად იქცევა, ხოლო ნარჩევი მარცვალი ბადაგად გადაიქცევა; *** ასეა ჩვენი სიცოცხლეც, ვენახი ჩვენ ვართ ყველანი, მევენახეა ღმერთი და ჩვენ მისი თითო მტევანი. „ხილი ვერ ეტყვის მებაღეს, რად მოგივედი თვალშიო, რად მომწყვიტეო უდროოდ და რად წამიღე სახლშიო“ სიკვდილი მხოლოდ ხიდია, უფალთან გადასასვლელი, ზოგისთვის ჩატეხილია, ზოგისთვის ძნელად სავლელი, სიცოცხლე მხოლოდ გეზია, ვეძებდეთ გზას საუფლოსა, ზოგჯერ მოკლე გზა ჯობია, რთულსა და უსასრულოსა; *** ეგ ბევრს არაფერს არ ნიშნავს – ალაპარაკდა მეორე – ღვთის არსებობა არ მჯერა, გინდ ასჯერ გამიმეორე, იგავს მეც გეტყვი უამრავს, ეგ ხომ არ არის მთავარი, ღმერთი აქ რა შუაშია? – ეგ დამტკიცება არ არის; სულ მცირე არის საჭირო სიმართლის დასამტკიცებლად, ჩემს მოსაქცევად, ძმობილო და რწმენის განსამტკიცებლად, ტყვეობისაგან დაგვიხსნას, გვიჩვენოს სასწაულიო, ეს ხომ ასეთი მცირეა, მისთვის არ არის რთულიო; მაშინ ვიწამებ შენს ნათქვამს და არ ჩაგითვლი ტყუილად, აქ ნუ მოვკვდები ძაღლივით, მხოლოდ ესა მაქვს სურვილად, თუ ამის ძალა არა აქვს, ამიხდეს ნატვრა ერთიო, მაშინ გაჩუმდით ორივე, შენ და ეგ შენი ღმერთიო; *** დიდხანს გაგრძელდა კამათი, თვისას არ თმობდა არცერთი, შეგშურდებოდათ ორივეს შეუპოვრობა ასეთი, მაგრამ ყველაფერს ამქვეყნად რადგან აქვს ბოლო კეთილი, ეს პაექრობაც დასრულდა, დაესვა მშვიდად წერტილი; მიწა იძრა და უეცრად ზეცა გაიხსნა ნათელი, ორივ მინდორში აღმოჩნდა, ენთო ათასი სანთელი, გაოგნებული შეჰყურებს ურწმუნო თავის ამხანაგს, თავი სიზმარში ჰგონია, ვეღარ ახერხებს ლაპარაკს; ის კი უეცრად მიწიდან ზეცამდე ამაღლებული, განათდა, როგორც ელვარე მზე ასზე გამრავლებული, უცებ აზვირთდა ზღვასავით, მთასავით წამოიმართა და შეშინებულ ურწმუნოს მშვიდად, ალერსით მიმართა: მე ვარო თავად უფალი, შემქნელი ცის და მიწისა, ჩემით თენდება დილა და მე ვარო მეფე ცისკრისა, გამოგიხსენი, ასრულდა ეგ შენი თხოვნა ერთიო, ეხლა თუ გჯერა შენ ჩემი, მითხარი თუ გწამს ღმერთიო? შენთან იმიტომ მოვედი, რომ დაგრჩეს მოსაგონადა, …და მაგალითიც იქნება სხვებისთვის გასაგონადა, ეს გაკვეთილად მიიღეთ, დროს ნუ დაკარგავთ უქმადა, რადგანაც არ მემეტებით არცერთი დასაღუპადა; დაიმახსოვე მთავარი, დრო აღარა გაქვს საცდელი, წამიერია სიცოცხლე, ჟამია გამოსაცდელი, ნუღარ გექნება ეჭვები, ნუღარ იფიქრებ ავადა. ნეტარ არს ვისაც მე ვწამვარ, უთქმელად, უნახავადა; წადი, მშვიდობით იარე და ნუღარ განმიკითხავო, გამიგებ, წმიდა წერილს თუ გულდასმით წაიკითხავო, უფალს მიენდე მარადჟამს, ღმერთის იყავი მხმობელი, ვერ დაიმკვიდრებს სამოთხეს სულიწმიდისა მგმობელი; *** გაქრა ნათელი უფლისა, დარჩა მინდორში ეული, კაცი შიშისგან დამფრთხალი, უზომოდ გაოგნებული, გულში უფალი შეიგრძნო და სიყვარული აზვირთდა, დაემხო იქვე მუხლებზე და გულსაკლავად ატირდა; *** ასე დასრულდა ამბავი ამ მცირე დიალოგისა, ღმერთმა დაგლოცოთ გახაროთ, წყალობა მოგცეთ უფლისა! მე კი ვეცადე ამეხსნა ჭეშმარიტება უტყუო: „უღმერთო კაცი ყოველი რეგვენია და უჭკუო“ *** შეუნდე, ღმერთო კეთილო, ვინც შენზე დაიწუწუნოს, შენ გაუნათე გონება ყველა უგნურს და ურწმუნოს, რათა გაიგოს, იცოდეს, ჭეშმარიტება ერთია: „ღმერთშია მხოლოდ სიცოცხლე, მთავარი ყველგან ღმერთია“ ღმერთმა დაგლოცოთ! დიდება უფალს!!! 3–10 ოქტომბერი, 2015 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი