ერთსტროფულები 3


დაჩეხეს და დააქციეს, არ დატოვეს ნაგლეჯი,
კორტნიან და სისხლსა სწოვენ დაცემულს და გახლეჩილს;
დაიფარე საქართველო იმიერ და ამიერ,
წმიდა მთავარანგელოზო, უტკბილესო გაბრიელ !!!

ჩოჩორზე მჯდარი მოდისო, უფალი ქრისტე იესო,
უფლის გზა პალმის რტოებით უმალვე მოაფინესო;
ღმერთს უმღერიან ოსანას, პატარები და დიდები;
გაბრწყინდი იერუსალემ, უფალი მოდის დიდებით.

რისთვის გაწამეს უფალო ან პასუხს გთხოვდნენ რაზეო?
როგორ შეეძლოთ ემუხთლათ და ეორგულათ ასეო?
რას სჩადიდოდნენ უგნურნი, მეტა თუ იყვნენ აზრზეო,
ჯერ რომ ოსანას გიძღვნიდნენ, მერე  კი გაცვეს ჯვარზეო.

სანამ ვინმეს განიკითხავ, მოიხსენებ ავადა,
ჯერ დაფიქრდი, მეგობარო, იქნებ ცდები თავადა?
იქნებ ცუდად დაგინახავს, ცუდად გაგიგონია?
თვალიც, ყურიც ხშირად ცდება, ბევრჯერ გამიგონია.

დაგამცირეს? - დაივიწყე, შექებასაც ნუ იღებ, 
განა ამით სულისათვის რა სარგებელს მიიღებ?
გლანძღავენ თუ გადიდებენ, ეს მთავარი როდია,
უფლისათვის რას აკეთებ, ეს იფიქრო, ჯობია.

სადაც უფალი არ დაივანებს, ის რა გულია?!
ყოველი წამი ღმერთის გარეშე დაკარგულია;
უფლის გარეშე თავად სიცოცხლეც არასრულია,
ხოლო სიკვდილი უღმერთო კაცის დასასრულია.

სიყვარული არც ლტოლვაა, არც ვნებათა ჯარია,
არც ოცნების კაცია და არც ლამაზი ქალია;
ჭეშმარიტი სიყვარული დიდი მძიმე ჯვარია -
მოყვასის და ღვთის წინაშე უდიდესი ვალია.

გინდ მთელ სხეულში კოცონი მენთოს,
მწვავდნენ წყლულები მრავალთა სენთა;
„აქ“ უფრო მეტად დამტანჯე, ღმერთო,
რათა „მანდ“ მშვიდად მოვიდე შენთან...

სხვას ნუ უდგები თავდებად, არ გაქვს უფლება ამდენი,
საძაგელია უფლისთვის ასეთი საქმის ჩამდენი;
შენივე სულის არ გესმის, არა ხარ მისი გამგები,
მაშ სხვისას როგორ გაიგებ, როგორღა ექომაგები?!

კარგია, როცა სიყვარულს თესავ, როცა სიკეთის ქმნის გაქვს წადილი,
უფლის მცნენებით თუ გსურს იცხოვრო და ქრისტიანი იყო ნამდვილი, 
მაგრამ, სად რა თქვა ან რა აკეთო, არ გახალვთ, თურმე, საქმე ადვილი,
რადგან აქვს ქვეყნად ყოველ სიტყვას და საქმეს თავისი დრო და ადგილი.

თუკი ამქვეყნად რაიმე გენიალური იქმნება,
ავტორს კი არა, უფალ ღმერთს ეკუთვნის ქება–დიდება;
კაცი თავადაც ქმნილია, მტვერია ამა სოფლისა,
უფალი გახლავთ გენია და შემოქმედი ყოვლისა.

ზოგი თუ ნესტან–დარეჯანია, ზოგს შეხედავ და ტარიელია,
გარეგნობა რომ ხშირად გვატყუებს, ქვეყნად რამდენი მაგალითია;
ზარდახშა ზოგჯერ ლამაზი გახლავთ, მაგრამ შიგნიდან ცარიელია,
ხოლო ხავსიან ნიჟარაში კი უძვირფასესი მარგალიტია.

ვნებებს, ჯობია, ტანჯვა გეწიოს,
ნუ დაიმატებ ცოდვებს ახლებსა;
ღვთის სავანეში ქოხი გერჩიოს,
ჯოჯოხეთს შინა დიდ სასახლესა.

რატომ ვგიჟდებით, ჩვენ, პატარებზე, ჭკუას რომ ვკარგავთ, გვიყვარს ძალიან,
რატომ არიან ანგელოზები, უფლის რჩეულნი რატომ არიან?
უცოდველები გახლავთ ისინი – არა ამაყი, არა თავნება,
სიკეთით ბრწყინავს მათი თვალები და სულ არა აქვთ ამპარტავნება.

ჯერ ფიქრი გმართებს, ძმობილო, სანამ იტყოდი რამესო,
ყველა ბრიყვი და უგნური თავის თავს თქმულით ავლენსო;
ჭკვიანს სიდინჯე შეშვენის, ყბედი გინახავთ ვინაო?
რეგვენს კი ფიქრის მაგივრად სულ ენა უსწრებს წინაო.

სიბრძნე არ გახლავთ აზრთა წყებებში,
იგი არც სადმე მიმალულშია;
სიბრძნე ღმერთშია და მის მცნებებში,
მთავარი სიბრძნე სიყვარულშია.

ჩვენ რომ მცირედით მაინც ვიცოდეთ, განსჯა შეგვეძლოს სამართლიანი,
როგორი ძალით ვუყვარვართ უფალს ყველა ცოდვილი ადამიანი,
მარტო ეს ცოდნა გაგვაგიჟებდა, ვერ გავუძლებდით „მონა ღვთისა“–ნი,
გინდ რკინის გული გვქონოდა ვინმეს, გინდაც ძარღვები ფოლადისანი.

ნეტავ როდის მოხვალ, როდის მომიწოდებ,
ჩემო მაცხოვარო, ჩემო ღმერთთა ღმერთო?
ისე დავიღალე...ნეტავ რომ იცოდე,
როგორ გელოდები, ჩემო ერთადერთო.

კაცის გულს ორი კარი აქვს, გული კი ღვთის ნაბოძები,
პირველს ეშმაკნი ელტვიან, მეორეს – ანგელოზები;
სიყვარულშია სიცოცხლე, ბოროტს ნუ გავეკარებით,
დემონებს გადავურაზოთ, უფალს გავუღოთ კარები.

ზოგი ღვთისგან იბადება, ზოგი კიდევ მოაქვს წეროს;
მე ღმერთზე ვწერ, ღმერთით ვსუნთქავ, სხვამ რაც გინდა, ისა წეროს; 
მე უფალზე ფიქრი მინდა და დიდება მინდა მისი;
სხვამ კი თავად გადაწყვიტოს ვინ უფროა ქების ღირსი.

ვის ეკუთვნის სიყვარული მეტად,
თუ ღმერთს არა, აბა სხვას ვის, ნეტავ?!
თუკი რამეს დავწერ, ვწერ ან ვწერე -
ჯერ უფალი, დანარჩენი მერე!!!

დღეს სიყვარულზე ქადაგებს ყველა, მას ეძახიან ყველაფრის წამალს;
გასაოცარი ის გახლავთ მხოლოდ, თუ ვინ ქადაგებს, ვინ ამბობს ამას;
საქმის გარეშე ფუჭია სიტყვა, თან თუ სინდისიც არა გაქვს წმინდა;
ჯერ თავს მოჰკითხე, თუ გიყვარს მართლა, მერე ჰქადაგე რამდენიც გინდა.

გართობაზე კი ნუ ვფიქრობთ ან დრო როგორ გავატაროთ,
სჯობს ვზრუნავდეთ უფლისაზე, ღმერთი როგორ გავახაროთ,
ცოდვილ სულებს გავუფრთხილდეთ და ფარები ავაფაროთ,
ბოროტი და უკეთური არაფერი გავაკაროთ.

ნუ დასდევ ქონებას, უფალი შეიგრძენ,
გაიგე სიცოცხლე რა არის, რის ფასი?!
...და რასაც სიმდიდრით ვერასდროს შეიძენ,
ის არის, ამქვეყნად, ყველაზე ძვირფასი.

ღმერთო, ვინ მოსთვალოს, რაც კი შენ გიძლია?!
მაგრამ მაინც დამრჩა ერთი სათხოვარი:
რადგან არაფერი სხვა არ შემიძლია,
სიტყვით მაინც გაქო, ჩემი მაცხოვარი!!!

ზოგ გულში ცეცხლი ანთია, ზოგში წვიმა და ქარია;
ზოგს შეხედავ და მთხლე გახლავთ, ზოგი კი მზის სადარია;
ზოგი ჩანჩქერს გავს მჩქეფარეს, ზოგი ჭაობი მდარეა;
ზოგი კვდება, რომ იცოცხლოს, ზოგი ცოცხალიც მკვდარია;

რა უგნური უნდა იყო, ღმერთის რომ არ გეშინოდეს,
ან რა ბრიყვი უნდა იყო, უღმერთობა გენში გქონდეს;
ურწმუნო თუ ქრისტიანი, თუ არ იცი, ვინ ვის სჯობდეს,
გაჩენის დღეს იწყევლიდე, საცოდავო, ის გიჯობდეს.

ამას გთხოვ მარტო, ყველაზე მეტად,
შენი ხატება სულ გულში მენთოს,
...და, სიკვდილამდე და მერეც, ნეტავ,
შენ გადიდებდე, უფალო ღმერთო!

როგორც არასდროს შეწყდება ქარი, წვიმა და თოვა,
ისე მარადის იქნება ცრემლი, დარდი და გლოვა;
წუთისოფელში სიმართლე ნეტა რომელმა ჰპოვა?!
სამართალს მაშინ მივაღწევთ, როცა უფალი მოვა.

არ მოგანიჭებს სიხარულს ფული, სიმდიდრე, ქონება,
უშფოთველობა გერჩიოს უფულოდ, წყნარი ცხოვრება;
მშვიდნი არიან მდიდარნი, ბავშვი, ქალი თუ კაცია,
რადგანაც სულის სიმშვიდე ყველაზე დიდი განძია.

მთელი სიცოცხლე მიცავ და მფარავ, რამდენ მადლსა და წყალობას ვხედავ,
მე კი, უგნური, ჩემი ცოდვებით ისევ და ისევ შენ ჯვარცმას ვბედავ;
როგორ ძლიერად გიყვარვარ, ღმერთო, ვიცი მარადის გულში გიზივარ,
პასუხად მხოლოდ ვლუღლუღებ სიმწრით:– „უფალო ჩემო, მე რა ღირსი ვარ?!“

სიკვდილს ვერ ჩავთვლი სიცოცხლის ბოლოდ,
წარიღოს გვამი, თუ რამედ უღირს;
მე ის ცოდვები მაწუხებს მხოლოდ,
რაც ღმერთთან მიმაქვს ცოდვლილს და უღირსს.

ვერ იპოვი დღეს სამართალს, სიმშვიდეს და მოსვენებას,
სიყალბეა ირგვლივ მხოლოდ, ილუზია, მოჩვენება;
უფლის გქონდეს სასოება, სხვა გადადო უნდა გვერდზე;
სადაც ღმერთი არა სუფევს, იქ სამართალს ნუღარ ეძებ.

მოდი, ნუ მეტყვით, გეთაყვა, როდის რა უნდა დავწერო,
როცა თავადაც არ ვიცი, რა უნდა ვთქვა და რა ვწერო;
უფალი გახლავთ მთავარი, სიმები ჩემი სულისა,
ამომქარგველი ლექსებად დარდის და სიხარულისა.

ყვავმა უთხრა ვარდსა ტურფას: რით მჯობიხარ ნეტავ ქალო?
მე ზეცაში დავნავარდობ, შენ მიწაზე ფორთხავ, წვალობ;
მან კი უთხრა: რა ფასი აქვს ფრთების უქმად ქნევას, ნეტა?
ცაში ჩხავილს მირჩევნია დედოფლობა მიწის ზედა.

ჩვენ ხშირად ფერებს ვერ ვარჩევთ, თეთრი არის თუ შავია,
ადამიანებს ვერა ვცნობთ, კეთილია თუ ავია,
ზოგჯერ გემოც კი გვეშლება, შაქარია თუ მარილი;
ზოგი ეკალ და ბარდია, ზოგი კი ტურფა ყვავილი.

რად გიყვარს ნეტავ შენი ძმა, რა მიზეზი გაქვს ამისა?
განა იმიტომ ხომ არა, რომ შვილი გახლავს მამისა?
მაშ, გეუბნება უფალი, თუკი ფასი აქვს ძმობასაც,
ვისაც მე ვწამვარ, ვუყვარვარ, ის შეიყვარებს მოყვასსაც.

წვრილმანებით შეიცნობა კაცის მთელი ბუნება,
მანერებით ვერ მიხვდებით, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ;
განათლებაც არას გეტყვით, ზრდილობა ან გუნება,
მაგრამ...ოჰ, ეს წვრილმანები, რამდენ რამეს გვამცნობენ.

უფლის რჩეული ის კი არ არის, ვინც სათნოს ამბობს რამეს უფლისა,
არამედ, ვინც ღვთის მცნებებს ასრულებს, გინდ პირი ჰქონდეს ჩუმი, უტყვისა;
ენის ტრიალი ბევრს შეუძლია, ის უცვეთია, გაუხუნარი,
აი, საქმე კი ღვთივმადლიანი, ერთეულების გახლავთ უნარი.

მე არ ვწერ რთულად, დახლართულ ფრაზებს, მარტივად ვამბობ ყოველგვარ სათქმელს,
რადგან უბრალო გახლავართ თავად და უფლის მადლით ვაკეთებ საქმნელს;
მე ვერ მივბაძავ კლასიკოსს მრავალს – ბაირონს, დანტეს...და ათას „ისტებს“
ქრისტიანი ვარ სულით და ხორცით და მინდა ვგავდე იესო ქრისტეს.

გთხოვთ, ნუ შემასხამთ ხოტბა–დიდებას, სულაც არ გახლავთ ეს უფლის ნება,
ან შესაქები რა ნახეთ ჩემში?! მე არ მეკუთვნის ხოტბა და ქება;
თუ ქვეყნად რამე კარგი იქმნება, უფლის მადლია, წყალობა მისი;
ღმერთი ვადიდოთ დღისით და ღამით, მხოლოდ ღმერთია დიდების ღირსი.

ვინ არის უფრო უზენაესი, უნეტარესი ვინ არის ნეტავ,
იმაზე მეტად ვიღას მივენდო, ან ვინ ვიწამო იმაზე მეტად,
ვისაც მამად ყავს უფალი ღმერთი და ღვთისმშობელი ვისაც ყავს დედად,
ხოლო შვილებად – მთელი სამყარო; ვინ შევიყვარო იმაზე მეტად?!

მე შეიძლება გზას ავცდე ბევრჯერ, გზააბნეული ცხვარი ვარ ერთი,
მაგრამ არასდროს დამავიწყდება, რომ შენ ხარ ჩემი მამა და ღმერთი;
ნუ ამარიდებ განსაცდელს მრავალს, ღირსეულ სასჯელთ ცოდვათა ჩემთა;
ოღონდაც, ღმერთო, გთხოვ, ნუ ამაცდენ იმ გზას, რომელიც ბრუნდება შენთან!

სიბილწეს და ბოროტებას ეს რა ფრთები გაუშლიათ,
ამ ეშმაკის მოცულებს საღერღელი აუშლიათ,
სიწმინდის და სათნოების უკვე კვალიც წაუშლიათ;
შეჰყურებენ შორიდან და ხშირად ხელსაც არ უშლიან;
სადღა არის საქართველო?! მოუკლავთ და დაუშლიათ

ნუ გიკვირთ, თუკი ვტირი მე,
...და თუკი ფერი მეცვალა;
მომისამძიმრეთ, ჭირიმე,
სამშობლო გარდამეცვალა.

დამეხმარეთ – იხვეწება მათხოვარი,
სიცივეს და შიმშილს გაუწვალებია;
ნუ ჩაუვლით, იქვე არის მაცხოვარიც,
რომ გიცქერენ, სწორედ მისი თვალებია.

უფალს ენდე, აბა სინჯე. არ გიცდია?
სულს ცოდვებით, მოდი, ნუღარ შეისვარებ;
დამიჯერე, რაც არასდროს განგიცდია,
იმას ნახავ, თუკი უფალს შეიყვარებ.

სულ ერთი სტროფი, ხანდახან, მრავალ  დიდ ლექსზე კარგია;
ზომით და რაოდენობით ხარისხს არავინ აფასებს;
რაც მდინარეში წყალია, განა სასმელად ვარგია?!
ერთი პატარა წყარო კი წყურვილს მოუკლავს ათასებს.

წინაპრებისგან ვიცით და თავადაც მოგვდგამს რჯულშიო,
მკვდარზე ნუ იტყვი აუგს და ცუდს ნუ ახსენებს თქმულშიო,
მაგრამ ეს ჩემი სამშობლო იმდენჯერ დაჭრეს გულშიო,
ყველა ორგულს და იუდას ძაღლი მიაკვდა სულშიო!

ნეტავ იცოდე, როგორ ვნანობ და როგორ ვიპარავ ცრემლებს სახიდან,
ან როგორ ვნატრობ, შეიძლებოდეს, გათენდებოდეს ისევ ახლიდან
ის დღე, უფალო, როცა გავჩნდი და გულში ჩამიკრა დედამ პირველად;
მე დავიწყებდი ახალ სიცოცხლეს შენდა სათნოდ და გასაკვირველად.

უფალო იესო, მოდი და განმსაჯე,
ცოდვილი, უღირსი გულში რომ გიზივარ;
გთხოვ, ნუღარ დამინდობ და მკაცრად დამსაჯე!
ღირსი ვარ, უფალო, ყველაფრის ღირსი ვარ.

ვაი, ქვეყანას უბედურს, სავსეს ქიშპით და დავით;
უფალი აღარ გვახსოვს და ვსუნთქავთ ბოროტით, ავით;
ვეღარ ვქართველობთ, ვვაჟკაცობთ, ვეღარ ვაზროვნებთ თავით;
შენ გაგვინათე გონება, წმიდაო მეფე დავით !!!

შეგბედავ ცრემლებით ვედრებას ლოცვიანს,
სნეული სულების მხსნელო და მკურნალო,
გთხოვ , ნუ მიმატოვებ უღირსს და ცოდვიანს!
სიცოცხლეც არ მიღირს უშენოდ, უფალო.

სხეულზე ვფიქრობთ დღისით და ღამით,
ვერ ვიტანთ კანზე შეხებას ბუზის,
...და ზოგი არც კი ფიქრდება წამით,
სულში რამდენი ვირუსი უზის.

რა სიტყვები გვაქვს, ნახეთ, ქართველებს - „შენ გენაცვალე“ , „შენი ჭირიმე“ ,
მაგრამ, რატომღაც , აღარ ვამბობთ და...ამას ვდარდობ და ამას ვტირი მე;
ლანძღვა-გინებას რა მოაქვს ნეტავ?! - ვამწარებთ სხვებს და და ვიღუპავთ სულებს;
სიცოცხლეს მაშინ ექნება ფასი, როცა ერთმანეთს გავუთბობთ გულებს.

მე ქართველ ქალს ვენაცვალე, მას ვაღმერთებ სხვაზე მეტად –
შვილს, მეგობარს, რძალს, მეზობელს, ნაცნობს, უცნობს, დას და დედას;
ქართველ ქალზე უკეთესი, უმჯობესი ქვეყნად ვინ თქვას?!
დაილოცოს ყველა, მაგრამ, მე ქართველი ქალი მიყვარს.

როცა სუყველა დაგტოვებს, როცა სუყველა გაქრება,
როდესაც მარტო დარჩები, ბოლო იმედიც ჩაქრება,
მაშინღა ხვდები, ღმერთმა რომ შენს გვერდით ყოფნა ინება,
რომ მუდამ შენთან იყო და მარადის შენთან იქნება.

უფლისგან შეყვარებულო, წმინდანო, მახარებელო,
სასოებავ და იმედო, გულების გამხარებელო,
შენ გაგვინათე გონება, უფალთან მიგვიყვანეო,
ნათელო სიყვარულისა, წმიდაო იოანეო !!!

ასე ძლიერ რომ გიყვარვარ, სრულყოფავ ზეიდუმალო,
ფიქრიც კი მოდის შენამდე, სიტყვა არ ქრება უკვალოდ;
სანამ ვსუნთქავ და დავდივარ, მე შენს ღმერთობას ვუგალობ,
...და თუ რამ დამიწერია – შენს სადიდებლად, უფალო.

წმიდაო სულო, სულო უფლისა,
დამატკბობელო ჩემი სულისა;
გადიდებ ღმერთო, მიუწვდენელო,
ნუგეშინის და მადლის მცემელო !!!

დაფიქრდები და ოცდები, რა ამაოა ცხოვრება,
ხოლო უღმერთო კაცისთვის - მით უფრო ამაოება;
რა ელოდება საცოდავს, ან მისი ყოფა რასა ჰგავს?!
რა უბედური ყოფილა, ვისაც უფალი არა ჰყავს.

თუ იტყვი რამეს, უნდა თქვა ისე, მისწვდეს მსმენელის გულსა და სულთქმას,
რომ აუჩქარდეს ძაღღვებში სისხლი, რომ შეუჩერდეს თრთოლვისგან სუნთქვა;
ბოროტს მოუნდეს სიკეთის ქმნა და მოულბეს გული ყველაზე გულქვას;
თუ იტყვი რამეს, უნდა თქვა ისე, როგორც არასდროს არავის უთქვამს.

მარტო ღვთის რწმენა ცოტაა, ეს საკმარისი როდია,
ქრისტიანობა, ძმობილო, ამაზე დიდი ლოდია;
ეშმაკსაც კი სწამს ღმერთი და ცნობს არსებობას უფლისა,
მაგრამ ის გახლავთ ყველაზე მზაკვარი მტერი სულისა.

გინდ აირიოს ქვეყანა, გინდაც მზე აღარ ნათობდეს,
ზამთარში ცეცხლით იწვოდეს, ზაფხულში თოვლი ათოვდეს;
გინდ ფეხქვეშ მიწაც ჩაინგრეს, ჩავყვე და გავქრე უკვალოდ,
შენ თავს ვერავინ წამართმევს, რაც გინდა მიყონ, უფალო.

თუკი რამ კარგი დამითესია – უფლის მადლით და უფლის განგებით,
ჩემში ნუ ეძებთ საქებარს რამეს, უფალი გახლავთ მხოლოდ საქები;
დიდი უღირსი ვინმე გახლავართ, დიდი ცოდვილი კაცი ვარ ერთი,
მე ნუ შემაქებთ, გემუდარებით, ღმერთი ადიდეთ – უფალი ღმერთი!

ნუ მოიწყვიტავთ საშოდან ჩვილებს, შვილებს ნუ მოკლავთ, გემუდარებით !
სულს დაიმძიმებთ ასეთი ტვირთით და არ გეყოფათ ძალა ტარების;
თქვენ ხომ არ იცით, აბორტის ცოდვა რაოდენ მძიმე და რის ფასია;
ნეტა იცოდეთ, თავად უფლისთვის ყოველი სული რა ძვირფასია.

უფალო ღმერთო, ამას გთხოვ, მომმადლე სიყვარულიო,
მომეც სიმდაბლე უღირსს და გულწრფელი სინანულიო;
დღე და ღამ ამას ვფიქრობ და მიფორიაქებს სულიო - 
რით გაგიმართლო იმედი, რით გაგიხარო გულიო.

გთხოვთ, ნიღაბს ნუ მომოთხოვთ ტაძარში, არ გინდათ,
თუნდაც რომ დამხვდეს იქ მოძღვარი ნაქები!
ღმერთს თუ არ ვენდობი, მის სახლში რა მინდა?!
არ გახლავთ ეს საქმე სათნო და საქები.

ენა ტკბილად მოუბარო, სულნათელო, მზისა დარო,
თავად ქრისტეს მეგობარო, ქერუბიმთა წინა მდგარო,
იოანე ოქროპირო – უფლის წმიდავ სანატრელო,
გევედრები, შენი ლოცვით დაიფარე საქართველო!

ლომს ჰკითხეს: რად ხარ ასეთი მშვიდი და გარინდულიო, 
რატომ არ ბრაზობ სხვებივით, რატომ არ მოგდის გულიო?
მან თქვა: სიმშვიდით დაჯაბნის კეთილი ბოროტს, ავსაო;
თუ ვერ დაჯაბნის, დაკარგავს, მაშინ, სიცოცხლეც აზრსაო.

რაც ქვეყნად ცრემლი იღვრება, ოდითგან რაც იღვრებოდა,
დედამიწა რომ ჭა იყოს, ათასჯერ აივსებოდა;
დიდება მოთმინებასა უფლის, სრულყოფას, სავსებას!
ადამიანზე ბოროტი ქვეყნად არ დადის არსება.

ღმერთო, შემინდე, ამას რომ ვბედავ,
მაგრამ რადგანაც ვეღარ ვქართველობთ,
უკვე რამდენჯერ მინდოდა მეთქვა:
"ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!"

სანამ ჯერ კიდევ ვარსებობთ, სანამ ვსუნთქავთ და დავდივართ,
გვიჯობს იმაზე ვიფიქროთ, ქვეყნად ვის რაში ვვარგივართ;
თუ გული სითბოს არ გასცემს, არ იწვის – რაღა გულია?!
მადლის, სიკეთის გარეშე სიცოცხლეც დაგარგულია.

ღმერთო ჩემო, რომ იცოდე ნეტავ, როგორ დავიღალე,
კვნესის, ტირის ერი ჩემი, ვერა და ვერ გავიხარეთ;
ვიცი, ვიმკით რაც დავთესეთ, ვერა გარგეთ ვერაფერი;
ნეტავ როდის წამიყვან და დამთავრდება ყველაფერი?!

ტკივილებით და სნეულებებით სხეული ღვთისგან ხშირად ისჯება;
სული სხეულზე ბევრად მეტია, უფალიც სწორედ მისთვის ირჯება;
მეც მზად ვარ ყველა განსაცდელისთვის, თუმც ვიცი ძლიერ გამიჭირდება;
გმადლობ, უფალო, ყველა სნებისთვის, რადგანაც ჩემს სულს ასე სჭირდება.

ღმერთს თუ მიენდეთ, სულაც არ გახლავთ რაიმე დიდად განსახილველი;
ღმერთი თუ გენდოთ, ეს არის უფრო გასაოცარი და საკვირველი;
ისე სათუთი და დასაცავი, ვით ქარიშხალში ბაბუაწვერა;
ვაი მას, ვინც ღვთის ნდობას გატეხავს, ვინც გაუცრუებს იმედს და რწმენას.

უკვე იმდენი წავიდა სასუფევლისკენ უფლისა,
უკვე იმდენმა დამტოვა უძვირფასესმა გულისა,
გამკვირვებია, ღმერთმანი, რად ველი სიკვდილს გვიანსა,
რად შევრჩენილვარ ქვეყანას, ამ ცრუს და ოხერტიალსა?!

თუ რამ ლექსად გამომითქვამს, ვერ დავარქმევ პოეზიას,
იმას როგორ შევედრები, ვინც ნამდვილი პოეტია?!
არ მივიჩნევ ჩემს თავს, ღმერთო, არც მწერლად და არც პოეტად,
ჩემი ფიქრის მწერი ვარ და მოყვარული გიჟპოეტა.

მაპატიე, ღმერთო ჩემო, შენზე ლექსებს თუ ვეღარ ვწერ,
შენს დიდებას, გამოუთქმელს, საკადრისად თუ ვერ აღვწერ;
მაგრამ გულით სულ გადიდებ, როგორც ვიყო, სადაც ვიყო;
ერთი წამიც ნუ მაცოცხცლა, თუ როდისმე დაგივიწყო.

გაბრიელ მთავარანგელოზს ვადიდებთ, მახარებელსა,
დამატკბობელსა სულისა და გულის გამხარებელსა;
მხედართმთავარო ზეცისა, გვეყავ მეოხ და მფარველი,
შენ დაიფარე ყოველი თითზე სათვლელი ქართველი.

ღმერთო, როგორ აყოყოჩებს, ზოგიერთებს სიმდიდრე და კარიერა,
ბინძურ ფულს და სავარძლებს რომ აყენებენ შენსკენ გზაზე ბარიერად;
გმადლობ, ღმერთო დიდებულო, ამ ხვედრისთვის სხვა ხალხი რომ გირჩევია;
ყოყლოჩინა ქედმაღლობას თავდახრილი სიარული მირჩევნია.

ხიბლს, სიამაყეს რომ მოვერიო, რა არ მიცდია, რა არ მიქნია,
რამეთუ ვიცი, ცოდვილს და უღირსს, უფლის წყალობით რაც შემიქმნია;
ამპარტავნებას მარიდებს ღმერთი, ჩუმად არიან ჩემი წიგნები,
...და მხოლოდ მაშინ გაბრწყინდებიან, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები.

ნუ დამავიწყებ, უფალო, გთხოვ, სანამ ხორცით მოვკვდები,
რაც კი ოდესმე დავეცი, რაც ჩავიდინე ცოდვები;
თვალს ნუ შეაშრეს ცრემლები, მტკიოდეს ხორცი, სხეული,
...და სინანულით მეწვოდეს ცოდვილი სული სნეული!

"უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი" - აღმოჰხდა თომას სიტყვები წრფელი, 
ოდეს იხილა იესო ქრისტე, ნაჭრილობევში ჩაუყო ხელი;
მან კი სთქვა: "გჯერა, რადგანაც მხედავ, რადგან მიხილეთ სუყველამ ერთად;
ნეტარს არს, ვინც არ ეჭვდება ჩემში, ვინც უხილავად მიწამა ღმერთად ".

შენ მოგანდე, ღმერთო, ჩემი სიცოცხლეც და აღსასრულიც,
შენ ხარ ჩემი საწყისიც და შენ ხარ ჩემი დასასრულიც;
როცა გინდა, ამქვეყნიდან, ღმერთო, მაშინ გამიყვანე,
ოღონდ ამას გევედრები, ჩემს მშობლებთან წამიყვანე!

როგორ მომრავლდა ქვეყნად  სიდამპლე,
ყველა ამაყი, ყველა თავნება...
ვეღარ ვიპოვე ვერსად სიმდაბლე,
ისევ და ისევ ამპარტავნება.

როცა მომრავლდა ამდენი სულგაყიდული ქართველი,
პოლიტიკური მეძავი, ქურდი, ყაჩაღი, მძარცველი,
როცა ფლიდი და ორგული გახლავთ ამ ქვეყნის მმართველი,
ღმერთს ნუ ახსენებთ, ნუ სცოდავთ, არ დაგვადგება საშველი.
***
ჩემო საბრალო მამულო, რამდენის გიწევს ატანა,
უფალი ისევ ტირის და ისევ ხარხარებს სატანა

რამდენ სიბრიყვეს ვროშავთ ყოველდღე ან რამდენს ვცოდავთ, ნეტა თუ ვხვდებით?!
თუ ვერ ვაჩერებთ ენას ცოდვიანს, ვის ვეტლიკინოთ, არ ვიცით, რომელს,
ღმერთს ვესაუბროთ, ბევრად ჯობია, ჩვენს უზენაესს მამას და მშობელს.

აგერ, გავლიე ცხოვრება ლამის, არ ვიცი დამრჩა რამდენი წელი; 
შენ კი რამდენჯერ წამომაყენე, გამომიწოდე ძვირფასი ხელი; 
სადარდებელი ერთი მაქვს მხოლოდ და საფიქრალიც ესა მაქვს ერთი, 
რა გავაკეთო, რით გაგახარო შენ - ჩემი ტკბილი უფალი ღმერთი.

მთავარნგელოზს მიქაელს ვადიდებთ გასაკვირველსა,
ზეციურ ძალთა მთავარსა, ანგელოზთ შორის პირველსა;
დაე, დაეცვას ავისგან, ღვთის მადლით დღემდე მოსული 
ჩვენი ნატანჯი სამშობლო, მუდამ მტრით გარემოცული !!!

ზოგი სიცოცხლეს ღიმილში ჰპოვებს, 
მზესავით გაფრქვევს სხივებს,  შუქდება;
...და მერე ისეთ სიყვარულს ტოვებს, 
მისი სიკვდილიც კი შეგშურდება...

სულ ახლოს არის სიკვდილი, სადმე შორს ნურვის ჰგონია;
ძაფზე ჰკიდია სიცოცხლე, მუდმივი არვის ჰქონია;
მარადიულზე ვიფიქროთ, აჯობებს, ასე მგონია;
უფალთან რითი წარვსდგებით, მადლი თუ რამე გვქონია?!

სულის ტკივილი ბევრად მძიმეა, ვიდრე ტკივილი ხორცის, სხეულის,
თავს კი უწამლებ, მოირჩენ, ოღონდ არ იკურნება სული სნეული;
ამიტომ, ვისაც ღმერთი ყავს გულში, ვერ მოერევა ქვეყნიერება,
რადგანაც სულის სიმშვიდე გახლავთ ყველაზე დიდი ბედნიერება.

წმინდანო ახალრჩეულო, მოღვაწევ წმიდა მთისაო,
მამა პაისო უტკბესო, ნათელო სხივო მზისაო,
მეოხ გვეყავი ცოდვილებს, საუნჯევ ელადისაო,
ევედრე სულთა ჩვენთათვის ღმერთს მიწისა და ცისაო!

მტერო, 9 აპრილს მოსულო, თუმც ბევრი სისხლი გცხებია,
...და შენი უღმერთობისგან ანგელოზები ტირიან;
ვერ გაიხარებ, წყეულო, მთავარი დაგვიწყებია:
გმირები არა კვდებიან, ისინი ღმერთთან მიდიან.


ანდრია პირველწოდებულს ვუძღვნით დიდებას, ქებასა,
ვინც აზიარა ქართველი პირველად ქრისტეს მცნებასა;
დიდო წმინდანო უფლისა, გვეყავ მეოხ და მფარველად,
შენ შეგვეწიე უფალთან ყველა გაჩენილს ქართველად!

ოჰ, ღმერთო, რაოდენ ძნელია ყოფნა ამ ცრუ წუთისოფელში;
შენშია კვლავ მხოლოდ იმედი, უფალში ყოვლისამპყრობელში;
სიმშვიდეს ვეღარსად ვპოულობ, თურმე არ ყოფილა ადვილი;
მიხსენი, გამაქრე აქედან, არ არის აქ ჩემი ადგილი.

ჯოჯოხეთს ბჭეთა დამანგრეველო, ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისა,
ქრისტეანეთა დიდო იმედო, მძლეო ბოროტთა, ავის ყოვლისა;
გთხოვ, დაიფარე ჩემი სამშობლო დღესაც უფსკრულში გადაჩეხილი,
ბევრჯერ მიწასთან გასწორებული, მაგრამ ღვთისაგან გადარჩენილი!

ვერ დაგცა ვერცერთმა მომხმდურმა უჯიშომ,
ვერაფრით გაგტეხა, ვერ დაგიყოლია;
ეჰ, ჩემო სამშობლოვ, კვლავ მტრებით მოცულო,
ეს თურმე რამდენი იუდა გყოლია.

შენი ქალობა დალოცოს ღმერთმა, დედობა შენი და რწმენა ღვთისა!
როგორ გაუძელ, როცა ხედავდი, როგორ გიკლავდნენ შენს თვალწინ შვილსა?!
შენს სიძლიერეს ვინ შეედრება, შენს ვაჟკაცობას, სიწმიდეს შენსას?!
წმიდაო დედავ, დიდო ივლიტა, რომ შეეწიე მწირ რწმენას ჩვენსას!

როცა სიკვდილი მომიკაკუნებს, როცა სხეულით აღარ ვიქნები,
მე სასულეთში გადავინაცვლებ და თქვენ დაგრჩებათ ჩემი ფიქრები;
ნუ დამიმძიმებთ საფლავს ცრემლებით, ნურც ყვავილებით მონეს ფერებით,
მე ჩემს ლექსებში დავიდებ ბინას და ამ ლექსებით მოგეფერებით.

ენა ისეთი მზაკვარი გახლავთ, არის მიზეზი ბევრი წყენისა;
ქებასთან ერთად, ხოტბასთან ერთად, ხშირად - განკითხვის, ლანძღვის, წყევლისა;
მაგრამ თუ შეძლებთ მის გაჩერებას, მომგები გახდეთ იქნებ ბევრისა?!
„ვინც თვისი ენის კონტროლს ისწავლის, ის გზას იპოვის სასუფევლისას.“

რისთვის ეწამე წმიდა ასულო, რისთვის დაღვარე სისხლი ამდენი?!
ნეტა იცოდე, დღეს, დედოფალო, ჩვენ იუდა გვყავს ერში რამდენი;
ევედრე ღმერთსა, ჩვენ, ცოდვილთათვის, მთელი ქვეყნის რომ იტვირთე ერთმა!
ვინძლო, შენს მიერ დაღვრილი სისხლით მაინც შეგვინდოს უფალმა ღმერთმა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი