მინიპოემა – სტუმარი 2


"აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან"
იოანეს გამოცხადება - 3:20

წუხელ, გლახაკი მესტუმრა:
„მშია, მაჭამე რამეო,
მცივა, სახლ–კარი არა მაქვს,
გამათევინე ღამეო“;

გაკვირვებული შევცქერი,
ეს რა თავხედი კაცია,
გაცვეთილ– ჩამოძენძილი
ტანსაცმელი რომ აცვია;

გაბრაზებულმა მივუგე:
„ხომ არ შეგშლია კარები?!
აქ მოსვლა როგორ გაბედე,
არ მაქვს თქო შენთვის საკვები;

ვერც თავშესაფარს ვერ მოგცემ,
ჩემგან ვერაფერს მიიღებ,
ასეთ ბინძურს და ჭუჭყიანს, 
ამ სახლში როგორ მიგიღებ?!“

სიტყვის თქმა აღარ ვაცალე, 
დავუბრიალე თვალები
და თავხედ მთხოვნელს ცხვირის წინ 
მივუჯახუნე კარები;
***
მეორედ ისევ მესტუმრა:
„მშია, მაჭამე რამეო,
მცივა, სახლ–კარი არა მაქვს,
გამათევინე ღამეო“;
***
„აქ ისევ რატომ მოხვედი
ერთხელ ხომ უკვე გითხარი?
წადი, ბიძიკო, სხვა ნახე,
ჩემგან რა გინდა, მითხარი“;

რას მომადექი, ნეტავი,
არ მაქვს ზედმეტი მარაგი,
სასტუმრო ხომ არ გგონია?
სხვაგან ნახე თქო ალაგი;

რა ქველმოქმედი მე მნახე,
ამ ქვეყნად ერთხელ მოვსულვარ,
წადი, მომშორდი, სხვა ნახე, 
აქ ჩემთან რატომ მოსულხარ?!“

კვლავ მივუხურე კარები,
ის კი თავის გზას გაუდგა;
„ეს აბეზარი ვინ არის,
რას შემომიჩნდა, რა უნდა?!“
***
როცა მესამედ მესტუმრა:
„მშია, მაჭამე რამეო,
მცივა, სახლ–კარი არა მაქვს,
გამათევინე ღამეო“,

პურის ნატეხი მივუგდე,
„გასწი, მომწყდი თქო თავიდან,
აქ მოსვლა აღარ გაბედო,
თორემ მოგისვრი ფანჯრიდან;“

ლამის სიბრაზემ დამახრჩოს,
მესამედ მოსვლა გაბედა,
„აქ აღარ გნახო, ტუტუცო, 
გიჯობს, გამასწრო აქედან;“
***
„რატომ მლანძღავო, რას მერჩი,
მომეცი ცოტა ფულიო,
შენ ხომ არ იცი, ვინა ვარ,
რამ გაგიქვავა გულიო?!“;
***
გაკვირვებისგან შევკივლე,
მერე მივუგე დაცინვით:
„ალბათ უფალი ბრძანდები,
აწ, შემოსილი კაცივით“
***
„დიახ, უფალი გახლავარ“
მისი ბაგიდან აღმოხდა,
ირგვლივ უეცრად განათდა,
ვერ გავიაზრე რა მოხდა;

ნათელი იდგა კარებთან,
მზეზე ათასჯერ ნათელი,
თითქოს ერთბაშად აენთოთ
ასი ათასი სანთელი;

სირცხვილისაგან დავიწვი, 
გავფითრდი, ვითარც სნეული,
ოფლმა დამასხა ცივმა და
ამიცახცახდა სხეული;

მუხლთ დავიჩოქე, ცოდვილმა,
ცრემლები წამსკდა სიმწრისა,
„მე რა ღირსი ვარ უფალო, 
შენი დიდების ხილვისა?!

ვერ შეგიცანი, უგნურმა,
ღმერთი მიგიღე მათხოვრად,
ვერ გიწილადე სითბო და 
ვერა გავიღე სახსოვრად;“

თავზე დამადო ხელი და 
სევდანარევი ღიმილით
მომიგო: „ფეხზე ადექი,
თავს ნუ იღლიო ტირილით;

სამწუხაროა, რაც მოხდა,
გაკვირვებული როდი ვარ,
შენთან მრავალჯერ ვყოფილვარ, 
განა პირველად მოვდივარ;

სამჯერ გესტუმრე ხილულად, 
შენ კი სამჯერვე გამაგდე;
რამდენი გთხოვე, გევედრე, 
მაგრამ არაფრად ჩამაგდე;

მე კი არ ვეძებ წყალობას,
შენს სულს სჭირდება კურნება,
რათა არ აყვე მაცდურებს, 
გაუძლო ეშმას ცდუნებას;
***
ხან მათხოვრად ვარ ქცეული,
ხანაც სნეული გახლავარ,
ზოგჯერ ღატაკი, ზოგჯერ ტყვე,
ზოგჯერ დავდივარ კარდაკარ;

თქვენ კი ვერა მცნობთ, მაცხოვარს,
გლახაკში, ტყვეში, სნეულში,
ხშირად უგულოდ მექცევით,
მოსულს მათხოვრის სხეულში;
***
ეკლესიებში დადიხართ,
არ მაკლებთ ლოცვა–ქებასა,
აღსარებასაც მაბარებთ
და იღებთ ზიარებასა;

მაგრამ, გახსოვდეთ, უფალი
მხოლოდ ტაძარში როდია,
თუმც სახლი გახლავთ ის ჩემი,
ჩემთან სანთლებით მოდიან;;

სიყვარულია მთავარი,
უმანკო, წრფელი გულითა,
ყველა მწირის და გლახაკის
მიმღები სიყვარულითა;

მე თქვენი ქება რად მინდა,
ლოცვები ცხარე ცრემლითა,
თუ თქვენისთანა არ გიყვართ,
თუ არ მიიღებთ თმენითა?!

ზერელე რწმენა განაგდეთ,
ვერას მოიგებთ მაგითა,
გულით ადიდეთ უფალი,
და არა მხოლოდ ბაგითა;

მე კი არ მინდა წყალობა,
თქვენი მოყვასი გიყვარდეთ,
არცერთი სული ამქვეყნად
გულიდან არ გაგივარდეთ;

მაგრამ რადგანაც გაკლიათ
შემუსვრილება გულისა,
ამიტომ ყველა გლახაკში
სუფევა, გახლავთ, უფლისა;

თუ მათხოვარი არ გიყვართ,
სნეული, ტყვე და მწირიო,
ღმერთს მაინც ეცით პატივი,
გაიღეთ, თუნდაც მცირეო; 

გადაეციო სუყველას, 
ამჟამად რაც კი გითხარი“;
მერე კი გაქრა უეცრად, 
ხილვა იყო თუ სიზმარი;

მე კი ღმერთსა ვთხოვ შენდობას, 
ამ ამბის თქვენთვის მთხრობელი!
წუხელ უფალი მეწვია – 
უფალი ყოვლისმყრობელი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი