გედი


საქათმეში შეიკრიბნენ: ბატი, კვატი, ინდაური
და ქათამი ყველა ჯიშის – აქაური, იქაური,
დაიბოღმა გედზე ყველა, ჩაიფიქრეს ბოროტება,
გადაწყვიტეს, დაეგეგმათ შეთქმულება(როგორც ხდება);

ლამის გასკდნენ შურისგან, შეხედეთო რა ნაზია,
რა მაღალი, რა ტანადი, რა კოხტა და ლამაზია;
რატომ უნდა იყოს ნეტავ, გედი რამით ჩვენზე მეტი?
ჩავკორტნოთ და ჩავნისკარტოთ, სულ თავშიო ვურტყათ კეტი;

რატომ უყვარს ყველას ასე? ჩვენ ჩირადაც არ გვაგდებენ,
დროზე თუ არ მოვიშორეთ, აქედანაც გაგვაგდებენ,
მაგრამ თუკი ფრთებს მოვამტვრევთ, დავგესლავთ და დავამცირებთ,
ვეღარ იფრენს ჩვენზე მაღლა და ბევრ სხვასაც გავაცინებთ;

მარტო რომ ვერ დაჯაბნიდნენ, ეს იცოდა კარგად ყველამ
და ამიტომ დაიხმარეს მგელი, მაჩვი, ტურა, მელა;
ოთხივ მხრიდან მივუვარდეთ და შევძლებთო გაკავებას,
ყველა ერთად დავესიოთ, ვერ შეძლებსო გამკლავებას;

მაგრამ ერთი მოიქნია გედმა ფრთები დიდებული,
მიმოფანტა უცებ ყველა, უგნურები მხილებული,
და აიჭრა ზეცად ნაზად ღვთის ქმნილება ჩინებული,
მზის სხივივით ნათელი და თვით მზესავით ბრწყინებული;

დაედევნენ უკან ფრენით, ჩვენც ვიცითო ფრენა, ისე,
მაგრამ მალე ჩამოცვივდნენ, დაენრაცხენ მიწას ისევ;
როდის იყო ჭაობის ქვა მარგალიტის სწორი, ნეტავ,
თქვე დედლებო, ტუტუცებო, გულისწრომას ვისზე ბედავთ?!

აქ იგავი მარტივია, ნათელია არსი მისი –
"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი";
გინდ ლანძღე და გინდ აგინე, ლომი კურდღლად არ იქცევა;
ბერმუხა ხე ჭიებისგან არასოდეს წაიქცევა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი