წყეულს...


ასჯერ რომ დამცე, წყეულო,
მაინც ასჯერვე ავდგები,
ცრემლით ვიტირებ ცოდვებს და 
ისევ უფალთან დავდგები;

რაც უნდა ბევრი ეცადო,
ამაო და სულერთია,
შენს მხარეს ბნელი ძალაა,
ჩემსკენ კი თავად ღმერთია;

წყეულიმც  იყავ, ბოროტო!
შენ მხოლოდ სხეულს ერევი,
სულს კი ვერაფერს დააკლებ,
ვერასდროს ვერ მოერევი;

გინდ ნაკუწ–ნაკუწ დამგლიჯო,
სულით არასდროს წავხდები,
ვერ დამაშორებ მაცხოვარს, 
შენი არასდროს გავხდები;

სჯობს, განმეშორო, წყეულო,
მიიღე რაც შენ გეკუთვნის,
მე მხოლოდ ერთი სული მაქვს,  
და ისიც უფალს ეკუთვნის.

დაე, ცრემლისგან დავიხრჩო,
სინანულს ბოლო არ ჰქონდეს,
ოღონდ ჩემს სულზე ჩაფრენილს,
თავისი ვეღარ გაჰქონდეს;

წყეულიმც იყავ, ბოროტო!
შენი არასდროს გავხდები,
ასჯერ რომ დამცე ცოდვებით,
მაინც ასჯერვე ავდგები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი