ვაიმე, დედა
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“, ტკივილით არის სიცოცხლე სავსე; რისთვის მოვსულვარ ამ ქვეყნად ნეტა, რად ვიტანჯები, ნეტავი, ასე?! რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“, სულის ტკივილებს ვუთმინო რამდენს? როგორ გაუძლოს ამ გულმა ნეტა, უსჯულოებას, უღმრთობას ამდენს?! რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“, უსამართლობას ვერ უძლებს გული; უფალო ღმერთო, შენ მაინც ხედავ, როგორ მეწვის და მიწივის სული; რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“, ცრემლი ვერ შველის იარებს ამდენს, რა ვუყო, ღმერთო, დაჭრილ გულს ნეტა, ან დამჭკნარ თვალებს ცრემლების დამდენს?! რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე დედა“, ხანძარი სულში როდემდე მენთოს? რამდენ სიბილწეს, ხრწნილებას ვხედავ, გამაძლებინე, უფალო ღმერთო! რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“, რა ამაოა ცხოვრება ჩემი; ღმერთო, შემინდე ამას რომ ვბედავ, შენ როგორ ითმენ, მშვიდად რომ რჩები? რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“, რა დათვლის ამდენ მტკივნეულ წამებს? ეჰ, მინატრია რამდენჯერ, ნეტა არ გათენდესო ეს მშვიდი ღამე; რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“, ჩემშივე ვაშთობ გულსაკლავ კივილს; თითქოს მჯეროდეს უეცრად, ბედად, დედა მოვა და დამიცხრობს ტკივილს; მადლობა უფალს, არ ესმის დედას, რამდენჯერ ვუხმობ, შველას ვთხოვ რამდენს; რა უშველიდა დედის გულს ნეტა, ვერ გაუძლებდა ჩემს ოხვრას ამდენს; დედას, დაქანცულს და ღონემიხდილს, არ ესმის ჩემი დარდი და სევდა, თორემ იმდენჯერ იგრძნობდა სიკვდილს, რამდენიც მითქვამს: „ვაიმე დედა“; ყველა ტკივილს და ყველა განსაცდელს, დედას ვუმალავთ ყველაზე მეტად, მაგრამ ვერ ვაღწევთ მაინც საწადელს, ...და ისევ ვკვნესით: „ვაიმე, დედა“; უტკბესო ჩემო და მეხამრიდევ, დედა, შემინდე ამდენს რომ ვბედავ; სანამ მოვკვდები, ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ ვიტყვი: „ვაიმე, დედა“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი