პოემა 7 – პაექრობა
პაექრობა *** ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე, ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ. რომაელთა 12 : 3 – 5 *** დიდება ღმერთსა ძლიერსა, მის ძალსა და სავსებასა, მამას, ძეს, სულსა წმიდასა, სამებას ერთარსებასა; დიდება დედა ღვთისმშობელს, მფარველსა მარადიულსა, ყველა წმინდანს და ანგელოზს, უსხეულოთა ციურსა!!! დრონი წავლენ და წამოვლენ, გადაივლიან ქარები, წლები ერთმანეთს შეცვლიან, ბევრჯერ დარეკენ ზარები; ღმერთი კი ყოვლისმოქმედი, ტკბილი მამა და მშობელი არის, იყო და იქნება – ნათელი მარადმყოფელი; იგავს გიამბობთ საოცარს, თუმც არა მართალს, მოგონილს, ერთხელ ნახვა სჯობს ამბობენ, ხშირად ათასჯერ გაგონილს; მე ჩემსას ვიტყვი იგავით, მსმენელმა თავად განსაჯოს, ზედმეტი სითამამისთვის, უფალს ვთხოვ, რომ არ დამსაჯოს; ვიცი არა მაქვს უფლება, ვიკადრო ღმერთის ხსენება, ყოვლად უღირსმა, ცოდვილმა გავბედე კადნიერება; მაგრამ თუ რამე ზედმეტი ვიკადრე, თუნდაც მცირედი, მხოლოდ კეთილი სურვილით და უფლის დიდი იმედით; უფლის ნებით და წყალობით დავიწყებ ამბის თხრობასა, მისი სურვილის გარეშე ვერ შევძლებ ლექსთა წყობასა; დაე, უფალმა მომმადლოს აზრი და ფიქრი ყოველი, რადგან სიტყვებს და სტრიქონებს მხოლოდ ღმრთისაგან მოველი; *** ერთხელ, სხეულთა ნაწილებს მოუნდათ დიდი შეკრება, ქიშპმა და შურმა დაძალა მათი გონი და შეგნება; არკვევენ, უფრო მთავარი ვის აკისრია მისია, ყველაზე მეტად საჭირო სხეულში როლი ვისია; ...და გაიმართა კამათი, ტრაბახი, ქება–დიდება, ნაწილებს შორის დავა და სიტყვებზე გამოკიდება; თავისი თავი ჰგონია სხეულში ყველას მთავარი, თუმც, მოდი, თავად ვუსმინოთ, ვისი სათქმელი რა არის; *** ხელმა თქვა: – აბა რას დაობთ და რა გაქვთ განსახილველი? ჩემი საქმეა მთავარი, მე ვარ თქვენს შორის პირველი; განა ჩემით არ კეთდება ყოველი საქმე საქმნელი, გინდ მოიფიქროს თავმა და გინდა ენამ თქვას სათქმელი? უჩემოდ რისი მქმნელი ხართ, რა შეგიძლიათ ნეტავი? ჩემი თითების გარეშე სუსტნი ხართ, გაუბედავი; გინდა მარცხენას შემოვკრავ, გინდ დავასაქმებ მარჯვენას, თქვენ რისი მაქნისები ხართ, ნეტავი, ერთი მაჩვენა; ნუთუ არ იცით სხეულის მთავარი ძალა სად არის? ჩემს მკლავებშია სიმძლავრე, მთელი ძალ–ღონე აქ არის; მე თუ გავჩერდი, რას იზამთ, გინდ ყველა მოიქუჩენით, ჩემს როლს რომელი იტვირთავს – თვალი, ყური თუ ტუჩები? ისიც ნუ დაგავიწყდებათ, ვინ გამარაგებთ საკვებით, ჩემი თითებით არ არის განა სხეული ნაკვები? მე გბანთ, მე გაცმევთ, მე გიცავთ ყველა მტრისაგან კრულისა, მე ვეფერები, ვიხუტებ სუყველა ძვირფასს გულისა; ამიტომ, ძმებო, კამათი უაზრო საქმე მგონია, „დაგელოცოსო მარჯვენა“ ხომ მაინც გაგიგონიათ? ხელები გახლავთ სხეულში მთავარი, თავის თითებით, ამას არ უნდა მტკიცება, მგონი თავადაც კი ხვდებით; ეხლა ფეხმა თქვა: – ძმობილო, ცრუობ, არ ამბობ სიმართლეს, ყალბი ტრაბახის ტაქტიკა არ გარგებს, არ გაგიმართლებს; თითები შენზე ნაკლები როდი მაქვს? – აბა დათვალე, ძალიან შეცდი, თავი რომ უპირველესად ჩათვალე; ძალაც და ღონეც ძარღვებში შენზე მეტი მაქვს ყველაფრით, მე რასაც დღეში დავდივარ, შენ ვერ გაუძლებ ვერაფრით; დასაყრდენი ვარ სხეულის, ჩემზე დგას მთელი სიმძიმე, შენ რომ დაგადგან სხეული, რასაც გაძლებდი, ვიცი მე; ისიც ნუ დაგავიწყდება, ჩემით აკეთებ ყველაფერს, თუ არ გადავდგი ნაბიჯი, ვერ გააკეთებ ვერაფერს; მე ვარ და ჩემი მეწყვილე, სხეულის მატარებელი, ყველა გზასა და ბილიკზე უსაფრთხოდ გამტარებელი; ფეხის გარეშე ტანი ხომ ლპება, ჭკნება და ობდება, სხეულს თუ ფეხებს მოაჭრი, დაუძლურდება, მოკვდება; ვერც წინ წახვალ და ვერც უკან, ვერც არე–მარეს დაივლი, ფეხები თუ არ გაბია, ხელებით ხომ ვერ გაივლი? სხეულისათვის, მითხარით, რა არის ფეხის სადარი? ამიტომ, ძმებო, დაფიქრდით ჭეშმარიტება სად არის; მჯერა, დაადგენთ სიმართლით, როგორც რიგი და წესია, რომ ტანში ადამიანის ფეხები უმთავრესია; თვალები ალაპარაკდნენ: – ეს რა გვესმისო, რა ხდება? ვაი, იმ სხეულს ხელ–ფეხი სადაც მთავარი გახდება; მიკვირს, ერთბაშად რამდენი სიცრუე მოგიგონიათ, ხელის ან ფეხის მთავრობა ნეტა სად გაგიგონიათ? თვალი სარკეა სულისო – ნათქვამი გახლავთ ესეთი, თვალის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადაადგამთ ვერცერთი; მატარებელი ტანია, ჩვენ კი ვარ ლოკომოტივი, ვერაფერს იზამს სხეული, თუ ჩვენ არა გვაქვს მოტივი; ჩვენ ვართ მძღოლები ტანისა, ჩვენ ვართ სხეულის გიდები, უჩვენოდ ვერას გახდებით, ვერაფრით, ვერასდიდებით; ჩვენით იცნობა სამყარო და დედამიწის ფერები, ჯერ თვალებს მოსწონთ, სანამდის ხელებით მოეფერები; თვალი კითხულობს წიგნებს და უყურებს ფილმებს მზიანსა, თვალის გარეშე ვერ დაწერთ პროზას და პოეზიასა; თვით სიყვარული ქალ–ვაჟის, ისიც კი თვალით იწყება, თვალს თუ არ მოეწონება, იქ არაფერი იქნება; თვალია დიდი მსაჯული, ის არის ყოვლის მხედველი, პატარები ვართ ორივე, თუმც დიდი სივრცის მძლეველი; უჩვენოდ, ნეტა თუ იცით, შავ დღეში რომ ჩავარდებით? ან რამე ხიფათს მოიწევთ, ან სადმე გადავარდებით; თვალია გამომხატველი ყველა განცდისა სულისა, თვალიდან მოდის ცრემლები, ამონათქვამი გულისა; ხან სიხარულით ტირიან, ხან მწუხარებით გოდებენ, გადამდებია ისეთი, ზოგჯერ ქვეყანას მოსდებენ; ადამიანის სხეულში (ესეც რა დასამალია), ყველა ნაწილზე ლამაზი, რაღა თქმა უნდა, თვალია; ცისფერი, მწვანე, მოშავო ან თაფლისფერი თვალებით იწყება თვით სიყვარული, ინთება ცეცხლის ალები; ამიტომ, ყველამ იცოდეს ფასი და ძალა თვალისა, ის გახლავთ შემფასებელი ყველა კარგის და ავისა; „თვალის ჩინი ხარ ჩემიო“ – ესეც ხომ გაგიგონიათ? ამიტომ მეტი კამათი, უაზრო საქმე გვგონია; ეხლა ყურები გაბრაზდნენ: – ერთი უყურე ამათო, აბა, გვითხარით, სხეულში ჩვენზე მთავარი რად ხართო? თქვენ თუ სამყაროს უყურებთ, ჩვენ ვართ აღმქმელნი ხმებისა, ჩვენა ვართ ყოვლის მსმენელნი, ყოველი ასო–ბგერისა; განა ყურები არ გახლავთ ყოველი სიტყვის გამგები? განა ყურებით არ გესმით მუსიკის ტკბილი ჰანგები: ბახი, მოცარტი, შოპენი, შტრაუსი, ვერდი, რეგერი, ბრამსი, შუმანი, შუბერტი, ბეთხოვენი თუ ვებერი? თვალებით ხედავთ, მერე რა? – მაინც ყურებას უწოდებთ, ყური მიგდეო, მიმართავ, საქმისკენ თუ მოუწოდებ; სმენის გარეშე ქვეყანა რა იქნებოდა ნეტავი? უხმო, ყრუ–მუნჯი სამყარო, უშნო და შეუხედავი; თუ ვერ გაიგო სხეულმა ტყეში ჩიტების გალობა, ველზე ბალახის შრიალი, ტაძარში უფლის წყალობა; მთებში კისკისი წყაროსი, ჩუხჩუხი ნაკადულისა, შემოძახილი ურმული, სიმღერა სიყვარულისა; რაღაა მაშინ სიცოცხლე, თუ ის არ გახლავთ ხმიანი, ყურია, ძმებო მთავარი, სხეულში ადამიანის; სხეულს თქვენ ყველა სჭირდებით, აბა სადაო რა არის, მაგრამ ყველაზე უმეტეს მაინც ყურია მთავარი; პირი გაბრაზდა: – სიტყვების ხსენებას როგორ ბედავო? მერე სიტყვები თუ იცი, საიდან მოდის, ნეტავო? სმენა რომ გიყვარს ლამაზი ასო ბგერების, სიმღერის, პირიდან მოდის ყოველი, პირი არ არის რომ მღერის? პირი გამოთქვამს სიხარულს, პირივე გვამცნობს წუხილსა, პირმა თუ ერთი დასჭექა, ემსგავსოს ჭექა–ქუხილსა; საიდან მოდის სიტყვები ლოცვისა, უფლის ქებისა ან ლექსის კითხვა მხატვრული, ირაო რითმთა წყებისა? სიტყვა იყოო პირველად, სახარებაში წერია, უფალი გახლდათ სიტყვაო, ღვთისმეტყველს დაუწერია; სიტყვას კი ბაგე წარმოსთქვამს, შემადგენელი პირისა და არა ხელის ან ფეხის, თვალის, ყურის თუ ცხვირისა; თვალზე ნაკლები როდია ბაგენი ლალის ფერისა? ანდამატივით რომ იხმობს მიჯნურს, ცეცხლს უნთებს ვნებისა; კოცნაზე ტკბილი რა არის, თუ ძვირფასი გყავს გულისა? თბილი და მგრძნობიარენი, სიმები სიყვარულისა; შეყვარებულის ამბორი, ვითარც ბადაგი ყურძნისა, თუმც უფრო გაფორიაქებს, ვერ დაგიოკებს წყურვილსა; პირველი კოცნა უმანკო, შეცნობა მიჯნურობისა და სისხლი აჩქროლებული დაბადებული გრძნობისა; ისიც ნუ დაგავიწყდებათ, სხეულს სჭირდება საკვები, რომ არ დაჭკნეს და ჩამოხმეს, იყოს ჯანმრთელი, ნაკვები; პირია სწორედ კარიბჭე სხეულში შემავალისა, შიმშილის დამაცხრობელი და წყურვილისა მწარისა; გემოს ხომ პირით შევიგრძნობთ, გემრიელსაც და უგვანსაც, პირს თუ არ მოეწონება, ვერ გადაყლაპავ ლუკმასაც; კბილებით თუ არ დაღეჭე, არ ამოძრავე ხშირადა, ვერ ამუშავებს კუჭი და გადაგექცევა ჭირადა; კბილები ვითარც მარჯანი, მარგალიტები ქარვისა, ღიმილი თბილი, კეთილი, გამღები გულის კარისა; პირი – სიმართლის სიმბოლო, პატიოსანი სიტყვისა, ორპირი კაცი წააგავს ნაყოფს სიბილწის, სიძვისა; ამიტომ, ასე მგონია, როცა მთავარზე საუბრობთ, ზედმეტს ნუ იტყვით ნურაფერს, ზედმეტად ნუღარ ხმაურობთ; ყველაზე მეტად ის ფასობს, რაც ძვირფასია, ძვირია, ამიტომ, ადამიანში უპირველესი პირია; ენაზეც ეთქვა უნდოდა, ისიც ხომ პირში არისო, მაგრამ გაბრაზდა ენა და: – არა ვარ შენი გვარისო; მე შენთან რა მესაქმება? მე შენს ნაწილად ნუ მათვლი, ჩემს სათქმელს ვიტყვი თავადვე, სათქმელის ღირსად თუ ჩავთვლი; ასო–ბგერებზე საუბრობ, სიტყვებზეც ამბობ ლამაზად, სიტყვა განძია მართლაც და კი ფასობს ერთი ათასად; მაგრამ ასე რომ ტრაბახობ, შენი თავი რომ გიხარის, ენის გარეშე, ნეტავი, რა სიტყვას იტყვი? – მითხარი; მარტო ლამაზი ტუჩებით ვერ მოიპოვებ ქებასა, ენაა ღერძი მთავარი, ის ამუშავებს ბგერასა; ენაბლუ ხომ გაგიგია, ვინც ვერ აბრუნებს ენასა? ასე იქნები უენოდ, ვერ გამოხატავ ნებასა; პატარა კი ვარ ზომითა, ვერ შევედრები ხელსაო, მაგრამ ძალა მაქვს ისეთი, შევაზანზარებ მთებსაო; კარგია, ადამიანი თუ სხვას რამეში არგია, მაგრამ ენა თუ ღალატობს, მაშინ კაცად არ ვარგია; ენით იწყება ომი და ენითვე დგება მშვიდობა, ხან ღმერთის გახლავთ მსახური, ხან სატანის ჰგავს კიდობანს; უცებ ავრცელებს ჭორებს და ძმას გადაკიდებს ძმასაო, კაცს მოკლავს, თუ მოინდომებს, გულს გაუხეთქავს ქვასაო; მაგრამ თუ გახლავთ მსახური სიკეთის, სიყვარულისა, ისეთ სამსახურს გაგიწევს, სანთლად გექცევა სულისა; ენაა დიდი მსაჯული და განმკითხველი თავისა, ძლევამოსილი, მთესველი სიკეთისა და ავისა; ამიტომ, ძმანო, იცოდეთ, ვისი მეტია ვისაზე, თუ მოვინდომე, შეგბოჭავთ და დაგანარცხებთ მიწაზე; ენაზე უფრო ძლიერი, ამქვეყნად ძალა არ არის, ამიტომ, ადამიანში ენაა უფრო მთავარი; თავი გაბრაზდა ენაზე: – ერთი უყურეთ ამასა, ეს რა ტრაბახი სცოდნია, ამ ერთი ციდა გლახასა; შენ იმას იტყვი ყოველთვის, რასაც გიბრძანებ თავადა, უჩემოდ ძვრასაც ვერ იზამ, ვერც კარგად და ვერც ავადა; ტვინია ყოვლის მოქმედი, მართავს სხეულის ნაწილებს, გინდ გამღერებს და გაცეკვებს, განდ გატირებს და გაცინებს; თავით ფიქრობს და აზროვნებს ადამიანი ყოველი, ყველა დასკვნას და შედეგსაც მხოლოდ თავისგან მოველით; ყოველ საქმესაც სჭირდება კარგი მმართველი, მამაცი, ერთი უფროსი ყველასთვის, თავმჯდომარე თუ თავკაცი; თავს ეძახიან ასეთ კაცს, რადგან თავია მთავარი, თუმც გულისხმობენ ყველაფერს, აქ მარტო თავი არ არის; ტვინია მთელი სამყარო ადამიანის სხეულში, მილიონობით ქარხანა თვით ტვინის ყველა ხვეულში; ყოველი მისი უჯრედი მექანიზმია უნაკლო და დავალების, ბრძანების შემსრულებელი უბადლო; უპირატესად თავს თუ თვლის, კაცი, ნუ გაგიკვირდებათ, რადგანაც იცის მშვენივრად, თავს რა სიფრთხილე სჭირდება; შესაძლო გახლავთ სულ მცირე დაზიანება თავისა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ ყველა ნაწილებს ტანისა; თავმოჭრილს დაუძახებენ, თუ კაცი შერცხვენილია, ხოლო უტვინო – სულელის და ბრიყვის სინონიმია; მაგრამ თუ ტვინი მუშაობს, თუ გახლავთ კაცი ჭკვიანი, ბედნიერია სული და სხეული ადამიანის; ავარდნილი აქვს თავშიო – იტყვიან ამპარტავანზე, თავმდაბალიო – ასევე ამბობენ კაცზე მდაბალზე; თავს ეძახიან, სინონიმს, რაობას ადამიანის, მარტო თავისა კი არა, თვით სხეულისაც მთლიანის; არგუმენტები ბევრია, მე მხოლოდ ცოტა გითხარით, საპროტესტო და სადაო რა არის? – აბა მითხარით; ამიტომ, ჩემო კარგებო, კეთილია თუ ავია, ადამიანის სხეულში მთავარი მაინც თავია; უეცრად, ცხვირი გამოხტა: – არ გეთანხმები, არაო, ეს ბაქი–ბუქი ამდენი მართლა მომბეზრდა, კმარაო; ტვინს რომ აქებ და ადიდებ, კი, ცენტრი გახლავთ თავისა, ტვინია თვითონ სხეულში დამქოქებელი ძრავისა; მაგრამ რად დაგვიწყებია, რად ვერ იხსენებ მთავარსა? – ტვინს რომ ჟანგბადი სჭირდება, რატომ არ ამბობ ამასა? ასევე გულსაც სჭირდება, სისხლსაც და ყველა ნაწილსაც, სისხლს თუ ჟანგბადი არ მოაქვს, რა ამუშავებს მაგ ტვინსა? სუნთქვით იწყება სიცოცხლე და ბოლო სუნთქვით სრულდება, სუნთქვის გარეშე სხეული ვერ გაძლებს, გაიგუდება; ჰაერი გახლავთ სხეულის სიცოცხლის ფუძემდებელი, სუნთქვის ორგანო ცხვირია, ჟანგბადის მიმწოდებელი; ისიც ხომ იცით, სამყაროს რამდენი ახლავს სურნელი? სუნამო დამათრობელი, ყვავილი, ხე თუ სუნელი; ყნოსვის ორგანოც ცხვირია და მე ამითაც ვამაყობ, თუ საჭიროა, ხანდახან, სხვების საქმეშიც კი ჩავყოფ; ამიტომ ჩემი აზრია, თავს არ მოგახვევთ არავის და არ ვიქნები სხვასავით სხვისი ფუნქციის მპარავი; რაცა ვარ, იმას ვამბობ და სხვისგანაც გამიგონია, ადამიანის სხეულში მთავარი ცხვირი მგონია; ფილტვმა თქვა: – ცხვირო, ნუ ცრუობ, შენს თავს მიხედე დატიხრულს, ჩვენ ვამუშავებ ჰაერს და ჩვენ ვაწვდით ჯანგბადს გაფილტრულს; შენ მხოლოდ ჩვენსკენ უშვებ და ნაგავს გიბრუნებთ უკანვე, ნახშირორჟანგი გაგაქვს და ახალს ისუნთქავ უმალვე; სწორედ შენა ხარ, ხანდახან, რომ ჭედავ სუნთქვას გრიპითა, ...და როცა ვეღარ ახერხებ, ჩვენ ჰაერს ვიღებთ პირითა; მუდამ დგუშივით ვმუშაობთ და არ ვჩერდებით წამითა, მთელ სხეულს ჩვენ ვამარაგებთ, მუდამ, დღისით და ღამითა; ფილტვს რომ ზიანი დაადგეს, გულს შოკი დაემართება, სხეულს ფილტვების გარეშე, თუ იცით, რა ემართება? – კვდება სხეული უფილტვოდ, გული ჩერდება იმ წამში, მერე იგლოვენ ცოტა ხანს და ჩაუშვებენ მიწაში; გარე ნაწილებს შეგცვლიან სხვადასხვა ალტერნატივით, თქვენი საქმენი მცირეა – მექანიკური, მარტივი; შინაგანია მთავარი, ყველა პროცესი იქ ხდება, რასაც ვამბობ და ვგულისხმობ, ყველა თქვენგანი მიხვდება; ფილტვია სუნთქვის ორგანო, და არა ნესტო ცხვირისა, ერთი მაჩვენეთ, ვინ არის ფილტვებზე მთქმელი ძვირისა? ამიტომ, თავს არ შეგაწყენთ, ვაცხადებ სრული რწმენითა, ფილტვები გახლავთ მთავარი; გთხოვთ, ნუ მიიღებთ წყენითა; კუჭმა თქვა: – ეგ კი სწორი თქვი, შინაგანია რაც არის, მაგრამ თავს რომ თვლი პირველად, ძმობილო, ეგრე სად არის? სადაო გახლავს ეგ საქმე, მეც შინაგანი გახლავარ, ეხლა მე ვიტყვი ჩემსას და თავად განსაჯეთ რაცა ვარ; საკვები გახლავთ პირველი, რაც ასაზრდოებს სხეულსა, უწყლოდ სხეული ვერა ძლებს, სჭირდება როგორც სნეულსა; კუჭია მცირე ფაბრიკა, გარდაქმნის პირით მიღებულს, ის ამუშავებს ყველაფერს, უგემურსა თუ დიდებულს; მერე ძარღვებში გროვდება, ვიტამინების კრებული, თუკი მუცელი არ გახლავთ უზომოდ გაღორებული; ნაგავს კი გარეთ გაუშვებს, რომ გაიწმინდოს სხეული, მერე კი იწყებს თავიდან მშრომელი გამორჩეული; სიცოცხლეს კვება სჭირდება, ჯანსაღია თუ სნეული, რომ შიმშილისგან დავარდნილს არ მიეპაროს წყეული; კუჭი მუშაობს უთქმელად, გარეშე ტვინის ხვეულის, რა კუჭი წახდეს, გაფუჭდეს, აღარ ივარგებს სხეული; მეც მეტად თავს არ შეგაწყენთ, ვგონებ გითხარით სათქმელი, ყველამ თავის თავს მიხედოს, აკეთოს თვისი საქმნელი; იმედი მაქვს რომ მიხვდებით – აწი კამათი ფუჭია, ადამიანის სხეულში, ძმებო, მთავარი კუჭია; ხერხემალმა თქვა: – ამდენი ტრაბახი გაგიგონიათ? თავისი თავი, სხეულში, ყველას მთავარი ჰგონია; ამდენი ბაქი–ბუქი და თავების ქება რა იყო? ისე იქცევით, თითქოს მე სხეულში სულაც არ ვიყო; რა ფუნქცია აქვს ხერხემალს, სულ დაგავიწყდათ იქნება, აგებულება სხეულის ხომ ხერხემლიდან იწყება? ჩემზეა დაფუძნებული ყველა ნეკნი თუ ძვალია, ...და ჩემი პატივისცემა ყველა თქვენგანის ვალია; ხერხემალია, ხომ იცით, ყველა საქმეში მთავარი, ჯერ გეგმა დგება თავიდან, და მერე სხვები, რაც არი; აბა ხერხემლის გარეშე სხეული სად გაგონილა? ჩემზე მთავარი ნაწილი სხეულში არ მოგონილა; ისიც ნუ დაგავიწყდებათ, როდესაც რამე ზიანი მომადგა, მერე, რა დღეში ვარდება ადამიანი; მთელი სხეული უეცრად ხეიბრად გადაიქცევა, მიეჯაჭვება ლოგინს და უსულო საგნად იქცევა; ასე ურცხვად რომ ტრაბახობთ, სხვებს თქვენს გარშემო ვერ ხედავთ? თქვენი თავები რომ გახსოვთ, აქეთაც გადმოგეხედათ; ყველას თავისი როლი აქვს, ხელი, პირი თუ თვალია, მაგრამ, ბოდიში, სხეულში მთავარი ხერხემალია; *** კამათი დიდხანს გაგრძელდა, სიტყვებზე გამოკიდება, არ დაუკლიათ არც სხვებსაც თავის ქება და დიდება; თავისი თავი ჰგონია სხეულში ყველას პირველი, ხოლო ნათქვამი სხვებისა სიცრუე გასაკვირველი; თავმა თქვა: – ვხედავ, აქ ყველას თავისი თავი უყვარსო, მაშ, მოდი, გულსაც ვუსმინოთ, მას არაფერი უთქვამსო; გვითხარი გულო, რად სდუმხარ, რატომ არ იღებ ხმასაო? შენც ხომ გაქვს შენი სათქმელი, რატომ არ იქებ თავსაო? *** გულმა თქვა: – ძმებო, რა გითხრათ, არაფერი მაქვს სათქმელი, ყველას თავისი საქმე აქვს საკეთებელი, საქმნელი; ერთი პატარა გული ვარ, არაფრით გამორჩეული, ჩემს საქმეს ჩუმად ვაკეთებ, შრომას და გარჯას ჩვეული; მე თქვენზე მეტი როდი ვარ, ვერავის ვერ შევედრები, ჩემი ძმები ხართ სუყველა, მე თქვენთვის ღმერთს ვევედრები; ჯანმრთელად მყავდეთ ყველანი, ლამაზი, შესახედავი, უთქვენოდ ამ ჩემს სიცოცხლეს რაღა ფასი აქვს, ნეტავი? მე მშვიდად როგორ ვიქნები, თუ თქვენ არ მყავხართ კარგადა, ერთი თქვენგანიც რომ გახდეს თუნდაც სულ მცირედ ავადა; როცა თვალებში ცრემლია, როცა ყურს ესმის ტირილი, მე მიმაქვს თქვენი დარდი და მე მიმაქვს თქვენი ტკივილი; თქვენ როცა გძინავთ, ისვენებთ, დღისით არის თუ ღამითა, მე მაშინ მაინც ვმუშაობ, ვერ გავჩერდები წამითაც; რათა თქვენ მყავდეთ მშვიდად და კვლავ გაგითენდეთ დილები, რადგანაც ისე მიყვარხართ, ვით დედას უყვარს შვილები; მე მუდამ გემსახურებით, სანამ გავუძლებ ტკივილებს, აქ შევინახავ სევდას და თქვენ არ მოგაკლებთ ღიმილებს; სანამ უფალი ინებებს, თქვენთვის ვიფეთქებ მარადის, ყველა შეტევას გავუძლებ, თქვენთან ვიქნები სანამდის; ძალინ მტკივა ეგ თქვენი ქიშპობა შეუდარები, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, ამას გთხოვთ, გემუდარებით; მე შემიბრალეთ, დამინდეთ, ნუ დამიმატებთ იარებს, რადგანაც თქვენმა სიტყვებმა გამსრისეს, გადამიარეს; პირველები ხართ სუყველა, უძვირფასესი გულისა, ზოგჯერ მიზეზი დარდის და ზოგჯერაც სიხარულისა; მე სულ ბოლო ვარ სხეულში, არ ვარ თქვენსავით რჩეული, ერთი პატარა გული ვარ, არაფრით გამორჩეული; მაშ მოდი, ნუღარ ვიდავებთ, გვეყოს ქიშპი და კამათი, შემოვეხვიოთ ერთმანეთს, ერთად გავიტანთ ძალათი; ჩემი და შენი რამ გაყო? – ყველას ერთი გვაქვს სავალი, მტრობას რა მოაქვს სიკეთე? – სიყვარულია მთავარი; *** შერცხვათ სხეულის ნაწილებს, თავები მორცხვად დახარეს, მიხვდნენ, ამათი შემყურე, გულს რა ტკივა და ახარებს; თან უკვირთ, გულს ეს ურცხვები როგორ უყვარს და ენდობა, გარს შემოერტყნენ ირგვლივ და მორჩილად სთხოვეს შენდობა; ასე დამთავრდა ამბავი სხეულის ნაწილებისა, დასრულდა ესე იგავიც ამ უცნაური კრებისა; მე კი ჩემს სათქმელს გაგიხსნით, რისი თქმა მსურდა იგავით, (...და ვინც აქამდე მომყევით, ცოტა ხანს კიდევ იყავით); *** უფალმა შექმნა სამყარო ნაირნაირი ფერებით, ნაკადულები, ჩანჩქერნი, ზღვები და მდინარეები; მთები და მინდორ–ველები, მწვანედ ბიბინა ჯეჯილი, ბაღჩოვანი და კენკრანი, ბოსტნეული და ხეხილი; აბა დახედეთ ყვავილებს, რა ლამაზია ყოველი: ია გაზაფხულს მოსული, ბზა სულის გამათბობელი; იასამანი, იელი, ზაფრანა დამათრობელი, თოვლის ქვეშ მორცხვი ენძელა, მიხაკი დამატკბობელი; ქრიზანთემები პრანჭია, მზესავით აფეთქებული, ყაყაჩო აწითლებული და ორქიდეა ქებული; ჰორტენზია და პიონი, ვარდი დედოფლად ცხებული, ლილია, ტიტა, ზამბახი – ყვავილთა მთელი კრებული; ცად აზიდული ხეები, პალმა, ალვის ხე მაღალი, მუხა, წიფელი, ჭადარი, ნეკერჩხალი და კაკალი; მაგნოლია და კედარი, აკაცია და ნაძვები, წაბლი, ტუია, ლინდენი, ალუბალი და ცაცხვები; მდიდარი გახლავთ იმდენად, ენა ვერ იტყვის ყოველსა, მილიონობით სიტურფეს, კიდით კიდემდე მყოფელსა; ფლორა უფლისგან შექმნილი, სამყარო შეუცნობელი – ადამიანის გონისთვის უცხო და მიუწვდომელი; ეხლა ფაუნას შეხედეთ, სასწაულს მრავალფეროვანს – ფრთოსან ფრინველთა სამყაროს, მშვენიერს და ჰაეროვანს, ჩლიქოსნებს, ძუძომწოვარებს, მწერებს და მხოხავ–მცოცავებს, ქვეწარმავლებს და მცურავებს, არსებებს გასაოცარებს; შეხედეთ ირემს ქორბუდას, რა ტურფა გახლავთ, რა ნაზი, შველი – ბუნების მშვენება, კალმით ნახატი, ლამაზი; ხის ძირას დათვის ბელები, ონავრები და ცელქები, ციყვი ფაფუკი კუდით და ზღარბი თავისი ეკლებით; ლომი დინჯი და ჭკვიანი, მეფედ ნაკურთხი ცხოველთა, ვეფხვი, თუმც შეუპოვარი, თავზარდამცემი ყოველთა; სპილო უზომო ხორთუმით, დიდი კეთილი არსება, ზებრა ლამაზი ზოლებით, ავაზა გიშრისთვალება; ნახეთ მშვენება არწივის, კლდის თავზე აზიდულისა, ცაში მერცხლების ირაო, წყალში დელფინთა გუნდისა; ველზე პეპლების ფარფატი, ბულბული სიყვარულისა, ყვავილზე მჯდარი ფუტკარი, ნექტარი თაფლად ქმნულისა; ვინ მოსთვლის შექმნილს ამქვეყნად უფლისგან ცხოველსმყოფლისა, სიცოცხლეც კი არ მეყოფა ჩამოსათვლელად ყოვლისა; მაგრამ თუ იცით, უფალმა, ვის დაუტოვა, ნეტავი, ეს დალოცვილი სამყარო, ეს მიწა–წყალი ნეტარი? განა იმისთვის არა ქმნა, ვინც გახლავთ მტვერი მიწისა, ვინც შეიყვარა უზომოდ, ვინც შექმნა ხატად თვისისა, ვისთვისაც შვილი გასწირა, მყოფი მამისა მარჯვენად? ჯვარს ეცვა ქრისტე იესო, მრავალთა გადასარჩენად; ...და ეს ნაწილნი სხეულის, ბრიყვნი და ამპარტავანნი, წაკიდებიან ერთმანეთს, თავისი ჭკუით „მთავარნი“ განა ამათი პატრონი სხეული დიდხანს იცოცხლებს? განა რაიმე ფასი აქვს ასეთ „ტრაბახა“ სოცოცხლეს? ჩვენც ხომ ერთნი ვართ ყველანი, ერთი სხეული მთლიანი, ღმერთის შვილები არა ვართ ყოველი ადამიანი? თუკი ერთმანეთს ვაძაგებთ, თავს ვიქებთ ამარტავნებით, ვერ გავახარებთ უფალს და იქნებ დავკარგოთ თავებიც; როგორც ჩვენ გტკივა სხეულის რამე ნაწილის ზიანი, ასევე სტკივა უფალსაც ცოდვილი ადამიანი; ...და თუ ჩვენ გვიყვარს სხეული და გვიყვარს თავის ქებანი, უფალს ათასჯერ უმეტეს უყვარს ყოველი ჩვენგანი; გულს დავემსგავსოთ, ჯობია, თბილსა და ალერსიანსა, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, ვეშუროთ სიტყვებს მზიანსა; დავიცვათ უფლის მცნებები, კურთხევა ღვთივმადლიანი: „გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს ადამიანი“; მოდი, ჩვენც ვიყოთ მდაბალნი, მშვიდნი, კეთილისმსურველნი, ...და ერთმანეთის მოყვარე... და ერთმანეთზე მზრუნველნი; ხელი ხელს მივცეთ, მხარი მხარს, ერთურთს ვუმშვიდოთ სულები, ვუშროთ ერთმანეთს ცრემლები, ვუთბოთ ერთმანეთს გულები; სანამ განვსჯით და თავს ვიქებთ, ვნახოთ, საითკენ მივდივართ, მოდი, ჩვენს თავებს მოვკითხოთ ჯერ, სხვაზე მეტი რითი ვართ? მე კი ერთ რამეს გახსენებთ, თვით უფლის არსი რაც არის, ყველაზე მეტად, ამქვეყნად, სიყვარულია მთავარი. *** ეს იყო ჩემი სათქმელი, ეს იყო ჩემი იგავი, უერთმანეთოდ რანი ვართ, ვიქნებით ანდა ვიყავით? ღმერთი ჩვენშია თავად და ღმერთია მთელი სამყაროც, ჩვენ ნაწილები უფლისა და ნუმცა ნურვინ გაგვყაროს !!! *** უფალმა ღმერთმა გაკურთხოთ, დაგიცვათ მტრისგან კრულისა, დაგლოცოთ გაგაძლიეროთ, სიმშვიდე მოგცეთ სულისა; მოგმადლოთ რწმენა, იმედი, მარად სიწრფელე გულისა, ძალა სიკეთის, სიმდაბლის, თმენის და სიყვარულისა; დიდება უფალ ცაბაოთს, მამას მარადის მყოფელსა, იესო ქრიტეს, მაცხოვარს, სასუფევლისკენ მხმობელსა, წმიდასა სულსა ნათელსა და მის საქმესა ყოველსა, სამებას ერთარსებასა, მთლიანს და განუყოფელსა!!! ღმერთმა დაგლოცოთ!!! 16.12. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი