თვითმკვლელობის მსურველებს
გული ვინმემ თუ დაგიწვათ და ცხოვრება გაგიშავათ, ან საკუთარ სულს რას ერჩით, ან ღმერთმა რა დაგიშავათ?! ჯოჯოხეთს და მის ეშმაკებს რად ახარებთ ასე მწარედ, ანდა ვისაც თქვენ უყვარხართ, გულს რად უკლავთ, რად ამწარებთ?! საკუთარ თავს თუ არ ინდობთ, დედას, მამას რაღას ერჩით? რა იღონონ, რა გზა ნახონ თქვენი სულის გადარჩენის? ნუ გგონიათ თავს რომ იკლავთ, ამით ნახავთ რამე შვებას, ეჰ, შვილმკვდარი დედის ცრემლი არასოდეს არა შრება; რომ იცოდეთ, „იქ“ რა გელით, რომ გეფიქრათ თუნდაც ოდეს, ასეთ ცოდვას გულშიც კი არ გაივლებდით არასოდეს; განა მარტო თქვენს თავს იკლავთ, უამრავს კლავთ ირგვლივ მყოფებს, ჯერ ვინ გრჩებათ უკან, ნახეთ, გადაახტეთ სანამ ღობეს; თავს ნუ იკლავთ, ძვირფასებო, ნუ ატირებთ დიდ–პატარას, ნუ ახარებთ ათას ავსულს, ბოროტსა და ვიგინდარას? ეს პატარა შეგონებაც გამოგადგეთ იქნებ ოდეს; გთხოვთ, სიცოცხლეს, ღვთის ბოძებულს, ნუ უარყოფთ ნურასოდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი