მინიპოემა – გარიგება


ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ,
ღვთის ანგელოზნი გყოლოდეთ მცველად,
ამბავს გიამბობთ – პატერიკს, ნამდვილს,
თქვენ კი გულდასმით მისმინეთ ყველამ;

***
ერთი მონასტრის მომცრო სენაკში,
ძლიერ მოხუცი ბერი სახლობდა,
სნეულებებით გაწამებული,
დღე და ღამ მხოლოდ სიკვდილს ნატრობდა;

ღვთისგან რომ იყო ეს დაშვებული,
კარგად იცოდა, კარგად ესმოდა,
თუმც ვერ უძლებდა ბერი ტკივილებს,
მძიმედ ოხრავდა, მწარედ კვნესოდა;

...და ღმერთს მიმართა, გაჭირვებულმა,
გამძლეობა რომ აღარ ჰყოფნიდა:
„უფალო ღმერთო, გთხოვ, შემიწყალე
და გამიყვანე ამა სოფლიდან!“

***
ისმინა ღმერთმა ბერის ჩივილი,
თვითონ ხომ მასზე მეტად იცოდა,
როგორ სტანჯავდნენ სნეულებანი,
ტკივილებისგან როგორ იწვოდა;

...და მოუვლინა ბერს ანგელოზი,
ღმერთთან მისასვლელ მოკლე გზა-ხიდად,
ოღონდ პირობა წამოუყენა
ცოდვების სრულად გამოსასყიდად;

გამოეცხადა ბერს ანგელოზი
მთელი თავისი დიდებულებით,
გამოუცხადა სნეულს სიტყვები
უფლის ბაგიდან წარმოთქმულები:

„ისმინა ღმერთმა შენი წუხილი,
იცის მან შენი უბედურება,
გაგიყვანს მალე ამა სოფლიდან,
რათა გარიდოს უკეთურებას;

სნეულებებით განწმენდს უფალი
ყოველს, ვითარცა ოქროს ცეცხლითა,
მოწყალე გახლავს, სამართლიანი,
ვერ მოისყიდი ოქრო–ვერცხლითა;

წელიწადს კიდევ უნდა გეცოცხლა,
განსაწმენდელად შენი სულისა,
მაგრამ რაკიღა აღარ ინებე,
რადგან მოგბეზრდა ეს გზა უფლისა;

ჯოჯოხეთს ჩაგსვამ სამი საათით
ცოდვების სრულად გამოსასყიდად,
რადგან თუ სული არ განიწმინდე,
ვერას წარუდგენ უფალს სასყიდლად;

ერთადერთია გზა სასუფევლის,
გზა ეკლიანი, ჯვრით გახიდული,
იესო ქრისტეს სისხლით მორწყული,
მისი სიცოცხლით გამოსყიდული;

მერე მოვალ და ზეცას აგიყვან,
უფალს გაახლებ გზებით ციურით,
იქ გებოძება ნეტარს სავანე,
სასუფეველი მარადიული“;

***
დაფიქრდა ბერი: „მთელი წლის ტანჯვას,
სამი საათი გავძლო ჯობია,
რა უნდა იყოს, ვერ მოვითმინო?
გავძლებ როგორმე, ასე მგონია“;

დათანხმდა ბერი ასეთ პირობას:
„მზად ვარ შევხდეო უფლის ამ სასჯელს“,
...და ანგელოზმაც სული აართვა
და ჯოჯოხეთის მისცა სატანჯველს;

***
ირგვლივ წყვდიადი გამეფებულა,
ამას სიბნელეც აღარ ეთქმოდა,
გიგანტურ ლანდებს ხედავდა მხოლოდ,
ცოდვილთა გმინვა, კვნესა ესმოდა;

შიშით უცქერდა დემონთა თვალებს,
ცეცხლოვან თვალებს ავად ელვარეს,
აუტანელმა სასოწარკვეთამ
მოიცვა მისი სული მღელვარე;

არსაიდან ხსნა და არც იმედი,
მხოლოდ დემონთა მთელი კრებული,
მის გასაგლეჯად გამზადებულნი,
მისკენ დაძრული გავეშებულნი;

შიში შეიგრძნო ჯერ არგანცდილი,
შიში უზომო, ენით უთქმელი,
აცახცახებულს და გონდაკარგულს
ტანჯვა დაეწყო გამოუთქმელი;

...და ბერს საბრალოს, ღონედაკარგულს,
აღმოხდა კვნესა, მოთქმა, ბღავილი,
მაგრამ მისი ხმა ამ დიდ უფსკრულში
ისმოდა როგორც სუსტი ხავილი;

ბოროტ დემონთა მთელი ლაშქარი
გაავებული ბერს თავს ესხმოდა,
...და მისი მოთქმა, კვნესა, გოდება
უკვე არავის აღარ ესმოდა;

***
მეტს ვეღარ აღვწერ საშინელებას,
რაც ჯოჯოხეში სუფევს ულევად,
არც ძალუძს ენას ამის გამოთქმა
და არც ცოდნა მაქვს და არც უფლება;

***
გავიდა კვირა, თვეები, წლები
და საუკუნეც გავიდა თითქოს,
ანგელოზი კი არა და არ ჩანს,
ვერ უძლებს ბერი და შველას ითხოვს:

„ვაიმე, ღმერთო, ეს რა ყოფილა,
ვეღარ ავიტან სატანჯველს ამდენს,
რატომ მაწამებ, უფალო, ასე,
მითხარი, კიდევ გავუძლო რამდენს?“

მოსთქვამდა ბერი სასოწარკვეთით,
როგორც არასდროს, სტკიოდა ისე;
...და ჰა, განათდა წყვდიადში უცებ
და ანგელოზი გამოჩნდა ისევ;

წყრომით მიმართა უფლის ფერიას:
„მითხარი, ვისი იმედი მქონდეს?
არ მეგონაო, თუ შენს ბაგესაც
დასცდებოდაო სიცრუე ოდეს;

წლები გავიდა, საუკუნეა,
რაც მსჯი, მაწამებ მცნებების დამრღვევს,
სამი საათი შემპირდი მხოლოდ,
უფლის პირობას რაღატომ არღვევ?“

***
„აბა რას ამბობ, რა საუკუნე,
ვის ემდურები, ხმას იღებ ვიზე?
ერთი საათი გავიდა მხოლოდ,
ორი საათი დაგრჩაო ისევ“;

***
ცრემლად იღვრება ბერი საბრალო:
„დამაბრუნეო სხეულში ისევ,
წელი კი არა, თუნდ საუკუნე,
მტანჯე, ღმერთს როგორც ენებოს, ისე;

უფლის მეორედ მოსვლამდე, თუნდაც,
სნეულებებით გინდ ვიყო სავსე,
ოღონდ აქედან ამომიყვანე,
ნუ დამტოვებო წუთითაც ასე“;

ინება ღმერთმა დიდი წყალობა
და დააბრუნა ბერი სხეულში,
„მხოლოდ წელიწადს გაუძელი და 
ჩემთან გელიო სასუფეველში;

უკვე საკმაოდ ბევრი გაიგე, 
უკვე საკმაოდ გამოიცადე,
ოღონდ არასდროს არ დაივიწყო,
რაც დაინახე, რაც განიცადე“.

***
ასე დამთავრდა ბერის ამბავი,
დაბრუნდა ბერი ჩვეულ ყოფაში,
ოღონდ ამჯერად გახარებული
და ბედნიერი ავად ყოფნაში.

***
ესე ამბავი, აქ მოთხრობილი
გამონაგონი კი არ გეგონოთ,
ნამდვილი გახლავთ, პატერიკია,
იქნებ კიდევაც კი გაგეგონოთ;

***
ჩვენ არც კი ვიცით, უგუნურებმა,
რამდენი ცოდვა მოდის ჩვენიდან,
რა გველოდება ცოდვილებს მერე,
თუ უნანელად წავალთ ქვეყნიდან;

წარმოდგენაც კი არ გვაქვს უმეცრებს,
რა გველოდება ცოდვების გამო,
ეშმაკთა მთელი არმია ჩვენი
სულების ხელში ჩაგდებას ლამობს;

დემონთა შორის ერთი საათი,
რაც ჯოჯოხეთის განაწესია,
მთელი სიცოცხლე ტანჯვით ყოფაზე
უმძიმესი და უარესია;

ჩვენ ხომ სიკვდილზე ნაკლებად ვფიქრობთ
და არც კი ვიცით რა გველოდება,
მერე კი როცა ჯოჯოხეთს ჩავალთ,
გვიან იქნება მოთქმა-გოდება;

***
გაბრიელ ბერის ვუსმინოთ სიტყვებს,
ქართველი ერის უდიდეს წმინდანს,
თუ კი სულები გვადარდებს ჩვენი,
თუკი უფალთან მოხვედრა გვინდა:

„თქვენ ჯოჯოხეთის ბჭე რომ იცოდეთ,
ეშმაკი როგორ გიმზადებთ მახეს,
გადაიტყავებთ ლოცვებით მუხლებს
და ტაძრის მტვერით დაიბანთ სახეს“.

***
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ,
დღეგრძელი გედოთ ცხოვრება წინა,
ჯოჯოხეთს ღმერთმა გაშოროთ ყველა,
სასუფეველში დაგედოთ ბინა!!!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი