ადამიანი


როცა მეზობლის ტირილს გაიგებ,
როცა გოდება გესმის ხმიანი,
შენ კი ჩუმად ხარ და ხმას არ იღებ,
მაშინ, არა ხარ ადამიანი;

თუ ხედავ, ხდება დანაშაული,
არ ხდება საქმე სამართლიანი,
შენ კი უჩუმრად გვერდით ჩაუვლი,
არც მაშინა ხარ ადამიანი;

როცა ქუჩაში ვინმე ხელს გიწვდის,
ჩამოძენძილი, ტალახიანი,
შენ თავს იბრუნებ, გული არ მიგდის,
არ ხარ, ამიტომ, ადამიანი;

თუკი ვიღაცა კვნესის სნეული,
ცრემლები მოსდის ტკივილიანი,
შენ კი არ გეწვის გული, სხეული,
არა, არა ხარ ადამიანი;

როცა გვერდით გყავს ვინმე მწუხარე,
გამოლეული და დარდიანი,
შენ კი შორიდან უხმოდ უყურებ,
არა ხარ, მაშინ, ადამიანი;

თუკი უაზროდ სუნთქავ, დადიხარ,
თუკი არ გიძგერს გული ღმრთიანი,
თუკი არავის არად არგიხარ,
ხარ კი საერთოდ ადამიანი?

თვის ხატად შეგვქმნა ღმერთმა ყოველი,
სული ჩაგვიდა ღვთივმადლიანი,
რათა არ ვიყოთ, როგორც ცხოველი
და გვერქვას ყველას ადამიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი