მინიპოემა – მათხოვარი


ღმერთმა ყველა გაგახაროთ, 
ღმერთმა ყველა დაგლოცოთ,
მინდა ყველას მოგეფეროთ, 
მინდა ყველას გაკოცოთ;

ამბავი მაქვს მოსაყოლი
თქვენთვის გასაკვირველი,
ყველამ კარგად მომისმინეთ,
თქვენ იქნებით პირველი;

მარტოხელა მოხუცი ვარ,
ქალი მშვიდი წარსულით,
ფანჯარასთან ვზივარ ხოლმე,
პენსიაზე გასული;

მუდამ გარეთ ვიყურები,
ეს საქმე მაქვს პირველი,
ბევრი რამე დამინახავს.
ბევრისა ვარ მხილველი;

ფანჯრებიდან გადავყურებ,
ბევრი ხალხი მიმოდის,
მაგრამ თითქმის ყველა ვიცი, 
ვინ მიდის და ვინ მოდის;

დიდ და ლამაზ ტაძარს ვხედავ,
ჩემი სახლის სარკმლიდან,
ყველაფერი კარგად მოჩანს,
იქედან და აქედან;

ყველას ვხედავ, ვის რა სტკივა,
ვის რა გაეხარება,
ამ ჩემს მზერას, როგორ ფიქრობთ
რამე გაეპარება?
***
მათხოვარი იჯდა გარეთ, 
ეკლესიის კარებთან,
ცრემლისა და დარდის კვალი 
ეტყობოდა თვალებთან;

დილიდან და საღამომდე 
არ დგებოდა იქიდან,
ბოლოს ხურდებს აკრიფავდა 
სამათხოვრო ჭიქიდან;

ყოველი თვის ცამეტ რიცხვში
შუადღისით ქრებოდა,
მერე უკან ბრუნდებოდა 
და ისევ იქ ჯდებოდა;

პურის გარდა მათხოვარი
სხვას არაფერს იხმევდა,
თან მიკვირდა, მარტო პურით 
კაცი თავს რომ ირჩენდა;

ვუყურებდი, ტაძრის ხალხი 
როგორ მიმოდიოდა 
და ხურდები მის ჭიქაში 
რა სიხშირით ცვიოდა;

"კაი თანხას დააგროვებს, 
შენ საწყალი ეძახე - 
გავიფიქრე, მე ცოდვილმა, 
შემშურდა და ვეზრახე -

მთელი თვე რომ ველოდები, 
როგორც მხსნელს და მესიას,
ეს ორ დღეში მეტს აიღებს, 
სულ არ უნდა პენსია;

ეს ამდენი ფული სახლში, 
ვისთან მიაქვს ნეტავი?"
დამებადა გულში ზრახვა 
ოდნავ გაუბედავი -

გავყოლოდი ჩუმად უკან,
მისი კვალი ამეღო
და უჩუმრად მის შესახებ
ყველაფერი გამეგო;

...და ერთ დღესაც როცა ისევ 
დადგა რიცხვი ცამეტი,
არც ვაციე, არც ვაცხელე, 
არც ნაკლები, არც მეტი;

ავედევნე უკან კვალში, 
როგორც დიდი მზვერავი,
ვიცოდი, რომ ვერ მამჩნევდა, 
ვერ მხედავდა ვერავინ;

მოხუცების თავშესაფარს
რომ მიადგა, ვიტირე,
თურმე სახლიც არ ჰქონია
საბრალოს თქო – ვიფიქრე;

მაგრამ მალე მათხოვარი 
სახეცვლილი ვიხილე,
შოკისა და ელდისაგან
ლამის წამოვიკივლე;

დაბანილი, დავარცხნილი,
მდიდრულ სამოსიანი,
ძლივს ვიცანი გამოცვლილი
მათხოვარი მტვრიანი;

მერე, როცა მოივაჭრა
დიდი სუპერმარკეტი,
დატვირთული გამოვიდა 
გარეთ დიდი პარკებით;

მერსედესი გააჩერა, 
ოქროსფერი ფარებით,
მძღოლს რაღაცა ანიშნა და 
მიიხურა კარები;

გული დამწყდა, დავკარგე თქო, 
არ ვიცოდი, რა მექნა, 
მაგრამ ცოტა გაიარა 
მანქანამ და გაჩერდა;

კაცი მშვიდად გადმოვიდა,
შენობაში შევიდა,
მე კი იქვე დავიმალე, 
შევცქეროდი ქვევიდან;

ბავშთა სახლი ყოფილიყო,
უპატრონო ბავშვების,
დავიბენი: "ჩემო თავო,
აბა ეხლა რას ვშვრები?"

მალე უკან გამობრუნდა,
მანქანითვე წავიდა,
მე კი სახლში შევაბიჯე,
ცოტა დრო რომ გავიდა;

დირექტორი მალე ვნახე,
ქალი ხანში შესული,
ვეკითხები გაკვირვებულს,
თავად გაკვირვებული:

„ეხლა კაცი რომ გავიდა,
ხომ ვერ მეტყვით, ვინ არის,
ტანსაცმელი რომ აცვია 
ასე კარგი, მდიდარის?“

„როგორ არა, ჩვენ ეგ კაცი 
არაერთხელ გვინახავს,
ხშირად მოდის ბავშვებთან და 
საიდუმლოდ გვინახავს;

დიდი ხანი დადის უკვე,
კაცი გახლავთ ქებული,
ბიზნესმენი, ქველმოქმედი,
უანგარო, ერთგული;

პირველად რომ მოგვაკითხა,
გვეგონა რომ მთვრალია,
დიდი ფული მოგვცა ერთად,
დიდი თანხა ძალიან;

ყოველი თვის ცამეტ რიცხვში,
გულით მოაქვს ალალით,
ნუგბარი და ტკბილელული,
სათამაშო მრავალი;

ხან ათასი ლარი მოაქვს, 
ხან ნაკლები, ხან მეტი,
ბედნიერი დღეა ჩვენთვის 
ყოველი თვის ცამეტი“;

ჩამივარდა გაოგნებულს
ენა მოსაკვნეტავი,
ან ცრემლებმა როგორ ნახეს
გზა თავისით, ნეტავი?

ვერ ვიჯერე გული, სახლში
სულ ტირილით მოვდივარ,
...და თან ვხვდები, რა ცოდვილი,
რა უღირსი ვყოფილვარ;

ღმერთო ჩემო, ეს რა ვნახე, 
სასწაული ნამდვილი;
რა ძნელია კაცის ცნობა,
განკითხვა კი ადვილი;

მერე თავად მივაკითხე,
დავუკოცნე ხელები,
გაოცებულს დავასწარი,
დავაფრქვიე ცრემლები;

ვიცი მეთქი, კარგო, შენი
საიდუმლო მალული,
გთხოვ, გამიხნა შენი გული,
დარდი გადამალული;

ყველა კაცი თავის თავს და 
თავის ოჯახს ინახავს,
მაგრამ რასაც შენ აკეთებ,
არასოდეს მინახავს;

მომიყევი, გევედრები
ქალი გაკვირვებული,
რად აკეთებ ამას, რისთვის,
რა გაქვს ჩაფიქრებული?

სახლიც კი არ გაგაჩნია,
სხვის სახლში ხარ, ხიზანი,
გამიმხილე რა გაქვს გულში,
რაა შენი მიზანი?

მასაც ცრემლი მოერია,
ჩუმი ოხვრა აღმოხდა,
და მომიყვა რაც უნდოდა,
აი, თურმე რა მოხდა:
***
„ეჰ, რა გითხრა, ჩემო დაო,
გატანჯული კაცი ვარ,
მე ცხოვრება აღარა მაქვს,
აქ ამიტომ დავდივარ;

ცოლი მყავდა საყვარელი,
ჩემი გულის ფერია,
მაგრამ ეხლა დავკარგე და
ცხოვრება სხვა ფერია;

მის გარეშე ჩემს სიცოცხლეს,
რა აზრი აქვს? – მითხარი,
ეს ცხოვრება არად მიღირს,
არაფერი მიხარის;

ეს ცამეტში მოხდა, დაო,
ჩემი ცოლი აღსრულდა,
მის სიკვდილთან ერთად ჩემი
სიხარულიც დასრულდა;

მას აბორტი ჰქონდა ერთი, 
მოხდა ცოდვა ასეთი, 
ამის გამო ღმერთმა შვილი 
აღარ მოგვცა არცერთი;

ვერ მოასწრო სინანული,
ვერ შეჰბედა მაცხოვარს,
მე კი რაღა დამრჩენია,
დამნაშავე მეც ხომ ვარ?

ღმერთმა შვილი აღარ მოგვცა,
თუმც გვინდოდა ძალიან,
დავისაჯეთ ღირსეულად,
მხოლოდ ჩვენი ბრალია;

ეს ცხოვრება მიხაროდა,
გვერდში მყავდა სანამდის,
ეხლა გული ამათალეს,
ცოცხლად მოვკვდი, ვადამდის;

სიკვდილს ვნატრობ, ჩემო დაო,
სული ღვთისკენ ვიბრუნო,
მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ,
სხვისთვის უნდა ვიზრუნო;

ორივესას ვინანიებ,
სანამ კიდევ დავდივარ,
ვცდილობ მეტი მადლი ვთესო,
სხვა რაღაში ვვარგივარ?!

სულ გავყიდე რაც მებადა,
რაც კი მქონდა ქონება,
ბავშვთა სახლში მივიტანე,
საღი მქონდა გონება;

სულ ეს გახლავს, ყველაფერი, 
სხვა სათქმელი არა მაქვს,
გთხოვ, ნუ გამთქვავ, გევედრები,
თუ სხვა ზრახვა არა გაქვს!“
***
აქ დასრულდა ისტორია,
ეს ამბავი პატარა,
დანარჩენი თქვენ განსაჯეთ,
რა იყო და რა არა;
***
მათხოვარი შემიყვარდა,
გულის სიმთა მხმობელი,
ზოგი როგორც შვილობილი,
ზოგი როგორც მშობელი;

ადრე არცერთ მათხოვარზე
ცრემლი არ დამცვენია,
ეხლა სადაც დავინახავ,
ვტირივარ და მრცხვენია;

ვინ რა იცის, რატომ ითხოვს
ან რა გასჭირვებია?
ღმერთმა იცის, მათხოვრობა
რატომ დასჭირვებია;

ნუ შევრისხავთ და ნუ განვსჯით,
რადგან მათხოვარია,
ჩვენ რა ვიცით, იქნებ სულაც
ქრისტე მაცხოვარია?!

განკითხვა და ჭორაობა,
რა დიდი საქმნელია?
აი, მადლის გაცემა კი
ო, რაოდებ ძნელია;
***
აქ მორალი მარტივია:
განვსჯით დაუფიქრებლად,
მაგრამ ხშირად სამართალი, 
სულ სხვა მხარეს იხრება;

სანამ ვინმეს განვიკითხავთ, 
სანამ ვინმეს გავკიცხავთ,
სანამ ცოდვებს დავუთვლით და 
სათითაოდ აღვრიცხავთ;

ჯერ ცხოვრება შევისწავლოთ, 
მისი გზებით ვიაროთ, 
მისი ყველა ტკივილი და 
ტანჯვა გამოვიაროთ;

მაშინ უკვე, სიყვარულით,
შეგვებრალოს იქნება,
ძვირფასიც კი გახდეს ჩვენთვის, 
თუკი ღმერთმა ინება?!
***
თვალებიც გვაქვს, ყურებიც და 
გონებითაც მთებს ვკვეთავთ,
მაგრამ, ხშირად, ვერც ვაზროვნებთ,
არც გვესმის და ვერც ვხედავთ;
***
დაგლოცოთ და გაგახაროთ,
ღმერთმა მოგცეთ ცხონება,
მე კი უფალს შევთხოვ, ყველას
გაგვინათოს გონება !!!
***
ღმერთმა დაგლოცოთ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი