პოემა 6 – არჩევანი


დიდება ღმერთსა ძლიერსა, ერთადერთს, მარადმყოფელსა,
მამას, ძეს, სულსა წმიდასა, სამებას განუყოფელსა,
მშვიდობა მოგცეთ უფალმა და სიხარული გულისა,
მადლი, წყალობა ღვთიური, რწმენა, სიმშვიდე სულისა;

ამბავს გიამბობთ საოცარს, ჯერ არგაგონილს აქამდე,
არ ვიცი, როგორ გადმოვცემ, გონი მეყოფა სადამდე,
უფლის წყალობით ვეცდები, გონებიდან და ენამდე,
ყოველი სიტყვა ავწონო და მოვიტანო თქვენამდე;
                                        ***
საოცარია ბუნება ადამიანთა მოდგმისა,
განსაცდელისგან, ზოგიერთს, დროც არ აქვს სულის მოთქმისა,
ვინ იცის, კაცი უმწეო, გულში რა ცოდვას ჩაიდებს,
გამწარებული რას იზამს და რა საქციელს ჩაიდენს?

როცა მშვიდად გაქვს გული და მშვიდია შენი ცხოვრება,
როცა არა გაქვს დარდი და როცა სუფთაა გონება,
ვერ წარმოიდგენ ფიქრადაც, რისი ხარ თავად ჩამდენი,
სასოწარკვეთილს, უღონოს, თურმე ძალა გაქვს რამდენი;

ნუ იტრაბახებს ნურავინ, რას ვიზამ და რას არაო,
არ მოვიქცევი უღირსად, რაც უნდა გამამწარაო,
სხვისი ცოდვების განკითხვა ზოგისთვის რა იოლია,
თავისი მარცხიც ყოველთვის სულ სხვისი ბრალი ჰგონია;

იქნებ კიდევაც გაუძლო, კაცმა, განსაცდელს ღირსებით,
თუნდაც იცოდე, რომ შველას სხვებისგან ვერ ეღირსები,
ყველა ჭრილობას გაუძლებ, ყველა იარას აიტან,
ტკივილს ბოლომდე მოითმენ და თავს ბოლომდე გაიტან;

მაგრამ უეცრად თუ ჭირმა შემოგიმტვრია კარები,
და თუ შენს ძვირფას არსებას დაადგა შავი თვალები,
გონება ვეღარ აზროვნებს, დრო აღარა გაქვს სარჩევად,
და რას ჩაიდენ, არ იცი, სიცოცხლის გადასარჩენად;
                                                     ***
იყო პატარა გოგონა ერთ უზარმაზარ ქალაქში,
უყვარდა სიცილ-კისკისი, გართობა, ცეკვა-თამაში,
მზესავით პირმოცინარი, ალერსიანი და ნაზი,
ანგელოზივით უმანკო, თოჯინასავით ლამაზი;
 
მისი ღვთიური მშვენებით ხარობდა ირგვლივ ყოველი,
ნაცნობიცა და უცნობიც, ნათესავიც და მშობელიც,
ჩქეფდა სიცოცხლე ულევი ღიმილად ნაირფერებად 
და იფრქვეოდა გარშემო სითბო და ბედნიერება;

მაგრამ ბოროტი ამქვეყნად ვის გაახარებს ნეტავი?
დაასნეულა გოგონა, გახადა სუსტი, ბეჩავი,
ჩამოხმა ვარდის კოკორი, დაჭკნა და ფერი ეცვალა,
სიხარული და ღიმილი ცრემლმა და დარდმა შეცვალა;
                                          ***
ასეა წუთისოფელი, არ გაახარებს არავის,
სადაც სიხარულს მოიმკი, განსაცდელებიც იქ არის,
დარდი და ცრემლი მარადჟამს ყველა ჩვენგანის ხვედრია,
ადამის მოდგმას ვინ იცის, რა ჭირი არ შეხვედრია;

წამია ბედნიერება, ხან უცებ გაგიფრინდება,
ხან ისეთ დარტყმას გაგემებს, ცხოვრება აღარ გინდება,
დაბადებიდან ლოტოა ადამიანის სიცოცხლე,
რაც ამოგივა ისა ხარ, უნდა მოკვდე ან იცოცხლებ;

დავდივართ ცოდვილ მიწაზე, წლები გარბიან წამებად,
ზოგჯერ თვით ტკბილი სიცოცხლე გვექცევა ტანჯვა–წამებად,  
ჩვენ სოფლის წუთი გვადარდებს, სხვაზე არა გვაქვს ნაფიქრი,
თუმცა კი მარადიულზე გვაქვს საზრუნი და საფიქრი;

ისიც ნუ დაგვავიწყდება, ამ წუთისოფლის თავადი
უკან რომ დაგვსდევს მუდმივად, ხაფანგებს გვიწყობს მარადის,
სილამაზეს და სიკეთეს, ეშმაკი გადარეული
ებრძვის ცეცხლით და მახვილით,  ეს ოხერი და წყეული;  
                                                     ***
სად აღარ ყავდათ პატარა, ნეტავ სად აღარ ატარეს,
უკლებლივ  ყველა ექიმს და დასტაქარს გამოატარეს,
ჩვენ პირობები არ გვაქვსო, ამბობდა თვითოეული,
ვერ ვუშველითო ვერაფრით, მძიმედ არისო სნეული; 

მიუხედავად ამისა, არ დაკარგოთო იმედი,
თუ საზღვარგარეთ წაიყვანთ, არისო შანსი მცირედი,
თუმც ძვირი ჯდება ძალიან, თანხაა უზარმაზარი,
რა ვქნათ, ასეა იქითო, ფასები აქვთო საზარი;

დაღონდნენ გოგოს მშობლები, არ იყვნენ რადგან მდიდრები,
ყველა ნაცნობს და ნათესავს, მიადგნენ თხოვნა–ვედრებით,
გაყიდეს ნივთი ყოველი, რაც კი ებადათ ქონება,
ვერ მოაგროვეს ვერაფრით, რაც იყო საჭიროება;

სასოწარკვეთამ მოიცვა გოგონას ორივ მშობელი,
გაქრა ოჯახში ღიმილი და სიხარული ყოველი,
სიმშვიდე უცებ შეცვალა დარდმა, ცრემლმა და გოდებამ,
ნელ–ნელა თავი იჩინა წყენამ და უთანხმოებამ;

დედა ცრემლებად იღვრება, კვნესის და ოხრავს უღონო,
ვერ შველის თავის პატარას, რა უთხრას, რა მოუგონოს?
მამა დარდისგან გიჟდება, არ ყოფნის მწირი ქონება,
უმწეო კაცი სიმწრისგან კარგავს აზრსა და გონებას;
                                         ***
ულმობელია ხანდახან მუხთალი წუთისოფელი,
აქ სამართალი არ მეფობს, ბოროტს უპყრია ყოველი,
რომ არა უფლის განგება, არ გვახარებდა არავის,
ტანჯვით და კვნესით მიგვყრიდა ყველას სამარის კარამდის;

თუ უშვებს ღმერთი ხანდახან, მძიმე, სატანჯველ–განსაცდელს,
მისი ნებაა ყოველი, ის ამით აღწევს საწადელს,
თუმც, ჩვენი სუსტი ბუნებით, ხშირად,  ვერ ვუძლებთ ტკივილებს,
სასოწარკვეთა შეგვიპყრობს და ვებრძვით ქარის წისქვილებს;

შვილის გულისთვის სიცოცხლეს გაიღებს ყველა მშობელი,
ვინ შეატოვებს სიკვდილს და ვინ არ იბრძოლებს, რომელი?
მაგრამ, ვაი რომ უფალმა ყველას თავისი არგუნა,
მამა შემზარავ სიმართლეს მიხვდა და თავი დაღუნა;
                                        ***
როცა ყველა გზა მოეჭრა, ყველა გზა ამოიწურა,
როცა იმედი გაქრა და კარები გამოიხურა,
კაცმა ბოლო ხერხს მიმართა, თუმც იცის რა საშიშია,
ყველაზე თავგანწირული და მძიმე გზა აირჩია;

ძარცვაზე უნდა წავიდეს, სჯობს თავზე ხელი აიღოს,
ოღონდ შვილისთვის იბრძოლოს, რაც შეუძლია გაიღოს,
ფიქრია ეხლა საჭირო, გეგმაა ეხლა მთავარი,
საღი გონება სჭირდება, შეცდომების დრო არ არის;

შეძლებს, იბრძოლოს ბოლომდე, თუ გამოავლენს ხასიათს,
დროც კი ცოტაა საფიქრად, ყოველ წუთს ოქროს ფასი აქვს, 
ძარცვის ყოველი დეტალი ათასჯერ შესაფასია,
მარცხის უფლება არა აქვს, შვილის სიცოცხლის ფასია;

იარაღია საჭირო, ეს არის ეხლა პირველი,
მისი შოვნის და შეძენის გზებია განსახილველი,
მერე კი გეგმის მიხედვით მოქმედებაა მთავარი,
თუ ზუსტად გათვლის ყველაფრს, ფული ექნება საკმარი;

უნდა გაძარცვოს როგორმე, თუნდ სისხლის ფასად დაუჯდეს,
პირმშოს, სიკვდილის წინაშე, დარაჯად უნდა დაუდგეს,
სანამ სული აქვს პირში და ძალა აქვს მუხლებ-კანჭებში,
არ დანებდებდება ბოროტს და შვილს ვერ ჩაუგდებს კლანჭებში;

დიდი ხნის ფიქრის შედეგად მთავარი უკვე გადაწყდა,
ძარცვის გეგმა და სცენარი ათას ობიექტს გადასწვდა,
ბანკის გაძარცვა დაგეგმა, თავი აქვს გადადებული,
ან შეაკვდება საქმეს და ან წავა გამარჯვებული;

ბანკის თვალთვალი დაიწყო, ვის წასვლა უწევს, ვის მოსვლა,
თანამშრომელთა გრაფიკი, დაცვის წევრების მიმოსვლა,
როდესაც ყველა წვრილმანი ჰქონდა გაზომილ-გათვლილი, 
თავდასხმის დილა დაგეგმა, წამის წამამდე დათვლილი; 

გათენდა დილა ნანატრი, მშვიდი, წყნარი და მზიანი,
გულში ჩაიკრა გოგონა, თბილი და ალერსიანი,
კოცნით რომ გული იჯერა, ცრემლით აევსო თვალები,
მერე კი ადგა უჩუმრად და გაიხურა კარები;
                                  ***
ბანკში მძარცველი შეიჭრა, დაწექით ყველა ჩქარაო,
ხელი სასხლეტზე ეჭირა - ხმა არ გავიგო, არაო,
მოლარეს ჩანთა ესროლა, ფული ჩაყარე თავადო,
თუ ვინმე წინ აღმიდგება, ტყვიას დავახლი სწრაფადო; 

ბანკის ერთერთი დამცველი იატაკს იყო გართხმული,
მაგრამ მეტი რომ არ ჩანდა, დაცვა იარაღასხმული,
შეშფოთდა ცოტა მძარცველი, მეორე რატომ არ არის?
იქნებ არც არის საერთოდ, ან იქნებ სადმე აქ არის?

იმ ერთსაც უცებ აჰყარა იარაღი და რაცია,
მერე მძევლები დათვალა, ერთად სულ შვიდი კაცია,
ამათ როგორმე მოუვლის, გეგმის ბრწყინვალედ მცოდნელი,
ოღონდაც რამე არ მოხდეს, საშიში, მოულოდნელი;

უცებ, შიგნითა კარიდან, ქალი შემოხტა, ასული,
სწორედ მეორე დამცველი, დროებით გარეთ გასული, 
ეგ იარაღი დადეო - მძარცველს მიმართა თმენითა–
არ დაგინდობო, გესვრიო, სჯობს დამნებდეო ნებითა;

კაცმა შიშისგან შეჰყვირა, სიკვდილის ზარმა ჩამოჰკრა,
მსწრაფლ იარაღი შემართა და სასხლეტს თითი გამოჰკრა, 
კვნესა აღმოხდათ კედლებს და ტყვია გავარდა ლულიდან,
ქალმა სიმწრისგან შეჰკივლა, სისხლმა იფეთქა გულიდან; 

უყურებს კაცი გოგონას, როგორ უთრთიან ბაგენი,
მიუახლოვდა, გაოგნდა, სისხლი სდიოდა რამდენი,
სულ ახალგაზრდა ყოფილა, გონებას კარგავს ბოდვაში,
ეს რა მიქენი, ასულო, რად ჩამაგდეო ცოდვაში;

არ გაინძრეთო არავინ, სუყველას ჩამოუარა,
დაჭრილი გოგო გასინჯა, ცოცხალი იყო თუ არა,
მერე მოლარეს შესძახა, ჩქარა ჩაყარე ფულიო,
დროს ნუ გაწელავ, იცოდე, არ ამიცრუო გულიო;

მან კი უჩუმრად მოასწრო ღილაკზე თითის დადება
და პოლიციის სასწარფო სიგნალით გამოძახება,
მალე ბრძანებაც გაისმა, ალყა გვაქვს შემორტყმულიო,
თავად დაგვნებდი, ჯობია, სპეცრაზმი მოდის სრულიო;
 
ამან აქედან შეძახა, მძევლები მყავსო რვანიო,
არ დაგნებდებით ცოცხალი, არ აგერიოთ კვალიო,
დაჭრილი დაცვის წევრი კი აგერ მყავს ლულის ქვეშაო,
აბა გაბედეთ შემოდით, ვისი აჯობებს დღესაო;

მე დასაკარგი არა მაქვს, საქმე ვიტვირთე ძნელიო,
სჯობს გამატაროთ მშვიდობით, არ შემიშალოთ ხელიო,
თუ მომაკვდავი შვილის წინ ვერ აღვასრულე ვალიო,
მაშინ დავხოცავ ყველას და თქვენი იქნება ბრალიო;

მერე ერთერთმა მძევალმა ხმის ამოღება ინება,
ექიმი უნდა დაჭრილსო, სანამდის გვიან იქნება,
თუკი სიცოცხლე წაიღე ამ ახალგაზრდა ქალისო,
ნუთუ ეგ შენი ნაძარცვი უფრო ძვირფასი არისო?

ხომ მძევლებად ვართ ყველანი, დაჭრილი მაინც გაუშვი,
ან ექიმს უხმე გარედან, გულიდან ბრაზი აუშვი,
მკვლელობის მძიმე ცოდვასაც ნუღა დაიდებ გულზეო,
ადამიანის სიცოცხლეს ნუ გაცვლი ბინძურ ფულზეო;

დაღონდა კაცი, ჩაფიქრდა, საქმე წავიდა ავადა,
თუკი დაჭრილზე იზრუნებს, ფულს ვერ წაიღებს თავადა, 
თუმცა, თუ წავა ბოლომდე , დაჭრილი ვეღარ იცოცხლებს,
მაგრამ შვილი ხომ მაინც სჯობს ამ უცხო ქალის სოცოცხლეს?
                                       ***
უცებ საოცრად განათდა, მზემ შემოაღო კარები,
მძარცველს თავზარი დაეცა და დაუბნელდა თვალები,
თვით ანგელოზი უფლისა დაეშვა ციდან ღვთიური,
მშვენიერება ფრთოსანი, ქმნილება მარადიული;

მძარცველმა თავი დახარა, მზერას გრძობს უფლისმიერის,
თვალს ვერ უსწორებს ანგელოზს, სირცხვილი იგრძნო ძლიერი,
მერე ციურმა არსებამ მზესავით ისევ ინათა,
პირისპირ დადგა კაცთან და ღიმილით, ტკბილად მიმართა:

„მამამ და ღმერთმა კეთილმა, იყო და არის რომელიც,
ვინც შექმნა ცა და ქვეყანა, ადამიანი ყოველი;
იცის დარდი და ტკივილი, ვის, როდის, რა ემართება,
და მისი ნების გარეშე ფოთოლიც კი არ ვარდება;

ნუთუ გგონია არ იცის, რაცა გაქვს გულში ნაღველი?
უფალი არის ამქვეყნად ყოვლის მცოდნე და მნახველი,
შენი გოგონას სალმობა უფალმა თავად ინება,
შენ კი, უგნურო, მისმინე, გაიგო რამე იქნება;

წამია კაცის ცხოვრება, უცებ, წამშივე გაქრება,
სანთელი არის სიცოცხლე, დაიწვება და ჩაქრება,
მხოლოდ მიწიერს ფიქრობთ და უფლისა არა გინდებათ,
მარადიულზე იფიქრეთ, იქით რა დაგიდგინდებათ; 

ცოდვის ჭაობში იხრჩობით, ხავსს ეძებთ მოსაჭიდებლად,
უფალი გიწვდით თავის ხელს და ჭუჭყის მოსაცილებლად,
ხან სნეულებას გიგზავნით, ხან სხვა უამრავ განსადელს,
რომ განწმენდილნი ეახლოთ უფლის სავანეს საწადელს;

ასეა შენი გოგონაც, შენი პატარა ფერია,
ღმერთისთვის მისი წამებში მორჩენა არაფერია,
მაგრამ შენ ერთი არ იცი, რაც ცნობილია უფლისთვის –
ჯოჯოხეთისთვის იმეტებ, წამი სიცოცხლის გულისთვის;

უფალს ათასჯერ უმეტეს უყვარს თავისი ქმნილება,
მან უკეთ იცის ყველაზე, ვის რა წამალი სჭირდება,
ზოგს ას წელიწადს აცოცხლებს, სრული აქვს თავისუფლება,
ზოგს კი უეცრად წაიყვანს, მასზეც მასა აქვს უფლება;

სიკვდილი მხოლოდ ელჩია, სულების მატარებელი,
ამ ბნელი წუთისოფლიდან ღმერთისკენ გამტარებელი,
სიცოცხლე არის მეგზური მარადიული სულისა,
ან ჯოჯოხეთში წაგიყვანს, ან სავანეში უფლისა;

ადამიანი ტკივილებს, გულის დარდსა და იარებს,
ვის გაუმჟღავნებს პირველად, წუხილს ვის გაუზიარებს?
გულითად, სანდო ახლობელს, შესჩივლებს, მოსთხოვს ქველობას,
ყველაზე ძვირფას არსებას, ყველაზე ძვირფას მეგობარს;

ღმერთი კი ბევრად მეტია, ძმაზეც, შვილზეც და დედაზეც,
ის არის მამა მშობელი, ის არის სანდო ყველაზე, 
გაჭირვებისას, გიჯობდეთ, უფალს მიმართოთ პირველად,
ყველა დარდის და ტკივილის განსჯად და განსახილველად;

უფლის ნებით და განგებით ხდება ამქვეყნად ყოველი,
ის არის ყოვლის მკურნალი და სულის გამათბობელი,
სანამ ღმერთი გყავს გულში და სანამ მისი გაქვს იმედი,
ვერ მოგერევა ბოროტი, ვერ გავნებს თუნდაც მცირედით;

ამიტომ, სანამ გადადგამთ ნაბიჯს დამღუპველს თავისა,
უფლის იფიქრეთ უმთავრეს, ნუ ფიქრობთ მხოლოდ კაცისას;
არ გმართებთ თავის იმედი, ღმერთს ენდეთ მთელი არსებით,
მაშინ მიიღებთ საზღაურს, სულის შესარგოს სავსებით;

უნდა იბრძოლოს ყოველმან, ძვირფასის გადასარჩენად,
ეს თავისთავად ცხადია, განა ვინ გითვლით სასჯელად,
მაგრამ ბინძურად ნაშოვნ ფულს მადლი არა აქვს უფლისა,
სისხლით ნაყიდი სიცოცხლე არ არის სარგო სულისა;

ვით ტილი ელტვის სხეულსა ბინძურს და დაუბანელსა,
ასევე ცოდვა შებოჭავს სულს ცოდვილს, განუბანელსა,
როცა სხეული სუფთაა, მას ტილი არ ეკარება,
სულს კი წმინდას და უმწიკვლოს ცოდვა ვერ გაეკარება;

დღეს შენი მარცხი საქმეში, უფალმა თავად ინება,
რომ სინანულში მოხვიდე, ასე უმჯობეს იქნება,
სხვისთვისაც მაგალითია, იცოდეთ, ასე არ ხდება,
ცოდვილი ფული მადლისთვის არავის გამოადგება;

მე გამომგზავნა დღეს ღმერთმა, აწ, შენთვის ამის სათქმელად,
არჩევანს გაძლევს უფალი კეთილი საქმის საქმნელად,
დაჭრილ გოგონას უშველე, ნუ გაიმეტებ ავადა,
თორემ ათასჯერ უარეს ტანჯვას მოიმკი თავადა;

განა ვინ მოგცა უფლება, აწონო სხვისი სიცოცხლე?
ვისი სჯობია ვისას და ვინ მოკვდეს და ვინ იცოცხლებს?
მხოლოდ უფალი გადაწყვეტს, ვინ წაიყვანოს, ვინ არა,
ღმერთია ყოვლის მომქმედი, ადამიანი კი არა;

თუმც, მიანიჭა უფლება და ნება თავისუფალი,
ყოველ არსებას, თავადვე იყოს თავისი უფალი,
გაძლევთ უფლებას, მის გულზე ფეხებით გადაიაროთ,
თუნდაც ყველაზე მძიმე და ცოდვილი გზებით იაროთ;

არჩევანი კი თქვენზეა, თქვენ ირჩევთ, ღმერთი კი არა,
ლურსმანს ჩაასობთ სხეულში, თუ მოუშუშებთ იარას,
ყოველი თქვენი ნაბიჯი, უფალს ტკივილად უჯდება,
და ყველა თქვენი ცოდვებით მძიმე წყლულები უჩნდება;

თქვენთვისვე ხშირად გიგზავნით განსაცდელს ღმერთი მაღალი,
რათა სინანულს მიეცეთ და გზა მონახოთ მართალი,
რადგან უზომოდ უყვარხართ ადამიანი ყოველი,
ღმერთია მამა კეთილი და ჭეშმარიტი მშობელი;

სინდისი ქოლგა არ არის, ხან თან ატარო ხან არა,
თუმც ქოლგასავით დიდი აქვს ზოგიერთს  და ზოგს პატარა,
სინდისი თავად ღმერთია, სხეულში ჩაბუდებული
და როგორც გიყვართ უფალი, იმ ზომის გაქვთ ჩადებული;

ამიტომ, კარგად დაფიქრდი, სანამ რაიმეს გადაწყვეტ,
უფალთან მიახლოების ძაფს უკანასკნელს ნუ გაწყვეტ,
არჩევანს თავად აკეთებ, შენ ირჩევ თავად გზასაო,
საითაც მიდის შენი გზა, შენც იქ ამოყოფ თავსაო;

მე კი გირჩევდი, სულგრძელად, სიმდაბლე გამოიჩინო,
სჯობს, დაისაჯო ამქვეყნად და სული გადაირჩინო,
სინანულს ვადა არა აქვს, დრო გაქვს, სანამდის დადიხარ,
ან უფალს მიეახლები, ან ჯოჯოხეთში ჩადიხარ.“

ეს თქვა და გაუჩინარდა ღვთის ანგელოზი ციური,
ზეცად აიჭრა უეცრად, გაქრა ნათება მზიური,
კაცმა თვალები დახარა, გახედვას ვეღარ ბედავდა
იმ ადგილისკენ, წამის წინ სადაც ანგელოზს ხედავდა;

მძრცველი გაოგნებული უცებ მუხლებზე დაეცა,
მერე ბავშვივით ატირდა, თვალიდან ცრემლი გაექცა,
ტკივილი იგრძნო ძლიერი, მწარე ტკივილი სულისა,
სინდისის გამოღვიძება, დარდი და ტანჯვა გულისა;

დაჭრილთან სწრაფად მივიდა, მოხვია მძლავრი მკლავები,
„გნებდებით, არ მესროლოთო, გთხოვთ, გამიღეთო კარები“,
მერე დაჭრილი გოგონა ნაზად ჰაერში ასწია,
და ნელი, ფრთხილი ნაბიჯით კარებისაკენ გასწია;
                                             ***
შვიდი წლის შემდეგ ციხიდან კაცი გამოდის გამხდარი,
თვალებში სევდა ჩამდგარა, თითქოს ნირი აქვს წამხდარი,
ეტყობა ბევრი იწვალა, მტანჯველი წლები გალია,
თავისუფლება, თითქოსდა, სრულებით არ უხარია;

ციხის კარებთან უჩუმრად დგას მორცხვად ნაზი ასული,
მშვენიერება უნაკლო, მოხდენილი და ზრდასრული,
როგორ გაზრდილა, შეხედეთ, იმედი მამის გულისა, 
სიკვდილისაგან დახსნილი მადლით, წყალობით უფლისა;

გულში ჩაიკრა გოგონა, მჭიდროდ მოხვია ხელები,
„შენ გენაცვალოს მამაო“ – ვერ ძღება კოცნით, ფერებით, 
სულის შემძვრელად მოთქვამენ, ორივე, მთელი არსებით,
მათი შემყურე ტირიან თვით ანგელოსთა დასები;
* * *
ასე დასრულდა ამბავი, მართლაც, სატკენი გულისა,
ჭკუის სასწავლი ყველასთვის და სასარგებლო სულისა;
დაე, ვადიდოთ უფალი, უპირველესი მშობელი,
მოსიყვარულე, მზრუნველი, მარადის ჩვენთან მყოფელი;

ღმერთია ჩვენი მფარველი მუდამ, დღითაც და ღამითაც,
მასზე ვიფიქროთ მარადის, ნუ დავივიწყებთ წამითაც,
უღმერთოდ კაცის სიცოცხლე არის თავისა მტერობა,
უნაყოფო და უაზრო დღეების რაოდენობა;

ღვთის ნებას, არსს და განგებას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ,
თუნდ გვეკუთნოდეს სამყარო, იქით ვერაფერს წავიღებთ,
წამიერია ყოველი, ყველა სიმდიდრე, ქონება,
სულია მარადიული, სულის ვინატროთ ცხონება;

დაე, გვახსოვდეს სუყველას, რა არის აზრი ცხოვრების,
წამად წამია სიცოცხლე, ჟამია ამაოების,
სანამ დავდივართ მიწაზე, არჩევანს გვაძლევს უფალი,
ეშმაკს მივყიდით სულებს თუ დავრჩებით თავისუფალი;

ღვთის მოცემული სიცოცხლე, ყოველი წამი ყოფისა,
თავისუფალი ნებაა უფლისგან პირველყოვლისა,
არჩევანია ცხოვრება, ერთი და მარადიული,
ან ბოროტს ვირჩევთ ცოდვიანს ან გზით მივდივართ ღვთიურით.
                                           ***
ღმერთმა დაგლოცოთ ყოველი და დედამ სიხარულისა,
მადლი მოგმადლოთ უფალმა, მარად სიმშვიდე სულისა,
აწ, სწორ არჩევანს გისურვებთ, სათნოს, მოსაწონს ღვთისათვის,
მშვიდ და სანატრელ მზადყოფნას უფალთან მისვლის დღისათვის !!!

დიდება მამა მშობელსა, ცაბაოთს ყოვლადძლიერსა,
მეუფეს მხოლოდშობილსა, უფალ იესო ქრისტესა,
სულსა წმიდასა ნათელსა, თანასწორს, ცხოველსმყოფელსა,
სამებას ერთარსებასა, ძლიერს და განუყოფელსა!!!

ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ!!!

დიდება უფალს!!!

აპრილი, 2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი