თუ დამივიწყებ...


თუ დამივიწყებ, არ მიგატოვებ,
არ მოგცილდება შენ ჩემი მზერა,
გეტყვი, რომ აქ ვარ, შენს გვერდით, ახლოს,
ხან დამინახავ და ხანაც ვერა;

თუ დამივიწყებ, მე მაშინ მოვალ,
როცა ტკივილით შეკუმშავ სახეს;
მე დაგიამებ იარებს, დარდს და
აგაცდენ ყველა ხაფანგს და მახეს;

თუ დამივიწყებ, მე მაშინ მოვალ,
როცა ხიფათი შეგხვდება რამე.
ჩემზე ავიღებ ყველა განსაცდელს,
რომ მშვიდად მყავდე დღეცა და ღამეც;

თუ დამივიწყებ, მაშინაც მოვალ,
როცა ცრემლები აგივსებს თვალებს;
გულს გაგინათებ, მოგეფერები
და დაგავიწყებ მტკივნეულ წამებს;

თუ დამივიწყებ, მე მაინც მოვალ,
გვერდით ვიქნები დავანებული,
როცა უსაზღვრო ბედნიერებით
სახე გექნება განათებული;

თუკი შეგცივდა, მზეზე გაგათბობ,
სხივებს დაგიწნავ გაზაფხულებად
და თუ როდისმე დაგცხა, მოგწყურდა,
მოგევლინები ნაკადულებად;

თუ დაგატყვევეს, როგორც ბულბული,
მტრებს დაგიხოცავ ყველას უკლებად,
ფართოდ გაგიღებ გალიის კარებს
და დაგიბრუნებ თავისუფლებას;

თუ დამივიწყებ, მე მაინც მოვალ,
რათა ჩამოგხსნა მძიმე ლოდები.
მოვალ დღითაც და მოვალ ღამითაც,
მაშინაც, როცა არ მელოდები;

თუ დამივიწყებ, მე მაინც მოვალ,
თუნდაც ვიცოდე, რომ არ მიცდიან,
რადგან მიყვარხარ ისეთი ძალით,
შენ რომ არასდროს არ განგიცდია;

თუ დამივიწყებ, არ გებუტები,
სიბრაზე გულს არ გამკარებია,
რადგან, იცოდე, მიყვარხარ ისე,
ჯერ რომ არავის არ ჰყვარებია.

მაგრამ თუ მაინც გადაგავიწყდი,
ეს მე ვარ მაინც თავიც და ბოლოც.
კვლავ ძველებურად ვზრუნავ და ვფიქრობ,
რადგან მიყვარხარ, მიყვარდი როგორც;

გემუდარები, ნუ დამივიწყებ,
გამიღე გული, მოხსენი კლიტე!
მამა ვარ შენი და ღმერთი ტკბილი,
უფალი შენი – იესო ქრისტე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი