ნუ მტირი, ძვირფასო


ნუ მტირი, ძვირფასო, უცებ თუ დაგტოვე,
მე კი არ მოვმკვდარვარ, დროებით წავედი;
მე მხოლოდ ცოდვილი სიცოცხლე დავტოვე,
მე მხოლოდ ამაო ქვეყნიდან გავედი;

ცოდვები იტირე, რაც გამყვა უკან და
ჩემს წასვლას თუ მოაქვს დარდი და ნაღველი,
სნეული სულით რომ წარვსდგები უფალთან,
ამისთვის გახლავარ ცრემლების საღვრელი;

ნუ მტირი, ძვირფასო, შეიშრე თვალები,
ჯერ სანამ განმსჯიან, მე ღმერთის წინ ვდგავარ;
დამინთე ტაძარში, მე ცოდვილს, სანთლები
და ბევრი ილოცე, თუ ისევ გიყვარვარ;

მე მხოლოდ ცოდვილი სხეული დავტოვე,
სული კი განათდა, სულმა კი იდარა;
იცოდე, არასდროს, არასდროს არ გტოვებ,
და ეხლა ზეციდან გლოცავ და გიფარავ;

ცრემლებს, სჯობს, წასვლისთვის მეჩხუბე, მიწყერი,
შენ ჩემი გონი ხარ, ფიქრი ხარ, სიტყვა ხარ;
მე განა შორსა ვარ, ახლოდან გიცქერი
და ისევ უზომოდ, უზომოდ მიყვარხარ;

არ დაგრჩეს მაგ გულზე ჭრილობა, იარა,
დარდი და ნაღველი ვერაგნი არიან;
დროებით გშორდები, მუდმივად კი არა,
ნუ ტირი, ძვირფასო, ნუ მტირი ძალიან;

დამშვიდდი, ნუ დარდობ, მარტო არ იქნები,
რამდენი ძვირფასი გაგითბობს სამყაროს;
დრო მოვა, ღვთის მადლით, კვლავ ერთად ვიქნებით
და უკვე ვერავინ ვერასდროს გაგვყაროს.

ნუ მტირი, ძვირფასო!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი